Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პირველკლასელები და სკოლები


საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ 2016-2017 სასწავლო წლისთვის პირველკლასელთა საყოველთაო ელექტრონული რეგისტრაცია დაიწყო. რეგისტრაციის პროცესი 4 მაისის 9 საათიდან 25 მაისის 20 საათამდე გასტანს. მომავალი სასწავლო წლიდან საჯარო სკოლებში მერხებს 70 500-მდე პირველკლასელი მიუჯდება. არ არის გამორიცხული, რომ მათი ნაწილი სასურველ სკოლაში ვერ მოხვდეს.

ერთ-ერთი ასეთი მომავალი მოსწავლე, რომელიც, ელექტრონული რეგისტრაციის მონაცემების მიხედვით, სასურველ სკოლაში ვერ მოხვდა, ნინო ტლაშაძის შვილია. როგორც ნინომ გვითხრა, იგი რეგისტრაციის დაწყებამდე ჩაუჯდა კომპიუტერსა და განათლების სამინისტროს მიერ მითითებულ სპეციალურ ვებგვერდს, მაგრამ დარეგისტრირება მაინც ვერ მოასწრო:

“ზუსტად 9 საათზე, ანუ რაღაცა წამები იყო გადაცდენილი, რომ ჩაირთო. დავიწყე რეგისტრაცია და ნახევარი წუთი იყო გასული, 30 წამი, 63 ადგილი, რაც იყო თავისუფალი 9 საათისთვის, ნახევარ წუთში იყო უკვე გამქრალი. ვერავინ ვერ დამაჯერებს საერთოდ, რომ ვიღაცამ ნახევარ წუთში, ანუ 63-მა ადამიანმა მოასწრო ასე რეგისტრაცია. მე ეჭვი მაქვს, შეიძლება მაგისი მტკიცებულება არა მაქვს, მაგრამ ეჭვი მაქვს იმისი, რომ ადმინისტრაცია თვითონ წინასწარ საზღვრავს ან, რა ვიცი, ბლოკავს ამ ადგილებს“.

სისტემა გამართულად მუშაობს. არ ყოფილა არც ერთი ტექნიკური ხარვეზი. რეგისტრაცია გაიარა ამ დროისათვის, დაახლოებით, 33 000-მა კაცმა. შესაბამისად, აქედან 18 000 პირველ ეტაპზე იყო დარეგისტრირებული...
ზაზა ტყემალაძე

ნინო იძულებული გახდა იმავე უბანში, თბილისში, საბურთალოზე მდებარე სხვა სკოლა ალალბედზე აერჩია, მაშინ როდესაც მისთვის მნიშვნელოვანია როგორც სკოლის ადგილმდებარეობა, ასევე რეიტინგი. მან სასურველი სკოლა სწორედ რანჟირების მიხედვით შეარჩია - არა საცხოვრებელი ადგილის, არამედ თავისი სამუშაო ადგილის მიხედვით. შვილის წინასწარ შერჩეულ სკოლაში დარეგისტრირება ვერ შეძლო ვერც განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის მარკეტინგისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა ზაზა ტყემალაძემ, რომელიც ამბობს, რომ სისტემის გამართულობასა და სკოლების ადმინისტრაციების კეთილსინდისიერებაში ეჭვის შეტანა არ შეიძლება:

“სისტემა გამართულად მუშაობს. არ ყოფილა არც ერთი ტექნიკური ხარვეზი. რეგისტრაცია გაიარა ამ დროისათვის, დაახლოებით, 33 000-მა კაცმა. შესაბამისად, აქედან 18 000 პირველ ეტაპზე იყო დარეგისტრირებული. მესმის ბევრი მშობლის, რომლებმაც ვერ მოასწრეს დარეგისტრირება. მეც მათ შორის ვერ მოვასწარი ჩემი შვილის დარეგისტრირება, მაგრამ ეს არაფერ შუაში არ არის სისტემის გაუმართაობასთან. სისტემა მუშაობს სტაბილურად კარგად, გამართულად“.

ზაზა ტყემალაძის თანახმად, პირველკლასელთა ელექტრონული რეგისტრაცია 2012 წლიდან მოქმედებს და ყოველწლიურად მცირე არ არის იმ ადამიანების რიცხვი, ვისაც არ გაუმართლა. თუმცა, სკოლამდელი დაწესებულებებისგან განსხვავებით, სკოლის გარეშე არც ერთი ბავშვი არ დარჩება. ამის შესახებ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა საქართველოს განათლების მინისტრის მოადგილემ, ლია გიგაურმა:

“ყველა იმ ბავშვს, რომელსაც, 15 სექტემბრის ჩათვლით, 6 წელი უსრულდება, შეუძლია რეგისტრაცია მართვის საინფორმაციო სისტემაში, თუ მშობელი შეიტანს ბავშვის პირად ნომერს, ასევე მშობლის პირად ნომერს, გვარი და სახელი როგორც ბავშვის, ასევე მშობლის და, რაც მთავარია, მშობლის ტელეფონის ნომერი ან მისი ელექტრონული ფოსტის მისამართი, რომ, წარმატებით დასრულების შემთხვევაში, მიიღოს შესაბამისი მესიჯი“.

