უკვე თვეზე მეტია, პანკისის ხეობის სოფელ დუისში სათემო რადიო „Way” მუშაობს და მალე ინტერნეტმაუწყებლობიდან FM სიხშირეზე გადაინაცვლებს.
შორენა, ზარემა, ლეილა, სულხანი და ისლამი სამსახურში დილის ათ საათზე მიდიან და „დღის ამბებს“ ამზადებენ. მათ აინტერესებთ ყველაფერი, რაც ხეობის 12-ზე მეტ სოფელში ხდება - ვის რა უჭირს და რა სჭირდება, ვინ ეწვია ხეობას და ვინ დატოვა იქაურობა, რას ფიქრობს ხალხი ამა თუ იმ საკითხზე. მოკლედ, ყველაფერი ის, რაც “ახალ ამბებს” სჭირდება, მათი ყურადღების ცენტრში ექცევა. ეს არის ადგილი, სადაც პანკისელების სიტყვა ისმის.
„ეთერშია პანკისის სათემო რადიო “Way”-ს მთავარი საინფორმაციო გამოშვება, სტუდიაში ლეილა ბორჩაშვილი მუშაობს“ - გაისმის პანკისის სათემო რადიოს ეთერში. საინფორმაციო გამოშვებებს ჯერ მხოლოდ ინტერნეტში უსმენენ. დუისის ახალგაზრდულ კლუბში უკვე შეხვდებით ყურზე ტელეფონმიდებულ ახალგაზრდებს, რომლებიც სწორედ თავიანთი რადიოს ამბებს ისმენენ, მაისის ბოლოს კი ხეობას თავისი ნამდვილი ადგილობრივი რადიო ექნება, რომელიც გავა სიხშირეზე - FM 101.1.
საინფორმაციოს გარდა, უკვე რამდენიმე თემატურ გადაცემაზეც მუშაობენ, მზადდება აუდიოტიხრები, გროვდება და ირჩევა ეთერში გასაშვები მუსიკა, მსჯელობენ, თუ რომელ პრობლემებზე მომზადდეს სიუჟეტები უახლოეს მომავალში. დღევანდელი დღე უკვე დაიგეგმა. რამდენიმე წუთიც და რეპორტიორები ხეობის სოფლებს მოედებიან - აი, ისინიც, სულხან ბორძიკაშვილი, ზარემა იდიძე, შორენა ხანგოშვილი, ისლამ გორგიშვილი და ლეილა ბორჩაშვილი. შორენა რადიოს რედაქტორია, ის დღეს ოფისში დარჩება, დანარჩენი ოთხნი კი ისლამის მომწვანო „მაზდაში“ ჩასხდებიან და რეპორტაჟების მოსამზადებლად წავლენ. თვეზე მეტია, რაც ამ ხუთეულს პანკისის ხეობის სოფლებში დიქტოფონებით ხელში ხედავენ. ცოტა კი ეუცნაურებათ, თანასოფლელები რომ ადგილობრივ რეპორტიორებად მოევლინენ, მაგრამ რაც დრო გადის, ბარიერები იკლებს. ლაპარაკითაც ლაპარაკობენ. სანამ ისლამი დანარჩენებს დაარიგებს, კიდევ ერთხელ ჩამოთვლიან, ვის რა საქმე აქვს:
„მე ვოქს-პოპზე ვარ დღეს, 9 აპრილზე მაქვს გამოკითხვა“.
„მე სოფლებში წყლის პრობლემაზე ვამზადებ სიუჟეტს და ძიბახევში უნდა ავიდე“.
„მეც ხალხს გამოვკითხავ დღეს - თემა პანკისში ტურიზმის განვითარებაა“.
„მე მეორადი ტანსაცმლის გამყიდველ ნათელას ჩავწერ“.
როცა საქმე განაწილებულია, იხსენებენ, როგორ იწყებდნენ. ყველა ეკითხებოდა, სად მოისმენდნენ ამ ამბებს. ვერც თავად წარმოედგინათ, რომ რესპონდენტები კი არა, რეპორტიორები იქნებოდნენ. რადიო პანკისში? და ქისტი ქალი ჟურნალისტად, რომელმაც ქუჩაში უნდა იაროს? - ესეც უკვირდათ. თუმცა დღეს უკვე ის პირველი ნაბიჯები, პირველი რეპორტაჟები და მათთან დაკავშირებული სიძნელეებიც კარგად ახსენდებათ. ახალი საქმე ყველას შეუყვარდა.
