რამდენიმე თვის წინ თბილისში გაიხსნა სოციალური საწარმო, სამკერვალო „მებიუსი“, სადაც ფსიქიკური პრობლემების მქონე ადამიანები არიან დასაქმებულნი. სამკერვალო საქართველოს ფსიქიკური ჯანმრთელობის ასოციაციის ბაზაზე შეიქმნა და იქ დასაქმებული ადამიანების შემოსავალი მხოლოდ და მხოლოდ გაყიდულ პროდუქციაზეა დამოკიდებული. აქვთ თუ არა საქართველოში ფსიქიკური პრობლემების მქონე ადამიანებს დასაქმების შანსი და უნდა სარგებლობდნენ თუ არა გარკვეული შეღავათებით სოციალური საწარმოები?
თეთრ ოთახში შესვლისას ჯერ მინიატურულ ბალიშებში ჩარჭობილი ფერადი ქინძისთავები გხვდება თვალში - ერთი ბეწო, პატარა, ძალიან ფერადი ქინძისთავები, ამ თეთრ ოთახს რომ აფერადებს. მერე თვალი ძაფების დიდ გორგლებზე გადადის - გორგლებზე, რომლებიც საკერავ მანქანებს უერთდება. ოთახის ცენტრში დიდი მაგიდა დგას. ზედ ჭრელი ნაჭრებია გაშლილი. ნაკუწებიც იქვეა. ქალები წინსაფარს კერავენ - ორმაგ წინსაფარს, ჯიბეებით. მაგიდაზე გრძელი სახაზავები დევს, საპნის ნაჭრებიც - ქსოვილზე წყვეტილი ხაზების გასავლებლად, ანუ თარგის მოსანიშნად, მერე რომ ამ წყვეტილ ხაზებს გაუყვნენ მკერავები დიდი მაკრატლებით, ხრამუნით მოჭრან ქსოვილი. სამნი მუშაობენ. ნინა ყვავილებიან ჩითის ქსოვილს ხელით ასწორებს. თარგი მოჭრილია, ახლა უნდა დაბლანდოს.
რიგრიგობით აძრობს ბალიშიდან ქინძისთავებს. საქმეშია გართული. ნინა 45 წლისაა. წლებია ფსიქიკური ჯანმრთელობის ასოციაციის დღის ცენტრში ყოველდღე დადის. ახლა უკვე რამდენიმე თვეა ასოციაციის ბაზაზე შექმნილ საციალურ საწარმოში, სამკერვალო „მებიუსში“, მუშაობს. ძირითადად თეთრეულს კერავს. სრული ნაკრების შესაკერად ორი კვირა სჭირდება. კერვა იცოდა, მაგრამ უკეთ აქ ისწავლა. მონდომებით გვათვალიერებინებს უკვე მზა ნაწარმს. ეს თეთრეულის ნაკრები ბიჭის საწოლისთვისაა, ე. წ. სპეცშეკვეთაა. ლურჯი ზეწარი, წითელი მაქმანებით. ნინა თან მუშაობს და თან გველაპარაკება. ეს მისი პირველი სამსახურია:
„ახლა ძნელია სამუშაოს პოვნა. აქ რომ აღმოვჩნდი, თავი ისე ვიგრძენი, როგორც საკუთარ სახლში. ვმუშაობთ, ვკერავთ. აქ უკეთ ვხდები“.
რაც უფრო მეტ თეთრეულს გაყიდის ნინა, მით უფრო მეტი იქნება მისი შემოსავალი. სამკერვალოში დასაქმებული ქალების ხელფასი მხოლოდ და მხოლოდ გაყიდვებიდან შემოსულ თანხებზეა დამოკიდებული. თუ გაუმართლათ, შესაძლოა მათმა შემოსავალმა თვეში 300 ლარიც კი შეადგინოს, ხანდახან - გაცილებით ნაკლები. ნინასთან ერთად სამკერვალოში კიდევ ოთხი ბენეფიციარი და ორი მოხალისე მუშაობს.
მოხალისეთა, ანუ დამხმარეთა, შორისაა 58 წლის ეთერი. ინტეგრირებული სამკერვალოს შესახებ იმ განცხადებიდან შეიტყო, რომლითაც ფსიქიკური ჯანმრთელობის ასოციაცია მკერავებს ეძებდა. აქ გაიცნო ნინაც და ის სხვა ქალებიც, რომლებსაც ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემები აწუხებთ. დღეს ისინი გვერდიგვერდ მუშაობენ და ერთმანეთს ასწავლიან. სამკერვალოში მისვლის შემდეგ კი ეთერმა ერთი რამ აღმოაჩინა:
„ეს ხალხი საშიში არ არის! მინდა, რომ ყველამ გაიგოს, რომ ისინი საშიშები არ არიან. ვდგავართ, ერთად ვმუშაობთ. ხანდახან რჩევასაც ვიღებ მათგან, იქნებ ასე უკეთ გამოვიდესო. ერთმანეთთან ძალიან თბილი ურთიერთობა გვაქვს. ერთმანეთს ვეხმარებით“.
