Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კომიქსი - მკითხველის გონებაში ამოძრავებული კადრები


დევიდ მაკის გამოფენის გახსნა
დევიდ მაკის გამოფენის გახსნა

თბილისში იმყოფება „მარველ კომიქსის“ ერთ-ერთი ცნობილი ავტორი, კომიქსების სუპერგმირების მხატვარი და მწერალი დევიდ მაკი, რომელიც ახალგაზრდებისათვის გამართავს მასტერკლასებს. მანამდე, 23 ივნისს, მისი ნამუშევრებისა და წიგნების გამოფენა მოეწყო ხელოვნების სასახლეში - გამოფენა, რომელიც ერთ კვირას გასტანს.

ანის ცალ ფეხზე ბეტმენი აცვია და ცალ ფეხზე სუპერმენი. უფრო ზუსტად, წინდები აცვია, ბეტმენისა და სუპერმენის გამოსახულებით. ანუ 20 წლის ანის, წესით და რიგით, კომიქსები უნდა უყვარდეს და კიდევ ისე პერსონაჟები, რომლებიც რამდენიმე ათეული წლის წინ ჯერ კომიქსებიდან გაიცნო მსოფლიომ და მერე ფილმებიდან და სერიალებიდან. ანი ცნობილი ამერიკული კომიქსების გამომცემელი კომპანიის, Marvel Comics-ის, გამოცემებს ინტერნეტმაღაზიებიდან იწერს. მისი საყვარელი პერსონაჟი დეარდევილია. ანის გაუმართლა, ახლა ის დევიდ მაკის, იმ ამერიკელი არტისტის გამოფენაზეა, რომელიც ამერიკული კომიქსის ერთ-ერთი პოპულარული პერსონაჟის, დეარდევილის, მხატვარი და მისი საგმირო ამბების მწერალია. ანი და მისი მეგობრები თავადაც აპირებენ კომიქსებზე მუშაობას. ამბობს, რომ იდეა უკვე მოფიქრებული აქვთ, მოქმედება კი გამოგონილ სამყაროში განვითარდება. ანი, კომიქსების მსგავსად, ძალიან მოკლედ ლაპარაკობს, ისე მოკლედ, როგორც კომიქსების პერსონაჟები - ე. წ. ღრუბელში ჩასმული სიტყვებით:

„ძალიან მიყვარს კომიქსები და ძალიან გამიხარდა, როცა გავიგე, რომ დევიდ მაკი ჩამოდიოდა. დაახლოებით ერთი წლის წინ მეგობარმა მათხოვა კომიქსები, რომლების კითხვაც ძალიან მომეწონა“.

ამერიკელი არტისტი დევიდ მაკი თბილისში ამერიკის საელჩოს მოწვევით ჩამოვიდა. იდეა მისი მოწვევისა კი დემიენ ვამპლერს, საელჩოს კულტურის ატაშეს, ეკუთვნის. კომიქსი, როგორც ამერიკული კულტურის, ხელოვნების ნაწილი - სწორედ ამის ჩვენება უნდოდა დემიენს, როდესაც დევიდ მაკის საქართველოში ჩამოყვანის იდეა გაუჩნდა:

„როდესაც 6 თვის წინ საქართველოში ჩამოვედი, აღმოვაჩინე, რომ საქართველოში კომიქსების კითხვის ტრადიცია არ არსებობდა. მაგრამ, ამასთანავე, ისიც აღმოვაჩინე, რომ საქართველოს აქვს ძალიან ღრმა და მრავალფეროვანი ტრადიცია ხელოვნების ისეთ დარგებში, როგორიცაა, მაგალითად, ოპერა, ბალეტი, თეატრი და სხვა. და მე მოვიწვიე საქართველოში არა მხოლოდ კარგი კომიქსების ავტორი, არამედ არაჩვეულებრივი ხელოვანი“.

დევიდ მაკის გამოფენის გახსნა
დევიდ მაკის გამოფენის გახსნა

„ნიუ-იორკ თაიმსის“ ყველაზე გაყიდვადი გრაფიკული ნოველის, „კაბუკის“, ავტორი, Marvel Comics-ის ცნობილი პერსონაჟის, დეარდევილის, ერთ-ერთი მხატვარი და მწერალი, არაერთი ცნობილი მწერლის, მათ შორის ამერიკელი მწერლის, ჩაკ პალანიკის, „მებრძოლთა კლუბის“ გარეკანის ავტორი - ეს დევიდ მაკის შემოქმედების მხოლოდ მცირე ჩამონათვალია. ის არის თანაავტორი წიგნისა, რომლის მიხედვითაც 2015 წელს გამოვიდა ტელესერიალი „ჯესიკა ჯონსი“. დევიდ მაკის „კაბუკის“წიგნები ხელოვნების და ლიტერატურის მიმართულების დამამთავრებელი კურსის სასწავლო პროგრამაში სავალდებულო საკითხავ ლიტერატურად არის შეტანილი. მისი ნამუშევრები გამოფენილია ფილადელფიის ხელოვნების მუზეუმში მიქელანჯელოს, ტიციანისა და რუბენსის ნამუშევრების გვერდით. ის კითხულობსლექციებს წერასა და მხატვრობაზე, მათ შორის, ავსტრალიაში, სიდნეის ტექნოლოგიების უნივერსიტეტში, და იაპონიაში. მისი ნახატები პერიოდულად იფინება მსოფლიოს ცნობილ გალერეებში.

