Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

შრომის უსაფრთხოების ახალი კანონის მოლოდინში


ტყიბულის მაღარო
ტყიბულის მაღარო

შრომის უსაფრთხოების ახალი კანონპროექტის მიხედვით, შრომის ინსპექტორების ჯგუფს საწარმოს გაუფრთხილებლად შემოწმების უფლება მიენიჭება. მშრომელთა უფლებების დამცველები და საქართველოს გაერთიანებული პროფკავშირი მიიჩნევენ, რომ ეს ცვლილება, შესაბამის სანქციებთან ერთად, დამსაქმებლებს აიძულებს საკუთარ საწარმოებში შრომის უსაფრთხოების პირობები დაიცვან და ამ გზით თავიდან აიცილონ გახშირებული უბედური შემთხვევები.

გადმოწერა

გოჩა, ყოფილი გვირაბგამყვანი

გოჩა ჭუმბურიძემ ჭიათურის მაღაროში გვირაბგამყვანად მუშაობა 2014 წლის ზაფხულში დაასრულა - 30-წლიანი კარიერა ერთ-ერთი დავალების დროს დასრულდა, როდესაც, როგორც თავად ამბობს, „დამარცხდა“ - ხელის მტევანი დაკარგა. გოჩა დღეს 48 წლის არის.

„ბურღის ამოღების მომენტში დავშავდი, ხელის მტევანი მომწყდა. დამხმარედ ვიყავი, ბურღი მემეჭირა ხელში. მერე შვიდი თვე ვმკურნალობდი. ახლა დაცვის სამსახურში ვმუშაობ“.

კომპანია „ჯორჯიან მანგანეზის“ (ყოფილი „ჭიათურმანგანუმი“) კუთვნილ მაღაროში საწარმოო ტრავმამდე მისი ხელფასი 800 ლარს აღწევდა. ოჯახის ერთადერთი მარჩენალი იყო. დღესაც ასეა, რადგან მისი მეუღლე დიასახლისია, ერთი შვილი წელს გახდა სტუდენტი, მეორე მხოლოდ 13 წლისაა. კომპანიამ გოჩა ჭუმბურიძე დაცვის სამსახურში გადაიყვანა. პროფკავშირის ჩარევისა და კომპანიასთან მოლაპარაკების შემდეგ მას მეორე ჯგუფის ინვალიდობისა და მარცხის პენსია დაენიშნა. აქვს დაცვის თანამშრომლის ხელფასიც - ამ ადგილას მას პენსიის ასაკამდე შეეძლება მუშაობა. რომ არა ეს მოლაპარაკებები, ალბათ, მხოლოდ მეორე ჯგუფის ინვალიდობის პენსიით, ასი ლარით, უნდა გამეტანა თავიო. დღეს გოჩას ხელის მტევნის ნაცვლად პროთეზი აქვს. ამბობს, რომ ძნელად, მაგრამ თავი მაინც გააქვთ:

„მთლად მშიერი არ ვართ და ისე, მოგეხსენებათ როგორც ვიქნები...ისე კი, გვირაბგაყვანის ხელფასი, 850 ლარი, თუ ამსაქმეს შევადარებთ, არაფერი არ არის დღეს. არაფერზე გყოფნის. მაგრამ აქ, ჭიათურაში, მეტი არაფერი ხდება. სხვა საქმე, სხვა სამსახური არ არსებობს. მეცხოველეობა აქ არ არის. ყველაფერი გადათხრილია და დაზიანებული. ცხოველებს აქ ვერ იყოლიებ. ძალიან ძნელია ჭიათურაში ცხოვრება, ძალიან“.

ტყიბული
ტყიბული

გოჩა ჭუმბურიძის მსგავსად, საწარმოო ტრავმით ჭიათურაში არაერთი ყოფილი მაღაროელი ცხოვრობს, თუმცა იმასაც ამბობს, რომ რამდენიმე წლის წინ მარცხების რაოდენობა გაცილებით ხშირი იყო, ვიდრე დღეს. გოჩას კომპანიამ პირობა მისცა, რომ საპენსიო ასაკამდე დაცვის თანამშრომლის ადგილს არ დაკარგავს. ამის იმედით ცხოვრობს - იმიტომ რო სხვა, უფრო მძიმე სამუშაოს შესრულება მას არ შეუძლია.

