Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„ბაბალე“ - ანგელოზები, ზარდახშები, თოჯინები ჩვენთვის


სოციალური საწარმო „ბაბალე“
სოციალური საწარმო „ბაბალე“

1 ოქტომბერს გაიმართა სოციალური საწარმო „ბაბალეს“ პრეზენტაცია. საწარმო უკვე ერთი წელია ფუნქციონირებს, მიმდინარე კვირაში კი მათ ნაფარეულის 6 ნომერში სახელოსნო-სალონიც გახსნეს. იქ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე მოზარდები ხელნაკეთ ნივთებს ამზადებენ და ყიდიან.

თეთრად შეღებილ აგურით გაწყობილ სივრცეში ხის სურნელი დგას, რომელსაც საღებავის სუნიც ერევა. ამის ორი მიზეზია: ერთი ის, რომ სივრცე ახალგარემონტებულია და მეორე ის, რომ ამ სივრცეში ხისგან დამზადებული და ფერად-ფერადი საღებავებით შეღებილი ნივთები იყიდება: ანგელოზები, მამლები, კურდღლები, ზარდახშები, საფანქრეები და სხვა.

სოციალური საწარმო „ბაბალე“
სოციალური საწარმო „ბაბალე“

ეს ნივთები შეზღუდული შესაძლებლობის მქონე მოზარდების შეღებილი და მოხატულია. ამ სივრცეში ისე ვერ მოხვდები, ფერადი ყვავილებით მოხატულ პანდუსზე თუ არ ჩაიარე - ეს მათთვის, ვინც ეტლით გადაადგილდება, და არამხოლოდ მათთვის. სახელოსნო-სალონ „ბაბალეს“ სხვა ჩასასვლელი, ანუ კიბე, არც აქვს.

15 წლის მარი და 18 წლის ნინო ხის საფანქრეების მოსახატად ემზადებიან. პალიტრაზე ყვითელი და ვარდისფერი საღებავი ასხია. მარი საღებავებს ერთმანეთს ურევს. ფუნჯი ოსტატურად უჭირავს ხელში და ფანქრების ყუთის ფსკერს მონდომებით ღებავს. ამბობს, რომ ხატვა არ გამოსდის, თუმცა მარის ნათქვამს სულაც არ ეთანხმება ნინო:

„კარგად ვერ ვხატავ, მაგრამ შეძლებისდაგვარად, რაც გამომდის, ვცდილობ. თუ ვინმეს მოსწონს, მიხარია. აქ მოსვლა მიყვარს, იმიტომ რომ ხალხთან ურთიერთობა მიყვარს. ძალიან მიყვარს ის ადამიანები, რომლებიც აქ მუშაობენ“.

სოციალური საწარმო „ბაბალე“
სოციალური საწარმო „ბაბალე“

ნინოს, მარის მეგობარს, უყვარს ხელოვნება. ჩემთან ლაპარაკს რომ დაამთავრებს, ისიც ფუნჯებს და საღებავებს მიუბრუნდება. საქმე, რომელსაც ნინო და მარი ასრულებენ, ერთი შეხედვით, შეიძლება რუტინული იყოს. სახელოსნო-სალონში თითო-თითო ნივთს კი არა, სერიული წარმოების პროდუქტს ამზადებენ, თუმცა, მიუხედავად ამისა, თითოეული ანგელოზი, თითოეული მამალი, ზარდახშა თუ ფანქრის ყუთი ერთმანეთისგან მაინც განსხვავდება. აქ ნინო თავს კარგად გრძნობს, რადგან აკეთებს იმას, რაც უყვარს:

„ხელოვნება ძალიან მიყვარს. გარემოც ისეთია, რომ სულ მინდა, რომ აქ ვიყო და რაღაცები ვაკეთო. ძირითადად ხეზე ვხატავ. სამომავლოდ, ალბათ, თექაზეც დავიწყებ მუშაობას“.

