12 აგვისტოს რუსეთში პატივს მიაგებენ 15 წლის წინ ატომურ წყალქვეშა ნავ „კურსკის“ კატასტროფის შედეგად დაღუპული მეზღვაურების ხსოვნას. მაშინ, წყალქვეშა ნავში მყოფი 118 ადამიანის გადასარჩენად ჩატარებული წარუმატებელი ოპერაციის შემდეგ, პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს ბევრი თანამემამულე აკრიტიკებდა. ახლა კი, 15 წლის შემდეგ, კრიტიკა გაცილებით შერბილებულია. რატომ დაიღუპა „კურსკი“ 2000 წლის 12 აგვისტოს და როგორი იყო და არის ამ ტრაგედიის მიმართ რუსეთის მოსახლეობის დამოკიდებულება?
15 წლის წინ რუსეთში ატომური წყალქვეშა ნავის, „კურსკის“, ჩაძირვა, რასაც 118 მეზღვაურის სიცოცხლე შეეწირა (იხ. ვიზუალიზაცია), პოლიტიკური კატასტროფით ემუქრებოდა პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს. მას პრეზიდენტობის სულ რამდენიმეთვიანი გამოცდილება ჰქონდა. წყალქვეშა ნავის ჩაძირვის შემდეგ, ბევრის აზრით, დაგვიანებით დაბრუნდა შვებულებიდან და როცა თანაგრძნობის გამოსახატად დაღუპულთა ახლობლებს მიმართა, მათი რისხვა დაატყდა თავს.
რუსეთში იცოდნენ, რომ მთავრობამ იყოყმანა, სანამ დასთანხმდებოდა დასავლეთიდან შეთავაზებულ დახმარებას 2000 წლის 12 აგვისტოს ბარენცის ზღვაში ჩაძირულ „კურსკში“ მყოფთა გადასარჩენად და დიდი იყო აღშფოთება, როცა გაირკვა, რომ დაიღუპა 118-ვე მეზღვაური. როგორც მაშინ აჩვენა კვლევითი ორგანიზაცია „ლევადა-ცენტრის“ მიერ ჩატარებულმა გამოკითხვამ, რუსეთში კვლევაში მონაწილეების 72 % ფიქრობდა, რომ ხელისუფლებას არ მიუმართავს თავის ხელთ არსებული ყველა ზომისათვის განსაცდელში ჩავარდნილი ადამიანების გადასარჩენად.
თუმცა, გავიდა 15 წელი და, იმავე „ლევადა-ცენტრის“ გამოკვლევის შედეგად ვიგებთ შემდეგს: გამოკითხულთა სულ 35%-ს მიაჩნია, რომ ხელისუფლებას არ მიუმართავს ყველა ზომისათვის მეზღვაურების გადასარჩენად. ამას გარდა, გამოკითხულების 40% აქტიურად ემხრობა „კურსკის“ ჩაძირვაზე ხელისუფლების რეაქციას - ნაბიჯებს, რომლებიც 15 წლის წინ დიდ უმრავლესობას მიაჩნდა არაეფექტიანად და გაუმართლებლად. მაშინ ხელისუფლების რეაქციას ემხრობოდა გამოკითხულთა სულ 23%, ახლა კი, როგორც ითქვა, 40%.
„ლევადა-ცენტრის“ დირექტორი, სოციოლოგი ლევ გუდკოვი კრემლის მიმართ კრიტიკის შესუსტების მიზეზს ხედავს სახელმწიფო ტელევიზიის პროპაგანდაში და მის ორ ასპექტს გამოყოფს. ერთია პროპაგანდა ინერციით.
„არ არსებობს არანაირი სტრუქტურები, რომლებიც მუდმივად შეახსენებდა ადამიანებს ამის შესახებ და ბიძგს მისცემდა საზოგადოებრივ დისკუსიას ხელისუფლების პასუხისმგებლობაზე - არა მარტო „კურსკის“ დაღუპვის გამო, არამედ სხვა მსგავს მოვლენებზე: ხელისუფლების მოქმედებაზე ბესლანში, დუბროვკასთან მიმართებით და სხვა ასეთ ტრაგიკულ და კატასტროფულ მოვლენებზე“, - განმარტავს გუდკოვი.
სხვაგვარად რომ ვთქვათ, ხალხისთვის აქტუალობას კარგავს ხელისუფლების თუნდაც კატასტროფული შეცდომა ან დანაშაული, რადგან მასზე აღარავინ ლაპარაკობს. გუდკოვს არგუმენტად მოჰყავს ის გარემოება, რომ მნიშვნელოვნად არის გაზრდილი ადამიანების რიცხვი (განსაკუთრებით ახალგაზრდების), ვინც ამბობს, რომ გაუჭირდება პასუხი გასცეს „კურსკის“ კატასტროფაზე დასმულ შეკითხვას. წელს ასეთი პასუხი მოისმინეს გამოკითხულთა 26 %-ისგან. 15 წლის წინ ეს მაჩვენებელი სულ 6 % იყო.
