Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სტალინის მუზეუმს სტალინიზმის მუზეუმი შეცვლის


კულტურის მინისტრი ნიკოლოზ რურუა
კულტურის მინისტრი ნიკოლოზ რურუა
ნანა ჩუტკერაშვილი 32 წელია გორში, სტალინის სახლ-მუზეუმში მუშაობს. ყოველდღიურად იგი უამრავ დამთვალიერებელს ხვდება და სტალინის ცხოვრებასა და მოღვაწეობაზე ესაუბრება, მაგრამ მალე მისი ლექციის შინაარსი მთლიანად შეიცვლება. სტალინის მუზეუმს უკვე სტალინიზმის მუზეუმი ეწოდება, ამიტომ ექსკურსიამძღოლმა უფრო მეტად სისხლიანი ეპოქის შესახებ უნდა ისაუბროს.

„დრო როგორიც იყო და რა ლექციასაც გვაძლევდნენ, ჩვენც ისე ვსაუბრობდით, მაგრამ ჩვენ უფრო მეტი ვიცით სტალინის შესახებ, ამიტომ რა კუთხითაც არ უნდა შეიცვალოს მუზეუმის ექსპოზიცია, ჩვენ ვისაუბრებთ იმ საკითხზე, რაც ახლა უკვე რეალობა და სიმართლეა.“

გიდები ფიქრობენ, რომ ახალ რეალობაზე გადასვლას უპრობლემოდ შეძლებენ, ახალი რეალობა კი სტალინის მუზეუმში უკვე დადგა.

პირველ რიგში იმის თქმას ვაპირებდი, რომ სტალინი არ არის ცალმხრივი პიროვნება, ეს არის ძალიან, ძალიან ფართო მცნება. ეს არ არის მხოლოდ ერთი ქვეყნის ხელმძღვანელი ...
ალეკო ლურსმანაშვილი
კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს, სტალინური რეპრესიების მსხვერპლთა შთამომავლებისა და საბჭოთა ტოტალიტარიზმის მკვლევართა მხარდაჭერით, სტალინის სახელობის მუზეუმი გარდაიქმნება სტალინიზმის მუზეუმად. – ეს განცხადება სტალინის მუზეუმში კულტურის მინისტრმა ნიკოლოზ რურუამ რამდენიმე დღის წინ გააკეთა. მუზეუმის დაარსებიდან დღემდე, ცვალებადი ექსპოზიციების მიუხედავად, არასდროს იცვლებოდა მიზანი – ისტორიაში ყველაზე სისხლიანი რეჟიმის დანაშაულის გამართლება. მალე სახელთან ერთად მუზეუმის შინაარსი და ექსპოზიციაც შეიცვლება. პროექტის განხორციელების სხვადასხვა ასპექტებს შეიმუშავებს და ზედამხედველობას გაუწევს საერთაშორისო მრჩეველთა საბჭო, რომლის შემადგენლობაშიც შევლენ ტოტალიტარიზმის მკვლევარები, ისტორიკოსები. მინისტრმა 2008 წლის აგვისტოს ომიც გაიხსენა და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიები სწორედ სტალინიზმის მემკვიდრეობის ნაყოფად შეაფასა - მისი თქმით, შეუთავსებელია სტალინის მუზეუმი, საბჭოთა ბელადის განდიდების ლექციებით, და საქართველოს სწრაფვა ცივილიზებული მსოფლიოსკენ.

რურუას განცხადებას ადგილობრივი კომუნისტების ლიდერი ალეკო ლურსმანაშვილიც ისმენდა, რომელმაც სიტყვა ითხოვა, თუმცა მას მინისტრთან დალაპარაკების საშუალება არ მიეცა.

