ძალოსანი ლაშა ტალახაძე საქართველოს 39-კაციანი ოლიმპიური ნაკრების ის წევრია, რომლისგანაც რიო-დე-ჟანეიროს ოლიმპიადაზე მედალს ელიან. ზაფხულის XXXI ოლიმპიურ თამაშებში საქართველოდან სამი ძალოსანი მიიღებს მონაწილეობას - ლაშასთან ერთად რიოს ფიცარნაგზე იასპარეზებენ ირაკლი თურმანიძე და გიორგი ჩხეიძე.
ლაშა ტალახაძე - 22 წლის, სიმაღლე -197 სმ, წონა - 156 კგ, 2016 წლის ევროპის რეკორდსმენი ძალოსნობაში, 2015 წლის მსოფლიო ჩემპიონი, საქართველოს ოლიმპიური ნაკრების წევრი. ის ახლა სწორედ რიო დე ჟანეიროს ოლიმპიადისთვის ემზადება. გრიფზე ისე მარტივად ამაგრებს და მერე ხსნის, მაგალითად, 50 ან 25 კგ-იან ფერად დისკოებს, თითქოს ეს დისკოები ფერადი ქაღალდისგან იყოს გამოჭრილი. მის შემყურეს ის ზღაპრის პერსონაჟი მახსენდება, სირბილისას წისქვილის ქვებს რომ იმაგრებდა ფეხებზე, ან, სულაც, დევი. ანუ, იმის თქმა მინდა, რომ ლაშა, ამ თავისი ფერად-ფერადი და მძიმე დისკოებით მოთამაშე, ჯადოსნურ პერსონაჟს უფრო ჰგავს, ვიდრე რეალურ ადამიანს. შტანგასთან მშვიდად, თავდახრილი დგება, მისი მძიმე მეტოქე ახლა 200 კგ-მდე იწონის - უნდა ასწიოს, მკერდზე მიიბჯინოს, მერე წამოდგეს, მუხლი გამართოს, ხელები ასწიოს და ძირს დაანარცხოს მეტოქე.
ლაშა ფიქრობს, რომ რიო დე ჟანეიროს ოლიმპიადაზე საუკეთესო სამეულში მოხვედრა განაღდებული აქვს, მაგრამ მიზანი ოქროა. მთავარ კონკურენტებად რუს და ირანელ სპორტსმენებს მოიაზრებს. დათმობას არ აპირებს:
„ვიცი, რომ კარგი ბრძოლა მომიწევს რამდენიმე სპორტსმენთან და შევეცდები მოგებისთვის მაქსიმუმი გავაკეთო. ღმერთის წყალობით თუ შევძელი, ყველაფერი კარგად დამთავრდება. შიში არავისი მაქვს. უფრო განცდა არის, ალბათ, წინასაშეჯიბრო, თორემ არც ერთი სპორტსმენის არ მეშინია. მხოლოდ იმაზე ვფიქრობ, რომ უნდა ავწიო და ყველაფერი უნდა ჩავდო იმაში, რომ წონა დავძლიო. არა მარტო ჩემი მწვრთნელები, ჩემი სანათესაო, მეგობრები, ვინც იციან ჩემს შესახებ, ჩემგან ოქროს ელიან. ეს ფსიქოლოგიურად ცოტა რთული გადასატანია, მაგრამ ეს კიდევ ერთ მიზეზს მაძლევს იმისას, რომ შეჯიბრზე ჩემი მაქსიმუმი გავაკეთო“.
მინდოდა, რომ კიდევ შევხვედროდი რუს მეტოქეს და ამ აზრს უკვე შეჩვეული ვიყავი. მეც სპორტსმენი ვარ და როდესაც ეს ამბავი შევიტყვე, ვერ ვიტყვი, რომ ძალიან გამიხარდა. მეც გამოვიარე, რას ნიშნავს დოპინგი. მეც მქონდა ორწლიანი დისკვალიფიკაცია და არც ერთ სპორტსმენს არ ვუსურვებ იგივეს გამეორებას და, შეიძლება ითქვას, შემეცოდა კიდეც...ლაშა ტალახაძე
ძალოსნობა შთამომავლობით ერგო. ლაშას მამა, კობა ტალახაძე, ტიტულოვანი ძალოსანია. როგორც თითქმის ყველა პატარა ბიჭს, ბავშვობისას მეც ფეხბურთელობისკენ გამირბოდა თვალიო, მეუბნება ძალოსანი ლაშა, მაგრამ მისმა ფიზიკურმა მონაცემებმა მაინც თავისი ქნა და 2008 წლიდან, მამის მეთვალყურეობის ქვეშ, ჯერ მშობლიურ საჩხერეში დაიწყო ძალოსნობაში ვარჯიში, მოგვიანებით კი, 2010 წლიდან, თბილისში, გლდანის ოლიმპიურ ბაზაზე, განაგრძო წვრთნა. თუმცა 2013 წელს, ევროპის ახალგაზრდულ ჩემპიონატზე ასპარეზობისას, დოპინგის ტესტი ვერ გაიარა და ანტისადოპინგო უწყებისგან ორწლიანი დისკვალიფიკაცია მიიღო. ეს ორი წელი ლაშამ ისევ და ისევ ვარჯიშისთვის გამოიყენა და, ორწლიანი სპორტული სასჯელის შემდეგ, ძალები 2015 წელს მსოფლიო ჩემპიონატზე მოსინჯა. ის ვერცხლის პრიზიორი გახდა, ჩემპიონატის დასრულდებიდან რამდენიმე ხანში კი ლაშას ვერცხლი ოქროთი შეიცვალა. ამის მიზეზად ისევ და ისევ დოპინგი იქცა. მისი მთავარი კონკურენტი, რუსი სპორტსმენი ალექსეი ლოვჩევი, დოპინგის მოხმარებაში გამოააშკარავეს და მისი ოქრო ლაშას გადაეცა:
„შეგუებეული ვიყავი მეორე ადგილს და უკვე შემდეგ შეჯიბრზე ვფიქრობდი და ჩემს გასაკეთებელს გავაკეთებდი. მინდოდა, რომ კიდევ შევხვედროდი რუს მეტოქეს და ამ აზრს უკვე შეჩვეული ვიყავი. მეც სპორტსმენი ვარ და როდესაც ეს ამბავი შევიტყვე, ვერ ვიტყვი, რომ ძალიან გამიხარდა. მეც გამოვიარე, რას ნიშნავს დოპინგი. მეც მქონდა ორწლიანი დისკვალიფიკაცია და არც ერთ სპორტსმენს არ ვუსურვებ იგივეს გამეორებას და, შეიძლება ითქვას, შემეცოდა კიდეც. არ ვიცი, ეს დოპინგი ისეთი რამ არის, რაც ძალას მატებს სპორტსმენს და, ალბათ, სწორედ ეს არის, რომ გვაცდუნებს ხოლმე, მაგრამ რამდენიმე წელია, შორიახლოსაც არ გავკარებივარ დოპინგს“.
