საქართველოს მთავარმა პროკურატურამ „მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე“ საჯარო გახადა შალვა თათუხაშვილის გარდაცვალების მიზეზების დასადგენად მიმდინარე გამოძიების საქმეში არსებული გარემოებები. პროკურატურა აცხადებს, რომ ამ საქმესთან დაკავშირებით მის მიმართ უსაფუძვლო და ცილისმწამებლური განცხადებები კეთდება პოლიტიკური ოპოზიციის მხრიდან. პროკურატურის თანახმად, თათუხაშვილი 2014 წლის 24 თებერვალს მოწმის სახით დაიბარეს ე.წ „ნავთლუღის სპეცოპერაციის“ საქმეზე, ვინაიდან იმ დროისთვის მას შს კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის აქტიურ ღონისძიებათა სამმართველოს (სპეცრაზმი) უფროსის ყოფილი მოადგილის თანამდებობა ეკავა. „იმავე დღეს, შალვა თათუხაშვილი ორ ადვოკატთან, ძმასთან და მეგობართან ერთად გამოცხადდა თბილისის პროკურატურაში. ის, რომ მოწმე თათუხაშვილი არ იმყოფებოდა მარტო და საკუთარი ნებით მივიდა თბილისის პროკურატურაში, დასტურდება შენობის ვიდეოთვალიდან ამოღებული ფირებით. დაკითხვა 5 საათის განმავლობაში მიმდინარეობდა, სადაც ორი ადვოკატის თანდასწრებით თათუხაშვილმა წვრილად აღწერა ე.წ. „ნავთლუღის სპეცოპერაციის“ ჩატარების დეტალები და კონსტიტუციური უსაფრთხოების ყოფილი დირექტორი დათა ახალაია მძიმე დანაშაულში ამხილა“ - ვკითხულობთ ტექსტში. შემდეგ პროკურატურა მომდევნო დღეებში განვითარებულ მოვლენებს აღწერს და აღნიშნავს, რომ ერთ-ერთ ეპიზოდში, თათუხაშვილი აცხადებდა, რომ ახალაიების ოჯახის მხრიდან მოსალოდნელი ანგარიშსწორების შიშით ტყეში იმალებოდა. დათა ახალაიას საქმის მოწმე თათუხაშვილი გასულ კვირაში გარდაიცვალა. მისი ოჯახის წევრები პასუხისმგებლობას პროკურატურას აკისრებენ.
ყველაზე პოპულარული
1