Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

იანუკოვიჩი მოსკოვის იმედადაა


"იანუკოვიჩი გარბის" (სერბი კარიკატურისტის, კორაქსის ნახატი).
"იანუკოვიჩი გარბის" (სერბი კარიკატურისტის, კორაქსის ნახატი).
უკრაინის ჩამოგდებული პრეზიდენტი ვიქტორ იანუკოვიჩი უკრაინელებისადმი წერილობით მიმართვაში აცხადებს, რომ თავს კვლავინდებურად მიიჩნევს კანონიერად არჩეულ პრეზიდენტად და რუსეთის ხელისუფლებას სთხოვს დაცვას „ექსტრემისტების“ ქმედებებისაგან.

რუსეთის საინფორმაციო სააგენტოებით გავრცელებულ მიმართვაში, იანუკოვიჩი „უკანონოს“ უწოდებს უკრაინის პარლამენტის მიერ მიღებულ ზომებს. მისივე თქმით, უკრაინის სამხრეთ-აღმოსავლეთი და სამხრეთი რეგიონები არ შეურიგდებიან „უკანონობას“, როცა „მინისტრებს მოედანზე შეკრებილი ბრბო ირჩევს“.

უკრაინის პარლამენტმა შაბათს გადააყენა იანუკოვიჩი სამთვიანი საპროტესტო აქციებისა და მსხვერპლით დასრულებული დაპირისპირების შემდეგ. რუსეთის საინფორმაციო სააგენტოების ცნობით, რუსმა ოფიციალურმა პირმა, რომლის ვინაობასაც არ ამხელენ, განაცხადა, რომ მოსკოვი დათანხმდა თავის ტერიტორიაზე იანუკოვიჩის უსაფრთხოების უზრუნველყოფას.

რუსეთის მედია იუწყება, აგრეთვე, რომ იანუკოვიჩი იმყოფება მოსკოვის მახლობლად, ბარვიხის სანატორიუმში. თუმცა, ეს ცნობა უარყვეს რუსმა ოფიციალურმა პირებმა.

უკრაინის პრეზიდენტის მოვალეობას ასრულებს ალექსანდრ ტურჩინოვი. დღეს მან მოსახლეობას სიმშვიდისაკენ მოუწოდა - მას შემდეგ, რაც შეიარაღებული პირების ჯგუფმა ყირიმში კონტროლი დაამყარა და რუსეთის დროშები აღმართა ადგილობრივი მთავრობისა და პარლამენტის შენობებზე. ტურჩინოვმა შენობების დაკავებაში დაადანაშაულა „სამხედრო ფორმებში ჩაცმული კრიმინალური ელემენტები“. მანვე რუსეთს მოუწოდა, არ განახორციელოს „სამხედრო აგრესია“ ყირიმში.
XS
SM
MD
LG