Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

როგორ „გააკეთო“ ათიანი


პირველად საქართველოს სპორტულ ისტორიაში, ოლიმპიურ თამაშებში დედა-შვილი მიიღებს მონაწილეობას. 2016 წლის რიოს ოლიმპიურ თამაშებზე მიემგზავრებიან ტყვიის მსროლელები ნინო სალუქვაძე და მისი ვაჟი, ცოტნე მაჭავარიანი. ოლიმპიური თამაშებისთვის არ არის უცხო ოჯახის წევრების ერთად მონაწილეობა, თუმცა დედა და ვაჟი ოლიმპიური თამაშების მსოფლიო ისტორიაში პირველად მიიღებენ მონაწილეობას. ქართველი ტყვიის მსროლელების მონაწილეობა რიოს ილიმპიადაში იმითიცაა უნიკალური, რომ დედა-შვილი ოლიმპიური თამაშებისათვის გაწვრთნა მამამ და ბაბუამ, ვახტანგ სალუქვაძემ.

როგორ „გააკეთო“ ათიანი
please wait

No media source currently available

0:00 0:09:05 0:00
გადმოწერა

... დავალება ასეთია: ცეცხლის ხაზთან მდგომმა გამარჯვებაზე არ უნდა იფიქროს. მისი ფიქრი მხოლოდ სამიზნეა. დგას მშვიდად. სამიზნე ათი მეტრის მიღმაა. 8 წამი და პნევმატური პისტოლეტი გაისვრის. სამიზნის მიზანში ამოღებიდან გასროლამდე თითქოს ჰაერიც ჩერდება. სამიზნეს ცოტნე უმიზნებს. ვარჯიშობს. ნამდვილი ცეცხლის ხაზი ცოტნესთვის 6 აგვისტოდან რიოს ოლიმპიადაზე გაივლის. 18 წლის ცოტნე მაჭავარიანი ნინო სალუქვაძის შვილია. დედა-შვილი რიო დე ჟანეიროს ოლიმპიადაზე ერთად მიემგზავრებიან. ეს არის პირველი შემთხვევა საქართველოს სპორტულ ისტორიაში, როდესაც დედა და შვილი ოლიმპიურ თამაშებში ერთად მიიღებენ მონაწილეობას. საქართველოსა და მსოფლიოში ტყვიის სროლაში ერთ-ერთმა ყველაზე ტიტულოვანმა სპორტსმენმა, ნინო სალუქვაძემ, ოლიმპიადის საგზური გასულ ზაფხულს სლოვენიაში მოიპოვა. ცოტნეს რიოს ლიცენზია თებერვალში უნგრეთში გამართულ ევროპის ჩემპიონატზე ერგო. ნინო ცოტნესთვის არა მხოლოდ დედა, არამედ მწვრთნელიცაა.

როდესაც ვდგები ცეცხლის ხაზზე, ვფიქრობ მხოლოდ სწორ გასროლაზე. ვცდილობ, სხვა არაფერზე ვიფიქრო...
ცოტნე მაჭავარიანი

12 წლის იყო ცოტნე, დედის კვალს რომ დაადგა და რაგბიდან ტყვიის სროლაში გადაინაცვლა. მიუხედავად რამდენიმე იმედგაცრუებისა, შესაშური ნებისყოფა გამოიჩინა და დასახულ მიზანს მიაღწია. გულწრფელად ამბობს, რომ რიოს ოლიმპიადაზე წარმატების იმედი არ აქვს, თუმცა ამბობს იმასაც, რომ მაქსიმალურად შეეცდება საკუთარი შესაძლებლობები გამოავლინოს და კარგი შედეგი აჩვენოს, მით უმეტეს, რომ ოლიმპიადაზე ცოტნეს გვერდში ისეთი მწვრთნელი უდგას, როგორიც დედამისია:

„მწვრთნელთან არ მაქვს არანაირი მორიდების გრძნობა. ვეუბნები ჩემს ყველა შეცდომას და, შესაბამისად, ვიღებ პასუხს და შესწორებებს. როდესაც ვდგები ცეცხლის ხაზზე, ვფიქრობ მხოლოდ სწორ გასროლაზე. ვცდილობ, სხვა არაფერზე ვიფიქრო, თუმცა ყველაზე რთული სწორედ ამის მიღწევაა, არ იფიქრო არაფერზე და იფიქრო მხოლოდ შენს საკეთებელზე. ათასი აზრი შემოგეპარება ხოლმე სროლის დროს და სწორედ ამისთვის არის ფსიქოლოგიური ვარჯიშები, რომ კონცენტრაცია ავიმაღლოთ“.

