Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გამამხნევებელი გზავნილი ჩიკაგოს სამიტის წინ


ნატოს ჩიკაგოს სამიტზე, რომელიც, წინასწარი ინფორმაციით, არ იქნება „გაფართოების სამიტი“, ბალკანეთის ქვეყნები და საქართველო არ მიიღებენ ალიანსის ოფიციალურ მოსაწვევს, თუმცა იმისათვის, რომ ამ ქვეყნებმა ხელები არ ჩამოუშვან, აშშ-ის კონგრესში მომზადდა ორი საკანონმდებლო აქტი, რომლის ავტორები მოუწოდებენ პრეზიდენტ ბარაკ ობამას, მაისის ჩიკაგოს სამიტზე „მკაფიო გზამკვლევი შესთავაზოს“ ბალკანეთის ქვეყნებსა და საქართველოს:

„მოვუწოდებ ადმინისტრაციას და კოლეგა კონგრესმენებს გააცნობიერონ, რომ ისეთ ქვეყნებს, როგორიცაა ბოსნია, მაკედონია, ჩერნოგორია და საქართველო, უნდა მიეცეთ ნატოს წევრის სტატუსი“, - განაცხადა გასული კვირის ბოლოს აშშ-ის კონგრესის რესპუბლიკელმა წევრმა მაიკ ტერნერმა, რომელმაც თეთრ სახლს შესაბამისი საკანონმდებლო ინიციატივით მიმართა.

კანონპროექტი, რომელსაც „ნატოს 2012 წლის გაფართოების გეგმა“ ეწოდება, ბარაკ ობამას მოუწოდებს ჩიკაგოს ნატოს სამიტზე სათავეში ჩაუდგეს იმ ძალისხმევას, რაც ბალკანეთის ქვეყნებისა და საქართველოსათვის „ნატოს გაწევრიანების სამოქმედო პროგრამის ანდა სხვა ეკვივალენტური გეგმის მიცემას უზრუნველყოფს.“

საინტერნეტო გამოცემა civil.ge-ის თანახმად, დამტკიცების შემთხვევაში, მაიკ ტერნერის ინიცირებული საკანონმდებლო პროექტი ბოსნია- ჰერცეგოვინას და ჩერნოგორიას მისცემს უფლებას, ნატოს 1994 წლის თანამშრომლობის აქტის ფარგლებში, მიიღონ აშშ-ის დახმარება ალიანსში გაწევრიანების პროცესში.


სასიხარულო და დამაბნეველი ნარატივი

18 წლის წინ კონგრესის მიერ მიღებული აღნიშნული აქტი შესაძლებლობას აძლევს ყოფილ კომუნისტურ ბლოკში შემავალ ქვეყნებს მიიღონ აშშ-ის მთავრობის დახმარება გარდამავალ პერიოდში და გახდნენ ალიანსის სრულფასოვანი წევრები. კონგრესმენ მაიკ ტერნერის თანახმად, ამავე აქტის ფარგლებში, აშშ-ის მთავრობა უფლებამოსილია დახმარება გაუწიოს საქართველოსა და მაკედონიას, მათ შორის, „იარაღითა და სხვადასხვა აუცილებელი მომსახურებით“, რაც აუცილებელია ტერიტორიების სრულფასოვანი თავდაცვისათვის, გამომდინარე იქიდან, რომ „ყველა ქვეყანას აქვს საკუთარი თავის დაცვის უფლება.“

საქართველოსა და მაკედონიის გვერდიგვერდ, ერთ კონტექსტში მოიხსენიება სასიხარულოცა და დამაბნეველიც. მაკედონია ყველაზე უფრო დაწინაურებულია ნატოს „ასპირანტ“ წევრებს შორის. ყოფილი იუგოსლავიის წევრმა ქვეყანამ კარგა ხნის წინ დაასრულა MAP-ით, ანუ გაწევრიანების სამოქმედო პროგრამით, განსაზღვრული პროცედურები და ჯერ კიდევ 2008 წლის ბუქარესტის სამიტის დროს ელოდა ალიანსში გაწევრიანებას.
ჩრდილოატლანტიკური საბჭოს ვიზიტის დროსაც საქართველოში ცალსახად იყო ნათქვამი, რომ დღეს საქართველო გაცილებით უფრო ახლოს დგას ალიანსთან, ვიდრე იდგა რამდენიმე წლის წინ...
გეგა მგალობლიშვილი

მაგრამ მაკედონიისათვის გადაულახავ დაბრკოლებად იქცა მისი სახელწოდება, რომლის გამოც ალიანსის წევრმა საბერძნეთმა დაბლოკა მაკედონიის გაწევრიანება ნატოში. მაკედონიის სახელწოდებასთან დაკავშირებული დავის მოგვარება დროის საკითხია. რაც შეეხება საქართველოს, მას არ აქვს გაწევრიანების სამოქმედო პროგრამა. ალიანსმა საქართველოსათვის 2008 წლის შემდეგ მოიფიქრა ყოველწლიური ეროვნული გეგმა, რომელსაც საქართველო ყოველ წელს წარმატებით ასრულებს, თუმცა ჯერჯერობით კვლავაც უცნობია და დაბნეულობასაც სწორედ ეს იწვევს, თუ რამდენ წელს გასტანს საქართველოსათვის ყოველწლიური ეროვნული გეგმის მიღება-ჩაბარების პროცესი და როდის მიიღებს საქართველო გაწევრიანების სამოქმედო პროგრამას, რომელიც ალიანსში „შესასვლელი ბილეთის“ მოპოვების ბოლო და მთავარი საფეხურია. ამ შეკითხვაზე ზუსტი პასუხი არა აქვს საქართველოს მუდმივ წარმომადგენელს ნატოში გეგა მგალობლიშვილს, რომელიც ნატოს მაისის სამიტს „რეალისტურ მოლოდინებს“ უკავშირებს:

„ეს მოლოდინი გამოიხატება იმაში, რომ ის პროგრესი, რაც საქართველომ ანახვა ამ უკანასკნელი წლების განმავლობაში, ეს იყოს ადეკვატურად ასახული... ჩრდილოატლანტიკური საბჭოს ვიზიტის დროსაც საქართველოში ცალსახად იყო ნათქვამი, რომ დღეს საქართველო გაცილებით უფრო ახლოს დგას ალიანსთან, ვიდრე იდგა რამდენიმე წლის წინ.”


