10 წლის წინ გიორგი ლობჟანიძემ წმინდა ყურანის ქართულად თარგმნისათვის ორი მნიშვნელოვანი პრემია მიიღო: საქართველოში ლიტერატურული პრემია „საბა“ და ირანში სახელმწიფო პრემია „წლის წიგნი“ - ყურანისტიკაში უცხოეთში გამოქვეყნებული საუკეთესო ნაშრომისათვის, თუმცა ორიოდე დღის წინ სოციალურ ქსელებში ერთ-ერთმა რუსულენოვანმა ირანულმა სააგენტომ გაავრცელა ცნობა, რომ თეირანში წმინდა ყურანის 24-ე გამოფენაზე წარდგენილი იქნებაყურანის პირველი ქართული თარგმანი, რომლის ავტორი ფერეიდნელი იმამ ყული ბათავანია. ამ ინფორმაციის გავრცელებას გიორგი ლობჟანიძის მძაფრი რეაქცია მოჰყვა. არაბულიდან ყურანის პირველი ქართველი მთარგმნელი ამტკიცებს, რომ, პირველობის უსამართლოდ დაჩემების გარდა, ყურანის მორიგი თარგმანისას, საავტორო უფლებების დარღვევით, გამოყენებული იქნა მისი თარგმანი, რომლის მიხედვითაც გასწორდა და გარედაქტირდა უხეირო ქართულით ნათარგმნი ტექსტი. გიორგი ლობჟანიძის თქმით, საავტორო უფლებების უხეში დარღვევით დაისტამბა წმინდა ყურანის კიდევ ერთი ქართული თარგმანი სტამბოლში 2012 წელს.
გიორგი ლობჟანიძემ არაბულიდან ყურანის თარგმნა 1994 წელს დაიწყო. 12 წლის შემდეგ კი, კავკასიური სახლისა და ფონდ „ჰორიზონტის“ შეწევნით, დღის სინათლე იხილა ყურანის პირველმა ქართულმა თარგმანმა, რომელსაც მთარგმნელის ვრცელი, ასგვერდიანი, შესავალი და განმარტებების ვრცელი კორპუსი ახლავს. გიორგი ლობჟანიძემ ყურანის ეს თარგმანი ილია ჭავჭავაძეს მიუძღვნა.
გიორგი ლობჟანიძე ამბობს, რომ ყურანის თარგმანზე მუშაობის დროს უკიდურეს სიდუხჭირეში უწევდა ცხოვრება და მუშაობა. საწერი მაგიდაც კი არ მქონდაო, ამბობს, თუმცა მთარგმნელის ნებისყოფისა და თავდაუზოგავი შრომის წყალობით ორიგინალიდან თარგმნილი პირველი ყურანი დაიბეჭდა 2006 წელს, პეტრე მირიანაშვილის მიერ ფრანგულიდან თარგმნილი ყურანის ასი წლისთავზე, ათი წლის შემდეგ კი გიორგი ლობჟანიძე, მისდა გასაოცრად, კითხულობს ცნობას, რომ ირანში გამოიცა იმამ ყული ბათავანის მიერ შესრულებული ყურანის ქართული თარგმანი, რომელსაც რუსულენოვანმა ირანულმა სააგენტომ რატომღაც „პირველი ქართული თარგმანი“ უწოდა. გიორგი ლობჟანიძე ამბობს, რომ იცნობს ამ თარგმანს ჯერ კიდევ ყურანზე მუშაობის პერიოდიდან, როცა პარალელურად ირანის საელჩოშიც მუშაობდა.
