შინაგან საქმეთა სამინისტრო განაგრძობს 8 ოქტომბრის არჩევნებზე მომხდარი კანონდარღვევების გამოძიებას და დანაშაულის ჩადენაში ეჭვმიტანილი პირების დაკავებას. 13 ოქტომბერს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა მარნეულში დააკავეს ექვსი პირი, რომლებიც ეჭვმიტანილი არიან მარნეულის რაიონის სოფელ ყიზილაჯოში საარჩევნო კომისიის მუშაობისთვის ხელის შეშლასა და პოლიციელებისთვის წინააღმდეგობის გაწევაში. ერთი დღით ადრე პოლიციამ დააკავა, ასევე, ერთი პირი ზუგდიდის რაიონის სოფელ ჯიხაშკარში 108-ე საარჩევო უბნის დარბევის ფაქტზე.
ხმაური იყო 8 ოქტომბერს მარნეულის რაიონის სოფელ ყიზილაჯოში მოწყობილ 48-ე საარჩევნო უბანზე, რომელზეც ქვებით მიიტანა იერიში რამდენიმე ათეულმა ადამიანმა. შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელ თეა პერტაიას განცხადებით, მოხერხდა ძალადობაში მონაწილე პირთა იდენტიფიცირება და დაკავება:
ამ ადამიანებს პირადად ხელმძღვანელობდა აჰმედ იმამყულიევი. მათ პირდაპირ მიიტანეს იერიში საარჩევნო უბანზე... სხეულის დაზიანება მიიღო რამდენიმე ადამიანმა. სწორედ ეს გახდა დაკავების საფუძველი...თამაზ ნავერიანი
„გამოძიებამ დაადგინა, რომ აღნიშნული პირები საარჩევნო უბნის მიმდებარე ტერიტორიაზე მომხდარი ინციდენტის დროს განსაკუთრებული აგრესიით გამოირჩეოდნენ. ისინი მოქალაქეებს საარჩევნო უბანში შეჭრისა და საარჩევნო ყუთის გატაცებისკენ მოუწოდებდნენ, ხოლო ადგილზე წესრიგის დაცვის მიზნით მობილიზებულ სამართალდამცველებს ქვები დაუშინეს. დაპირისპირების შედეგად, რამდენიმე სამართალდამცველი, მათ შორის, ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე დაშავდა. თავდამსხმელებმა საარჩევნო ყუთის გატაცება ვერ შეძლეს. შემთხვევის ადგილზე მობილიზებული იქნა პოლიციის დამატებითი ძალები. სამართალდამცველების ჩარევის შედეგად, სიტუაცია განიმუხტა“.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება დაწყებულია საქართველოს სსკ-ს 162-ე პრიმა მუხლით, რაც კენჭისყრის შენობაში, საარჩევნო კომისიის განთავსების ადგილას ან მათ მიმდებარე ტერიტორიაზე ძალადობას ან ძალადობის მუქარას გულისხმობს. როგორც მოგვიანებით გაირკვა, დაკავებულები მარნეულში „ნაციონალური მოძრაობის“ წევრისა და დეპუტატობის კანდიდატის აჰმედ იმამყულიევის მხარდამჭერი ამომრჩევლები იყვნენ.
„ამ უბანზე მოხდა ასეთი რამ: „ქართული ოცნების“ წევრები აყალბებდნენ, რისი ვიდეოჩანაწერებიც გვაქვს და საიდანაც ჩანს, რომ „ქართული ოცნების“ წევრები შედიან რამდენჯერმე და ყრიან ბიულეტენებს. ეს ყველაფერი გვაქვს. დღეს რომ დააკავეს, ეს ხალხი ამომრჩევლები არიან. სწორედ მათ მიმართეს, ასეთ რამეს რატომ აკეთებთო. ამას მოჰყვა სიტყვიერი შეურაცხყოფა სუს-ის აგენტის მხრიდან, რაც გადაიზარდა დიდ დაპირისპირებაში“, უთხრა აჰმედ იმამყულიევმა რადიო თავისუფლებას.