ნათია დოლიძეს, საწარმოს ხელმძღვანელს, სამკერვალოს გვერდით, პატარა ოთახში გავყავართ. კედელზე ჩამოკიდებულ ნაჭრის ჯიბეებში, აი, ზუსტად ისეთებში, დაწყებით კლასებში ანბანი რომ გვქონდა ხოლმე ჩამომწკრივებული, ფერად-ფერადი მატყლია ჩატენილი თექაზე სამუშაოდ. ადგილის სიმცირის გამო დღესდღეობით ბენეფიციარები თექაზე ვეღარ მუშაობენ. ნათია დოლიძე იმ პროცესსა და განვითარებაზე გვიყვება, რომელსაც ბენეფიციარები ცენტრში მისვლის დღიდან გადიან. როგორც წესი, აქ მოსულ ადამიანებს სურვილები არ აქვთ, გვიყვება ის. ან შეიძლება აქვთ კიდეც სურვილები, მაგრამ ფიქრობენ, რომ ისინი ამ სურვილების განხორციელებას ვერასდროს მოახერხებენ. სწორედ ამ მომენტის დაჭერაა მნიშვნელოვანი, ამბობს ნათია, მომენტის, როცა მათში სურვილს იპოვი:
„ამ დროს იწყება დაგეგმვა. არაფერი არ იცის და უნდა, რომ ნახატი გააკეთოს. არაფერი არ უნდა და უნდა, რომ ნემსების ბალიში შეკეროს. ჰოდა, ვიწყებთ დაგეგმვას, როგორ უნდა მოხდეს ეს ამბავი. იწერება ალგორითმი, გეგმა, თერაპიული გეგმა. ამას არ აქვს გაკვეთილის ფორმა, იმპერატიული სწავლების ფორმა. არავითარი დაძალებისა და ჩარევის ფორმა. ეს არის კეთების პროცესი და გაკეთებულის განხილვის პროცესი“.
სოციალურ საწარმოში დასაქმებული ბენეფიციარების შრომის მთავარ სტიმულს მათ მიერ შექმნილი პროდუქციის გაყიდვა და ამის შედეგად მიღებული ანაზღაურება წარმოადგენს. თუმცა კერვაზე რთული, როგორც ჩანს, ამ პროდუქტის გაყიდვაა. ფსიქიკური ჯანმრთელობის ასოციაციის ცენტრის ხელმძღვანელი მანანა შარაშიძე ამბობს, რომ სამკერვალოში შექმნილი პროდუქციის გასაყიდად ამ ეტაპზე ერთ-ერთ გზად სხვადასხვა გამოფენებში მონაწილეობა რჩება, რათა საზოგადოებამ უფრო მეტი გაიგოს სამკერვალო „მებიუსში“ შეკერილი თეთრეულის შესახებ. მანანა შარაშიძის თქმით, იმისათვის, რომ სოციალური საწარმოები და იქ დასაქმებული ბენეფიციარები წახალისდნენ, მათ დამოუკიდებლად ცხოვრების საშუალება მიეცეთ, აუცილებელია ბიზნესსექტორი დაინტერესდეს ამგვარ საწარმოებში შექმნილი პროდუქციის შეძენით, მით უმეტეს, რომ პროდუქტი, რომელსაც სამკერვალოში ქმნიან, მისი თქმით, უმაღლესი ხარისხისაა.
სტიგმა მაღალია. საზოგადოებას აქვს წარმოდგენა, რომ ეს ადამიანები საშიშები არიან, არ არიან პროგნოზირებადი, არ შეუძლიათ თავიანთი ემოციების მართვა. ერთეულ შემთხვევაში ეს შეიძლება ასეც იყოს, მაგრამ მასობრივად ეს ასე არ არის, პირიქით, ისინი სტიგმის გამო არიან დისკრიმინაციის მსხვერპლნი...მანანა შარაშიძე
რამდენიმე ხნის წინ სამკერვალოს გლდანის ფსიქიატრიულმა საავადმყოფომ შეუკვეთა სპეციალური ზეწრები. სამკერვალოს თეთრეულით კიდევ ერთი საავადმყოფოც დაინტერესდა:
„აქ ქველმოქმედებას კი არ ჰქონია ადგილი, რომ ძალით იყიდეს, სჭირდებოდათ და იყიდეს. ვეძებთ ისეთ ბიზნესორგანიზაციას, რომელიც სისტემატურად მოგვცემს შეკვეთას. ჩვენი საწარმოს მიერ შექმნილი თეთრეული არის ძალიან მაღალი ხარისხის, მაგრამ ჯერჯერობით ჩვენს შესახებ ინფორმაცია არ არის კარგად გავრცელებული. გვინდა, რომ მივიღოთ შეკვეთები. ამ ადამიანებისათვის ხელფასი არის ძალიან დიდი სტიმული, მაგრამ ასევე დიდი სტიმულია, რომ ეს ადამიანები დასაქმებულები არიან და აქვთ პერსპექტივა. მათ ისწავლეს კერვა და შეუძლიათ სხვაგან დასაქმდნენ ან სახლში მიიღონ შეკვეთები“.