ნატოს სამიტი გაფართოების გარეშე

თუმცა „რეალისტური მოლოდინები“ ჯერჯერობით არა აქვთ ამერიკელ კონგრესმენებს, რომლებიც აქტიურად მოუწოდებენ ბარაკ ობამას, პირადად იტვირთოს პასუხისმგებლობა და ჩიკაგოს სამიტს, რომელიც, წინასწარი ინფორმაციით, არ იქნება ე.წ. „გაფართოების სამიტი“, მეტი ყურადღება მიაქცევინოს ალიანსის გაფართოებასა და იმ ქვეყნებზე, რომლებიც ნატოს კარებს მრავალი წლის განმავლობაში უკაკუნებენ.

ჩანს, ასეთი გაურკვევლობა მობეზრდა ამერიკელ კონგრესმენ მაიკ ტერნერს, რომელიც თავისი ინიციატივით მომზადებულ კანონპროექტში პრეზიდენტ ბარაკ ობამას მოუწოდებს ჩიკაგოს ნატოს სამიტზე უფრო მკაფიო გზამკვლევი შესთავაზოს ნატოში გაწევრიანების მსურველ ოთხ ქვეყანას. ტერნერამდე მსგავსი კანონპროექტი რესპუბლიკელმა სენატორმა რიჩარდ ლუგარმაც მოამზადა.

„აშშ-ის პოლიტიკის დღის წესრიგში კვლავ დგას საქართველოსათვის გაწევრიანების სამოქმედო გეგმის, ( MAP)-ის მიცემა, მაგრამ ამ თვალსაზრისით ევროპელი მოკავშირეების აზრი არ შეცვლილაო“, - განაცხადა რადიო თავისუფლებასთან საუბარში სენატორ რიჩარდ ლუგარის ერთ-ერთმა მრჩეველმა საერთაშორისო საკითხებში.

ამ ევროპელ მოკავშირეებში, სულ მცირე, არ შედის ესტონეთი, რომლის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ურმას პაეტმა, სამშაბათს ვაშინგტონში განაცხადა, „იმ ქვეყნებს, რომელთაც ალიანსში გაწევრიანება სურთ, „ძლიერი პოზიტიური გზავნილი უნდა გაეგზავნოთო“.
ესაა საერთაშორისო სამხედრო გამოცდილების გაცვლა, უსაფრთხოების სფეროში დახმარება აღჭურვილობის მიწოდების ფორმით ანდა დახმარება წვრთნებისა და სამხედრო დოქტრინების რეფორმის გზით...
რიჩარდ ლუგარის მრჩეველი

ასეთი შემართება და მხარდაჭერა უდავოდ მისასალმებელია, მაგრამ იქნებ ჯობდეს „ძლიერი მესიჯით“ ნატოს წევრებმა, პირველ ყოვლისა, ერთმანეთში გაარკვიონ ურთიერთობა და გადაარწმუნონ, სახელდობრ, საბერძნეთი, რომელიც მაკედონიის გაწევრიანებას მხოლოდ და მხოლოდ მისი სახელწოდების გამო ბლოკავს, ანდა იმ მითიურ „ევროპელ მოკავშირეებზე“ მოახდინონ ზეგავლენა, რომლებმაც თავისი გაიტანეს და სამიტის დღის წესრიგში არ შეიტანეს ალიანსის გაფართოების საკითხი.

ლუგარისა და ტერნერის საკანონმდებლო ინიციატივები სწორედ იმისკენ არის მიმართული, რომ აშშ-მა ჩიკაგოს ნატოს სამიტზე ალიანსის გაფართოების პროცესს ძლიერი სტიმული მისცეს. კანონპროექტების დამტკიცების შემთხვევაში, პრეზიდენტ ბარაკ ობამას შეუძლია ისეთი დახმარება გაუწიოს ბალკანეთის სამ ქვეყანას და საქართველოს, რომ ისინი კიდევ უფრო დაუახლოვდნენ ალიანსს. „ესაა საერთაშორისო სამხედრო გამოცდილების გაცვლა, უსაფრთხოების სფეროში დახმარება აღჭურვილობის მიწოდების ფორმით ანდა დახმარება წვრთნებისა და სამხედრო დოქტრინების რეფორმის გზით“, - აცხადებს სენატორ რიჩარდ ლუგარის ერთ-ერთი მრჩეველი საერთაშორისო საკითხებში.

როგორც რიჩარდ ლუგარის, ისე მაიკ ტერნერის მიერ მომზადებულ კანონპროექტებს სენატში არავითარი წინააღმდეგობა არ შეხვდებათ და მათი კენჭისყრაზე დაყენება მხოლოდ დროის საკითხია, მაგრამ მძლავრი რეზონანსისათვის ბალკანეთის ქვეყნებისა და საქართველოსათვის „მკაფიო საგზაო რუკის“ მიცემის თაობაზე მომზადებულ კანონპროექტებს, თუკი მანამდე რაიმე არ შეიცვალა, კენჭისყარზე მაისის შუა რიცხვებში გაიტანენ.
  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

XS
SM
MD
LG