Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პირველკლასელთა რეგისტრაციის სიძნელეები


პირველკლასელები
პირველკლასელები

2017-18 სასწავლო წლისათვის ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში პირველკლასელთა რეგისტრაციის მეორე, საყოველთაო, ეტაპი 8 მაისს, დილის 9 საათზე, დაიწყო. მშობელთა ნაწილი რეგისტრაციის პროცესში არსებულ პრობლემებზე მიუთითებს. ამბობენ, რომ ვერ მოახერხეს შვილების სასურველ სკოლებში დარეგისტრირება. განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ამ პრობლემას იმით ხსნის, რომ ზოგიერთ სკოლაზე განსაკუთრებით დიდი მოთხოვნილებაა.

გადმოწერა

ლელა ცისკარიშვილი შვილიშვილის პირველ კლასში დასარეგისტრირებლად საგანგებოდ მოემზადა. პირველკლასელთა ელექტრონული წესით რეგისტრაციის გამოცდილება მან შარშან შვილის რეგისტრაციისას მიიღო. დაამიტომ კარგად იცოდა, რომ სასურველ სკოლაში მოსახვედრად მაქსიმალური სისწრაფე უნდა გამოევლინა. ელენეს დარეგისტრირებას ზუსტად 9 საათზე შეუდგა, ანუ იმწუთასვე, როგორც კი სარეგისტრაციო ბაზა გაიხსნა, მაგრამ სასურველ სკოლაში დარეგისტრირება მაინც ვერ მოასწრო. ვინაიდან ლელა ცისკარიშვილის შვილიცა და შვილიშვილიც ერთ სახლში ცხოვრობენ და სკოლაში სწორედ მან უნდა ატაროს, სურდა ბავშვებს ერთ სკოლაში ევლოთ:

„რეგისტრაცია დაიწყო 9 საათზე და ზუსტად 2 წუთში აღარ იყო ადგილი. აი, არ ვიცი, გამოსავალს ვერ ვპოულობ. ვარ მრავალშვილიანი და არც ეს ითვლება პრივილეგიად და არც ის, რომ ერთი ოჯახიდან შეიძლება, რომ ორი ბავშვი ირიცხებოდეს ერთსა და იმავე სკოლაში. მივწერე განათლების სამინისტროს და მიპასუხეს, რომ დავარეგისტრირო სხვა ნებისმიერ სკოლაში და თუ გათავისუფლდება ადგილი ჩემთვის სასურველ სკოლაში, გადაიყვანენ. იმის გათვალისწინებით, რომ ბავშვი ასე ჰაერში არ დარჩენილიყო, დავარეგისტრირე 86-ე სკოლაში, სადაც არც გათბობაა, არც ელემენტარული ჰიგიენის ნორმები არ არის დაცული. როგორ ვატარო ასეთ პირობებში ბავშვი, მე არ ვიცი“.

ანალოგიური პრობლემა შეექმნა ქეთი თუთბერიძეს. მან შვილის დარეგისტრირება სასურველ სკოლაში ვერ მოახერხა, თუმცა გაუმართლა, რომ მისი შვილი მისთვის ხელსაყრელ უბანში, 53-ე სკოლაში, ისწავლის. ქეთი ამბობს, რომ ამ სკოლაში პირველკლასელთათვის განკუთვნილი ადგილები 9 საათსა და 3 წუთზე უკვე შევსებული იყო:

„ჩასაფრებული ვიყავი, ვიცოდი, რომ რთულ პროცესს წარმოადგენს რეგისტრაცია, დავიწყე ამ პროცედურების გავლა და მობილურით ფოტოც გადავუღე. 9 საათსა და ერთ წუთზე ადგილები აღარ იყო დარჩენილი. არადა, 21-ე საჯარო სკოლაში, იქ, სადაც ბავშვის დარეგისტრირება მინდოდა, 40 ადგილი იყო თავისუფალი. ჩემთვის წარმოუდგენელია, როგორ მოხდა ერთ წუთში ყველა ადგილის შევსება. ამიტომ იძულებული გავხდი დამერეგისტრირებინა 53-ე სკოლაში. ჩემთვის ორივე სკოლა ხელსაყრელია ადგილმდებარეობით. მთავარ პრობლემას წარმოადგენს ის, რომ მე მინდოდა მიმეყვანა იმ სკოლაში, სადაც ისწავლიდა ორ ევროპულ ენას, ინგლისურსა და გერმანულს, მაგრამ ამ გართულებული რეგისტრაციის გამო ჩემი ეს მიზანი და გეგმა ჩაიშალა“.

არის სკოლები, სადაც ეს ადგილები მცირეა, სადაც ადგილები - ბევრი. ისეთ სკოლებში, რომელიც არის ე.წ. მოთხოვნადი სკოლები, ბევრ ადამიანს უნდა დარეგისტრირება. შესაბამისად, საშუალოდ რომ ავიღოთ, ერთი კაცის რეგისტრაციისათვის საჭიროა, დაახლოებით, 20-დან 30 წამამდე...
ლაშა ვერულავა

2017-18 სასწავლო წლისათვის ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში პირველკლასელთა რეგისტრაციის მეორე, საყოველთაო, ეტაპი 8 მაისს, დილის 9 საათზე, დაიწყო. მას წინ უძღოდა 10-დან 24 აპრილამდე მოსწავლეთა რეგისტრაციის პირველი ეტაპი იმ მოსწავლეთათვის, რომელთა და ან ძმა სწავლობს იმავე სკოლაში, მასწავლებლის შვილია ან ოჯახიდან ორი ან მეტი მოსწავლე რეგისტრირდება. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისიტროს ინფორმაციით, 2017-18 სასწავლო წლისთვის საქართველოს მასშტაბით 57 ათასამდე პირველკლასელს ელიან. 8 მაისის მონაცემებით, უკვე რეგისტრირებულია 34 ათასამდე მოსწავლე, თავისუფალი ადგილების რაოდენობა კი 40 ათასზე მეტია. 8 მაისს დაწყებული საყოველთაო რეგისტრაცია პირველ ივნისს დასრულდება.