მანანა შარაშიძე რადიო თავისუფლებასთან საუბრისას ამბობს, საზოგადოებაში ღრმად ფესვგადგმული სტერეოტიპის გამო, რომ ფსიქიკური პრობლემების მქონე ადამიანები საშიშები არიან, დამსაქმებლებს უჭირთ მათთვის სამუშაო ადგილების შეთავაზებაო. თუმცა არსებობს თითებზე ჩამოსათვლელი მაგალითები იმისა, თუ როგორ დასაქმდნენ ფსიქიკური პრობლემების მქონე ადამიანები. ისიც უნდა ითქვას, რომ ერთ შემთხვევაში დამსაქმებელმა არ იცის დასაქმებულის დიაგნოზის შესახებ, მეორე შემთხვევაში კი ამ დიაგნოზის შესახებ იცის დამსაქმებელმა, თუმცა არ იციან თანამშრომლებმა. მანანა შარაშიძის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ დასაქმებული ადამიანები არანაირ საფრთხეს არ წარმოადგენენ საზოგადოებისათვის, ჯერ კიდევ არსებობს საშიშროება, რომ საზოგადოებამ მათ გვერდით მუშაობა არ ისურვოს:
„სტიგმა მაღალია. საზოგადოებას აქვს წარმოდგენა, რომ ეს ადამიანები საშიშები არიან, არ არიან პროგნოზირებადი, არ შეუძლიათ თავიანთი ემოციების მართვა. ერთეულ შემთხვევაში ეს შეიძლება ასეც იყოს, მაგრამ მასობრივად ეს ასე არ არის, პირიქით, ისინი სტიგმის გამო არიან დისკრიმინაციის მსხვერპლნი“.
იქიდან გამომდინარე, რომ ამ ეტაპზე ფსიქიკური პრობლემების მქონე ადამიანებისათვის დასაქმების ერთადერთ წყაროდ მაინც სოციალური საწარმოები რჩება, მანანა შარაშიძე თვლის, რომ აუცილებელია სოციალურ საწარმოებს ხელშეწყობა ჰქონდეს სახელმწიფოს მხრიდან. როგორც ის ამბობს, დღეს საქართველოში სოციალური საწარმოს ასამუშავებლად არ მოქმედებს არანაირი შეღავათები. ამ მხრივ სხვა გამოცდილება აქვთ დასავლეთის ქვეყნებს:
„იქ მოქმედებს საგადასახადო შეღავათების სისტემა. ეს არ არის ჩვეულებრივი საწარმო. ამ საწარმოში დასაქმებულია მოწყვლადი ჯგუფი. ამ საწარმოს მიზანი არის სოციალური პრობლემის მოგვარება, მაგრამ მიზნის მიღწევა არის დაფუძნებული ბიზნესსტრატეგიებზე, ანუ მოგებაა საჭირო, მაგრამ ეს მოგება არ მიაქვს ბიზნესის მეპატრონეს, მოგება ხმარდება ისევ სოციალური ამოცანების გადაწყვეტას. ამიტომ სახელმწიფო ამ საწარმოებს ხელს უნდა უწყობდეს. ჯერჯერობით არავითარი კანონმდებლობა არ არის, არც სხვა შეღავათები არის, რომ, მაგალითად, სახელმწიფო ხელს უწყობდეს ბიზნესს, რომ ბიზნესმა შეკვეთა მისცეს ამ საწარმოებს“.
მიიღებენ თუ არა სამკერვალოს მკერავები ბევრ შეკვეთას, ჯერ არ იციან, თუმცა ეს არ უშლის მათ ხელს, რომ კერვა გააგრძელონ. ეთერი საკერავ მანქანას უზის, ყვავილებიან ნაჭერს ნემსის ქვეშ გასატარებლად ამზადებს. ნინაც იქვე დგას, წინწკლებიანი წინსაფრის თარგი აქვს გამოსაჭრელი.