პირველკლასელთათვის 70 500 ადგილია გამოყოფილი. მათი რეგისტრაცია 2016-2017 სასწავლო წლისთვის 3 ეტაპად ხორციელდება. პირველ ეტაპზე პირველკლასელთა ჩარიცხვის პროცესი უკვე დასრულებულია მათთვის, ვისი და-ძმაც შესაბამის სკოლაში სწავლობს, სკოლაში ერთდროულად ერთი ოჯახის ორი ან მეტი ბავშვი შედის, ან რომლის მშობელიც სკოლის თანამშრომელია. მეორე ეტაპი, ანუ პირველკლასელთა ელექტრონული რეგისტრაციის ეტაპი, 25 მაისამდე გაგრძელდება, მესამე ეტაპზე კი, 14 ივნისიდან 30 ივნისის ჩათვლით, მეორე ეტაპის დასრულების შემდგომ გამოთავისუფლებულ ვაკანტურ ადგილებზე მოხდება მოსწავლეების ჩარიცხვა.

მაღალკონკურსიანი და დაბალკონკურსიანი - ეგრეთ წოდებული პრესტიჟული და არაპრესტიჟული - სკოლების არსებობას, თავისთავად, არამარტო მშობლების წინაშე მდგარ პრობლემად მიიჩნევს სამოქალაქო განვითარების ინსტიტუტის განათლების სპეციალისტი თამარ მოსიაშვილი:

თამარ მოსიაშვილი
თამარ მოსიაშვილი

“ეს ელექტრონული რეგისტრაცია თავისთავად ცუდი კი არ არის, ეს კარგია, ეს პროგრესული ნაბიჯია. უბრალოდ, როდესაც ხდება უცებ პრესტიჟულ სკოლებში ადგილების შევსება და ამ პრობლემაზე ადამიანები საუბრობენ, რომ ამის მიღმა შეიძლება იყოს დირექტორსა და კონკრეტულ მშობელს შორის გარკვეული გარიგება, როგორ შეიძლება მოევლოს ამ პრობლემას. ცხადია, შეიძლება ერთადერთი გზით მოევლოს, რომ რაღაც სკოლამაც დააწესოს თვითონ რაღაც რეგულაცია, რომ მე ვიღებ ჩემი უბნის ბავშვებს, ვიღებ იმ ბავშვს, რომლის და ან ძმა სწავლობს ჩემს სკოლაში და ასე შემდეგ“.

თამარ მოსიაშვილის აზრით, საჭიროა ასევე სახელმწიფომ სათანადოდ იზრუნოს სკოლების განვითარებაზე, რათა ბავშვებსა და მშობლებს კარგი სკოლების ძებნაში ასეთი ჭიდილი და ქალაქის ერთი უბნიდან მეორეში გადაადგილება არ დასჭირდეთ.

მათ შორის კი, ვისაც გაუმართლა, არის ლელა ცისკარიშვილი. მან შვილის სასურველ სკოლაში დარეგისტრირება შეძლო, ოღონდ:

“შარშან, მაგალითად, ძალიან გამიჭირდა ბავშვის დარეგისტრირება საბავშვო ბაღში. იგივე პროცედურაა გასავლელი. წელს, შეიძლება ითქვას, თადარიგი წინასწარ დავიჭირე, ვთხოვე სამ-ოთხ მეგობარს, რომ სხვადასხვა კომპიუტერიდან მოგვესინჯა და რომელიმეს მაინც გაგვიმართლებდა, ასე ვთქვათ. უკვე 9 საათზე გავხსენი სარეგისტრაციო ფორმა. სიმართლე გითხრათ, მე ვერ მოვასწარი. დაახლოებით ნახევარ წუთში დამირეკა ჩემმა მეგობარმა და მომილოცა - მითხრა, რომ ბავშვი დაარეგისტრირა და ათის ოთხ წუთზე უკვე ადგილები აღარ იყო. ანუ ჩვენ მოვასწარით იმ ერთ წუთში დარეგისტრირება“.

ლელა ამბობს, რომ მეგობრების დახმარების გარეშე, დამოუკიდებლად, შესაძლოა, ვერ დაერეგისტრირებინა შვილი იმ სკოლაში, რომელშიც სურდა. იგი აქვე აზუსტებს, რომ ეს სკოლა პრესტიჟულად არ ითვლება.

XS
SM
MD
LG