Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დახუჭული თვალების ფასი


ჯერ მთა გამოჩნდა, უფრო სწორად კი − მთები.

ეს მთები გამახსენდა ყველაზე პირველად და ვიცანი. მაგრამ მშობლიური გრძნობა მაინც არ გამიჩნდა. ის გრძნობა, მაშინ რომ მქონდა, როცა პირველად ვნახე.

პანკისი...

− ახლა რა ვქნათ? − ვეკითხები ზვიადს და გიორგის.

იმ დღეს კიდევ ერთი ბიჭი გაქრა პანკისიდან და ამ ამბავმა წამოგვყარა მყუდრო ნიუსრუმიდან − წავიდეთ, ვნახოთ...

− მოდი, ხასო ხანგოშვილთან მივიდეთ, − ამბობს ზვიადი.

„მივიდეთ“ კარგია! − დუისის ქუჩებში კაცი არ ჭაჭანებს. ერთმა ველოსიპედისტმა ჩაიარა მხოლოდ, წვერმოშვებულმა და თავგადახოტრილმა. სტერეოტიპულად საშიშმა. ნახე? თან რაღაცნაირად გამოგვხედა.

არც ის ვიცი, რა ენაზე უნდა ველაპარაკო. ალბათ, რუსულად. ვის? ნუ, ვინმეს, ვინც შეგვხვდება გზაზე, ბოლოს და ბოლოს.

− ხასო მექას მამა არ არის? მოიცა დავურეკავ, − ვეუბნები ბიჭებს.

მექა მიყვარს ძალიან! მექა ჩემიანია. მექასგან ვიცი, რაც ვიცი პანკისსა და ქისტებზე. მექა ხიდია ჩემთვის და კავშირი ამ სამყაროსთან, სადაც ბავშვობის მერე არ ამოვსულვარ.

ერთ დღეს იყო, თუ ერთ წელს, ეს მხარე ჩემთვის გაუცხოვდა. ჩემთვის და, რა ვიცი... ყველასთვის, ვისაც მაშინ ვიცნობდი. გახდა საშიში, მიუწვდომელი და იდუმალი. დასახლებული უცხო ხალხით, რომელიც მიყვარდა, მაგრამ არ ვიცნობდი.

ერთხელ მაინც ავედი. ნებართვით და საშვებით აღჭურვილი. ბევრი „ბლოკპოსტი“ გავიარე. ვნახე ტომრებით აშენებული საყუჩები და ამ ტომრების ზედა რიგზე შემოწყობილი ავტომატები. დურბინდით კაცებიც დავინახე, კბილებამდე შეიარაღებული. იარაღი ბევრი იყო, ოღონდ აღარ მახსოვს, ვის უღერებდნენ ამ იარაღს. მაშინ მომეჩვენა, რომ მე. თუმცა მითხრეს, „ჩვენიანები“ არიანო.

და ჩვენ მივატოვეთ პანკისი...

მექამ მაშინვე მიპასუხა. მითხრა: აბა, რა! ახლავე დავრეკავ და მიდი მამაჩემთანო. და მერე ვუთხარი, კიდევ ამასთან მინდა-მეთქი და ტელეფონი მომცა. და კიდევ ამასთან-მეთქი, და ისიც მომცა და თან დაურეკა, არ იუცხოოთ, რომ მოვლენო.

ახლა უკვე ვიცი, რომ შუაკაცობა საერთოდ არ მჭირდებოდა. ახლა, როცა პანკისური სახლების არაერთ ზღურბლს გადავაბიჯე. როცა ყველა ზღურბლს იქით გულწრფელობა, გახსნილი გული, სითბო და სიყვარული დამხვდა.

მაშინ კი... მაშინ უცხო მხარეში ჩავედი.

ხანგოშვილების სახლთან რომ მივედით, უკვე გველოდნენ. მაშინვე შეგვიპატიჟეს. ფეხზე რომ ვიხდიდით, უი, არაო, თქვენი წესი არ არის და არ შეწუხდეთო.

პატარა შვილიშვილი გამობანცალდა. და მერე − ძალიან ლამაზი და ტანადი ახალგაზრდა ქალი. თხელი და მაღალი, მოქნეული მიხრა-მოხრით. კოჭებამდე კაბა ეცვა, წელზე და თეძოზე რამდენჯერმე შემოხვეული წვრილი ქამრით. თან მთის სურნელის მომტანი იყო ეს სამოსი, და თან ისეთი, „პოდიუმური“.

