Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„ბიბლია და ყურანი გვერდიგვერდ“


მალხაზ სონღულაშვილი და ტაჯ ჰარგი
მალხაზ სონღულაშვილი და ტაჯ ჰარგი
საქართველოს ევანგელურ-ბაპტისტური ეკლესიის მთავარეპისკოპოსის მალხაზ სონღულაშვილის მოწვევით, საქართველოში იმყოფებოდა ცნობილი პროგრესული ბრიტანელი მუსლიმანი მეცნიერი და იმამი, ოქსფორდის მუსლიმთა საგანმანათლებლო ცენტრის ხელმძღვანელი ტაჯ ჰარგი. მან ქრისტიანებისა და მუსულმანებისათვის ლექცია-ქადაგება წაიკითხა, რომლის თემაც იყო „ურთიერთკავშირები ქრისტიანობასა და ისლამს შორის“. რატომ უნდა შედგეს ორ რელიგიას შორის ინტერდიალოგი, როგორ უნდა მოახერხონ ქრისტიანებმა და მუსლიმანებმა ჰარმონიული თანაცხოვრება და რამდენად მნიშვნელოვანია მათი თანაარსებობა მშვიდობისათვის?

მშვიდობის საკათედრო ტაძარში დღის 12 საათზე, ქრისტიანული ტრადიციის მიხედვით, მოწოდება ლოცვისთვის,ზარების რეკვით დაიწყო და, ისლამური წესით, არაბულ ენაზე მუეძინის ძახილით გაგრძელდა.

მიზეზი, რის გამოც საქართველოს ევანგელურ-ბაპტისტურ ეკლესიაში ქრისტიანებსა და მუსლიმანებს ორი რელიგიის წესის მიხედვით მოუხმეს, ერთი ქადაგება-ლექცია იყო, რომელიც ქრისტიანობასა და ისლამს შორის ურთიერთკავშირებს მიეძღვნა და რომელიც ქრისტიანებისთვის, მუსლიმანებისთვის, სხვა რწმენისა თუ არანაირი რწმენის წარმომადგენლებისათვის საქართველოში სპეციალურად მოწვეულმა ბრიტანელმა მუსლიმანმა მეცნიერმა და იმამმა დოქტორ ტაჯ ჰარგმა წაიკითხა. ის საქართველოში ევანგელურ-ბაპტისტური ეკლესიის მთავარეპისკოპოსის მალხაზ სონღულაშვილის მოწვევით ჩამოვიდა. დოქტორი ჰარგი დიდ ბრიტანეთსა და დასავლეთ ევროპაში ცნობილია როგორც ერთ-ერთი ყველაზე პროგრესული იმამი, რომელიც ხელს უწყობს ქრისტიანებსა და მუსლიმანებს შორის ჰარმონიულ ინტერრელიგიურ დიალოგს. მისი წინამძღოლობით, ოქსფორდის მუსლიმანთა საგანმანათლებლო ცენტრი აქტიურად მონაწილეობს ინტერრელიგიურ დიალოგში. ტაჯ ჰარგიმ ორი რელიგიის მშვიდობიანი თანაარსებობის აუცილებლობის ერთ-ერთ მაგალითად რადიო თავისუფლებასთან საუბარში საკუთარი ოჯახის ისტორია მოიყვანა. მისი ცოლი, დოქტორი ჯაკ ვუდმანი, ქრისტიანია. ისინი 20 წელია ერთად ცხოვრობენ. ერთსაათიანი ქადაგება-ლექცია კი, რომელსაც რამდენიმე ათეული ქრისტიანი და მათთან ერთად მუსლიმანებიც ესწრებოდნენ, იმას მიუძღვნა, თუ რატომ უნდა შედგეს ორ რელიგიას შორის ინტერდიალოგი, როგორ უნდა მოახერხონ ქრისტიანებმა და მუსლიმანებმა ჰარმონიული თანაცხოვრება და რამდენად მნიშვნელოვანია მათი თანაარსებობა მშვიდობისათვის.

