Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მასალები და შეკითხვები მოწმე თათუხაშვილის გარდაცვალების ფაქტის გარშემო


საქართველოს პარლამენტის შენობა ქუთაისში
საქართველოს პარლამენტის შენობა ქუთაისში
3 აპრილს ხმაურიანი კამათისა და მწვავე დაპირისპირების გამო ჩაიშალა ადამიანის უფლებათა დაცვის საპარლამენტო კომიტეტის სხდომა, სადაც შალვა თათუხაშვილის გარდაცვალების საქმესთან დაკავშირებით საგანგებოდ იყო მიწვეული მთავარი პროკურორის პირველი მოადგილე ირაკლი შოთაძე. საპარლამენტო ოპოზიციამ ის საზოგადოების შეცდომაში შეყვანაში დაადანაშაულა. უპასუხოდ დარჩა ბევრი შეკითხვა, რომლებიც მთავარი პროკურატურის მიერ 2 აპრილის ღამით გამოქვეყნებულ საგამოძიებო შუალედურ მასალებს უკავშირდებოდა.

მთავარი პროკურატურის მიერ გამოქვეყნებული ტექსტური თუ ვიდეომასალების თანახმად, კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის ყოფილმა თანამშრომელმა შალვა თათუხაშვილმა 24 თებერვალს, თბილისის პროკურატურაში 5-საათიანი დაკითხვის დროს, ორი ადვოკატის თანდასწრებით ”წვრილად აღწერა ე.წ. „ნავთლუღის სპეცოპერაციის“ ჩატარების დეტალები და კონსტიტუციური უსაფრთხოების ყოფილი დირექტორი დათა ახალაია მძიმე დანაშაულში ამხილა”. კერძოდ, მოწმე საუბრობდა 3 უიარაღო პირის ალყაში მოქცევასა და ყოველგვარი გაფრთხილების გარეშე მათი მისამართით სროლაზე, რასაც ის თავად ”კედელთან მიყენებასა” და ”დახვრეტას” უწოდებს. ამავე მასალების მიხედვით, სპეცოპერაციას თავად დათა ახალაია ხელმძღვანელობდა. აქვე მოწმე იმასაც ამბობს, რომ ოდნავ მოგვიანებით დათა ახალაიამ ერთ-ერთი პირის მისამართით ”მოახდინა საკონტროლო გასროლა”, ასევე მოიქცა სპეცოპერაციაში მონაწილე კიდევ ერთი პირი და რომ შემდეგ გვამებს იარაღიც დაუწყვეს.

მთავარი პროკურატურის ინფორმაციით, რაც პროკურორის პირველმა მოადგილემ ირაკლი შოთაძემ 3 აპრილს პარლამენტის საკომიტეტო მოსმენაზეც აღნიშნა, 24 თებერვალს, ჩვენების მიცემის შემდეგ, შალვა თათუხაშვილმა მოითხოვა მოწმეთა დაცვის პროგრამაში ჩართვა, რის საფუძველზეც მას დაენიშნა დაცვა და გადაყვანილ იქნა კონსპირაციულ ბინაში.

”მან ამ კონსპირაციულ ბინაში გაატარა მხოლოდ ერთი ღამე, კონკრეტულად - 24 თებერვლის ღამე. 25 თებერვალს კი მან თავის დაცვის თანამშრომლებს სთხოვა, რომ იგი მიეყვანათ საკუთარ სახლში, საცხოვრებელ სახლში, სადაც მას უნდოდა პირადი ნივთების აღება. დაცვის თანამშრომლები, რა თქმა უნდა, ემორჩილებიან დასაცავი პირის გარკვეულ ბრძანებებს და, შესაბამისად, მოხდა მისი გადაყვანა შალვა თათუხაშვილის საცხოვრებელ ბინაში, სადაც იგი შევიდა და გაიქცა ფანჯრიდან”, - აღნიშნა შოთაძემ საკომიტეტო მოსმენაზე.

სწორედ ნახსენებ ”ფანჯარას” უკავშირდება ძირითადი შეკითხვა, რომელიც ირაკლი შოთაძეს 3 აპრილის საკომიტეტო მოსმენაზე უმცირესობის წარმომადგენელმა დეპუტატმა ირმა ნადირაშვილმა დაუსვა. დეპუტატი დარწმუნებით აცხადებს, რომ მოწმე თათუხაშვილი ფანჯრიდან ვერ გადაძვრებოდა:

”ამ სახლში არც ერთი ფანჯარა არ არის უძრავი გისოსების გარეშე. მე მაინტერესებს, კონკრეტულად მითხრათ, რომელი ფანჯრიდან გადაიპარა”.

