Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერებს პატიმრობა შეეფარდათ


რუსთავის საქალაქო სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა 8 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებზე მარნეულის რაიონის სოფელ ყიზილაჯლოში საარჩევნო კომისიის მუშაობისთვის ხელის შეშლასა და პოლიციელებისათვის წინააღმდეგობის გაწევაში ბრალდებულ 6 პირს. ისინი შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა 13 ოქტომბერს დააკავეს. 14 ოქტომბერს მათ დაკავებას სოფელ ყიზილაჯლოში საპროტესტო აქცია მოჰყვა.

მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ყიზილაჯლოში დაკავებული ახალგაზრდების მხარდასაჭერად საპროტესტო აქცია სასამართლოს სხდომის დაწყებამდე გაიმართა. ის დაკავებულთა ოჯახის წევრებმა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერებმა და მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“, აკმამედ იმამკულიევმა, გამართეს. ისინი, დაკავების ფაქტის გარდა, აპროტესტებდნენ დაკავების ფორმას და დანაშაულში ეჭვმიტანილთა დაკავების სპეცოპერაციას ამომრჩეველთა დაშინების მცდელობის საშუალებად მიიჩნევენ.

“ეს ხალხი არასწორი გზით იყო დაკავებული - სპეცრაზმით - და დილის 4 საათზე მოსახლეობის ოჯახებში შეჭრა არ იყო საჭირო. ეს ახალგაზრდები აცხადებდნენ, რომ ჩვენ მზად ვართ გამოძიებასთან ვითანამშრომლოთ, თუ იქნება გამოძიებაო, მაგრამ ეს იყო, უბრალოდ, მოსახლეობის დაშინება, რომ დააშინონ 22 ოქტომბერს. ახლა ჩატარდება 48-ე უბანში არჩევნები“, თქვა აკმამედ იმამკულიევმა.

არჩევნების დღეს 48-ე უბანზე მომხდარმა არეულობამ კენჭისყრის პროცესი შეაფერხა - შედეგად, საარჩევნო ადმინისტრაციამ უბნის შედეგები ბათილად ცნო. ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ ბათილად ცნო, ასევე, ზუგდიდის რაიონის სოფელ ჯიხაშკარის იმ ორი უბნის შედეგები, სადაც ასევე ადგილი ჰქონდა კანონდარღვევას. ჯიხაშკარში 79-ე და 108-ე საარჩევნო უბნების დარბევასა და საარჩევნო უბანზე მომხდარ ძალადობაში ეჭვნიტანილი ორი პირის წინააღმდეგ მიმდინარეობს სამართალწარმოება. მარნეულისა და ზუგდიდის ერთმანდატიან ოლქებში მეორე ტურის დანიშვნის საკითხი, სავარაუდოდ, განმეორებითი კენჭისყრის ჩატარების შემდეგ გაირკვევა.

მძიმე მუხლია, 4-7 წლამდე ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას. წარდგენილ ბრალდებაში თავს არ ცნობენ დამნაშავედ და მიაჩნიათ, რომ არ ჩაუდენიათ არავითარი კანონით აკრძალული ქმედება..
ალექსანდრე მგელაძე

მარნეულის რაიონის სოფელ ყიზილაჯლოს 48-ე საარჩევნო უბანზე მომხდარი ინციდენტის გამო დაკავებული პირები კი დანაშაულს არ აღიარებენ. ადვოკატები ლაპარაკობენ იმაზეც, რომ მათი დაცვის ქვეშ მყოფებს სხეულზე ფიზიკური დაზიანებებიც აღენიშნებათ. ადვოკატი გიორგი კონდახაშვილი იმაზეც ამახვილებს ყურადღებას, თუ რატომ უჩნდება საზოგადოებას ორმაგი სტანდარტის გამოყენების განცდა:

“მთავარია, სასამართლომ მიიღოს ისეთი გადაწყვეტილება, რომ მოსახლეობას არ შეექმნას განცდა ორმაგი სტანდარტის, ორმაგი მიდგომის - რომ ერთ შემთხვევაში ადამიანი შეიძლება იყოს თავისუფლებაში - აი, კორცხელის ინციდენტს გაგახსენებთ: ყველა იქ მონაწილე პირი არის, ფაქტობრივად, აღკვეთის ღონისძიების, გირაოს ქვეშ და ამ შემთხვევაში რატომღაც პროკურატურა ითხოვს ყველაზე უფრო მკაცრი აღკვეთის ღონისძიებას“.

ადვოკატი ალექსანდრე მგელაძე კი აღნიშნავს, რომ დაკავებულები თავს დამნაშავედ არ ცნობენ:

“ხსენებულ საქმეში მე ვიცავ ორ პიროვნებას. ესენი არიან ყულიევი და მამედოვი. ორივე მათგანს წაყენებული აქვს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 163-ე მუხლით, რაცაა საარჩევნო კომისიისთვის ხელის შეშლა, და 353-ე მუხლის მეორე ნაწილით, რაცაა პოლიციისათვის ჯგუფურად წინააღმდეგობის გაწევა. მძიმე მუხლია, 4-7 წლამდე ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას. წარდგენილ ბრალდებაში თავს არ ცნობენ დამნაშავედ და მიაჩნიათ, რომ არ ჩაუდენიათ არავითარი კანონით აკრძალული ქმედება“.

ადვოკატ ალექსანდრე მგელაძეს არ ეთანხმება საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი მღებრიშვილი, რომლის თანახმადაც, ყიზილაჯლოში დაკავებულები არიან დამნაშავეები, რომელთაც ხელი აღმართეს პოლიციელებზე:

გიორგი მღებრიშვილი
გიორგი მღებრიშვილი

“პოლიტიკური ნიშნით დაკავება რას ნიშნავს? ესენი არიან ჩვეულებრივი კრიმინალები, რომლებმაც გაბედეს და ხელი აღმართეს პოლიციელზე. მე დღემდე არავისთვის არ მიპატიებია პოლიციელზე ხელის აღმართვა და არც ამის შემდგომ არ ვაპირებ ვინმეს ვაპატიო მსგავსი საქციელი“.

გიორგი მღებრიშვილი აქვე არ ეთანხმება ადვოკატებს იმაში, რომ დაკავებულები ნაცემები არიან. მინისტრი ამბობს, რომ თავდაცვის საუკეთესო საშუალება თავდასხმაა და სწორედ ამ მეთოდს მიმართავენ დაკავებულები და მათი ადვოკატები. პროკურატურის მხრიდან დაკავებულთათვის აღკვეთის ღონისძიების მოთხოვნას იზიარებს იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანიც, რომელიც ფიქრობს, რომ 8 ოქტომბერს სპეცრაზმმა დაკისრებულ მოვალეობას თავი წარმატებით გაართვა:

“როდესაც ამომრჩეველი არ დაინდობს საკუთარი რაიონის პოლიციის უფროსს, რომელსაც ყბა აქვს გატეხილი, იმდენად დიდი იყო ფიზიკური დაპირისპირება, ჩვენ, ალბათ, უნდა გვესმოდეს, რომ ასეთ რამეებს სახელმწიფო, თუკი ჩვენ სახელმწიფო ვართ, ვერ შეიწყნარებდა. სწორედ სპეცრაზმის სამაგალითო ქცევის შედეგად, ჩვენ მარნეულში კენჭისყრის ღამეს თავიდან ავიცილეთ სერიოზული დაპირისპირება“.

პროკურატურის შუამდგომლობის გარდა, სასამართლო სხდომაზე დაკმაყოფილდა დაკავებულთა შუამდგომლობაც სახაზინო ადვოკატების აცილების თაობაზე.

XS
SM
MD
LG