შეიძლებოდა თუ არა გოჩას და მის სხვა კოლეგებს საწარმოო ტრავმები თავიდან აეცილებინათ, შრომის უსაფრთხოების კანონი რომ არსებულიყო? დაიცავდა თუ არა უკეთესად შრომის უსაფრთხოების პირობებს კომპანია, თუკი ეცოდინებოდა, რომ შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის მონიტორინგის ჯგუფს ამ საწარმოს გაუფრთხილებლად, მოულოდნელად შემოწმებისა და დაჯარიმების უფლება აქვს?

ვისთვის დაიწერა შრომის უსაფრთხოების კანონი

ასეთი კანონპროექტი უკვე არსებობს და, როგორც ჯანდაცვის სამინისტროს შრომისა და დასაქმების პოლიტიკის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ელზა ჯგერენაიამ გვითხრა, ამ დროისთვის მისი სამუშაო სახელია კანონპროექტი „შრომის უსაფრთხოებისა და ჯანდაცვის შესახებ“. ამ კანონზე სამინისტრო სოციალურ პარტნიორებთან ერთად მუშაობდა. დაგეგმილია მისი განხილვა სოციალური პარტნიორების სამმხრივ კომისიაზე, რომელსაც პრემიერ-მინისტრი ხელმძღვანელობს. შრომის უსაფრთხოების მხრივ კანონმდებლობის დახვეწას საქართველოს ასოცირების შესახებ შეთანხმებაც ავალდებულებს:

„ეს შეეხება ინდივიდუალური დაცვის საშუალებებს, კოლექტიური დაცვის საშუალებების გამოყენებას, სამუშაო სივრცეს და ა.შ.“.

ტყიბულელი მეშახტე
ტყიბულელი მეშახტე

საქართველოს შრომის კოდექსის თანახმად, ზოგადად განსაზღვრულია, რომ დამსაქმებელი ვალდებულია ღირსეული პირობები შეუქმნას დასაქმებულს, თუმცა იქ დეტალურად არაფერი წერია იმაზე, მაგალითად, როგორი უნდა იყოს სამუშაო გარემო. შრომის უსაფრთხოების კანონმა სწორედ ეს უნდა მოაწესრიგოს და განსაზღვროს როგორც დასაქმებულების, ისე დამსაქმებლების მოვალეობები.

ელზა ჯგერენაიამ რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ ამ კანონის ძალაში შესვლის შემდეგ მონიტორინგის ჯგუფს შეეძლება საწარმო გაუფრთხილებლადაც შეამოწმოს:

„ახალი კანონით, საწარმოს შემოწმება შესაძლებელი იქნება წინასწარი გაფრთხილების გარეშეც, შრომის ინსპექტორების მობილურ ჯგუფს შეეძლება საწარმოში მისვლა და შრომის პირობების შემოწმება“.

კანონპროექტის ავტორები მიიჩნევენ, რომ სანქცია, ჯარიმა, არ უნდა იყოს სახელმწიფოს თვითმიზანი - სანამ დარღვევებისათვის საწარმოს ფინანსურ სანქციას დააკისრებენ, მანამდე არსებობს სხვა მექანიზმებიც, რომლის მეშვეობით, დარღვევების გამოვლენის შემთხვევაში, შეიძლება ვითარება გამოსწორდეს. ასე უყურებს სანქციების საკითხს ელზა ჯგერენაია:

ელზა ჯგერენაია
ელზა ჯგერენაია

„პირველი შემოწმების შემდეგ, როგორც წესი, კომპანია გაფრთხილებას იღებს და რეკომენდაციას ვუგზავნით. მათ აქვთ კონკრეტული ვადები პირობების გამოსასწორებლად. თუ რეაგირება საერთოდ არ მოსდევს ამ ამბავს და ხელმეორედ შემოწმების შემთხვევაშიც იგივე გვხვდება, და ეს მეორდება რამდენჯერმე, ცხადია, სანქცია იქნება ჯარიმა, ზოგ შემთხვევაში კი უფრო მეტიც -შესაძლოა, სისხლის სამართლის დანაშაულიც გამოიკვეთოს“.

