ვაზიანის სამხედრო ბაზაზე დაიწყო მრავალეროვნული სწავლება „ღირსეული პარტნიორი 2017“, რომელსაც საქართველო წელს მესამედ მასპინძლობს. წინა წლებთან შედარებით, სწავლება ფართომასშტაბიანია და მასში ნატოს წევრი და პარტნიორი რვა ქვეყანა იღებს მონაწილეობას. ოფიციალური განმარტებით, „ღირსეული პარტნიორი 2017“ ემსახურება სტაბილურობის, თავდაცვითი და შეტევითი ოპერაციების უნარ-ჩვევების გაუმჯობესებას, ასევე - ამერიკის შეერთებული შტატების, დიდი ბრიტანეთის, საქართველოს და პარტნიორი ქვეყნების შეიარაღებული ძალების ურთიერთთავსებადობის ამაღლებას, ნატოს რეაგირების ძალების საბრძოლო შესაძლებლობების გაზრდას და მასში მონაწილე დანაყოფებს შორის ურთიერთთავსებადობის გაღრმავებას. სწავლების აქტიური ფაზა ორ კვირას გასტანს.
“ძალა პარტნიორობაშია“ - ასე ჩამოყალიბდა გზავნილი მრავალეროვნული სამხედრო სწავლებისა „ღირსეული პარტნიორი 2017, რომლის ოფიციალური გახსნის ცერემონიალს საქართველოს აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლებისა და საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები დაესწრნენ. როგორც საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, ლევან იზორიამ აღნიშნა თავის მისასალმებელ სიტყვაში, სწავლება საქართველოსთვის და მთლიანად რეგიონისთვის უმნიშვნელოვანესია, როგორც თანამშრომლობის გაღრმავებისა და შეიარაღებული ძალების შესაძლებლობების გაზრდის, ისე ქვეყნის ნატოს სტანდარტებთან კიდევ უფრო დაახლოების მიმართულებით:
“ჩვენ დღეს ვიწყებთ ძალიან მნიშვნელოვან წვრთნებს ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებთან ერთად. ამ წვრთნების სახელწოდება - „ღირსეული პარტნიორი“ - ცხადყოფს ჩვენი თანამშრომლობის მაღალ ხარისხს. ქართველმა სამხედრომ, პარტნიორებთან თანამშრომლობით დაამტკიცა თავისი თავდადება, პროფესიონალიზმი და დაიმსახურა ღირსეული პარტნიორის სახელი. დღეს ჩვენ უფრო ფართომასშტაბიან წვრთნებს ვიწყებთ. ამ წვრთნებს დასაბამი 2015 წლიდან აქვს, როდესაც მასში მხოლოდ ორი ქვეყანა - ამერიკის შეერთებული შტატები და საქართველო მონაწილეობდნენ“.
„ღირსეული პარტნიორი 2017“-ის სწავლებაში ნატოს წევრი და პარტნიორი რვა ქვეყანა - ამერიკის შეერთებული შტატები, გაერთიანებული სამეფო, გერმანია, თურქეთი, საქართველო, სლოვენია, სომხეთი და უკრაინა მონაწილეობენ. როგორც სწავლების ხელმძღვანელი, პოლკოვნიკი შავლეგო ტაბატაძე განმარტავს, მასში მთლიანობაში 2 800 სამხედრო მოსამსახურეა ჩართული:
“მასშტაბურობა გამოიწვია თვითონ წარმოდგენილმა ქვეყნებმა, თანამონაწილე ქვეყნებმა გამოთქვეს სურვილი აღნიშნულ სწავლებაში მონაწილეობისთვის. როგორც მოგეხსენებათ, სწავლებაში მონაწილეობას იღებს როგორც ნატოს ქვეყნები, ასევე ნატოს პარტნიორი ქვეყნები და აქედან გამომდინარე მოხდა ამ სწავლების ასე მასშტაბური დაგეგმვა“.