„მაშინდელმა ელჩმა ფრაგმენტები მაჩვენა და მთხოვა შემეფასებინა ერთი ფერეიდანელი კაცის მიერ თარგმნილი ყურანი. ეს ფრაგმენტები იყო ფერეიდნულ ქართულზე თარგმნილი, ხშირად ძალიან სასაცილო დღევანდელი ქართველის ყურისათვის, იმიტომ რომ დიალექტი აბსოლუტურად განსხვავებულია, სპარსული ტერმინებითა და სიტყვებით სავსე. დავინახე, რომ ამ ადამიანმა არ იცის სპარსული, იცის მშობლიური ფერეიდნული დიალექტი და ამის მიხედვით რაღაცას აკეთებს. მაშინ ელჩს ვუთხარი, რომ ამას სალიტერატურო ქართულისთვის არანაირი მნიშვნელობა არ ექნება. თუ გამოსცემთ ასეთი ავთენტური სახით, როგორც მთარგმნელმა თარგმნა, შეიძლება იყოს საინტერესო ფერეიდნული ქართულის, როგორც დიალექტის, მკვლევართათვის. მაშინ მითხრა ბატონმა ელჩმა, რომ არა, რასაკვირველია, ეს სასაცილო იქნება და ჩვენ არ გვჭირდება ფერეიდნულ ქართულზე გაკეთებული ყურანი, ჩვენ გვჭირდება ყურანი სალიტერატურო ენაზე“, უთხრა რადიო თავისუფლებას გიორგი ლობჟანიძემ, რომლის თქმითაც, სწორედ ამ ფეირეიდნულ დიალექტზე თარგმნილი ყურანის სალიტერატურო ენაზე „გადაწყობა“ თუ „გადაკეთება“ იტვირთა ქართველმა რედაქტორმა, რომელსაც 2012 წელს დაუკავშირდა ყურანის თარგმანისა და გავრცელების ირანული ორგანიზაცია, თუმცა გიორგი ლობჟანიძე ამბობს, რომ ირანში ყოფნისას ნაცნობი ირანელისაგან, რომელიც ასევე ჩართული იყო ყურანის თარგმნის საქმეში, შეიტყო ისიც, თუ როგორ წარიმართა თარგმანის ლიტერატურულ ქართულზე გადაწყობის პროცესი:
„მითხრა, საქართველოში ჩავიტანეთ, ენათმეცნიერების ინსტიტუტში გავასწორებინეთო. ვინ გაასწორა, იცოდნენ არაბული-მეთქი, რომ დავინტერესდი, მითხრა, არა, დაიდეს შენი თარგმანი და იმის მიხედვით გაასწორეს. ცხადია, იქვე გამოვთქვი პროტესტი. როგორ შეიძლება ადამიანის თარგმანი დაიდო, იმის მიხედვით გაასწორო, მით უფრო, რომ გამსწორებელს წარმოდგენა არ აქვს არაბული ტექსტის შესახებ. ეს ხომ ყურანია! მითხრეს ერთი ჩემი ძველი მეგობრისა და ნაცნობის სახელი, რომ ის არის. მე ვეუბნები, რომ ეს ადამიანი არის ირანისტი. ყურანი არის არაბული. როგორ გააკეთა! ერთი სიტყვით, მათ გამოიყენეს ჩემი თარგმანი!“
თუმცა ბათავანის თარგმანის ქართველი თანარედაქტორი, საქართველოს ენათმეცნიერების ინსტიტუტის თანამშრომელი ირანისტი, რუსუდან რამიშვილი, უარყოფს გიორგი ლობჟანიძის ბრალდებას. რადიო თავისუფლებასთან საუბრისას მან განაცხადა, რომ არ სურს არანაირი კომენტარის გაკეთება (უარი გვითხრა ჩაწერაზე), რადგანაც ის ოფიციალურად არ არის რედაქტორი და, შესაბამისად, არანაირ პასუხისმგელობას არ იღებს, თუმცა საქართველოს ენათმეცნიერების ინსტიტუტის საიტზე რუსუდან რამიშვილის სამსახურებრივ ბიოგრაფიაში მითითებულია: 2012-2016 წლები, ყურანის რედაქტირება, ყურანის თარგმანისა და გავრცელების ორგანიზაცია, ირანის ისლამური რესპუბლიკა, ქალაქი ყუმი. გარდა ამისა, სოციალურ ქსელ ფეისბუკში, გიორგი ლობჟანიძესთან კამათისას, რუსუდან რამიშვილმა დაწერა:
„მე მომიტანეს ყურანის თარგმანი ქართულად საშინელ მდგომარეობაში (ყველა თვალსაზრისით) და მთხოვეს რედაქტირება. ქართულ ტექსტს პარალელურად ახლდა სპარსული ტექსტი და ამის მიხედვით გავასწორე... თქვენი ყურანიც მინახავს (და არა მარტო მინახავს, საფუძვლიანად ვიცნობ ყველა თვალსაზრისით, მათ შორის, ენობრივი), სხვა ქართული თარგმანებიც მინახავს და რამდენიმე ყურანი სპარსულ ენაზე. რაც შეეხება მოხსენიებას, ყურანის ტექსტში მათ ვერ ჩავურთავდი. უკაცრავად, მე არ "გამისწორებია", რედაქტირება გავუკეთე, ისიც იმ მიზნით, რომ იმ პირვანდელი სახით გამოქვეყნება შეურაცხყოფა იქნებოდა ქართულისათვის“.