თუკი ქრისტიანობისა და ისლამის საფუძვლებში ღრმად ჩავიხედავთ, ვნახავთ, რომ ამ ორ რელიგიას გაცილებით მეტი აქვს საერთო, ვიდრე განმასხვავებელი...
ტაჯ ჰარგი
„თუკი ქრისტიანობისა და ისლამის საფუძვლებში ღრმად ჩავიხედავთ, ვნახავთ, რომ ამ ორ რელიგიას გაცილებით მეტი აქვს საერთო, ვიდრე განმასხვავებელი და თუკი ამ კავშირების გაცნობიერებას შევძლებთ, ეს ორივე რელიგიისათვის წინგადადგმული ნაბიჯი იქნება“, - მიაჩნია ბრიტანელ იმამს. „როდესაც ვაკვირდებით ისლამის საფუძვლებს, ჩვენ ვხედავთ, რომ მისი იდეალები, მისი სულისკვეთება ზედმიწევნით ემთხვევა ქრისტიანობის სულისკვეთებას. აქ საუბარია როგორც ყოვლადძლიერი ღვთის თეოლოგიურ კონცეფციაზე, ასევე ცხოვრების საზრისზე, ადამიანის ზნეობრიობაზე, ღირებულებებზე, ღვთაებრივ ცხონებასა და ზეციურ სამსჯავროზე“, -ამბობს ბრიტანელი იმამი. - „ერთი ღმერთის აზრი, ერთი შემოქმედის აზრი არის ის, რაც ქრისტიანებსა და მუსლიმანებს აერთიანებს და აახლოებს. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ შორის არსებობს მოძღვრებითი განსხვავებები, ჩვენ უნდა დავაფუძნოთ ჩვენი ერთობა არა იმაზე, რაც განმასხვავებელია, არამედ იმაზე, რაც გვაერთიანებს. ყურანში ვერ ნახავთ თუნდაც ერთ ადგილს, სადაც ქრისტიანები აუგად იყვნენ მოხსენიებულნი. არასდროს მოიხსენიებიან ისინი როგორც ურწმუნოები. ისლამი ქრისტიანებს უყურებს როგორც მორწმუნეთა დასს. ამიტომ არის, რომ ყურანი მოუწოდებს მუსლიმანებს, ქრისტიანებს და ებრაელებს, ერთად მოიყარონ თავი და ერთად სცენ თაყვანი თავიანთ შემოქმედს“.

„ქრისტიანებსა და მუსლიმანებს ძალიან ხშირად ერთმანეთზე მცდარი წარმოდგენა აქვთ”, -ამბობს ბრიტანელი იმამი თავის ლექციაში. ამის მიზეზად კი ის რამდენიმე ფაქტორს გამოყოფს. მათ შორის, პირველ რიგში, ეს არის ისტორიის შედეგი და შემდეგ უკვე დღესდღეობით არსებული კონფლიქტები. მისივე თქმით, საუკუნეების განმავლობაში მუსლიმანებმა და ქრისტიანებმა ბევრი გააკეთეს იმისათვის, რომ ერთმანეთზე მცდარი წარმოდგენა შეჰქმნოდათ. „რადიკალ მუსლიმანებს მიაჩნიათ, რომ ქრისტიანები მოითხოვენ პოლიტიკურ მორჩილებას სუსტი სახელმწიფოებისგან, ბევრი ქრისტიანი კი მიიჩნევს, რომ ისლამი აწარმოებს წმინდა ომს ქრისტიანების წინააღმდეგ“, ამბობს იმამი და სვამს კითხვას: „როგორ მოგეწონებათ, რომ ქრისტიანობა შეაფასონ ან მხოლოდ მეცხრამეტე საუკუნის კოლონიალიზმის, ანდა მეოცე საუკუნის დასავლური იმპერიალიზმის თვალსაწიერიდან? მაშინვე იტყვით, რომ ეს ქრისტიანობა არ არის, ეს ქრისტიანულ საფუძველში არ დევს. ასევე ნუ იფიქრებთ ისლამზე მუსლიმი ფუნდამენტალისტებისა ან ექსტრემისტების ქმედებების მიხედვით. თქვენ ყოველთვის უნდა გახსოვდეთ, რომ ნამდვილი ისლამი არის ღია და რჯულშემწყნარე. ეს არის განათლების რელიგია. ეს არის რწმენა, რომელიც საღ აზრზეა დაფუძნებული. ისლამი მიესალმება ცოდნას და ის მეცნიერების წინააღმდეგი არ არის. დღეს დანაწევრებულ სამყაროში ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ქრისტიანებმა და მუსლიმებმა ერთად ვიზეიმოთ ის, რაც ჩვენ გვაერთიანებს“, - ამბობს ტაჯ ჰარგი.