დეპუტატ ნადირაშვილს მთავარი პროკურორის პირველმა მოადგილემ უპასუხა, რომ ფანჯრებთან დაკავშირებით გამოძიებას არ უმუშავია და რომ საგამოძიებო მასალებში ასახული ინფორმაცია თავად მოწმე თათუხაშვილისგან იყო მიღებული და მისი ოჯახის წევრებიც იმასვე აცხადებდნენ კომენტარებში.

ასეა თუ ისე, 25 თებერვალს შალვა თათუხაშვილი დაცვის წარმომადგენლებს გაექცა და, როგორც ის თავად აცხადებს მთავარი პროკურატურის მიერ გავრცელებულ ვიდეოჩანაწერში, გაქცევის მიზეზი შიში იყო. ამ ჩანაწერში თათუხაშვილი აცხადებს, რომ პროკურატურის მხრიდან მის მიმართ არანაირი ძალადობა არ განხორციელებულა, რომ, პირიქით, სამართალდამცველებმა მას დაცვა შესთავაზეს, მაგრამ მან მაინც გაქცევა გადაწყვიტა. მის მონათხრობში ნახსენები არ არის ფანჯარა:

”ჩემი შიშიდან გამომდინარე, - როგორც ყველამ ვიცით, ახალაიები რა და როგორი ხალხიც არიან, - მე მოვითხოვე პროკურატურისგან დაცვა, მოვითხოვე კონკრეტული დაცვა, რომ ჩემი პირადი სიცოცხლისთვის არაფერი დაეშავებინათ. მაგისდა მიხედვით, მე წამიყვანეს, ჩემს ადვოკატებთან ერთად ჩავედი, იმ დაცვამ მიმიყვანა სახლში... ეგ მეორე დღეს ხდება. სახლში რომ მივედი, მერე მე მაინც შემეშინდა და უცბად ტანსაცმელი გამოვიცვალე და გავიქეცი სახლიდან, იმიტომ რომ მაგათ ხელში ჩემი მტერი ჩავარდეს”.

ამ აუდიომასალაში მოწმე თათუხაშვილი არაფერს ამბობს, თუ სად იმალებოდა ის 25 თებერვლიდან 18 მარტამდე, როდესაც, პროკურატურის ინფორმაციით, ის ”ღამის კლუბის” დაცვის თანამშრომლის შეტყობინების საფუძველზე იქნა აღმოჩენილი. ”18 მარტს ისანი-სამგორის პოლიციაში ლილოს მიმდებარე ტერიტორიაზე არსებულ ღამის კლუბიდან შევიდა შეტყობინება, რომ ორი ნასვამი ახალგაზრდა არაადეკვატურად იქცეოდა და პერსონალს აწუხებდა. ერთ-ერთი პირი, რომელიც ადგილზე მისულ რაიონულ პოლიციას დახვდა, სწორედ შალვა თათუხაშვილი აღმოჩნდა. როგორც გაირკვა, მოწმე თათუხაშვილი მეგობარ და თანასოფლელ გიორგი ა-სთან ერთად ტაქსით გამთენიისას, 18 მარტს, ღამის გასართობ დაწესებულებაში მივიდა, რასაც ახლომდებარე შენობის ვიდეოთვალიდან ამოღებული ფირიც ადასტურებს. მას შემდეგ, რაც პოლიციამ გაარკვია, რომ შალვა თათუხაშვილი მოწმეთა დაცვის პროგრამაში იყო ჩართული, ის დაუყოვნებლივ ქალაქის პროკურატურაში გადაიყვანეს”, - ვკითხულობთ 2 აპრილს გამოქვეყნებულ განცხადებაში. მთავარი პროკურატურის ინფორმაციით, შალვა თათუხაშვილმა დაკითხვისას განაცხადა, რომ, ახალაიების ოჯახის ანგარიშსწორების შიშით, ის ტყეში იმალებოდა.

3 აპრილის საკომიტეტო მოსმენაზე გაირკვა, რომ გამოძიება არ დაინტერესებულა, თუ კონკრეტულად სად იმალებოდა გაქცეული მოწმე და რომ არა შეტყობინება ”ღამის კლუბიდან”, გამოდის, რომ, შესაძლოა, ის ვერც ეპოვნათ. პროკურატურის გულგრილობა დაკარგული მოწმის მიმართ ძალიან აკვირვებს საპარლამენტო უმცირესობის წარმომადგენელს პავლე კუბლაშვილს:

”როგორ შეიძლება, თქვენ, თუ გქონდათ ამ ადამიანისგან ხელმოწერილი წერილი, რომ მას ემუქრება საფრთხე, არც ერთი ღონისძიება არ გაგეტარებინათ იმისთვის, რომ გეპოვათ ეს ადამიანი. არ იცოდით, სად იყო. და აქ რაღაც გაურკვევლობას წერთ ოქმში, რომ ვინაიდან ის გაიპარა, ეს ნიშნავს, რომ უარი თქვა დაცვაზეო... იქნება კი არ გაიპარა, იქნებ მოიტაცეს ვიღაცა ცუდმა ბიძიებმა?!”

