სახელმწიფოს ინიციატივით, სოფლის მეურნეობის სფეროში ახალი პროექტი - „დანერგე მომავალი“ - იწყება. პროექტი სახელმწიფო თანადაფინანსების პრინციპით დაეხმარება მეწარმეებს ბაღების გაშენებისა და სანერგე მეურნეობის შექმნის ხარჯების დაფარვაში. პრემიერის განცხადებით, აღნიშნული პროექტი მნიშვნელოვანია ქვეყანაში სასოფლო-სამეურნეო მიწების მაქსიმალურად ათვისებისა და მიზნობრივად გამოყენებისთვის.
პროექტი ორ კომპონენტს მოიცავს: პირველი - ეს არის მრავალწიანი კულტურების - ბაღების - გაშენება, ხოლო მეორე - სანერგე მეურნეობების მოწყობა. პროექტის ფარგლებში მრავალწლიანი კულტურების ნერგების შეძენა დაშვებულია მხოლოდ კვალიფიციური სანერგე მეურნეობებისგან.
ბაღების კომპონენტის ფარგლებში, ფინანსური დახმარება ითვალისწინებს პოტენციური ბენეფიციარებისათვის მიზნობრივი ფულადი დახმარების გამოყოფას ნერგების შესაძენად, ასევე, თანამედროვე წვეთოვანი სარწყავი სისტემის მოსაწყობად. კერძოდ, დაფინანსდება შესაძენი ნერგების ღირებულების მაქსიმუმ 70%. როგორც ნერგების ადგილობრივ ბაზარზე შეძენისას, ასევე მათი იმპორტის შემთხვევაში, მაქსიმალური თანადაფინანსება, კულტურების მიხედვით, ერთ ნერგზე 3,5 ლარია. დაფინანსდება სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე წვეთოვანი სარწყავი სისტემის მოწყობა მისი ღირებულების მაქსიმუმ 50%-ით (დღგ-ის ჩათვლით), მაგრამ არა უმეტეს 2 500 ლარისა (დღგ-ის ჩათვლით) 1 ჰა-ზე.
პროექტში მონაწილეობით დაინტერესებულმა პირებმა და ინდმეწარმეებმა უნდა წარადგინონ წერილობითი განაცხადი, სადაც მოცემული იქნება შემდეგი სახის ინფორმაცია: დარგში მონაწილეობის ხანგრძლივობა, არსებული სანერგე მეურნეობის ფართობი, სანერგე მეურნეობაში გამოყვანილი ნერგების სახეობები, სანერგე მეურნეობის წარმადობა - ნერგი/წელიწადში (არანაკლებ 50 000 ნერგი წელიწადში), ნერგების არსებული ნაშთების რაოდენობა მრავალწლიანი კულტურების სახეობების მიხედვით.
მსოფლიო მასშტაბით ნერგების შესყიდვაზე სახელმწიფო სუბსიდირების მაგალითები მრავლად არის. მაგალითად, მაკედონიაში სერტიფიცირებულ უვირუსო ნერგების ადგილობრივი წარმოების სტიმულირებისათვის, მთავრობის ინიციატივით, მწარმოებლები, რომლებსაც მიწის ნაკვეთი რეგისტრირებული აქვთ, თითოეულ ძირ ნერგზე სუბსიდიას იღებენ. შედეგად, ამ ქვეყანაში შემცირდა ნერგების იმპორტი. სერბეთში, მრავალწლიანი ნარგავების ხელშეწყობის მიზნით, ხდებოდა ხეხილის ბაღების გაშენების სტიმულირება და ნერგების ხარჯის ანაზღაურება იმ პირობით, რომ ხეხილის ბაღის ფართობი დადგენილ ზღვარს აკმაყოფილებდა. ხორვატიაში სახელმწიფო მანდარინის მწარმოებლებს ეხმარება კაპიტალური ინვესტიციების განხორციელებაში, რაც გამოიხატება არა მხოლოდ აღჭურვილობის და მანქანა-დანადგარების გადაცემაში, არამედ ხეხილის ბაღების გაშენებასა და ნერგების თანადაფინანსებაში. აღმოსავლეთ ევროპის რიგ ქვეყნებში მევენახეებს ევროკავშირში გაწევრიანებისწინა დახმარების მიღება შეუძლიათ. ეს დახმარება მოიცავს ასევე ტრადიციული ჯიშების ხარისხიანი და უვირუსო ნერგებით ჩანაცვლებასაც.