სოციალურ საწარმო „ბაბალეში“ უკვე ერთი წელია ხის - და არამხოლოდ ხის -ნაკეთობებს ამზადებენ. ყველაფერი ერთი ბინის ერთ პატარა ოთახში დაიწყო, სადაც იდეის ავტორებმა მოაწყვეს სახელოსნო და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე მოზარდებთან ერთად სერიული წარმოების ხის სამშვენისების დამზადება დაიწყეს, რომლებიც დღის სინათლეზე პირველად წინასაახალწლოდ გამოიტანეს. სწორედ მაშინ აღმოაჩინეს, რომ მათ ნაწარმზე მოთხოვნა გაჩნდა. თითქმის ერთი წლის თავზე კი სახელოსნო-სალონიც გახსნეს.

ლია ტაბატაძე
ლია ტაბატაძე

ლია ტაბატაძე, პროექტის იდეის ავტორი და ხელოვნებათმცოდნე, თავადაც შეზღუდული შესძლებლობის მქონე შვილის დედაა. როგორც ის რადიო თავისუფლებასთან საუბარში ამბობს, მიუხედავად იმისა, რომ სახელმწიფო გარკვეულ ნაბიჯებს დგამს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე მოზარდების პროფესიული განვითარებისა თუ საზოგადოებაში ინტეგრაციის თვალსაზრისით, პრობლემა მაინც არაა დაძლეული - იქნება ეს სტიგმა თუ პროფესიული განვითარების კუთხით არსებული ხარვეზები:

„და სწორედ აქედან მოდის მთელი პრობლემები. ჩემი გოგო ჯერ პატარაა, სულ ხუთი წლის, მაგრამ წინ რომ ვიყურები, ვერ ვხედავ დღევანდელ საქართველოში მის ადგილს, მის დამოუკიდებელ ცხოვრებას. და ეს პრობლემა მხოლოდ მე არ მაწუხებს. ეს ყველა შშმ ბავშვის მშობლის პრობლემაა. ჩვენ არ ვიცით, რა იქნება ხვალ და ზეგ ჩვენი შვილების თავს, როცა აღარ ვიქნებით ჩვენ. სად იქნებიან, როგორ. აქედან გამომდინარე, მეც გავხდი სპეცპედაგოგი, რომ სწავლაშიც დავეხმარო ჩემ შვილს, დამოუკიდებელი ცხოვრება ვასწავლო. ეს პროექტი, სოციალური საწარმო „ბაბალეც“, სწორედ ერთ-ერთი პატარა ნაბიჯია ამ მიზნისკენ“.

ერთი შეიძლება სახეებს ხატავს კარგად, მეორეს შეუძლია კარგად გამოჭრას, მესამეს დაწებება შეუძლია. აი, ამის მიხედვით ვალაგებდთ პროცესს და საბოლოოდ იქმნება ერთი მთლიანი ნივთი...
ლია ტაბატაძე

როგორც ლია მიხსნის, სახელოსნო-სალონ „ბაბალეში“, გარდა ადგილობრივად დამზადებული პროდუქციისა, გაიყიდება სხვა სოციალურ საწარმოებში დამზადებული პროდუქციაც. ამით ისინი ერთგვარ დახმარებას გაუწევენ იმ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ადამიანებს, რომლებსაც არ აქვთ საშუალება თავად მოახდინონ ნაწარმის რეალიზაცია.

რაც შეეხება თვით პროდუქციის შექმნის პროცესს, ეს სისტემაც მოზარდებზეა მორგებული. ერთ ნივთზე რამდენიმე მოზარდი იმუშავებს. უფრო დეტალურად ამ პროცესს თავად ლია ახსნის:

„ჩვენთან არის კონვეირული პროცესი და ესეც უნარებზეა მორგებული. მაგალითად, ერთი შეიძლება სახეებს ხატავს კარგად, მეორეს შეუძლია კარგად გამოჭრას, მესამეს დაწებება შეუძლია. აი, ამის მიხედვით ვალაგებდთ პროცესს და საბოლოოდ იქმნება ერთი მთლიანი ნივთი, რომლის შექმნაშიც მონაწილეობენ სხვადასხვა ადამიანები. მათ, ცხადია, პედაგოგი და არტმენეჯერი ეხმარება, რომელიც ასევე ქმნის ნივთების კონცეფციებს. რასაკვირველია, ეს კონცეფცია უნდა იყოს მოზარდებისთვის დაძლევადი და არ უნდა გაუჭირდეთ ბავშვებს ამ ნივთის დამზადება“.