...ხასო ხანგოშვილი წარმოსადეგი კაცია. ისედაც მაღალია და ფაფახი კიდევ უფრო მაღალს აჩენს. ჩემ თავს ზემოთ მხოლოდ ეს ქუდი და ღმერთიაო, მითხრა, როცა თავისუფლებაზე ვსაუბრობდით. თავისუფლებაზე ლაპარაკი ყველაზე მეტად უყვარს. ამიტომ ჩვენი სახელიც მოსწონს: „ჰოო... რადიო თავისუფლება...“

გზაში იმაზე რომ ვფიქრობდი, რა ენაზე მივმართო-მეთქი, სირცხვილით მოვკვდი: ხასო ხანგოშვილი გამორჩეულად დახვეწილი ქართულით საუბრობს.

ასე დაიწყო ჩვენი „აღმოჩენები“ პანკისის ხეობაში.

უხერხული აღმოჩენები: „რა კარგები ყოფილან!“ „რა ლამაზები ყოფილან!“, „რა ჭკვიანები, რა ზრდილობიანები!..“

ასე ვფიქრობდით ყოველ ნაბიჯზე, ყოველი შეხვედრის შემდეგ. და ამას წერდნენ მოგვიანებით ჩვენი პანკისური სიუჟეტების კომენტარებში ჩვენი მსმენელები და მაყურებლები...

და მით უმეტეს!

მათ მაღალი მთები და წარმტაცი ბუნება აქვთ, მაგრამ ვის ჰყოფნის ეს 21-ე საუკუნეში?

− საღამოს სად გადიხართ?

− არც არსად.

− კინო არის?

− არა.

− კლუბი? გართობა?

− არაფერი...

− სპორტული დარბაზები თუ გაქვთ?

− მხოლოდ დუისში.

არადა, ბიჭებს ძალა ერჩით...

„ქისტი მეომარია ბუნებით. მე მგონია, რომ რომანტიკული ოცნებებია მათი აქედან წასვლის მიზეზი“, − მითხრა ხასო ხანგოშვილმა.

...სულხან ბორძიკაშვილი ჟურნალისტია. სოფელ ჯოყოლოდან არის და ყველაზე კარგად იცის აქაური პრობლემებიც და ტკივილიც:

„აბა, როგორია პანკისში ახალგაზრდის ცხოვრება: დილით გამოდის, ლოცვა, ცოტა საოჯახო საქმე და მორჩა. მთელი დღე რა უნდა აკეთოს? ტელევიზორს უყუროს, რაც დიდად არც აინტერესებს, ან ინტერნეტში შევიდეს; ან კიდევ ბირჟაზე იჯდეს. ჰოდა, ადვილიც არის მერე მისი რაღაც საქმეში ჩათრევა.“

ან ბირჟა, ან ინტერნეტი. და ინტერნეტი რა − სრულიად კონკრეტულ საიტებს და კონკრეტულ მისამართებს აკითხავენ პანკისელი ბიჭები.

მთელი დღე აღმა-დაღმა რომ იარო დუისში, მხოლოდ თითო-ოროლა კაცს თუ გადაეყრები, ან წყვილ-წყვილად მიმავალ გოგოებს. მარტო არ დადიან. თავსაბურავი კი აქვთ შემოხვეული, მაგრამ ეგეც რაღაცნაირად კოპწიად.

სკოლა დამთავრდა და გავიხარეთ. გამოეფინენ ჭრელ-ჭრელ თავსაფრებში გახვეული გოგო-ბიჭები. კამერების წინ არ უცხოობენ, პირიქით, ერთმანეთს ასწრებენ, რომ შემოიჭყიტონ. სელფებიც მოსწონთ და გეხუტებიან კიდეც. პოზებსაც იღებენ და სიცილითაც კვდებიან...

ამ ბავშვებისთვის მინდა ყველაფერი! და არ ვიცი, ეს ყველაფერი როგორ უნდა მივცე. ნათელამ იცის. ნათელა გრიგალაშვილმა. მერამდენე თვეა, პანკისში ჩასახლდა და დარბიან აღმა-დაღმა მისი ფოტოაპარატიანი შეგირდები. იღებენ რაღაც სასწაულ ფოტოებს და დებენ მერე ფეისბუკზე...

