Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დუგინის მუქარა: ან ევრაზიული კავშირი, ან არსებული საზღვრების გადახედვა


გორში კოალიციამ „ევრაზიული არჩევანი – საქართველო“ მრგვალი მაგიდა გამართა. საუბრის მთავარი თემა იყო „ევრაზიული კავშირი – გზა ქართულ-ოსური კონფლიქტის მოგვარებისკენ“. დასაწყისშივე დიალოგის მონაწილეებს სკაიპის მეშვეობით ევრაზიული მოძრაობის ლიდერი ალექსანდრ დუგინი ჩაერთო და ბევრ მათგანს იმედი თავიდანვე გაუცრუა. მისი თქმით, საქართველოს დღეს არსებული საზღვრებიც კითხვის ნიშნის ქვეშ დადგება, თუ დასავლური კურსი გაგრძელდება.

რაც შეეხება კონფლიქტების მოგვარებას, დუგინის აზრით, რუსეთი სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის დამოუკიდებლობის აღიარებას უკან არ წაიღებს, მაგრამ თუ საქართველო, აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი, როგორც დამოუკიდებელი სუბიექტები, ევრაზიულ კავშირში გაერთიანდებიან, მაშინ მათ შორის რუსების მიერ გაბმული მავთულხლართები თურმე გამჭვირვალე გახდება და ასე გადაიჭრება პრობლემები.

დუგინის გამოსვლამ სოფელ ერგნეთის მცხოვრების, ლია ჩლაჩიძის, აღშფოთება გამოიწვია. მისი აზრით, კრემლის იდეოლოგი, რომელიც მუქარის ტონით გვესაუბრება, არ ცვლის იმ დამპყრობლურ პოლიტიკას, რომელიც რუსეთს მუდმივად ჰქონდა. მისი თქმით, ახლა რასაც რუსეთი ეგრეთ წოდებულ საზღვრებთან აკეთებს, არის შანტაჟის პოლიტიკა, რათა საქართველო ევრაზიულ კავშირში ინტეგრაციაზე დათანხმდეს.

„ერეკლე მეორის“ საზოგადოების თავმჯდომარე არჩილ ჭყოიძე ახალი რეფერენდუმის იდეით გამოდის. მისი აზრით, საქართველოს მოსახლეობამ უნდა გადაწყვიტოს, ევრაზიული გზა უნდა თუ ევროპული.

რადიო თავისუფლების კითხვაზე, რა ღირებულებებს ეფუძნება ევრაზიული კავშირი, როცა რუსეთში ირღვევა ადამიანის უფლებები, მედია და სასამართლო არ არის თავისუფალი პოლიტიკური გავლენისგან და დემოკრატიული ფასეულობები ფეხქვეშ ითელება, დუგინი პასუხობს, მართლმადიდებლური ღირებულებები და ადამიანის უფლებები შეუთავსებელია, რადგან იგი კაპიტალისტურ- ბურჟუაზიული საზოგადოების მოგონილიაო.

გაზეთ „სვობოდნაია გრუზიას“ რედაქტორის ტატო ლასხიშვილის აზრით, დუგინის გამოსვლიდან ბევრი რამ მიუღებელია, მაგრამ მაინც აუცილებელია საუბარი გაგრძელდეს.

რეალობას მოწყვეტილი პროექტი – ასეთი შეფასება გააკეთა შეხვედრის შემდეგ პოლიტოლოგმა პეტრე მამრაძემ. მისი აზრით, ვერც ევრაზიული კავშირი წყვეტს საქართველოს ტერიტორიულ პრობლემებს.

დუგინის ტონმა და მუქარამ მისი იდეის მომხრეებსაც კი შეუცვალა აზრი. ევრაზიული კავშირის იდეის ავტორი, რომელიც არ ცნობს დემოკრატიულ ღირებულებებს, ვერც იმას გვეუბნება, კონფლიქტები როგორ უნდა მოგვარდეს. გარდა ამისა, დარბაზში შეკრებილთა ნაწილმა განაცხადა, რომ საბჭოთა კავშირის მსგავსი „ნებაყოფლობითი“ გაერთიანების იდეას დიდი დღე არ უწერია.
XS
SM
MD
LG