სულხანმა, როგორც უკვე ითქვა, მეორადი ტანსაცმლის მაღაზიის მეპატრონე ნათელაზე უნდა მოამზადოს სიუჟეტი. ნათელა თავიდან უარზეა, მაგრამ ბოლოს მაინც შეუძღვება მაღაზიაში, რომელიც დუისის მთავარი მეჩეთის გვერდით დგას. ის პირველი იყო, ვინც ხეობაში მეორადი ტანსაცმლით ვაჭრობა დაიწყო. მას მერე 16 წელი გავიდა. ესეც ნათელას ამბავი:
„მე გროზნოდან ლტოლვილი ვარ. როცა აქ ჩამოვედით, ძალიან გვიჭირდა. ეს საქმეც გაჭირვებამ დამაწყებინა. 100 ლარით და ერთი ფუთა ტანსაცმლით დავიწყე. გავიტანე ახმეტის ბაზარზე და ასე დაიწყო კიდეც. ნელ-ნელა გავფართოვდით. ახლა 3000 ლარი მაინც მჭირდება, რომ ნორმალური ტანსაცმელი ჩამოვიტანო ყოველ ჩამოსვლაზე. კვირაობით მივდივარ ხოლმე თბილისში და მომაქვს, ყველა წერტილი ვიცი, სადაც ნორმალური მეორადები იყიდება“.
ნათელას გეგმებში ორსართულიანი მაღაზიის გახსნაა, თუმცა ამ ამბავს უფრო დაწვრილებით სულხან ბორძიკაშვილი თავის რადიოში უამბობს მსმენელს.
ამასობაში დუისში გელა მთივლიშვილიც ჩამოდის. კახეთის საინფორმაციო ცენტრის ხელმძღვანელის, ჟურნალისტ გელა მთივლიშვილის მანქანას პანკისის ხეობის სოფლებში ხშირად ნახავთ. გელა სამოქალაქო აქტივობების ცენტრის პროექტებსაც უდგას სათავეში - პანკისის სათემო რადიოც მისი ნაწილია. გელა ხეობაში კვირაში რამდენჯერმე ადის. ხან ადგილობრივ მოსახლეობას ხვდება და რაიმე ღონისძიებას გეგმავს, ხან რადიოს საქმეებს აგვარებს. სათემო რადიო, რომლის ოფისიც სოფელ დუისშია, უკვე თვეზე მეტია, ინტერნეტში მაუწყებლობს. მას მიღებული აქვს მაუწყებლობის ლიცენზიაც და მაისის ბოლოს ეთერშიც გავლენ FM სიხშირეზე 101.1-ზე. ეს ყველაფერი 2015 წელს დაიწყო, როცა ხეობაში ახალგაზრდების საქმეში ჩასართველად პროექტის განხორციელებას შეუდგნენ. თავიდან ცოტა გაუჭირდათ. გელა იხსენებს, კარდაკარ დავდიოდით და პანკისელ ახალგაზრდებს ვეკითხებოდით, რა სჭირდებოდათ, რა სურდათ, საერთოდ რაში ჩაერთვებოდნენო. დიდად არავინ აქტიურობდა, თუმცა აშკარა იყო, რომ ინფორმაცია ყველას აკლდა:
„ხეობაში ჯერ არ არის კარგი ინტერნეტი, მოსახლეობის ნაწილი ინფორმაციას რუსული ტელეარხებიდან იღებს, ადგილობრივ არც ერთი მედიასაშუალება არ მუშაობს. სათემო რადიოს იდეაც ასე გაჩნდა - როგორ მიგვეტანა ახალგაზრდებამდე და არამხოლოდ მათ ყურამდე ის, რის გაკეთებასაც ვგეგმავდით ან გაგვეგო, მათ რა სურდათ. ჩვენ გვინდა, რომ თემს მივცეთ განვითარების შესაძლებლობა და, რაც მთავარია, თემის მიმართ ის ნეგატიური კონტექსტი შევცვალოთ, იმიჯი შევცვალოთ, რომ თითქოს აქ არიან ტერორისტები, რომ აქ ჩამოსვლა საშიშია, რომ აქ ტურიზმი ვერ განვითარდება, რადგან ვიღაც შეიძლება მოიტაცონ და ა.შ. გვინდა შევცვალოთ 2001-2002 წლებში გაჩენილი ეს ტენდენცია, რომლის გაძლიერებას, სამწუხაროდ, 2013 წლის მოვლენებმა ისევ შეუწყო ხელი. გვინდა ეს სტიგმა აღარ არსებობდეს. გვინდა, ეს სტერეოტიპი დაიმსხვრეს“.