ლაშა ვერულავა, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის უფროსი, რადიო თავისუფლებასთან საუბრისას ამბობს, რომ პრობლემა, რომელსაც მშობლები პირველკლასელთა რეგისტრაციისას აწყდებიან, უკავშირდება ე. წ. მოთხოვნად სკოლებში არსებულ თავისუფალ ადგილთა რაოდენობას. მისი თქმით, არც ის არის გასაკვირი, რომ პირველკლასელთათვის განკუთვნილი ადგილები ბაზის გახსნიდან რამდენიმე წუთში ივსება, რადგან ბავშვის რეგისტრაციისათვის სულ რამდენიმე წამია საჭირო:

„არის სკოლები, სადაც ეს ადგილები მცირეა, სადაც ადგილები - ბევრი. ისეთ სკოლებში, რომელიც არის ე.წ. მოთხოვნადი სკოლები, ბევრ ადამიანს უნდა დარეგისტრირება. შესაბამისად, საშუალოდ რომ ავიღოთ, ერთი კაცის რეგისტრაციისათვის საჭიროა, დაახლოებით, 20-დან 30 წამამდე. სკოლაში, სადაც, მაგალითად, დარჩენილია 50 ადგილი და რეგისტრაციის სურვილი აქვს 200 ბავშვს, რა თქმა უნდა, პირველ წუთებშივე გაივსება ეს ადგილები. სავსებით რეალურია ის, რომ სადაც ბევრ ადამიანს უნდა რეგისტრაცია, ძალიან სწრაფად ივსება“.

სწორედ ასეთია ლია ტაბატაძის ვარაუდი, თეოდორას დედის, რომელმაც შვილი, მისი თქმით, ნაკლებმოთხოვნად სკოლაში პრობლემების გარეშე დაარეგისტრირა. ლიასთვის მნიშვნელოვანი იყო შვილის კონკრეტულად ამ სკოლაში დარეგისტრირება, რადგან ფიქრობს, რომ იქ სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროებების მქონე ბავშვებისთვის ნორმალური პირობებია შექმნილი:

„ჩვენ მოსკოვის პროსპექტზე ვცხოვრობთ და მინდოდა კონკრეტულად ამ სკოლაში მოხვედრილიყო, რადგან იქ სპეცპედაგოგები არიან და არსებობს გამოცდილება შშმ ბავშვებთან მუშაობის და არ მინდოდა, რომ ამ მხრივ გამოუცდელ სკოლაში დამერეგისტრირებინა. ამ სკოლას უკვე ოთხი შშმ მოსწავლე ჰყავს. ზოგ სკოლაში საკმაოდ ბევრი შშმ მოსწავლე სწავლობს და ვიცი, რა რთულია ეს პედაგოგებისთვის. მე მერჩივნა, რომ ისეთ სკოლაში შემეყვანა, სადაც მცირე რაოდენობის სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე ბავშვები იქნებოდნენ და, ამასთანავე, სკოლა არც მთლად გამოუცდელი იქნებოდა“.

თუმცა, ლია ტაბატაძის თქმით, კარგი იქნება, თუკი სამომავლოდ რეგისტრაციის ფორმაში იარსებებს გრაფა, სადაც მშობლებს თავიდანვე ექნებათ შესაძლებლობა მიუთითონ, რომ სკოლაში სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროებების მქონე ბავშვი მიდის. ამ რეკომენდაციის პასუხად, ლაშა ვერულავა ამბობს, რომ მშობლებს საშუალება აქვთ სკოლაში წარადგინონ დოკუმენტაცია შვილების სპეციალური საჭიროებების შესახებ, რომელსაც განათლების სამინისტროს მულტიდისციპლინური გუნდი შეისწავლის და სასწავლო წლის დაწყებისთვის ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულება იქნება ინფორმირებული, თუ რა საჭიროებების მქონე მოსწავლე მიდის მათთან სასწავლებლად.

იმისათვის, რომ პირველკლასელების რეგისტრაცია დასრულდეს, მშობლებმა სკოლებში რეგისტრირებული მოსწავლეების ჩასარიცხად აუცილებელი დოკუმენტები 2-დან 15 ივნისის ჩათვლით უნდა წარადგინონ.

პირველკლასელთა ელექტრონული რეგისტრაცია საქართველოს მასშტაბით წელს უკვე მეექვსედ ტარდება. რეგისტრაციამ ფორმა 2013 წელს იცვალა და განათლებისა და, მეცნიერების სამინისტროს განცხადებით, დახვეწის მიზნით რამდენიმე ეტაპად დაიყო. ლაშა ვერულავას თქმით, სოფლად მცხოვრები ოჯახები, რომლებსაც ინტერნეტთან ხელი არ მიუწვდებათ, მოსწავლეთა რეგისტრაციას ელექტრონული გზით სკოლებსა და რესურსცენტრებში მოახერხებენ.

XS
SM
MD
LG