პავლე კუბლაშვილის ამ შეკითხვის მსგავსად, 3 აპრილის საკომიტეტო მოსმენაზე უპასუხოდ დარჩა სხვა არაერთი შეკითხვა. სხდომის მასპინძელმა, ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელიამ და მისმა მოადგილემ გედევან ფოფხაძემ დამსწრეთა დამშვიდება ვერ მოახერხეს და ვერც სხდომის შეწყვეტის მუქარით შეაშინეს ისინი.

საპარლამენტო კომიტეტის სხდომა მალე, მართლაც, შეწყდა ისე, რომ ოდნავადაც კი ვერ მოეფინა ნათელი ბოლო კვირების ერთ-ერთი ყველაზე ხმაურიანი საქმის დეტალებს. საპარლამენტო პოლიტიკური ძალები თავ-თავიანთ პოზიციებზე დარჩნენ. მთავარი პროკურორის პირველმა მოადგილემ, რომელიც განმარტებებისთვის საგანგებოდ ჩავიდა თბილისიდან ქუთაისში, საქმის დეტალებით დაინტერესებული დეპუტატები ახლა უკვე თავისთან, თბილისში, მიიწვია.

გავრცელებული ინფორმაციით, შალვა თათუხაშვილი 24 მარტს გარდაიცვალა. პროკურატურის მასალებში ვკითხულობთ, რომ 20 მარტს მას ”ისევ ქუჩის ვიდეოთვალი აფიქსირებს ლილოს მიმდებარე ტერიტორიაზე არსებულ უკვე ჩვენ მიერ ხსენებულ ღამის გასართობ დაწესებულებასთან, რაც ასევე დასტურდება მოწმეთა ჩვენებებით”. 21 მარტს კი, ამავე წყაროს ცნობით, ”შალვა თათუხაშვილი მიდის თელეთის პოლიციის რაიონულ განყოფილებაში და აცხადებს, რომ დაკარგა ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანის მოწმობა, რასაც ადასტურებს თათუხაშვილის მიერ დაწერილი განცხადებაც”.

ოჯახი და მისი ადვოკატი დარწმუნებული არიან, რომ შალვა თათუხაშვილი სამართალდამცველებს ჰყავდათ გატაცებული და ჩვენებებიც ზეწოლის შედეგად მიაცემინეს. ამასვე აცხადებენ ახალაიების ოჯახისა და ”ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენლები. ოჯახი გარდაცვლილის სხეულზე აღნიშნულ ძალადობის კვალზე ლაპარაკობს და უნდობლობას უცხადებს მიმდინარე გამოძიებას.

მთავარი პროკურატურა უარს არ ამბობს ოჯახის მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე, - საგამოძიებო პროცესში უცხოელი ექსპერტების ჩართვაზე, - მაგრამ ასეთ შესაძლებლობას მხოლოდ მას შემდეგ ხედავს, რაც გამოქვეყნდება ექსპერტიზის დასკვნები და მთავარი პროკურატურის გენინსპექციაც დაასრულებს გამოძიებას.

თუმცა, როგორც „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ წარმომადგენელმა მიხეილ ღოღაძემ უთხრა რამდენიმე დღის წინ რადიო თავისუფლებას, ”მხოლოდ გენინსპექციის მიერ ჩატარებული მოკვლევა ან შემოწმება არის არათანაზომიერი. კანონმდებლობაში პირდაპირ მითითებულია, რომ თუ არსებობს ინფორმაცია, რომელიც შეიცავს დანაშაულის ნიშნებს, ამ შემთხვევაში ორგანოები ვალდებული არიან დაიწყონ გამოძიება. სწორედ გამოძიებამ უნდა დაადგინოს, რეალურად რა მოხდა“.
  • 16x9 Image

    ლელა კუნჭულია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი. ძირითადად მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებს. მუშაობდა პრაღაში, რადიო თავისუფლების სათავო ოფისში. სხვადასხვა დროს მიჰყავდა გადაცემები. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში დოკუმენტური ფილმისთვის "პანკისის სტიგმა".  რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2000 წლიდან.

XS
SM
MD
LG