რუსუდან რამიშვილის ამ პასუხმა არ დააკმაყოფილა გიორგი ლობჟანიძე. გძარცვავენ და თან შეურაცხყოფას გაყენებენო, უთხრა მან რადიო თავისუფლებას და არ გამორიცხა საავტორო უფლებების დარღვევის გამო სასამართლოში ჩივილი, თუმცა გიორგი ლობჟანიძემ ისიც თქვა, რომ პირველად არ გაუძარცვავთ და ნიმუშად დაასახელა სტამბოლში 2012 წელს გამოცემული ყურანი, რომლის მთარგმნელი რეზო მიქელაძეა.
„მატრიცად, ყალიბად აღებულია ჩემი თარგმანი, სხვა ქართული თარგმანები, რაც არსებობს: მირიანაშვილის, ასი წლის წინათ გამოცემული და ქართული ენის თვალსაზრისით შესანიშნავი თარგმანი, ჩემი თარგმანი, აპოლონ სილაგაძის მიერ თარგმნილი (იქამდე, სადამდეც თარგმნილია) - ესენია აღებული, შეერთებული ერთმანეთთან რაღაც გაუგებარი პრინციპით, გაფუჭებულია ტექსტის მთლიანობა, რადგანაც როცა ერთი კაცი თარგმნის ყურანს, მან იცის როგორ დაარეგულიროს რიტმი, როგორ გამართოს ტექსტი ისე, რომ იყოს უნიფიცირებული, როგორ მისცეს ამას აკადემიური სახე და როდესაც შენ იღებ რაღაც ნაწილს ერთი თარგმანიდან და რაღაც ნაწილს მეორედან, აფუჭებ ყველაფერს, საერთოდ. ამ თარგმანის მიხედვით იოლად შეიძლება დაასკვნა, რომ მთარგმნელმა არ იცის არაბული და, რაც მთავარია, არ იცის ქართული! თუ რამე შეიცვალა ჩვენი თარგმანიდან, დაახლოებით, ასეთი სახით... არ გეგონოთ, ვაზვიადებ. დაახლოებით, არის ასეთი ცვლილებები: „მამა მევიდა, დედამ წევიდა“, უთხრა რადიო თავისუფლებას გიორგი ლობჟანიძემ, რომლის თქმითაც, ზომიერი არქაიზაცია, რომელიც გამოიყენა თარგმანში, ან ვერ არის გაგებული, ან მოშლილია.
თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის უნივერსიტეტის დოქტორანტმა თეონა სუხიაშვილმა სპეციალური კვლევა მიუძღვნა თურქეთის დიანეთის ფონდის და სრულიად საქართველოს მუსლიმთა სამმართველოს მიერ დაფინანსებული ყურანის თარგმანის კვლევას და აღმოაჩინა პლაგიატის არაერთი ნიმუში:
„პლაგიატი არის მრავლად როგორც პეტრე მირიანაშვილის თარგმანიდან, ასევე გიორგი ლობჟანიძისა და აპოლონი სილაგაძის თარგმანებიდან. გიორგი ლობჟანიძის თარგმანებიდან აღებულია ყველაზე მეტი, რადგანაც სრულად აქვს თარგმნილი. მირიანაშვილის, ეტყობა, დაიწუნა რაღა მიზეზების გამო. მხოლოდ რამდენიმე ფრაგმენტი და აია აქვს აღებული. ბატონი აპოლონისგან აღებული აქვს წყობა, თარგმნის სტილი. გარა ამისა, აიები არის გადმოწერილი ხან პერიფრაზულად, ხანაც სიტყვასიტყვით. ხშირია, როცა ბატონი გიორგის თარგმანში აქვს შეცვლილი რაღაც სიტყვები, თუმცა სტილი იგივე აქვს, მაგრამ სიტყვების შეცვლის გამო, არეული აქვს აზრი“.
თეონა სუხიაშვილმა თარგმანებიდან მითვისებული წინადადებები შემდეგნაირად დააჯგუფა:
აიების თარგმანები, რომლებიც იდენტურია წინამორბედი მთარგმნელების მიერ შესრულებული ნამუშევრებისა;
აიები, რომლებიც უწინდელი მთარგმნელების თარგმანების ნარევია;
აიები, სადაც სრულიად არის შენარჩუნებული წინა რომელიმე მთარგმნელის სტილი და სტრუქტურული წყობა;
აიები, რომლებშიც აქა-იქ პერიფრაზულად აქვს გადაკეთებული ტექსტი.