რუსეთის მთავარი ტელეარხები ერთგულად მისდევენ კრემლის კურსს. 2000 წელს კი მედიალანდშაფტი მრავალფეროვანი იყო და, მაგალითად, ტელეკომპანია NTV ხშირად უტევდა კრემლს კრიტიკული სიუჟეტებით. პრეზიდენტის რანგში პუტინის პირველივე მთავარ ნაბიჯებს სწორედ ტელევიზიებზე კონტროლის დამყარება მიეკუთვნებოდა. მაგრამ ეს პროცესი ჯერ არ იყო მისული პროპაგანდის სატელევიზიო მანქანის შექმნამდე, როცა კურსკის ტრაგედია დატრიალდა.
2000 წლის აგვისტოში ატომური წყალქვეშა ნავი „კურსკი“ რუსეთის ჩრდილოეთის ფლოტის 30 ხომალდთან ერთად მონაწილეობდა ბარენცის ზღვაში მიმდინარე სწავლებებში, როცა 12 აგვისტოს ნავშივე აფეთქდა ერთ-ერთი ტორპედო. რუსეთის სამხედრო წარმომადგენლებმა „კურსკი“ 11 საათის შემდეგ გამოაცხადეს დაკარგულად, როცა ნავიდან რუტინული სიგნალი არ მიიღეს.
ეს არის პროპაგანდის ამჟამინდელი ტალღა, რომელიც ხელისუფლებას ხსნის პასუხისმგებლობას ყველანაირ დანაშაულსა და საძაგლობაზე. ხელისუფლებამ ძალიან ასიამოვნა მასობრივ ცნობიერებას, მისთვის არასრულფასოვნების კომპლექსის, დამარცხებულის შეგრძნების ჩამოცილებით - ეს მოხდა ჯერ კიდევ ყირიმის ანექსიით...ლევ გუდკოვი
ყოყმანის შემდეგ მოსკოვი დასთანხმდა ბრიტანეთისა და ნორვეგიის მიერ შეთავაზებულ დახმარებას. ამ ქვეყნებიდან გაგზავნილი ექსპერტები რუს კოლეგებთან ერთად ჩაერთნენ სამაშველო ოპერაციაში. მაგრამ „კურსკის“ ჩაძირვიდან უკვე დღეები იყო გასული. მაშველებმა ვეღარავინ გადაარჩინეს.
რუსეთის მედიას აღშფოთების ტალღამ გადაუარა: ხელისუფლებას მკაცრად აკრიტიკებდნენ დასავლეთიდან დახმარების მიღების დაყოვნებისათვის.
ამას დაემატა თავად პუტინის რეაქციის დაგვიანება. პრეზიდენტი შვებულებაში იყო და „კურსკის“ კატასტროფიდან მხოლოდ 10 დღის შემდეგ ჩავიდა მურმანსკის ოლქში მდებარე ვიდიაევოს სამხედრო-საზღვაო ბაზაზე, რათა ნუგეში ეცა დაღუპული მეზღვაურების ახლობლებისთვის.
მას შემდეგ, 15 წელიწადში, რუსეთში ბევრი რამ შეიცვალა - შეიცვალა მოსახლეობის დიდი ნაწილის დამოკიდებულება კრემლის მიმართ. მიზეზებზე საუბრისას, ლევადა-ცენტრის დირექტორი ლევ გუდკოვი ასახელებს პატრიოტულ ბუმს, რომელიც ყირიმის ანექსიას მოჰყვა, ტელევიზიაში მძაფრი ანტიდასავლური პროპაგანდის ფონზე.
“ეს არის პროპაგანდის ამჟამინდელი ტალღა, რომელიც ხელისუფლებას ხსნის პასუხისმგებლობას ყველანაირ დანაშაულსა და საძაგლობაზე. ხელისუფლებამ ძალიან ასიამოვნა მასობრივ ცნობიერებას, მისთვის არასრულფასოვნების კომპლექსის, დამარცხებულის შეგრძნების ჩამოცილებით - ეს მოხდა ჯერ კიდევ ყირიმის ანექსიით. ამიტომ, მიუხედავად იმისა, რომ ხელისუფლებას კვლავაც მიიჩნევენ მაფიურად, არაკომპეტენტურად, უბრალო ხალხის ინტერესების უგულებელმყოფად - ამის მიუხედავად, პატრიოტიზმის ეს ამოფრქვევა და პროპაგანდა, რომელიც უკვე წელიწადნახევარია გრძელდება, კონფორმისტულად განწყობილი ადამიანების მნიშვნელოვან ნაწილს აიძულებს თავი შეიკავონ ნეგატიური შეფასებებისაგან“, - აღნიშნავს რუსი სოციოლოგი.