სოციალური საწარმო „ბაბალე“
სოციალური საწარმო „ბაბალე“

ენდი მეყანწიშვილი „ბაბალეს“ არტმენეჯერი და მთავარი პედაგოგი, კიდევ უფრო მეტს გვიყვება სამუშაო პროცესისა და იმ დაინტერესების შესახებ, რომელსაც სახელოსნოში მომუშავე მოზარდები საქმის მიმართ იჩენენ:

„იმდენად მომართულები არიან, ისე კარგად შეუძლიათ ფერების აღქმა, ისე არიან ჩართულები, რომ დიდი ძალისხმევა არც დაგვჭირვებია იმისათვის, რომ ბავშვები დაგვეინტერესებინა. ძალიან ბედნიერები არიან, როცა დასრულებულ შედეგს ხედავენ. და სულ უნდათ, რომ პროცესში ჩართულნი იყვნენ. მთელი ენთუზიაზმით ეკიდებიან საქმეს. ჩვენ გვაქვს განსაზღვული დრო. ისინი მოდიან, ვახვედრებთ უკვე კონკრეტულ თემას, საღებავებს... აი, მაგალითად, ერთ დღეს ვამზადებთ ანგელოზებს. ვეხმარებით, რომ სწორად და სუფთად შეიღებოს. მერე ვასწავლით, როგორ მოხატონ სახე, კაბა როგორ დამუშავდეს, ფრთებს როგორი ბწკარები უნდა მივცეთ, რომ ფრთის სახე მიეცეს. და როდესაც დასრულებულ ნივთს ვიღებთ, ყველანი ძალიან ბედნიერები ვართ“.

ენდის არ გასჭირვებია შშმ მოზარდებთან მუშაობა კიდევ ერთი მიზეზის გამო: მას უკვე წლებია ურთიერთობა აქვს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ადამიანებთან. ენდიმ კარგად იცის მათი შესაძლებლობებისა და საჭიროებების შესახებ:

ენდი მეყანწიშვილი
ენდი მეყანწიშვილი

„სმენადაქვეითებული ბიძაშვილი მყავს. ერთად გავიზარდეთ. ის უკვე 45 წლისაა და მთელი ამ ხნის მანძილზე ერთხელაც კი არ შეგვქმნია ურთიერთობის პრობლემა. მას ყოველთვის კარგად ესმოდა ჩემი და მეც მისი. მოგვიანებით ეტლით მოსარგებლე ნათესავები შემეძინა. მათთანაც ძალიან ადვილად ვამყარებდი ურთიერთობას... შეიძლება ითქვას, რომ თავისთავად, ნაბიჯ-ნაბიჯ მივედით იმ აზრამდე, რომ ეს საწარმო უნდა დაგვეარსებინა და ასეც გამოვიდა“.

სახელოსნო-მაღაზია „ბაბალეს“ კარი ღიაა 13-დან 18 წლამდე ასაკის მოზარდებისათვის. და ეს კარი ღიაა არა მხოლოდ შშმ მოზარდებისთვის, არამედ ყველა სხვა დანარჩენი ბავშვებისთვისაც. გაყიდული პროდუქციიდან შემოსული თანხა ისევ და ისევ საწარმოს განვითარებას მოხმარდება და, რა თქმა უნდა, ამ თანხაში გაიწერება იმ მოზარდების ანაზღაურებაც, რომლებიც სწავლის შემდეგ, სურვილის შემთხვევაში, უკვე საწარმოში დასაქმდებიან.

XS
SM
MD
LG