Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ-ის მხარდაჭერა ნატოს ჩიკაგოს სამიტის წინ


რესპუბლიკელი სენატორი რიჩარდ ლუგარი
რესპუბლიკელი სენატორი რიჩარდ ლუგარი
რესპუბლიკელი სენატორი რიჩარდ ლუგარი შეერთებულ შტატებს ნატოს გაფართოების მხარდაჭერისაკენ მოუწოდებს და ყურადღების გამახვილებას ითხოვს საქართველოსა და ბალკანეთის სამი ქვეყნის მისამართით. სენატორი იმედოვნებს, რომ მის მიერ წარდგენილ კანონპროექტს სენატი ნატოს ჩიკაგოს სამიტამდე, 21 მაისამდე, დაამტკიცებს. მთავარი სტრატეგიული პარტნიორის - შეერთებული შტატების - მხარდაჭერას დიდად აფასებს საქართველო, თუმცა ჯერჯერობით კვლავაც უცნობია, თუ კონკრეტულად რას შეიძლება მოელოდეს ქვეყანა ალიანსის მომავალი სამიტის ფარგლებში.

ბოსნია-ჰერცეგოვინა, მაკედონია, მონტენეგრო და საქართველო - ეს ის ოთხი ქვეყანაა, რომელიც არაერთხელ არის ნახსენები სენატორ ლუგარის მიერ მომზადებულ კანონპროექტში. მაგალითად, ის მოუწოდებს პრეზიდენტ ობამას, ჩიკაგოს სამიტისთვის შეიმუშაოს „მკაფიო საგზაო რუკა“ ამ ქვეყნების ალიანსში გაწევრიანებისთვის და საჭიროდ თვლის, რომ, აშშ–ის კანონმდებლობაში პირველად, ეს ოთხი ქვეყანა მოხსენიებული იყოს, როგორც „ასპირანტი“ ქვეყნები.

ეს სწორედ ის სტატუსია, რომელიც საქართველომ 2011 წლის დეკემბერში, საგარეო საქმეთა მინისტრების გადაწყვეტილებით, უკვე მიიღო თავად ნატოსგან. ”ასპირანტთა” ჯგუფისადმი, რომელშიც ნატოსკენ სწრაფვით გამორჩეული ქვეყნები ერთიანდებიან, საქართველოს ხელისუფლება ისედაც გამორჩეულ ყურადღებას მოელის ნატოს ჩიკაგოს სამიტზე, მაგრამ თუკი საქართველოს ”ასპირანტობა” სამიტამდე აშშ-ის კანონმდებლობაშიც აისახება, ანალიტიკოსების აზრით, ეს ამ საკითხს კიდევ უფრო მეტ წონას შესძენს. მაგალითად, როგორც სტრატეგიულ გამოკვლევათა ცენტრის ხელმძღვანელი ირაკლი მენაღარიშვილი ეუბნება რადიო თავისუფლებას, ნატოს წამყვანი მოთამაშის - შეერთებული შტატების -საკანონმდებლო ორგანოს გადაწყვეტილება ყურადსაღები იქნება ალიანსის დარჩენილი წევრი სახელმწიფოებისთვის:

”თუ ასეთი დოკუმენტი იარსებებს, ის უდავოდ ხელს შეუწყობს საქართველოს, გააძლიერებს მის მხარდაჭერას ამერიკის მხრიდან, თუმცა ეს დღის წესრიგიდან, რა თქმა უნდა, არ მოხსნის იმ ამოცანებს, რომლებიც საქართველოს თავისი საშინაო დავალების სახით აქვს შესასრულებელი.”
არც ერთ მესამე ქვეყანას, არც ერთ მესამე მხარეს არ შეუძლია მიიღოს გადაწყვეტილებები ნატოს ნაცვლად. ნატოს გადასაწყვეტია ჩვენი ”ღია კარის” პოლიტიკა ...
ანდერს ფოგ რასმუსენი

”საშინაო დავალებას”, ანუ ყოველწლიურ ეროვნულ პროგრამას, საქართველო 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის მერე, ალიანსთან ურთიერთობის ახალ ფორმატზე გადასვლის შემდეგ, ასრულებს და მასში იგულისხმება ყველა ის ნაბიჯი, რომელთა გადადგმაც აუცილებელია ნატოში გასაწევრიანებლად - იქნება ეს თავდაცვისა და უსაფრთხოების სფერო თუ ქვეყნის შემდგომი დემოკრატიული განვითარება.