ხეობაში რომ სამოქალაქო ინტეგრაციის პრობლემა არსებობდა, გელა მთივლიშვილის თქმით, ეს ლაფანყურის სპეცოპერაციის შემდეგ კარგად გამოჩნდა. მაშინ, ძირითადად, პანკისის ხეობის სოფლებიდან რეპორტაჟებს ამზადებდნენ და იქ ყოფნა ხშირად უწევდათ. 2013 წელს მთავარ თემად ხეობაში „ისლამური სახელმწიფოს“ გავლენის გაზრდა იქცა. სირიაში საბრძოლველად არაერთი ახალგაზრდა წავიდა. დღეის მდგომარეობით, იქ უკვე წარმოშობით პანკისელი 15 ახალგაზრდაა დაღუპული. ვინც ხეობაშია დარჩენილი, მათ დიდ ნაწილს სამსახური არა აქვს. გელა მთივლიშვილის დაკვირვებით, თითქოს იმედიც აქვთ დაკარგული, რომ შეიძლება რამე გამოვიდეს:
„ჩვენ ბიზნესპროექტების დაწერაში ვეხმარებოდით ადგილობრივებს, რომ მიკრომეწარმეობის მხარდაჭერის პროგრამაში მიეღოთ მონაწილეობა. მოდიოდნენ ადამიანები გარკვეული იდეებით. ზოგს, მაგალითად, თხების მოშენება და თხის ყველის წარმოება სურდა დაეწყო, ზოგს სილამაზის სალონის გახსნა უნდოდა, რადგან პანკისის ხეობა 12-ზე მეტ სოფელს აერთიანებს და სილამაზის სალონი არ არის. მაგრამ მაინც უიმედოდ იყვნენ განწყობილები, დაეჭვებულები. ჰგონიათ, რომ ვერ მიიღებენ მხარდაჭერას. და არც არსებობს პრეცედენტები, რომლითაც აქაური ახალგაზრდების სტიმულირებას შევძლებდით“.
ამ ინტერვიუს ჩაწერის წინა დღეს გელა მთივლიშვილმა დუისის ამფითეატრი დაზვერა - იქ გაზაფხულის მიწურულს პოეზიის ფესტივალის ჩატარებას გეგმავს. თან ადგილობრივ ქისტებთან ათანხმებს, მათი ტრადიციით რა არის დასაშვები და რა არა. ეს მისი, როგორც ერთი ადამიანის და ერთი ორგანიზაციის, მცდელობაა - ორიოდე დღით გამოაცოცხლოს იქაურობა. თუმცა ამბობს, რომ თუ ამ საქმეში სახელმწიფოც არ ჩაერია, მხოლოდ ცალკეული არასამთავრობო ორგანიზაციების მცდელობა შედეგს არ მოიტანს.
კარგი იქნება, თუ პანკისთან დაკავშირებული ასოციაცია არ იქნება კავშირში დაძაბულობასთან, ტერორიზმთან, რაღაც უარყოფითთან. ეს შეიძლება უფრო დადებითმა ამბებმა გადაფაროს, როგორიც არის, მაგალითად, ტურიზმი...ნაზი დაქიშვილი
და რა არის ეს შედეგი? - მაშინვე ეს კითხვა ჩნდება. ყველას, ვისაც ვკითხეთ, გვითხრეს, რომ ტურიზმის განვითარება, ხალხის ჩართვა, დასაქმება, პატარა კაფე ან სილამაზის სალონი, ტურისტული ცენტრი. მთის გიდების მოსამზადებელი ცენტრიც კარგი იქნებოდა... ყველაფერი, რაც პანკისთან დაკავშირებულ ასოციაციებს შეცვლიდა.