რიო ნინო სალუქვაძისთვის მერვე ოლიმპიადაა. შვილის ტოლი იყო, 1988 წელს, სეულის ოლიმპიურ თამაშებში ოლიმპიური ოქრო და ვერცხლი რომ მოიგო. 2008 წელს პეკინის ოლიმპიურ თამაშებში ნინოს ოლიმპიურ მედლებს კიდევ ერთი, ბრინჯაოს, მედალი შეემატა.

„ჩემთვის ოლიმპიადა ყოველთვის დიდი დღესასწაულია. ასე ვარიგებ ჩემს მოწაფეებსაც და, რა თქმა უნდა, ცოტნესაც. ამაყი ვარ და გაცილებით მეტ სიამოვნებას მივიღებ ამ ოლიმპიადისგან, რადგან ჩემი შვილი მონაწილეობს ჩემთან ერთად. ეს ისტორიაში პირველად ხდება და ისიც ქართველებმა შევძელით“.

როგორ „გააკეთო“ ათიანი
please wait

No media source currently available

0:00 0:06:01 0:00

ერთ-ერთ ყველაზე რთულ ასპარეზობად ნინოს პეკინის ოლიმპიადა ახსენდება. ქართველების მიერ პეკინის ოლიმპიადაზე მოპოვებული ექვსი მედლიდან პირველი, ბრინჯაოს მედალი, სწორედ ნინო სალუქვაძემ მოიპოვა. 2008 წლის 10 აგვისტოს ის პეკინში იდგა ცეცხლის ხაზზე, მისი ქმარი კი - საქართველოში:

„იმდენად დამთრგუნველი იყო იქ ჩვენი მდგომარეობა, რადგან პირადად მე ვიცოდი, რომ ჩემი მეუღლე ომში იყო. და ეს მართლაც ასე იყო. მე კი მიმალავდნენ, მაგრამ მე დარწმუნებული ვიყავი, რომ ის სახლში არ გაჩერდებოდა, რადგან ის სამხედროა და თავის მოვალეობას ასრულებდა. რითი შემეძლო მე ჩემს ქვეყანას დავხმარებოდი? ჩემს თავს ასე ვეუბნებოდი, ჩემი მუშაობით, ჩემი სამუშაოს კარგი შესრულებით თუ დავეხმარებოდი ჩემს ქვეყანას“.

მთავარია, არ მოინდომო ათიანი. ის თავისით გაკეთდება...
ნინო სალუქვაძე

დგომა, სუნთქვა, გულის ცემა, კონცენტრაცია - არ არის ადვილი იყო ტყვიის მსროლელი. ოლიმპიური სიმშვიდე - ეს გამოთქმა ყველაზე მეტად სწორედ სპორტის ამ სახეობას შეიძლება მიესადაგებოდეს. რა არის საჭირო იმისათვის, რომ ტყვია მიზანში მოახვედრო? ნინო სალუქვაძეს, ყველაზე ტიტულოვან ქართველ ტყვიის მსროლელს, ამ კითხვაზე ერთი პასუხი აქვს და, შესაბამისად, რჩევაც... ამ შემთხვევაში, რჩევა შვილისთვის:

„მთავარია, არ მოინდომო ათიანი. ის თავისით გაკეთდება, რადგან მიზეზი ვართ ჩვენ და მერე არის შედეგი. თუ მიზეზი არ განხორციელდა სწორად, შედეგს ვერ მივიღებთ. ის თავისით მოხვდება იმ ათიანში, ოღონდ შესრულება უნდა იყოს სწორი“.

ეს რჩევა ნინო სალუქვაძემ ჯერ კიდევ წლების წინ, კარიერის დასაწყისში, მამისა და, ამასთანავე, თავისი მწვრთნელისგან, ვახტანგ სალუქვაძისგან მიიღო. ვახტანგ სალუქვაძე ასევე ტიტულოვანი ტყვიის მსროლელი, საბჭოთა კავშირის პირადი და გუნდური შეჯიბრებების არაერთგზის გამარჯვებული, საერთაშორისო კლასის სპორტის ოსტატი და დამსახურებული მწვრთნელია. 1988 წლიდან, ანუ სეულიდან მოყოლებული ლონდონის ოლიმპიადის ჩათვლით, ის ყველა, შვიდივე, ოლიმპიადაზე თან ახლდა ნინოს. 2016 წლის რიოს ოლიმპიადა იქნება პირველი ოლიმპიადა, როდესაც ის შვილსა და ახლა უკვე შვილიშვილსაც საქართველოდან უგულშემატკივრებს. ეს მისი პირადი გადაწყვეტილებაა. მიზეზად ასაკს ასახელებს. შვილსა და შვილიშვილს, პირველ რიგში, ფსიქოლოგიურ სიმტკიცეს და ემოციური წონასწორობის დაცვას ურჩევს:

„თუ იფიქრე გამარჯვებაზე, მორჩა, დამთავრებულია საქმე. ისეთ მდგომარეობაში ჩავარდები... ხელი უნდა გააჩერო, არადა, შენ რომ გამარჯვებაზე იფიქრო, როგორ გააჩერებ ხელს? აგიცახცახდება ყველაფერი, გული გადმოხტომაზე გექნება. ამიტომაც არის, რომ მხოლოდ სწორ მუშაობაზე უნდა იფიქრო. მიაქციო ყურადღება იმას, რომ რაც გასწავლეს, სწორად შეასრულო და ყველაფერი დალაგდება“.

ვახტანგ სალუქვაძე ნინოს ფოტოებს ათვალიერებს. თბილისის აეროპორტი, 1988 წელი. ნინოს გულზე სეულის ოლიმპიადიდან ჩამოტანილი ოქრო და ვერცხლი ჰკიდია. შესაშური სიზუსტით ახსოვს ვახტანგს შვილის ყოველი მოპოვებული ქულა, ყველა ტურნირი, ყველა გამოსვლა. თუმცა, ცხადია, მამისა და მწვრთნელისთვის ყველაზე მეტად დასამახსოვრებელი გამარჯვება ნინომ სეულის 1988 წლის ოლიმპიადაზე მოიპოვა. ვახტანგ სალუქვაძე ამ გამარჯვებას ელოდა, რადგან ნინომ ერთი წლით ადრე, ისევ სეულში, დაამყარა რეკორდი, რომლის მოხსნაც დღემდე ვერავინ შეძლო.

ვახტანგ სალუქვაძე წვრთნის ცოტნესაც. ის თან ახლდა შვილიშვილს უნგრეთში, სადაც მან ოლიმპიური საგზური მოიპოვა:

„ღმერთიც დაგვეხმარა, ალბათ. ვთხოვე, მრცხვენია-მეთქი თხოვნა, ამდენი სიხარული მომანიჭე და კიდევ როგორ გთხოვო-მეთქი, მაგრამ ძალიან მინდა-მეთქი, ძალიან, და ცოტნემ მართლა მოიპოვა ლიცენზია. ისეთ ხალხს მოუგო და ისეთი ხალხი დარჩა ულიცენზიოდ - ოლიმპიური ჩემპიონები, მსოფლიო ჩემპიონები“.

მაგრამ ჩემი თხოვნაა, იქნებ, როგორმე ათი ოლიმპიადა შეასრულოს...
ვახტანგ სალუქვაძე

ნინო სალუქვაძე და ცოტნე მაჭავარიანი რიო დე ჟანეიროს ოლიმპიადაზე ორ-ორ დისციპლინაში - პნევმატური და სპორტული პისტოლეტით სროლაში - იასპარეზებენ. გარდა 10-მეტრიანი დისტანციისა, ნინოს სპორტული პისტოლეტით 25-მეტრიან დისტანციაზე მოუწევს სროლა. ცოტნემ 50-მეტრიანი დისტანციიდან უნდა დაუმიზნოს ათიანს. პრობლემა კი ის არის, რომ საქართველოში დღემდე არ არსებობს ამ დისტანციის სასროლეთი:

„ტირი არ გაგვაჩნია და ამ სახეობაში თითქმის ვერ ვემზადებით და სამი-ოთხი ვარჯიშით ოლიმპიადაზე რამის დაპირება და ფანტაზიებში ჩავარდნა ზედმეტია ჩვენი მხრიდან და, პირველ რიგში, ცოტნეს მხრიდან, მაგრამ გვაქვს რაღაც მოლოდინები, რომ მისი მაქსიმალური შედეგი პნევმატური იარაღიდან სროლაში იქნება კარგი შედეგი. მეტი არაფერი არ გვინდა მისგან“.

ნინო და ცოტნე რიო დე ჟანეირომდე ბაქოში გაივლიან წვრთნებს, რიოსკენ კი 26 ივლისს აიღებენ გეზს. საქართველოში დარჩენილ მწვრთნელს - მამასა და ბაბუას - ქალიშვილთან ერთი თხოვნა აქვს:

„ვიქნები თუ არ ვიქნები, არ ვიცი, შეიძლება კიდევ დიდხანს ვიყო, შეიძლება არა, მაგრამ ჩემი თხოვნაა, იქნებ, როგორმე ათი ოლიმპიადა შეასრულოს. რა ვიცი, როგორ გამოვა“...

XS
SM
MD
LG