თუკი საქართველო ნატოს სტანდარტებს დააკმაყოფილებს, ერთ დღეს ის აუცილებლად გახდება ალიანსის წევრი და 2008 წლის აპრილში ბუქარესტის სამიტზე მიღებულ ამ გადაწყვეტილებას ხშირად აღნიშნავენ ნატოს წევრ სახელმწიფოთა ლიდერები თუ ალიანსის გენერალური მდივანი. პოზიცია რომ უცვლელად რჩება, ანდერს ფოგ რასმუსენმა ეს 5 მარტსაც გაიმეორა ბრიუსელში გამართულ პრეს-ბრიფინგზე და იქვე აღნიშნა, რომ ნატოს საქმეებში ვერანაირი გარეშე ძალა ვერ ჩაერევა.

”არც ერთ მესამე ქვეყანას, არც ერთ მესამე მხარეს არ შეუძლია მიიღოს გადაწყვეტილებები ნატოს ნაცვლად. ნატოს გადასაწყვეტია ჩვენი ”ღია კარის” პოლიტიკა, ალიანსის კარი კვლავაც ღია რჩება და ეს კიდევ ერთხელ იქნება გამეორებული ჩიკაგოში”, - აღნიშნა 5 მარტს ანდერს ფოგ რასმუსენმა და, თუკი ჟურნალისტის შეკითხვის კონტექსტს გავითვალისწინებთ, მისი პასუხის უპირველეს ადრესატს რუსეთის პრეზიდენტობის პოსტზე დასაბრუნებლად მომზადებული ვლადიმირ პუტინი წარმოადგენდა.

ამგვარი შინაარსის განცხადება მანამდეც არაერთხელ გაკეთებულა, თუმცა ანალიტიკოსების ერთი ნაწილი მაინც დარწმუნებულია, რომ რუსეთის მკვეთრად უარყოფითი პოზიცია საკმაოდ დიდ შემაკავებელ ფაქტორს წარმოადგენს საქართველოს ნატოში გაწევრიანების გზაზე. თუმცა, მათი აზრით, საქართველომ ხელი მაინც არ უნდა ჩაიქნიოს, ქვეყანამ უნდა გააგრძელოს განვითარება - უპირველეს ყოვლისა, დემოკრატიული განვითარება - და ხელსაყრელ დროს უნდა დაელოდოს.

როდის დადგება ეს დრო, ამის თქმა ყველას უჭირს და ჯერჯერობით იმის პროგნოზირებაც შეუძლებელია, თუ კონკრეტულად რას უნდა მოელოდეს საქართველო ნატოს ჩიკაგოს სამიტის ფარგლებში. ცალსახაა, რომ თბილისს მთავარი სტრატეგიული პარტნიორის - შეერთებული შტატების - დიდი იმედი აქვს და ეს იმედი პრეზიდენტ ობამას 30 იანვრის განცხადებამაც გაამყარა. ჯერჯერობით უცნობია, გაითვალისწინებს თუ არა აშშ-ის პრეზიდენტი სენატორ ლუგარის ინიციატივას ჩიკაგოს სამიტისთვის „მკაფიო საგზაო რუკის“ შემუშავების თაობაზე, მაგრამ ისიც ცხადია, რომ საბოლოო გადაწყვეტილებები მაინც ალიანსის ყველა წევრის თანხმობას მოითხოვს.

საქართველო გაცილებით უფრო ახლოს დგას ალიანსთან, ვიდრე ეს იყო რამდენიმე წლის წინ ...
სტრატეგიულ გამოკვლევათა ცენტრის ხელმძღვანელი ირაკლი მენაღარიშვილი, ისევე როგორც ანალიტიკოსთა უდიდესი ნაწილი, თავს იკავებს კონკრეტული პროგნოზების გაკეთებისგან, თუმცა უფრო ზოგად კონტექსტში ამბობს, რომ საქართველო უნდა მოელოდეს ”მკაფიო და ნათელ სიგნალს ალიანსის პოტენციური წევრობის შესაძლებლობების შესახებ”. ანალიტიკოსს მიაჩნია, რომ ყველაფერი მოსამზადებელ ეტაპზე, სამიტამდე გადაწყდება და უშუალოდ სამიტზე ნაკლებად გაკეთდება მოულოდნელი სვლები.

