Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

არჩევნები დამთავრდა, არჩევნები იწყება


სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ არჩევნების შემაჯამებელი ოქმი გამოაქვეყნა, ლეონიდ თიბილოვის ინაუგურაცია კი 19 აპრილს გაიმართება. თიბილოვს გამარჯვება არაღიარებული რესპუბლიკების ლიდერებმა უკვე მიულოცეს, კრემლიდან მილოცვა კი ცოტა ჭიანურდება. თუმცა თიბილოვს არ მოსწონს, როცა მას გამარჯვებულად აცხადებენ. ჩვენს რადიოსთან საუბარში ის ამბობს, რომ გამარჯვებულია მთლიანად ოსი ერი და ახლა საქმის კეთების დრო დგება.

ამასობაში ოსი პოლიტიკოსები უკვე საპარლამენტო არჩევნებისთვის იწყებენ მზადებას. ოპოზიციის ლიდერმა ალა ჯიოევამ გადაწყვიტა საკუთარი პოლიტიკური პარტია შექმნას. „ირისტონ სარიბარძინად ფაზუატ“– „ოსეთი – თავისუფლების მოედანი“– ასე ერქმევა მის მომავალ პოლიტიკურ ორგანიზაციას, რომელიც საპარლამენტო არჩევნებისთვის მოემზადება, თუმცა მანამდე ჯერ იუსტიციის სამინისტროშია რეგისტრაცია საჭირო. რუსული საინფორმაციო სააგენტოებისთვის მიცემულ ინტერვიუში ალა ჯიოევამ განაცხადა, რომ პარტიის სახელწოდება დაკავშირებულია ნოემბრის არჩევნებთან, როცა მან და მისმა მომხრეებმა საკუთარი თავისუფლება ცხინვალის ცენტრალურ მოედანზე დატოვეს. ჯიოევას თქმით, თვითონ და მისი თანამებრძოლები ჯერ არ ჩამოყალიბებულან ახალ პრეზიდენტთან თანამშრომლობის ფორმაზე - ეს თიბილოვის პირველ ნაბიჯებზე იქნება დამოკიდებული. მხოლოდ ამის შემდეგ გადაწყვეტს ჯიოევა, ითანამშრომლებს ახალ ხელისუფლებასთან თუ ოპოზიციაში დარჩება. გუშინვე, 9 აპრილს, ახალი პარტიის შექმნის ინიციატივით არჩევნებში დამარცხებული დავით სანაკოევიც გამოვიდა. ადგილობრივი ექსპერტების აზრით, სანაკოევი ის პოლიტიკოსია, რომელმაც ამ არჩევნებში სერიოზული პოლიტიკური კაპიტალი დააგროვა და ახლა ამ კაპიტალის შენარჩუნებაზე ფიქრობს.

პოლიტიკოსების მიერ დაჩქარებული წესით პარტიების შექმნის გადაწყვეტილება ცხინვალში ბევრს აფიქრებინებს, რომ შესაძლოა აქ ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები დაინიშნოს. როგორც ცნობილია, დღევანდელ პარლამენტში ექს-პრეზიდენტი ედუარდ კოკოითი გავლენას ინარჩუნებს, რადგან უმრავლესობას მისი მომხრეები შეადგენენ. გარდა ამისა, დღეს ცხინვალში მრავალი ანალიტიკოსი აცხადებს, რომ ამჟამინდელი პარლამენტი, რომელმაც ჯიოევას გამარჯვება უსამართლოდ გააუქმა, დისკრედიტირებულია და მისი დათხოვნა აუცილებელია. არც იმას გამორიცხავენ, რომ ჯიოევა მომავალ პარლამენტში თავმჯდომარის თანამდებობას უმიზნებდეს და თიბილოვთან ამ საკითხზე წინასაარჩევნო პერიოდში ფარული გარიგება ჰქონოდა. აღსანიშნავია, რომ ჯიოევას თანამებრძლების დიდი ნაწილი საარჩევნოდ თიბილოვთან გადავიდა. რაც შეეხება თიბილოვს და მის პირველ ნაბიჯებს, მისი თანაგუნდელები აცხადებენ, რომ, პირველ რიგში, პოლიტპატიმრების გათავისუფლება მოხდება. ახალი პრეზიდენტი ჯერჯერობით არაფერს ამბობს საქართველოსთან მომავალი ურთიერთობის შესახებ. გავრცელებული ინფორმაციით, მან კარგად იცის ქართულ-ოსურ ურთიერთობათა ისტორია და აგვისტოს ომამდე შერეული საკონტროლო კომისიის ფორმატში აქტიურად მონაწილეობდა ქართულ-ოსური კონფლიქტის მოსაგვარებლად გამართულ მოლაპარაკებებში. ზოგიერთი რუსი ექსპერტი კი ვარაუდობს, რომ უშიშროების ყოფილი ხელმძღვანელის გაპრეზიდენტებით კონფლიქტის ზონაში ვითარება უკიდურესად გამწვავდება, რადგან იგი მთლიანად კრემლის სცენარის განმახორციელებელი იქნება. კონფლიქტოლოგ პაატა ზაქარეიშვილის აზრით, მეტი გამწვავება მოსალოდნელი არ არის, რადგან კრემლმა და დე ფაქტო ხელისუფლებამ უკვე მიიღეს ის, რაც უნდოდათ. მას მიაჩნია, რომ თიბილოვის ნაბიჯები ქართულ-ოსურ ურთიერთობებში ქართულ მხარეზე იქნება დამოკიდებული და გაუცხოება მანამდე გაგრძელდება, ვიდრე საქართველოს ხელისუფლება იზოლაციისა და იგნორირების პოლიტიკას არ დაასრულებს.

დე ფაქტო რესპუბლიკაში არჩევნები დამთავრდა, მაგრამ არჩევნებისთვის მზადება ისევ იწყება. ჩატარდება თუ არა იქ ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნები, ეს უკვე ინაუგურაციის შემდეგ გამოჩნდება.
XS
SM
MD
LG