საწინააღმდეგოს ამტკიცებენ „ქართული ოცნების“ მარნეულის ოფისში. მმართველი პარტიის დეპუტატობის კანდიდატ თამაზ ნავერიანის საარჩევნო შტაბის უფროსის, ამირან გიორგაძის, თქმით, არეულობას ხელმძღვანელობდა მათი ოპონენტი:
წუხელ ჩვენს მხარდამჭერებს, როგორც ტერორისტებს, სპეცრაზმით შეუვარდა სახლებში. დალეწილია სახლები. ოჯახებიდან მოპარულია ფული და ძვირფასეულობა. დღეს ჩვენი მხარდამჭერები და მარნეულელი მოქალაქეები დილიდან აქ დგანან და ითხოვენ პასუხს, სად წაიყვანეს მათი შვილები...ირმა ნადირაშვილი
„ამ ადამიანებს პირადად ხელმძღვანელობდა აჰმედ იმამყულიევი. მათ პირდაპირ მიიტანეს იერიში საარჩევნო უბანზე... სხეულის დაზიანება მიიღო რამდენიმე ადამიანმა. სწორედ ეს გახდა დაკავების საფუძველი“.
დანაშაულში ეჭვმიტანილი ექვსი პირი პოლიციამ 13 ოქტომბერს, გამთენიისას, დააკავა. მათი უფლებების დასაცავად მარნეულში ჩავიდა დეპუტატი ირმა ნადირაშვილი.
„ხელისუფლება, რომელიც თავად არის ეჭვმიტანილი ტერორისტული აქტების მოწყობაში (შეგახსენებთ დეპუტატ გივი თარგამაძის აფეთქების საქმეს, რომელიც გამოძიებული არ არის), წუხელ ჩვენს მხარდამჭერებს, როგორც ტერორისტებს, სპეცრაზმით შეუვარდა სახლებში. დალეწილია სახლები. ოჯახებიდან მოპარულია ფული და ძვირფასეულობა. დღეს ჩვენი მხარდამჭერები და მარნეულელი მოქალაქეები დილიდან აქ დგანან და ითხოვენ პასუხს, სად წაიყვანეს მათი შვილები“.
„ნაციონალურ მოძრაობაში“ აცხადებენ, რომ მათ მხარდამჭერებს პოლიტიკური ნიშნით სდევნიან. აი, რა უთხრა რადიო თავისუფლებას დეპუტატობის ოპოზიციონერმა კანდიდატმა მარნეულის მაჟორიტარულ ოლქში აჰმედ იმამყულიევმა:
„ეს არის პოლიტიკური შურისძიება „ქართული ოცნების“ მხრიდან. „ქართული ოცნება“ ცდილობს შეაშინოს მოსახლეობა, რომელიც ცხოვრობს 48-ე უბანთან, სადაც 22 ოქტომბერს იქნება ხელახლა არჩევნები, და ცდილობენ შეაშინონ ხალხი, რათა არ გამოვიდნენ არჩევნებზე. ეს არის, სამწუხაროდ, „ქართული ოცნების“ რეალური სახე, რომელიც კარგად გამოჩნდა 8 ოქტომბერს“.
მარნეულის გარდა, შინაგან საქმეთა სამინისტრომ არჩევნების დღეს ჩადენილი დანაშაულის გამო დააკავა, ასევე, ერთი მოქალაქე, რომელსაც ბრალი ედება ზუგდიდის რაიონის სოფელ ჯიხაშკარში 108-ე საარჩევო უბნის დარბევის ფაქტზე. "საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის" გამგეობის წევრი გიორგი მშვენიერაძე მიიჩნევს, რომ არჩევნების დღეს მომხდარი დანაშაული გამოუძიებელი, ხოლო დამნაშავე დაუსჯელი არ უნდა დარჩეს, თუმცა შინაგან საქმეთა სამინისტრომ უნდა იმოქმედოს ისე, რომ არ გააჩინოს ეჭვი შერჩევით სამართალთან დაკავშირებით.
„სწორია და კარგია, რომ შსს-მ დაიწყო სამართალდამრღვევი პირების დასჯა, ეს თანაბრად ეხება როგორც მარნეულში განვითარებულ მოვლენებს, ასევე ზუგდიდს და, ასევე, აუცილებელია, რომ შსს იყოს ძალიან მკაცრი ქუთაისში მომხდარ ძალადობის ფაქტთან დაკავშირებითაც, სადაც დაზარალდნენ ჟურნალისტები. მსგავსი საქმეების გამოძიება და სამართალდამრღვევი პირების პასუხისგებაში მიცემა არის პრევენცია, რათა ვინმემ არ გაბედოს რამე სახის ძალადობა, ოღონდ შინაგან საქმეთა სამინისტრო უნდა იყოს თანმიმდევრული და თანაბრად მოქმედი: როცა აკავებს მარნეულის ინციდენტში მონაწილე პირებს, ასევე უნდა დააკავოს ყველა ის პირი, ვინც შეიჭრა ზუგდიდის საარჩევნო უბანზე და ძალადობდა ჟურნალისტებზე ქუთაისში“, უთხრა გიორგი მშვენიერაძემ რადიო თავისუფლებას.