პანკისზე უარყოფითი წარმოდგენის შეცვლა ნაზი დაქიშვილის მთავარი მიზანიც არის. ნაზის და მის ოჯახს საოჯახო სასტუმრო აქვთ სოფელ ჯოყოლოში. დედაქალაქში რვაწლიანი ცხოვრების შემდეგ სახლში დაბრუნდა და სწორედ ამ მიზნის მისაღწევად ზრუნვა დაიწყო. მალე, როცა ცოტა უფრო დათბება, მისი საოჯახო სასტუმრო ტურისტებით გაივსება. პანკისის ხეობაში სულ ორი-სამი ასეთი სასტუმროა.
„კარგი იქნება, თუ პანკისთან დაკავშირებული ასოციაცია არ იქნება კავშირში დაძაბულობასთან, ტერორიზმთან, რაღაც უარყოფითთან. ეს შეიძლება უფრო დადებითმა ამბებმა გადაფაროს, როგორიც არის, მაგალითად, ტურიზმი. ამ გზით - ტურიზმის განვითარების მცდელობით - უკვე სამი-ოთხი წელია ვცდილობ პანკისის პოპულარიზაციას, როგორც შემიძლია, ჩემი ძალებით, ამ საოჯახო სახლით, აქ დახვედრით“.
როცა იწყებდა და მერეც, ნაზიმ ხან ტურისტულ სააგენტოებს მისწერა მხარდაჭერის მოსაპოვებლად, ხან სამინისტროებს. იცოდა, რომ ერთი და ორი ადამიანის მცდელობა პანკისის ხეობაში ტურიზმის განვითარებას არ ეყოფოდა. ჯერჯერობით კონკრეტული პასუხები არ აქვს. არადა, ნაზის თქმით, რაც დრო გადის და საოჯახო სასტუმროც მუშაობს, ხალხში ინტერესი უფრო იზრდება. ნაზი ამბობს, რომ თითქოს სურვილიც გაჩნდა, რომ სხვებმაც გააკეთონ იგივე. ბუნება, კულტურა და ტრადიციები, ადგილობრივი კერძები, მთის ტურები - ბევრი რამაა, რამაც ჩამოსული სტუმარი შეიძლება დააინტერესოს და აქაურობა შეაყვაროს, სხვანაირად შემოგვხედონ, ამბობს ნაზი. თუნდაც ბაწარის ნაკრძალი და უთხოვარის ტყე რად ღირს. იქნებ მიხედონ, - გვეუბნება:
„სამწუხაროდ, რადგან იქ ინფრასტრუქტურაც არ არის მოწყობილი, ტურისტებს შესაძლებლობა არ ეძლევათ იქაურობა დაათვალიერონ. არადა, რომ მიხედავდნენ, ეს მხოლოდ პანკისის კი არა, მთელი საქართველოს ეკონომიკისთვის იქნებოდა კარგი. ულამაზესი ადგილია სანახავად. სულ რაღაც სამ-ოთხ კილომეტრშია ეს ნაკრძალი ხეობიდან“.
ნაზის სჯერა, რომ რაც უნდა უარყოფით კონტექსტში გამოჩნდეს პანკისის ხეობა მსოფლიო მედიის ობიექტივში და რაც უნდა საშიშად ჩანდეს იქაურობა შორიდან, ახლოს მოსული ადამიანი, ტურისტი, სხვა რამეში დარწმუნდება. ნაზიც ამას ცდილობს - ნამდვილი ქისტები დაანახვოს ყველას:
„ჩვენ ნამდვილად არ ვართ კაციჭამიები, არ ვართ ტერორისტები. ჩვენ ვართ ჩვეულებრივი ადამიანები, სტუმართმოყვარე ხალხი და კარგი იქნება, რომ ვისაც ჰგონია, საშიშები ვართ, ჩამოვიდნენ და თავისი თვალით ნახონ აქაურობა. პირადად ნახონ, აქ რა ხდება და უნახავად არასდროს არაფერი თქვან ჩვენზე“.
ნაზის თავის საოჯახო სასტუმროში შთაბეჭდილებების წიგნიც აქვს, სადაც ყველა სტუმარი - პოლონელი, იაპონელი, ებრაელი, ქართველი - თავის სიტყვას უტოვებს, ყველა - თავის ენაზე. იმ წიგნში დატოვებულ ნაწერებში არავინ ლაპარაკობს საშიშ წვერებიან კაცებზე, შიშსა და ტერორიზმზე.