სწავლებაში პირველად, ამერიკული ჯავშანტრანსპორტიორი „სტრაიკერი“ და გერმანული ჯავშანტრანსპორტიორი „ბოქსერი“ ჩაერთვებიან. წვრთნაში წარმოდგენილი იქნება ასევე საქართველოს შეიარაღებაში არსებული ტ-72 ტიპის ტანკი, ქსმ-2, საარტილერიო დანადგარი დანა და ჯავშანტრანსპორტიორი „დიდგორი.“ ასევე ამერიკული ტანკები „აბრამსები“, ქვეითთა საბრძოლო მანქანები „ბრედლი“ და“სტრაიკერი“ და ასევე C-130 ტიპის ამერიკული სამხედრო თვითმფრინავი. როგორც ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი საქართველოში, იან კელი შენიშნავს, „ღირსეული პარტნიორი“ წელს სწორედ მისი მრავალეროვნული ხასიათითაა მნიშვნელოვანი, ზოგადად კი ეს არის ღონისძიება, რომელშიც ამერიკის შეერთებული შტატები საქართველოს გვერდში დგომას აჩვენებს. ელჩი აქვე განმარტავს, რომ სწავლება არც ერთი ქვეყნის წინააღმდეგ არაა მიმართული:
“თქვენ ხედავთ ქვეყნებს, რომლებიც აქაა წარმოდგენილი. ასე რომ, ეს სულაც არ არის რაიმე ტიპის აგრესიის სიგნალი, პირიქით, ეს არის მცდელობა დაეხმაროს საქართველოს გააძლიეროს თავისი სუვერენიტეტი, დამოუკიდებლობა...“
ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი საქართველოში, იან კელი ამბობს, რომ „ღირსეული პარტნიორი 2017 „წელს მნიშვნელოვანია იმითაც, რომ იგი იწყება ამერიკის ვიცე-პრეზიდენტის მაიკ პენსის საქართველოში ვიზიტამდე ერთი დღით ადრე. თავის მხრივ, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე აღნიშნავს, რომ ამერიკის ვიცე-პრეზიდენტი „ღირსეული პარტნიორი 2017“-ის მონაწილეებსაც შეხვდება, მისი ვიზიტი კი არის საქართველოსადმი მტკიცე მხარდაჭერის გზავნილი:
“განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ საქართველოში ვიზიტი ხორციელდება ისეთ ქვეყნებთან ერთად, როგორიცაა ესტონეთი და მონტენეგრო. ეს ხაზს უსვამს საქართველოსა და ამერიკას შორის პარტნიორობის ძალიან მაღალ დონეს. და ასევე ხაზს უსვამს, რომ საქართველოს მთავრობას და ახალ ადმინისტრაციას აქვს ძალიან კარგი ურთიერთგაგება ჩამოყალიბებული პირველივე ეტაპიდან და ეს გამოხატულია არა მხოლოდ ამ ვიზიტში, არამედ მიღებულ გადაწყვეტილებებში ამ მოკლე პერიოდში. ასევე, ჩვენ ველოდებით, რომ გვექნება სიღრმისეული განხილვა სტრატეგიული პარტნიორობის ყველა მიმართულების, მათ შორის, თავდაცვის, უსაფრთხოების სფეროში“.
მიხეილ ჯანელიძე აქვე ამბობს, რომ საქართველოს მიზანია, დაცული იყოს ქვეყნის შიგნით, იყოს მეტად თავსებადი პარტნიორებთან და კიდევ უფრო დიდი წვლილი შეიტანოს ევროატლანტიკურ უსაფრთხოებაში. მისივე თქმით, სამხედრო სწავლება „ღირსეული პარტნიორი“ ხაზს უსვამს იმას, რომ საქართველო მშვიდობისა და უსაფრთხოების საკითხებში საერთაშორისო მასშტაბით უკვე ღირსეული პარტნიორია.
„ღირსეული პარტნიორი 2017“ ამერიკის შეერთებული შტატების ევროპული სარდლობის შავი ზღვის რეგიონში მიმდინარე სწავლებების ციკლის ნაწილია, რომელიც შვიდი ქვეყნის ტერიტორიაზე ტარდება. სწავლებებში სულ 50 000 სამხედრო მოსამსახურე მონაწილეობს. „ღირსეული პარტნიორი 2017“-ის სწავლების განმავლობაში, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თანახმად, მონაწილე ქვედანაყოფები მიიღებენ გამოცდილებას სტაბილურობის, შეტევით-თავდაცვითი ოპერაციების მრავალეროვნულ გარემოში დაგეგმვასა და განხორციელებაში. ასევე გაეცნობიან ერთმანეთის სტრუქტურას, შეიარაღებას, პროცედურებს, ტაქტიკასა და საბრძოლო უნარ-ჩვევებს. „ღირსეული პარტნიორი 2017“ 12 აგვისტოს ვაზიანის მე-11 სასროლეთზე საჩვენებელი წვრთნით დასრულდება.