Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

იანუკოვიჩი აპირებს, იბრძოლოს „უკრაინის მომავლისათვის“


ვიქტორ იანუკოვიჩი 28 თებერვალს, დონის როსტოვში გამართულ პრესკონფერენციაზე
ვიქტორ იანუკოვიჩი 28 თებერვალს, დონის როსტოვში გამართულ პრესკონფერენციაზე
უკრაინის ჩამოგდებული პრეზიდენტი ვიქტორ იანუკოვიჩი აცხადებს, რომ აპირებს, გააგრძელოს „ბრძოლა უკრაინის მომავლისათვის“ იმ ძალების წინააღმდეგ, რომლებიც, იანუკოვიჩის სიტყვებით, დაშინებითა და ტერორით ცდილობენ ქვეყანაზე კონტროლის დამყარებას. ეს განცხადება იანუკოვიჩმა გააკეთა თავის პირველ საჯარო გამოსვლაზე მას შემდეგ, რაც უკრაინიდან გაიქცა და პარლამენტმა შაბათს, 22 თებერვალს, გადააყენა პრეზიდენტის პოსტიდან. ამის შემდეგ იანუკოვიჩის ადგილსამყოფელი გასაიდუმლოებული რჩებოდა. რუსეთის ქალაქ დონის როსტოვში, პარასკევს გამართულ პრესკონფერენციაზე, რომელმაც საათზე მეტს გასტანა, იანუკოვიჩმა დარბაზში შეკრებილ მრავალრიცხოვან ჟურნალისტებს უთხრა, რომ ის არავის გადაუყენებია და უკრაინიდან მხოლოდ იმიტომ გაიქცა, რომ მის სიცოცხლეს საფრთხე ემუქრებოდა.

„როგორც იცით, უკრაინაში ძალაუფლება ხელთ იგდეს ნაციონალისტმა, პროფაშისტურმა ‘მოლოდჩიკებმა’, რომლებიც წარმოადგენენ უკრაინის მოსახლეობის აბსოლუტურ უმცირესობას. არსებული ვითარებიდან გამოსავალია იმ ყველაფრის შესრულება, რაც განისაზღვრა უკრაინის პრეზიდენტსა და ოპოზიციას შორის მიღწეული შეთანხმებით - საფრანგეთის, გერმანიისა და პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრების, ასევე რუსეთის ფედერაციის წარმომადგენლის მონაწილეობით“. იანუკოვიჩის ეს განცხადება მიანიშნებს კიევში 21 თებერვალს ხელმოწერილ გეგმაზე, რომელიც ითვალისწინებდა უკრაინაში ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარებას მიმდინარე წლის დეკემბერში, 2004 წლის კონსტიტუციის აღდგენას, საპრეზიდენტო ძალაუფლების შეკვეცასა და ეროვნული თანხმობის მთავრობის ჩამოყალიბებას. ამ შეთანხმების ხელმოწერის შემდეგ იანუკოვიჩი მალევე გაიქცა კიევიდან.

როსტოვში გამართულ პრესკონფერენციაზე იანუკოვიჩის მკაცრი კრიტიკა იყო მიმართული დასავლეთის წინააღმდეგ. მისი თქმით, უკრაინას გაუჭირდება, თავი დააღწიოს კრიზისს, რომელიც შედეგად მოჰყვა დასავლეთის უპასუხისმგებლო პოლიტიკას: დასავლეთი, იანუკოვიჩის თქმით, ხელს უწყობდა მაიდანს.

საყურადღებოა, რომ იანუკოვიჩმა ბოდიში მოუხადა უკრაინელებს იმისთვის, რომ, როგორც პრეზიდენტმა, ვერ შეძლო სტაბილურობის უზრუნველყოფა, და განაცხადა, რომ არავის სთხოვს სამხედრო მხარდაჭერას.

„ასეთ ვითარებაში დაუშვებელია ნებისმიერი სამხედრო მოქმედება და მე არ ვაპირებ, ვინმეს მივმართო სამხედრო მხარდაჭერის თხოვნით. მიმაჩნია, რომ უკრაინა უნდა დარჩეს ერთიანი და განუყოფელი“, განაცხადა იანუკოვიჩმა, რომელიც მხოლოდ მაშინ აპირებს სამშობლოში დაბრუნებას, როცა უსაფრთხოების გარანტიას მიიღებს.
XS
SM
MD
LG