„პირველ რიგში იმის თქმას ვაპირებდი, რომ სტალინი არ არის ცალმხრივი პიროვნება, ეს არის ძალიან, ძალიან ფართო მცნება. ეს არ არის მხოლოდ ერთი ქვეყნის ხელმძღვანელი. ამიტომ 30 წლის განმავლობაში როგორ შეიძლება მხოლოდ ის ვთქვათ, რაც გაფუჭდა და ნამდვილად გაფუჭდა, ამაზე ორი აზრი არ არსებობს, მაგრამ რაც გაკეთდა, იმის შესახებ ხომ უნდა ვთქვათ რაღაცა“, – ამბობს ალეკო ლურსმანაშვილი.

კომუნისტები ითხოვენ, რომ ხელუხლებელი დარჩეს ფაშიზმზე გამარჯვების კუთხე და საბჭომ, რომელიც მუზეუმის გარდაქმნაზე იმუშავებს, ობიექტურად შეაფასოს სტალინის ღვაწლიც და დანაშაულიც.

პირველი, რაც მუზეუმის შინაარსის შეცვლასთან დაკავშირებით კულტურის სამინისტრომ გააკეთა, გორში ჩამოიტანა სამი ბანერი, სადაც სტალინური რეპრესიების მსხვერპლთა რაოდენობის შესახებ არის მოთხრობილი. ეს ბანერები მუზეუმის შესასვლელში დაიდგმება და დამთვალიერებელი პირველად იმას წაიკითხავს, რომ სტალინური რეპრესიების მსხვერპლთა რაოდენობა რამდენიმე ათეული მილიონია.

სტალინის მუზეუმი
სტალინის მუზეუმი
გორელი მწერლის ვანო ჩხიკვაძის აზრით, ღირებულებების გადაფასების შემდეგ მუზეუმის შინაარსი შესაცვლელი იყო, მაგრამ ხელაღებით ყველაფრის გადაყრა დაუშვებელია. მისი აზრით, მკვლევარები და მომავალი საბჭოს წევრები ობიექტურად და სამართლიანად უნდა მიუდგნენ სტალინის ეპოქის შეფასებას და ექსპოზიციაც ამის მიხედვით უნდა შეიცვალოს.

მუზეუმის დირექტორი ლია ოქროპირიძე ამბობს, რომ ყველა ექსპონატი შენარჩუნდება და მუზეუმი ახალი მასალებით შეივსება. მისი აზრით, სტალინიზმის ეპოქა მუზეუმში სრულად არ არის წარმოდგენილი და მნახველს იმ პერიოდზე წარმოდგენას ვერ უქმნის. მისი თქმით, განახლებული მუზეუმი უამრავ დამთვალიერებელს უკვე ახალი ექსპოზიციით მიიზიდავს, რაც შემოსავლებსაც გაზრდის.

მუზეუმი მუზეუმში, ოკუპაციის მუზეუმის გაგრძელება, სტალინური რეპრესიების მსხვერპლთა მუზეუმი - ეს არ არის სრული ჩამონათვალი იმ იდეებისა და მოსაზრებების, რომელთა განხორციელებაც იგეგმება სტალინიზმის მუზეუმში. გორელებს მუზეუმის გადაკეთებასთან ერთად ორი წლის წინ მოხსნილი ძეგლის მომავალიც აინტერესებთ. სტალინის სახლის წინ დადგმული ბანერი 2010 წლიდან საზოგადოებას აუწყებს, რომ ბელადის ძეგლი ამ ადგილას დაიდგმება. ცენტრალური მოედნიდან მონუმენტის დემონტაჟი მისი მუზეუმის ტერიტორიაზე გადატანის მიზნით მოხდა, მაგრამ კულტურის მინისტრი სხვადასხვა მედიასაშუალებებთან სხვადასხვა კომენტარს აკეთებს. ერთ შემთხვევაში ამბობს, რომ ძეგლი აღარ დაიდგმება, მეორე შემთხვევაში კი აცხადებს, რომ ამის შესახებ არაფერი იცის. სტალინის მუზეუმის სრული გარდაქმნა კი დაახლოებით ერთ წელიწადში დასრულდება.
XS
SM
MD
LG