შრომის უსაფრთხოების კანონპროექტის ავტორებს იმედი აქვთ, რომ მისი ამოქმედების შემდეგ ბიზნესიც მეტად გაფრთხილდება, რომ მათ საწარმოებში იკლოს უბედური შემთხვევებისა და ტრავმების და, შესაბამისად, კომპენსაციების გაცემის რიცხვმაც.

გასულ წელს მონიტორინგის ჯგუფმა 200 კერძო და სახელმწიფო კომპანია შეამოწმა. მათ უმეტესობაში შრომის უსაფრთხოების პირობები დარღვეული იყო - იქნებოდა ეს ხანძარსაწინააღმდეგო სისტემის გაუმართაობა, ელექტროუსაფრთხოების კუთხით არსებული მდგომარეობა, ინდივიდუალური დაცვის საშუალებების უქონლობა თუ სხვა რამ. თუ ელზა ჯგერენაიას სიტყვას ვენდობით, დღემდე ამ კომპანიების მხოლოდ 10-მა პროცენტმა არ შეასრულა მიცემული რეკომენდაციები.

თავდაცვის სურვილი - შესაძლებლობის გარეშე

პროფკავშირს არ სჯერა, რომ საწარმოო ტრავმების რიცხვი შემცირდება, თუ სახელმწიფო კონტროლის ეფექტიან მექანიზმს არ აამუშავებს. არ სჯერა, რომ სანქცირების მექანიზმის გარეშე საწარმოს თუნდაც გაუფრთხილებელი შემოწმება რამეს შეცვლის. გოჩა ალექსანდრია, საქართველოს გაერთიანებული პროფკავშირის თავმჯდომარის მოადგილე, სწორედ ამ აზრზეა:

„გარემოს დაცვის ინსპექცია რომ აკავებს ბრაკონიერებს, ან ამოწმებს ამა თუ იმ ხე-ტყის გადამამუშავებელ ობიექტს, ან რატომ არის, რომ შემცირდა კოცონების ანთების და ნაგვის დაწვის რაოდენობა, როგორც ჩანს, ჯარიმები ამ კუთხით ეფექტიანად მუშაობს. ან რატომ აკისრებს, მაგალითად, საგადასახადო ინსპექცია ჯარიმებს, ბიზნესს კი ეშინია და ფრთხილადაა? იგივე შიში და პატივისცემა უნდა გამოიწვიოს ამ კანონმაც. პატივისცემა შრომის ინსპექციის კომპეტენციის და შიში ჯარიმების მიმართ“.

გოჩა ალექსანდრია
გოჩა ალექსანდრია

პროფკავშირის აზრით, განსაკუთრებით დიდ საწარმოებსა და მშენებლობებზე უბედური შემთხვევების სტატისტიკა ქვეყანაში შრომის უსაფრთხოების მხრივ უკეთეს სურათზე არ მეტყველებს. როდესაც სახელმწიფოს რეკომენდაცია არ არის სავალდებულო შესასრულებლად, სხვას არც არაფერს უნდა ველოდოთ, აცხადებს გოჩა ალექსანდრია. თუ კომპანიებს სახელმწიფოსგან არც ფინანსური სანქცია დაეკისრებათ და არც რეკომენდაციების შესრულება გახდება სავალდებულო, მაშინ რჩება სასამართლო. დასავლეთის ქვეყნებში შრომითი უფლების დარღვევის შემთხვევაში მუშას არ სჭირდება სასამართლოს განაჩენის ლოდინი წლობით და სამართალსაც მალე პოულობს, გვეუბნება გოჩა ალექსანდრია. აქ კი, საქართველოში, ეს მექანიზმიც არ არის ქმედითი:

„დაშავებულთა ან გარდაცვლილთა ოჯახები, ან თავად დაშავებულები ხშირად არ მიმართავენ სასამართლოს და ამას აქვს ერთადერთი მიზეზი - მათ არა აქვთ საშუალება დაიქირაონ ადვოკატი. მათ არა აქვთ ფული, რომ იარონ თავიანთი სოფლიდან თუ რაიონიდან დაშორებულ ქალაქებში სასამართლო სხდომებზე. მაგალითად, თუ ადამიანი ჭიათურაში დაშავდა, მან ჯერ საჩხერის სასამართლოს უნდა მიმართოს, მერე ქუთაისში - აპელაციისათვის, მერე თბილისში, უზენაესში, და ასე. არა აქვს ამ ხალხს ამდენი ფული. და მით უმეტეს, თუ გარდაიცვალა ადამიანი, ოჯახის მარჩენალი, რომელსაც ისედაც გაძვალტყავებული ხელფასი ჰქონდა და ოჯახი საერთოდ უფულოდ დარჩა, მას ნამდვილად არა აქვს სასამართლოში სირბილის თავი. ეს იმას არ ნიშნავს, რომ სურვილი არა აქვს თავისი უფლების დაცვის - მას არა აქვს შესაძლებლობა“.

სიკვდილი მშენებლობებზე

ტყიბულელი მეშახტეები
ტყიბულელი მეშახტეები

2016 წლის დასაწყისიდან დღემდე, მხოლოდ სამშენებლო სექტორში და მხოლოდ მშენებელთა და ტყის მუშაკთა დამოუკიდებელი პროფკავშირის მონაცემებით, 14 ადამიანია დაღუპული და 11-ს უმძიმესი ტრავმა აქვს მიღებული. მშენებელთა პროფკავშირის თავჯდომარე მარინა კურტანიძე ჩვენთან საუბარში ამბობს, რომ 2000 წლიდან სამუშაო ადგილზე 570 ადამიანზე მეტია გარდაცვლილი. მარინა კურტანიძე ფიქრობს, რომ საქართველოსთვის ეს საგანგაშო სტატისტიკაა. მით უმეტეს, ამბობს ის, რომ ოჯახების უმრავლესობას ასეთი ფაქტების გახმაურება არ სურს - ურჩევნია კომპანიას გაურიგდეს და შესაბამისი კომპენსაციის სანაცვლოდ დუმილი ურჩევნია. ვითარება მშენებლობებზე კი ამასობაში არ უმჯობესდება:

„სამშენებლო ობიექტებზე პრაქტიკულად ყველა ადამიანი დაუცველია. აღარ ვლაპარაკობ, თუ რა ხდება მაღლივი კორპუსების მშენებლობებზე, კარიერებსა და ავტობანების მშენებლობებზე. არც ინდივიდუალური დაცვის საშუალებები გააჩნიათ, არც ის იციან, როგორ ტექნიკაზე მუშაობენ, მაგალითად, რა მდგომარეობაშია ამწე, საერთოდ შეიძლება თუ არა ამ მანქანებით სარგებლობა. ამაზე პასუხისმგებლობის ამღები პირი ქვეყანაში არ არსებობს“.

პროფკავშირი ჩივის, რომ მათ ინსპექტორებს ან არ უშვებენ ობიექტებზე, ან, თუ მაინც მოახერხეს და მშენებლობაზე შევიდნენ, იქ ხვდებათ კომპანიის მიერ დაქირავებული შრომის უსაფრთხოების ინჟინერი, რომელსაც, როგორც მარინა კურტანიძე ამბობს, ყოველთვის გამზადებული აქვს ჟურნალი, სადაც წერია, თუ როგორ არის დაცული ობიექტზე ყველა პირობა, თუმცა რეალობა საპირისპიროს ამტკიცებს:

„უსაფრთხოების ინჟინერი გვეუბნება, რომ ყველანაირი წესები დაცულია, გვაჩვენებს რაღაც ჟურნალს ჩანაწერებით, მაგრამ სინამდვილეში ხომ ვიცით, რომ ისიც დასაქმებულია, კონტრაქტორია, რომელსაც კომპანია ფულს უხდის არა იმაში, რომ მან რეალურად გაატაროს რაღაც ღონისძიებები, არამედ ფაქტი რომ არსებობდეს, რომ მას ჰყავს შრომის უსაფრთხოების ინსპექტორი“.