ჩვენ გავცვალეთ ლოცვები და ვაჩვენეთ ხალხს, რომ სადავო არაფერი გვაქვს...
მალხაზ სონღულაშვილი
ლექციის დასასრულს ბრიტანელმა იმამმა, იმისათვის რომ თავისი პატივისცემა გამოეხატა ქრისტიანობისა და ქრისტიანებისადმი, ლოცვა „მამაო ჩვენო“ ქართულად წაიკითხა. ამ ჟესტს საქართველოს ევანგელურ-ბაპტისტური ეკლესიის მთავარეპისკოპოსმა მალხაზ სონღულაშვილმა ლოცვითვე უპასუხა და სურა“არ-ფატიჰა“ წაიკითხა. ეს ლოცვა ისეთივე მნიშვნელოვანია ისლამში, როგორც „მამაო ჩვენო“ ქრისტიანობაში.

„ჩვენ გავცვალეთ ლოცვები და ვაჩვენეთ ხალხს, რომ სადავო არაფერი გვაქვს“, - მეუბნება მალხაზ სონღულაშვილი. მისივე თქმით, ლექცია, რომელიც ბრიტანელმა იმამმა წაიკითხა, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია უკანასკნელ ხანებში საქართველოს რეგიონებში რელიგიურ ნიადაგზე წარმოქმნილი არაერთი კონფლიქტის ფონზე. მათ შორის ერთ-ერთი უკანასკნელია კონფლიქტი დედოფლისწყაროს რაიონის სოფელ სამთაწყაროში, სადაც აჭარელი ეკომიგრანტები არიან ჩასახლებულნი და სადაც დაპირისპირება ქრისტიანებსა და მუსლიმანებს შორის მას შემდეგ დაიწყო, რაც მუსლიმანების ნაწილმა საერთო ლოცვისთვის სოფელში შენობა შეიძინა. სამთაწყაროში მცხოვრებმა ქრისტიანებმა ეს ფაქტი გააპროტესტეს და ადგილობრივი ხოჯას ოჯახს ფიზიკურადაც დაუპირისპირდნენ. სწორედ ამ ფაქტს იხსენებს რადიო თავისუფლებასთან საუბარში მალხაზ სონღულაშვილი: „მე სამთაწყაროში ვნახე სამი და ოთხი წლის ბავშვები, რომლებიც მშობლებს ეკითხებოდნენ, ამაღამ კიდევ ხომ არ მოვლენ ქრისტიანები ჩვენს დასარბევადო. ამ ბავშვების მეხსიერებაში ქრისტიანი ყოველთვის იქნება გაიგივებული ძალადობასთან, უსამართლობასა და დევნასთან. იმისათვის, რომ ეს შეიცვალოს, - და აუცილებლად უნდა შეიცვალოს, - საჭიროა სიმბოლური მოქმედებების განხორციელება, რომელიც აჩვენებს ყველას, რომ ჩვენ ვართ, პირველ რიგში, ადამიანები, მერე ვართ მორწმუნეები, რომ ერთი ღმერთის ქვეშ ვდგავართ ყველანი და ჩვენ მოვალენი ვართ, ჩვენ შორის არსებული სხვა განსხვავებულობის მიუხედავად, სიყვარულისა და მეგობრობის ხიდები ვაშენოთ. ამას ალტერნატივა არ აქვს“.