ალბათ გზა ეს არის. და ამისთანა გზები... მაგრამ ნათელაც ჩემსავით ჩავიდა პანკისში შიშით და რიდით, და სურვილით. ახლა კი ნამდვილი პანკისელი გახდა.

გელა მთივლიშვილმაც იცის. ავიდა და ახლა სხვებიც მიჰყავს. და თუკი პანკისში ახლა ვინმეს წვრთნიან, ნამდვილად გელა წვრთნის − რადიორეპორტაჟების მომზადებაში.

მოკლედ, ბავშვები... მაგრამ ცოტა ხნით. რადგან გამოვიდნენ სკოლიდან, ირბინეს, იხარხარეს და წავიდნენ სახლებში. რომ შიგ შეიკეტონ, ისევ ჩართონ ტელევიზორი, „რომელიც დიდად არც აინტერესებთ“ და „შევიდნენ ინტერნეტში ან ბირჟაზე დასხდნენ“. და ისევ იმაზე ილაპარაკონ, ისევ იმ საიტებს მიაკითხონ... და იოცნებონ დიდებაზე და გამარჯვებებზე, იმაზე, თუ როგორ შეაყენებენ ყალყზე თეთრ რაშებს, როცა მტერს დაამარცხებენ. მტერი ვინ არის, არ იციან, მაგრამ ამას არცა აქვს მნიშვნელობა.

ცხენების ყალყზე შეყენება და ჯირითი კი ძალიან უყვართ. ჩვენი ჩასვლიდან მეორე დღეს დოღი იყო და ვნახეთ ეს სეირი. მაგარი იყო! მაგრამ, თურმე ესეც არ ხდება ხშირად.

კიდევ სად უნდა ნახო ახალგაზრდა პანკისელები?

− მალე ლოცვა დაიწყება და ტაძართან ნახავ.

ტაძარი ორია: ერთი ძალიან დიდი, მოვლილი და პრიალა. მეორე − ტრადიციული ისლამის მეჩეთი − ძველი და მოკრძალებული. პირველთან უამრავი ახალგაზრდა დგას, მეორესთან − ასაკოვან პანკისელთა რამდენიმე ჯგუფი. პირველის გუმბათებიდან ლოცვა ლამის მთელ პანკისში ისმის, მეორის ულამაზესი მინარეთი მორიდებულად დუმს.

− ხმის გამაძლიერებელი არა გვაქვს, − მეუბნება დუისის მეჩეთში ტრადიციული ისლამის იმამი. − რამდენი ხანია, ვიხვეწები, ვის არ მივმართე?! ვერაფერს გავხდი. ხმის გამაძლიერებელი გვინდა, რომ ჩვენი ხმა მივაწვდინოთ მრევლს.

ესეც პანკისურ აღმოჩენათა რიცხვში იყო. ესეც უხერხული და უმწეო სიტყვების საბაბი. რა გახდა ერთი ხმის გამაძლიერებელი პანკისის მეჩეთისთვის?! ან, იქნებ, ამასობაში აიტანეს. თუ ისევ დუმს პანკისში მშვიდობიანი და ტრადიციული მეჩეთის მინარეთი...

მერე უკვე სხვა ბევრი რეპორტაჟიც ვნახე, ძალიან კარგი და საინტერესო. და კიდევ მეტი ხმა შემოგვემატა, კიდევ მეტი გახელილი თვალი: „რა კარგები ყოფილან პანკისელები!“ „რა ლამაზები!“ „რა ჭკვიანები!“

და ჩვენ დავბრუნდით პანკისში. ვნახეთ ქისტები და ვნახეთ „ჩვენი ხალხი“. ნუთუ ამისთვის ამდენი ბიჭი უნდა გაგვქცეოდა დასაკარგავში?!

ღამე იყო, როცა წამოვედით. სამი დღე ვერაფერზე ვლაპარაკობდი, ვიჯექი და ვწერდი. უბრალოდ, ვწერდი. მეათასედიც არ შევიდა ჩვენს რეპორტაჟებში.

მაინც ვერასოდეს ვაპატიებ თავს, ამდენ ხანს რომ არ ავედი მექას ხეობაში. ამდენი ხანი რომ გავაცდინე უსიყვარულოდ...

ბლოგერები

ყველა ბლოგერი
XS
SM
MD
LG