დოპინგთან დაკავშირებული უარყოფითი გამოცდილება ლაშამ უკან მოიტოვა. წინ რიო დე ჟანეიროს ოლიმპიადაა, რომელიც 5 აგვისტოდან აიღებს სტარტს. ოქროს ელის ლაშასგან მწვრთნელი გიორგი ასანიძე, თავადაც ოლიმპიური ჩემპიონი. გოლიათი, განსაკუთრებული ტალანტით, - ასე მოიხსენიებს მწვრთნელი ლაშას და მის განსაკუთრებულ უნარებსა და შესაძლებლობებზე ლაპარაკობს. სწორედ ლაშას ეს უნარები აძლევს გიორგი ასანიძეს იმის იმედს, რომ ლაშა რიოს ოლიმპიადიდან გამარჯვებული დაბრუნდება:
„მას გამოარჩევს მისი ფიზიკური მონაცემები. ზოგადად, ამ სიმაღლის ძალოსნები იშვიათია, ვინაიდან ძალიან მაღალი ადამიანისთვის ძალიან ძნელია ამ სიმაღლეზე წონების აწევა. ის ბუნებრივად ტალანტია, ძალიან ძლიერი ადამიანი. მას აქვს ძალიან ძლიერი გენეტიკა. სპორტში ყველაფერი მაინც ფსიქოლოგიაზეა დამოკიდებული. მე ვფიქრობ, რომ სწორედ ეს დადებითი პოლუსიც აქვს ლაშას და ამ კომპლექსურმა თანხვედრამ ის მიიყვანა ისეთ შედეგამდე, რომელიც ძალიან ახლოსაა მსოფლიო რეკორდებთან და ისიც არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ჯერ კიდევ - მოდით, ასე ვთქვათ, -ჭყინტი ძალოსანია. ძალოსანისთვის ასაკს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. უფრო 27-28 წლის შემდეგ იხსნება მძიმე წონა, ასეთია ბიოლოგიური პროცესი. მართალია, ის ჯერ პატარაა, მაგრამ ჩვენი გამოძახილია ოლიმპიურ ოქროსთან ძიება და ყველა შანსი უნდა გამოვიყენოთ“.
ლაშამ ოლიმპიური ფიცი, საქართველოს ოლიმპიური ნაკრების დანარჩენ 38 წევრთან ერთად, 23 ივლისს თბილისში, ოლიმპიურ პარკში, დადო. ფიცის დადების ცერემონიალს დაესწრო ძალოსნობის ფედერაციის პრეზიდენტი კახი კახიაშვილი, სამგზის ოლიმპიური ჩემპიონი. ის ლაშას ერთ-ერთი გამორჩეული გულშემატკივარი იქნება რიოს ოლიმპიადაზე. კახი კახიაშვილი ახალგაზრდა ძალოსანზე განსაკუთრებულ იმედებს ამყარებს:
„განცდა მაქვს ზედმეტი აჟიოტაჟის. ვნერვიულობ კიდეც, მაგრამ როგორც ოლიმპიური თამაშების დროს, თავის დროზე, როცა მეც გამოვდიოდი, უნდა გავაკეთოთ მობილიზაცია, რომ იმ წუთს და იმ დღეს უნდა გამოვამჟღავნოთ, როცა საჭიროა. ლაშას აქვს კარგი მონაცემები, ლიდერის პოზიციები უკავია და ველით, რა თქმა უნდა, ოქროს მედალს. თუ ყველაფერმა ისე ჩაიარა, როგორც დაგეგმილი გვაქვს, ალბათ, ამ ოქროს ვიზეიმებთ“.
რიოში, საშეჯიბრო არენაზე, ლაშა 16 აგვისტოს გამოვა. მანამდე მრავალსაათიანი ვარჯიში, რამდენიმე ასეული აკვრა და ატაცი და რამდენიმე ათასი კილოგრამი აქვს ასაწევი. ეს ყველაფერი კი ერთი მიზნისთვის - 500-გრამიანი ოქროს მედლისა და საქართველოსთვის.