ზვიად ვანაძე ერთ-ერთი მუსლიმანი იყო, რომელმაც ქრისტიანულ ეკლესიაში იმამის ლექცია-ქადაგება მოისმინა. „ქართველ მუსლიმანებსა და ქრისტიანებს არ გვაქვს უფლება ერთმანეთს ვუმტროთ“, მეუბნება ის: „ჩვენ ვართ ერთმანეთის ძმები და დები და მოვუწოდებ ყველა ადამიანს, ვიყოთ ერთმანეთის მიმართ მომთმენნი, გავუმართოთ ერთმანეთს ხელი, რათა ჩვენი ქვეყანა იყოს წარმატებული. დღევანდელი პირობები არ გვაძლევს იმის უფლებას, რომ ჩვენ, ქართველები, ერთმანეთს ვეომოთ“.

იმამის ქადაგება მოისმინა სახალხო დამცველის აპარატის ტოლერანტობის ცენტრის ხელმძღვანელმა ბექა მინდიაშვილმაც. „სამწუხარო რეალობაა, მაგრამ ფაქტია, რომ საქართველოში მართლმადიდებლობის სახელით დევნიან განსხვავებულებს, დევნიან მუსლიმანებს“, - ამბობს ის. მას განსაკუთრებით სამწუხაროდ მიაჩნია ის, რომ ამგვარი ქმედებით იდევნება მართლმადიდებლური ეკლესია და ეს ხდება იმ ადამიანების მიერ, რომლებმაც, მისი თქმით, არ იციან რა არის ქრისტიანობა და არ იციან საკუთარი რწმენის საფუძვლები: „შეუძლებელია ქრისტიანი და შეუწყნარებლობა სინონიმები იყოს. ამიტომ ყველა ის ქრისტიანი, რომელიც შეუწყნარებლობას იჩენს განსხვავებულისადმი, მუსლიმანისადმი, იეჰოვას მოწმისადმი, განსხვავებული სექსუალური ორიენტაციის ადამიანისადმი, უარს ამბობს საკუთარ რწმენაზე, უარს ამბობს საკუთარი ღმერთის თაყვანისცემაზე. ეს ძალიან კარგად უნდა გააცნობიერონ ქრისტიანებმა და, უპირველეს ყოვლისა, მართლმადიდებლურმა მრევლმა. ცნობილია, რომ ჩვენი ყველაზე გამოჩენილი მეფე, დავით აღმაშენებელი, თავად შედიოდა მეჩეთში, ესაუბრებოდა იქ მყოფებს თეოლოგიურ საკითხებზე. ის დიდ ტოლერანტობას იჩენდა განსხვავებული სარწმუნოებებისადმი და განსაკუთრებით მუსლიმებისადმი. მან ტოლერანტობა, ფაქტობრივად, ინსტიტუციურ იარაღად აქცია მუსლიმებსა და ქრისტიანებს შორის თანაცხოვრებისა და აკრძალა ღორის დაკვლა თბილისში, მუსლიმურ უბნებში“, - ამბობს ბექა მინდიაშვილი.

და სანამ ბრიტანელი იმამი ეკლესიაში ქადაგებას დაამთავრებდა, მან ქრისტიანებსა და მუსლიმანებს ერთი რჩევით მიმართა: „დადეთ ბიბლია და ყურანი გვერდიგვერდ, წაიკითხეთ ერთმანეთის რწმენა და გაითავისეთ ერთმანეთის რელიგია და თქვენ აღარ შეგეშინდებათ ერთმანეთის“.
XS
SM
MD
LG