დევიდ მაკი ახლა თბილისშია. მისი ნახატები გამოფენილია ხელოვნების სასახლეში. თუმცა ის საქართველოში მხოლოდ ნახატების გამოსაფენად არ ჩამოსულა. ის სამხატვრო აკადემიის სტუდენტებისათვის გამართავს მასტერკლასს იმის შესახებ, თუ როგორ იქმნება კომიქსი. დევიდ მაკი შეხვდება განსაკუთრებული საჭიროების მქონე და დევნილ ახალგაზრდებსაც, მათ, ვისაც კომიქსები აინტერესებთ და სურთ ისწავლონ მათი შექმნა.

დევიდ მაკის გამოფენა
დევიდ მაკის გამოფენა

„როდესაც ჯერ კიდევ სტუდენტი ვიყავი, მახსოვს, რამდენად დიდ დახმარებას მიწევდა პროფესიონალ ადამიანებთან შეხვედრა და მათი რჩევების მოსმენა, სწორედ ამიტომ ვეწვიე საქართველოს“, - მეუბნება დევიდ მაკი, რომელიც თან „კაბუკის“ ახალ გამოცემას მათვალიერებინებს, გამოცემას, რომელიც გასაყიდად სულ რამდენიმე კვირაში გამოვა. დევიდ მაკი ჯერ კიდევ ბავშვი იყო, როდესაც კომიქსების შექმნით დაინტერესდა. „მიყვარდა ამბების მოყოლა, ხატვა, ფოტოების გადაღება და მივხვდი, რომ ამ ყველაფრის სინთეზს სწორედ კომიქსი წარმოადგენდა“, - მიყვება დევიდ მაკი.

„კაბუკის“ პირველი წიგნი დევიდმა ჯერ კიდევ სტუდენტობისას, 1994 წელს, შექმნა. ეს არის ისტორია იაპონელი ახალგაზრდა ქალის შესახებ, კოდური სახელწოდებით „კაბუკი“. სწორედ „კაბუკი“ იქცა დევიდის ხიდად ცნობილ ამერიკულ კომიქსების კომპანია Marvel-ამდე. მას კომპანიიდან სამსახური შესთავაზეს. ის იქ თავდაპირველად მწერლად მიიწვიეს და დაიწყო წერა ცნობილი სუპერგმირის, უსინათლო დეარდევილის შესახებ:

„როდესაც ბავშვი ვიყავი, ხშირად ვკითხულობდი კომიქსს დეარდევილის შესახებ და ეს პერსონაჟი ძალიან მიყვარდა. ნამდვილად დიდი პატივი იყო ჩემთვის, როდესაც ამ პერსონაჟის ამბების მწერლად მიმიწვიეს. მე მომეცა საშუალება მემუშავა ისეთ ცნობილ არტისტებთან, რომელთა თაყვანისმცემელიც ჯერ კიდევ ბავშვობისას ვიყავი. მე უნდა მეწერა ამბავი იმ სუპერგმირზე, რომელსაც ისინი ხატავდნენ. ეს იყო უდიდესი გამოცდილება და, ამასთანავე, გამოწვევა, რადგან ამ პერსონაჟს მდიდარი ისტორია აქვს, ისტორია, რომელიც გასული საუკუნის 60-იანი წლებიდან იწყება“.

დევიდ მაკის გამოფენის გახსნა
დევიდ მაკის გამოფენის გახსნა

რა თვისება და მიზიდულობის ძალა გამოარჩევს კომიქსს, ვიზუალური ხელოვნების ერთ-ერთ გამოხატულებას, რომელიც ნახატისა და ტექსტის სინთეზს წარმოადგენს და რომლის, როგორც წიგნის, გამოცემა ჯერ კიდევ 1939 წელს დაიწყო? დევიდ მაკი ფიქრობს, რომ ეს ძალა მკითხველის წარმოსახვაა. ტექსტი და ნახატი, რომელიც წიგნის ფურცლებზე არ მოძრაობს, მკითხველის გონებაში ცოცხლდება:

„ფსიქოლოგიური რამ ხდება ამ დროს. და ეს ჩემთვის ძალიან საინტერესოა. როდესაც კომიქსს ვქმნი, არც კი ვფიქრობ, რომ მე ნამდვილ ხელოვნებას ვქმნი. მე ვთვლი, რომ ნამდვილი ხელოვნება სწორედ მკითხველის ტვინში იწყება, როდესაც ისინი კომიქსს კითხულობენ და თავიანთ გონებაში, თავიანთ წარმოსახვაში ასრულებენ იმ ვიზუალს, რასაც ფურცლებზე ხედავენ. ამ პროცესში მათი წარმოსახვაა ჩართული. სწორედ ასე ვქმნი ჩემს ტექსტებსა და ნახატებს, რომ მაქსიმალურად ჩაერთოს მკითხველის წარმოსახვა. კომიქსის კითხვას რომ დაასრულებენ, წიგნმა მათ გონებაში უნდა გააგრძელოს ცხოვრება“.

ხელოვნების სასახლეში გამოფენილ დევიდ მაკის ნახატების დამთვალიერებლებს შორისაა 9 წლის ფენიქსი - ამერიკელი ბიჭი, რომელიც საყვარელი გმირების შესახებ ახალ-ახალ ისტორიებს სწორედ კომიქსებში კითხულობს. მისი საყვარელი გმირია ადამიანი ობობა. ის ყოველთვის იგებს ბრძოლასო, მეუბნება:

„იმიტომ მომწონს კომიქსები, რომ იქ ბევრი ნახატია. მე კი მხატვრობა ძალიან მიყვარს. მყავს საყვარელი გმირებიც. როგორც კი ახალ კომიქსს ვპოულობ, მაშინვე ვკითხულობ მას“.

დევიდ მაკი
დევიდ მაკი

32 წლის სერგო ბრეგვაძეს პირველი კომიქსი სუპერგმირ ადამიანი ობობას შესახებ მეგობარმა ჯერ კიდევ შორეული ბავშვობისას ჩამოუტანა საზღვარგარეთიდან. სწორედ ეს საჩუქარი გახდა მიზეზი იმისა, რომ მომდევნო წლებში სერგოს ერთ-ერთ საყვარელ საქმიანობად კომიქსების კითხვა და მათი შეგროვება იქცა, მით უმეტეს, რომ სერგო თავადაც ხატავდა კომიქსებს. მეგობრებმა მისი გატაცების შესახებ კარგად იცოდნენ და ამიტომ მისთვის ხშირად ჩამოჰქონდათ კომიქსები სხვადასხა ქვეყნიდან. სერგოს აქვს მიზეზი იმისა, თუ რატომ შეუყვარდა კომიქსების კითხვა:

„ბავშვობაში ხშირად ვოცნებობთ ხოლმე, რომ გვქონდეს სუპერძალები. კომიქსების კითხვისას კი ახალი რამის მოფიქრება აღარ გჭირდება, რადგან კომიქსებში უკვე ასახულია ყველა ის სუპერძალა, რაც კი შეიძლება მოიფიქრო. გარდა ამისა, კომიქსებში ძალიან საინტერესო სიუჟეტები გვხვდება არა მარტო ბავშვებისთვის, არამედ უფროსებისთვისაც. მარველის კომიქსების მიხედვით გადაღებულ ფილმებს უამრავი მაყურებელი ჰყავს და თითქმით ყველა რეიტინგს იგებს“.

დევიდ მაკი კომიქსების მოყვარულ და მათი შექმნით დაინტერესებულ ახალგაზრდებს 27 ივნისს შეხვდება - ახალგაზრდებს, რომლებმაც, ცხადია, ამერიკული კომიქსებისა და მათი სუპერგმირების შესახებ ბევრი იციან - იციან როგორც კომიქსებიდან, ისე კომიქსების მიხედვით გადაღებული ფილმებიდან თუ ტელესერიალებიდან. მათ შორის იქნება 18 წლის აკაკი მაქაცარიაც - მხატვარი, რომელიც ქართული კომიქსის შექმნაზე ოცნებობს. პირველი ქართული სრულყოფილი კომიქსი შარშან, 2015 წელს, გამოიცა. 40- გვერდიანი გრაფიკული ნოველა „ბალადა ვეფხისა და მოყმის შესახებ“. თუმცა მანამდე იყო საბავშვო ჟურნალი „დილა“, რომელიც გასული საუკუნის 80-იანი წლებიდან აქვეყნებდა საბავშვო კომიქსებს. შემდეგ კი იყო 90-იანი წლები, ჟურნალი „სტუდია“ და კომიქსი „ნაცარქექია“.

XS
SM
MD
LG