შედარების მაგალითები გიორგი ლობჟანიძის 2006 წლის და რეზო მიქელაძის 2012 წლის თარგმანებიდან:
გიორგი ლობჟანიძის თარგმანი - „მათ გულებში სნეულებაა. ალაჰი გაუძლიერებს მათ სნეულებას და სწორედ მათ – სასჯელი მტანჯველი, რადგანაც ცრუობენ“.
რეზო მიქელაძის თარგმანი - „მათ სენი აქვთ გულებში. ამ სიცრუის სანაცვლოდ ალაჰი მათ გაუმწვავებს სენს, რის გამოც უაღრესად მწარე სასჯელი მოელით“.
რადიო თავისუფლება ტელეფონით დაუკავშირდა ყურანის მთარგმნელს რეზო მიქელაძეს, რომელმაც თქვა, რომ არ წაუკითხავს გიორგი ლობჟანიძის მიერ თარგმნილი ყურანი, თუმცა მოგვიანებით დასძინა, რომ თითქმის ყველა გვერდზე იპოვის შეცდომას, იმიტომ რომ გიორგი ლობჟანიძე არ არის მუსლიმი თეოლოგი:
„მე დღეს ამ წუთას წარმოვადგენ საქართველოში სრულიად საქართველოს მუსლიმთა სამმართველოს, რომლის განათლების განყოფილებას ვხელმძღვანელობ... არ მაინტერესებს ბატონი გიორგი და სხვა მეცნიერები რას ფიქრობენ ჩვენს მიერ გაკეთებულ ყურანზე. არ მაინტერესებს წაიკითხავენ თუ არა ან უნივერსიტეტში შეიტანენ თუ არა. ეს ქართველი მუსლიმებისთვის გაკეთდა იმიტომ, რომ ქართველ მუსლიმებს ყოველთვის ჰქონდათ ეჭვი იმასთან მიმართებაში, რაც გააკეთეს არამუსლიმებმა. ეს, ალბათ, ბუნებრივიც არის, რადგან ახლა მე რომ ავდგე და ბიბლია ვთარგმნო, წარმოიდგინეთ, როგორი ეჭვი გაუჩნდება საზოგადოებას, ქრისტიან მხარეს“.
რეზო მიქელაძემ კატეგორიულად უარყო პლაგიატის ფაქტი და განაცხადა, რომ არ აპირებს არავისთან - მათ შორის, გიორგი ლობჟანიძესთან - კამათსა და დაპირისპირებას. თუმცა შესაძლოა რეზო მიქელაძეს მაინც მოუწიოს გიორგი ლობჟანიძესთან დაპირისპირება, თუკი ეს უკანასკნელი სასამართლოში საავტორო უფლებების დარღვევის გამო იჩივლებს.
„ჯერ კიდევ ვფიქრობ, იმიტომ რომ შეიძლება ღირდეს სასამართლოში შეტანა. უბრალოდ, გავეცნობი კანონმდებლობას და თუ ქართულ სასამართლოში არა, საერთაშორისო სასამართლოში ვიჩივლებ, რადგანაც საქმეში ჩართულია საერთაშორისო ფონდი „ჰორიზონტი“, რომელმაც ჩემი შრომის მნიშვნელოვანი ნაწილი დააფინანსა. ასე რომ, რაღაც მექანიზმები არის, მაგრამ ამ ეტაპზე შეიძლება სრულიად საკმარისი იყოს ელემენტარულად ბოდიში და ამოღება ყველა იმ თარგმანისა, რაც უკანონოდ არის გაკეთებული, მაგრამ ბოდიში უნდა იყოს ოფიციალური და დადასტურებული, რომ გამოიყენეს ესა და ეს თარგმანი“, უთხრა გიორგი ლობჟანიძემ რადიო თავისუფლებას.
რადიო თავისუფლება თეირანში დაუკავშირდა თეოლოგ აქბარ მოყადასის, რედაქტორს ირანში გამოცემული ყურანის ქართული თარგმანისა, რომლის ავტორი ფერეიდნელი იმამ ყული ბათავანია. არაბისტი გიორგი ლობჟანიძე ამტკიცებს, რომ თარგმანის რედაქტირებისას ერთგვარ ყალიბად გამოყენებული იყო მის მიერ არაბულიდან თარგმნილი და 2006 წელს გამოცემული ყურანი.
