ევროპის 500-მილიონიანი ბაზარი გარკვეული ქართული პროდუქციისთვის გახსნილია. ჩვენ დავინტერესდით, რა იციან კახეთში მწარმოებლებმა და ფერმერებმა იმისათვის, რომ ევროსტანდარტის მოთხოვნები დააკმაყოფილონ. რას აკეთებს სახელმწიფო და არის თუ არა მათი მუშაობა ეფექტური?
„ევროპა საქართველოსთვის“ - ამ სახელწოდების ვებგვერდი ჩვენს ქვეყანაში უკვე ორი წელია მუშაობს. როგორც საიტის წარმომადგენლები გვეუბნებიან, მათი მუშაობა მთლიანად შეეხება ევროპასთან გაფორმებულ ასოცირების შეთანხმებას და მის სავაჭრო კომპონენტს - ღრმა და ყოვლისმომცველ თავისუფალ სავაჭრო შეთანხმებას. მაია გაბულდიანი „იუჯორჯია ინფოს“ მკვლევარია. ჩვენ მას ვკითხეთ, რა იცის ფერმერებისა და მეწარმეების ინფორმირებულობაზე - აქვთ თუ არა მეწარმეებს ინფორმაცია იმ სტანდარტებისა და სხვა ასპექტების შესახებ, რომელსაც ევროპა ითხოვს საქართველოსა და ადგილობრივი მწარმოებლებისგან. მაია გაბულდიანის ინფორმაციით, მიუხედავად იმისა, რომ ასოცირების ხელშეკრულება, დაახლოებით, ორი წლის წინ გაფორმდა, ფერმერებს და მეწარმეებს სრულყოფილი ცნობები მაინც არ აქვთ:
„მეწარმეებმა არ იციან, სად უნდა ნახონ, სად წაიკითხონ ამ შეთანხმების შესახებ. არ იციან, სად წაიკითხონ იმ სტანდარტების თაობაზე, რასაც ეს შეთანხმება ავალდებულებთ ; თუნდაც იმის შესახებ, როგორ შეიძლება გაიტანონ საკუთარი პროდუქცია, სად არის ბაზრები და ასე შემდეგ. ამ ინფორმაციის დეფიციტი აშკარაა!“
ამ ეტაპზე რა პროდუქტიც მაქვს, ეს შეიძლება საქართველოს ერთ რაიონს არ ეყოს, მაგრამ ვფიქრობ, რომ მომავალში, გრანტის სახით თუ დახმარება იქნა, ორჯერ გავზარდო წარმოება. ევროპაში კი რა სტანდარტებია, ჯერჯერობით არ ვიცი და ჩემი შვილები გაერკვევიან ამ საკითხებში...ნოდარ დარეჯანაშვილი
სოფლის მეურნეობის სამინისტროს საინფორმაციო საკონსულტაციო ცენტრი თითქმის ყველა მუნიციპალიტეტში მუშაობს და მეწარმეთა და ფერმერთა ინფორმირება ევროკავშირის სტანდარტებსა და თანმდევ თემებზე სწორედ მათ ევალებათ. გელა ნატროშვილი ლაგოდეხში ამ სამსახურს ხელმძღვანელობს. ნატროშვილი გვეუბნება, რომ ისინი თითოეულ დასახლებულ პუნქტში მიდიან და ბეჭდურ და ელექტრონულ მასალებს ავრცელებენ. მისივე თქმით, დაინტერესება თავად მწარმოებლებისგანაც მოდის და კონკრეტულ ადგილებზე სწორედ მათი მოთხოვნით მიდიან:
„ჩვენ მიერ ხდება სოფლებში შეხვედრების ორგანიზება და ჩვენი ინიციატივით ხდება ასევე ბუკლეტების დარიგება. ამას აქვს მუდმივი ხასიათი“.
რადიო თავისუფლება: ლაგოდეხი არის ბოსტნეულის მწარმოებელი რაიონი ძირითადად და რა პროდუქტი შეიძლება გავიდეს?
„ჩვენგან შესაძლებელია ისეთი ჭარბი პროდუქციის გატანა, როგორიც არის, მაგალითად, კიტრი, პომიდორი. შეიძლება ნივრის წარმოება გავზარდოთ, რადგან მოთხოვნა არის ევროკავშირის ქვეყნებში ნიორზე. შეგვიძლია ასევე მრავალწლიანი კულტურებიდან ხურმის და თხილის გატანა“.
ჩვენ მიერ გამოკითხული მეწარმეები მეტ-ნაკლებად ინფორმირებულნი არიან ევროკავშირის სტანდარტებისა და მოთხოვნების თაობაზე. ლაგოდეხელ ნოდარ დარეჯანაშვილს უკვე რამდენიმე თვეა საკუთარ საკარმიდამო ნაკვეთში მარწყვი მოჰყავს. ამბობს, რომ თუ წარმოებას გააფართოებს და ის მომგებიანი იქნება, შემდეგ ევროპის ბაზარზეც იფიქრებს:
„ამ ეტაპზე რა პროდუქტიც მაქვს, ეს შეიძლება საქართველოს ერთ რაიონს არ ეყოს, მაგრამ ვფიქრობ, რომ მომავალში, გრანტის სახით თუ დახმარება იქნა, ორჯერ გავზარდო წარმოება. ევროპაში კი რა სტანდარტებია, ჯერჯერობით არ ვიცი და ჩემი შვილები გაერკვევიან ამ საკითხებში“.
საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების ხელშეკრულებას ხელი მოეწერა 2014 წლის შემოდგომაზე და ამოქმედდა ღრმა და ყოვლისმომცველი სავაჭრო ხელშეკრულება. ამ ხელშეკრულების ერთ-ერთი კომპონენტის მიხედვით, ქართულ ბიზნესს ევროკავშირის 500-მილიონიანი ბაზარი გაეხსნა.