შემოწმება გაუფრთხილებლად

თუ ინსპექტირების მექანიზმს მიენიჭება მეტი დამოუკიდებლობა, ვიდრე მას აქვს დღეს, და მონიტორები შეძლებენ გაუფრთხილებლად შეამოწმონ საეჭვო საწარმოები, მაშინ კონტროლს ექნება აზრი, ფიქრობენ ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრში. იურისტი ანანო ცინცაბაძე, რომელიც წლებია დასაქმებულების შრომით უფლებებს იცავს, რადიო თავისუფლებასთან საუბარში დღეს არსებულ მექანიზმს ასე აფასებს:

ანანო ცინცაბაძე
ანანო ცინცაბაძე

„გაიცემა მხოლოდ რეკომენდაციები გამოვლენილ დარღვევებზე, რაც უნდა მძიმე დარღვევა იყოს. სახელმწიფო, ერთი მხრივ, ამბობს, რომ შრომის დარგში ადამიანის ფუნდამენტური უფლება ირღვევა, თუმცა ამის გამოსასწორებლად ვერანაირ ეფექტურ ნაბიჯებს ვერ დგამს, რადგან არსებული მექანიზმი ამის საშუალებას არ აძლევს. სწორედ ამიტომ ვრჩებით დამსაქმებლის კეთილ ნებაზე - გაითვალისწინებს თუ არა ის სახელმწიფოს რეკომენდაციას“.

ანანო ცინცაბაძეს ვკითხეთ, რატომ არის კონტროლის მექანიზმის მნიშვნელოვანი კომპონენტი საწარმოების გაუფრთხილებლად შემოწმება და როგორ მოწმდება, მისი დაკვირვებით, დღეს ასეთი საწარმოები:

„როგორც შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის სტანდარტებით, ისე უამრავი ქვეყნის პრაქტიკის მიხედვით, სწორედ გაუფრთხილებელი და მოულოდნელი უნდა იყოს საწარმოში შესვლა შრომის პირობების ინსპექტირებისთვის. სწორედ იმიტომ, რომ საწარმოს არ მიეცეს საშუალება მოემზადოს ან დაფაროს ისეთი დარღვევები, რომელიც მას არ სურს აჩვენოს სახელმწიფო ინსპექტორს. დღევანდელი პრაქტიკით, საწარმოს აფრთხილებენ ხუთი დღით ადრე და შესამოწმებლად ისე შედიან. უფრი მეტიც, საწარმოს აქვს უფლება, თავად შეარჩიოს შესამოწმებელი ობიექტები და ასე შერჩეული ობიექტები შეამოწმებინოს ინსპექტირების დეპარტამენტს“.

EMC-ში მიიჩნევენ, რომ დღეს მთელ მსოფლიოში მეტ ყურადღებას აქცევენ არა რეაგირების, არამედ პრევენციის მექანიზმებს. ებრძვიან არა შედეგებს, არამედ მიზეზებს. ანანო ცინცაბაძე აცხადებს, რომ საქართველოს ხელისუფლების პოლიტიკა, შრომის უსაფრთხოების კუთხით, სწორედ ასეთი უნდა იყოს.

შრომის უსაფრთხოების შესახებ კანონპროექტს კი შემოდგომაზე ჯერ სამმხრივი კომისია განიხილავს, ხოლო თუ მთავრობა დადებითად შეაფასებს, მასზე უკვე ახალი მოწვევის პარლამენტი იმსჯელებს.

  • 16x9 Image

    ეკა ქევანიშვილი

    მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, ადამიანის უფლებების, ქალთა და ბავშვთა, უმცირესობების, ეკოლოგიის, ჯანდაცვისა და სხვა სოციალურ საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2008 წლიდან. 

XS
SM
MD
LG