რადიო თავისუფლება: გიორგი ლობჟანიძე ამბობს, რომ ბათავანის მიერ თარგმნილი ყურანის რედაქტირებისას ერთგვარ ყალიბად გამოყენებული იყო ლობჟანიძის მიერ 2006 წელს თარგმნილი ყურანი. ეჭვს იწვევს ის გარემოება, რომ თავად მთარგმნელმა (ბათავანმა) არ იცის სალიტერატურო ქართული, ხოლო ქართველმა რედაქტორმა - არაბული. თუმცა, რუსუდან რამიშვილი, ვინც გიორგი ლობჟანიძის ბრალდების ერთ-ერთი ადრესატია, ამტკიცებს, რომ არ არის რედაქტორი, მაგრამ ფეისბუკზე კამათისას გიორგი ლობჟანიძეს პასუხობდა როგორც თარგმანის რედაქტორი. რუსუდან რამიშვილმა რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ ირანში დაბეჭდილი ყურანის თარგმანის რედაქტორი ბრძანდებით თქვენ. ჩემი შეკითხვაც თქვენსკენაა მომართული, როგორ უპასუხებდით გიორგი ლობჟანიძის ბრალდებას - იქნა თუ არა გამოყენებული მისი თარგმანი ბათავანის ტექსტის რედაქტირებისას?
აქბარ მოყადასი: მე საბუთები მაქვს ყურანზე. როდის დაიბეჭდა და მთლიანად ყველა საბუთი მზად არის და მომავალში, თბილისში რომ ვიქნები, გაჩვენებთ. ყურანი თარგმნა ბატონმა იმამ ყულიმ - ყველა საბუთები მზად არის და არც ერთი სიტყვა ლობჟანიძის ყურანიდან აღებული არ არის. ის ყურანი (ლობჟანიძის თარგმნილი) მიღებული არ არის ირანში და ეს თვითონაც იცის.
რადიო თავისუფლება: იმაზე არ ვსაუბრობთ, ირანში არის თუ არა მიღებული. თქვენ რედაქტორი ბრძანდებით. უნდა იცოდეთ ქართული როგორც კარგმა ფილოლოგმა, რომ თარგმანი იყოს გამართული. თქვენ როგორ გაარედაქტირეთ? უკაცრავად, მაგრამ ჩვენი საუბრიდანაც ჩანს, რომ ქართულს კარგად ვერ ფლობთ.
აქბარ მოყადასი: მე და ქალბატონი რუსუდანი ერთად ვმუშაობდით. მე ცოტა ქართული ვიცი, მაგრამ მე თეოლოგი და ისლამის დიდი მეცნიერი ვარ. 25 წელია ვმუშაობ ისლამის თემაზე და არც ლობჟანიძემ და არც სხვა ვინმემ ჩემ დონეზე არ იცის ისლამი. მე და ქალბატონი რუსუდანი ერთად ვმუშაობდით და ერთად შევასწორეთ, რაც კი შეცდომები იყო.
რადიო თავისუფლება: როგორც მე გავიგე, თქვენ ფლობთ არაბულს კარგად, ქალბატონი რუსუდანი - ქართულს და ასე იშრომეთ...
აქბარ მოყადასი: დიახ! ოღონდ მარტო არაბულის ცოდნა კი არა, მე მეცნიერი ვარ, ისლამის მეცნიერი!
რადიო თავისუფლება: კიდევ ერთხელ რომ განგვიმარტოთ, ლობჟანიძის მიერ თარგმნილ ყურანთან თუ აქვს რამე კავშირი იმამ ყული ბათავანის თარგმანს?
აქბარ მოყადასი: ლობჟანიძის ყურანთან ჩვენ საქმე არ გვქონდა. საერთოდ არ გამოგვიყენებია! გიმეორებთ, 25 წელი ვმუშაობ ისლამის თემაზე. დიდი მეცნიერი ვარ! თუმცა შეიძლება მთარგმნელი არ ვიყო.
რადიო თავისუფლება: ეჭვი არ შეგვაქვს თქვენ მიერ ყურანის ცოდნაში, გეკითხებით ქართულის სათანადო ცოდნაზე.
აქბარ მოყადასი: გასაგებია, მაგრამ ჩემ გვერდით იყო, ვინ? ქალბატონი რუსუდანი, რომელმაც ძალიან კარგად იცის ქართულიც და სპარსულიც.
რადიო თავისუფლება: ქალბატონი რუსუდანი ასევე რედაქტორია?
აქბარ მოყადასი: ერთად შევასწორეთ ტექსტი.