ასეა თუ ისე, ფაქტია, რომ საქართველო ჩიკაგოში მინიმუმ იმაზე მეტის დაპირებას მოელის, რასაც ალიანსი მას აქამდე დაჰპირებია. ავღანეთის სამშვიდობო მისიაში შეტანილ გამორჩეულ წვლილზე რომ არაფერი ვთქვათ, საქართველო ბოლო წლების წარმატებების სათანადოდ დაფასებას მოელის. საქართველოს მუდმივი წარმომადგენელი ნატოში გეგა მგალობლიშვილი ჩვენთან საუბრისას ამბობს, რომ ჩიკაგოს სამიტს საქართველო ”რეალისტურ მოლოდინს” უკავშირებს:

”ეს მოლოდინი გამოიხატება იმაში, რომ ის პროგრესი, რაც საქართველომ ანახვა ამ უკანასკნელი წლების განმავლობაში, ეს იყოს ადეკვატურად ასახული... ჩრდილოატლანტიკური საბჭოს ვიზიტის დროსაც საქართველოში ცალსახად იქნა ნათქვამი, რომ დღეს საქართველო გაცილებით უფრო ახლოს დგას ალიანსთან, ვიდრე ეს იყო რამდენიმე წლის წინ.”

უნდა დაიხვეწოს თქვენი საარჩევნო სისტემის რეფორმები. ეს გულისხმობს ისეთ საარჩევნო კოდექსს, რომელიც სამართლიანად მოპყრობის გარანტიას მისცემს ყველა კანდიდატს ...
ანდერს ფოგ რასმუსენი.
იმედი იმისა, რომ ჩიკაგოს სამიტზე ხაზი გაესმება პროგრესს, რომელსაც საქართველომ მიაღწია ბუქარესტის სამიტის შემდეგ, 2011 წლის ნოემბერში ჩრდილოატლანტიკურ საბჭოს წარმომადგენლებთან ერთად თბილისში ჩამოსულმა ანდერს ფოგ რასმუსენმაც აღნიშნა. ამ ვიზიტის ფარგლებში მართლაც ითქვა, რომ საქართველო ასე ახლოს ჯერ არასოდეს ყოფილა ნატოსთან, თუმცა არავის დაუკონკრეტებია რა მანძილით განისაზღვრება ეს სიახლოვე და რამდენად მოკლეა ეს მანძილი.

ანდერს ფოგ რასმუსენმა საქართველოში ბოლო 2-დღიანი ვიზიტისას არაერთხელ თქვა, რომ ქვეყანამ გააკეთა ძალიან ბევრი, მაგრამ კიდევ ბევრი რამ არის გასაკეთებელი. ალიანსის ფასეულობებიდან გამომდინარე, გასაკვირი არ არის, რომ ამ კონტექსტში განსაკუთრებულ ადგილს იკავებს ქვეყნის დემოკრატიული განვითარების თემა. როგორც ქართული დემოკრატიის გამოცდა, ნატოს გენერალურმა მდივანმა ასევე ბევრჯერ ახსენა 2012 და 2013 წლების არჩევნები და მან სწორედ საარჩევნო სისტემის რეფორმირება დაასახელა საქართველოს ერთ-ერთ უმთავრეს გამოწვევად.

”უნდა დაიხვეწოს თქვენი საარჩევნო სისტემის რეფორმები. ეს გულისხმობს ისეთ საარჩევნო კოდექსს, რომელიც სამართლიანად მოპყრობის გარანტიას მისცემს ყველა კანდიდატს თუ ამომრჩეველს; ეს გულისხმობს ისეთი პოლიტიკური კულტურის შექმნას, რომელიც პატივს სცემს უმცირესობათა ხედვებს და ეს გულისხმობს გამოხატვის თავისუფლების, სასამართლოს თავისუფლებისა და მედიის თავისუფლების გარანტიებს”, - განაცხადა ნატოს გენერალურმა მდივანმა 2011 წლის 10 ნოემბერს, ბათუმში გამართულ პრესკონფერენციაზე.
  • 16x9 Image

    ლელა კუნჭულია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი. ძირითადად მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებს. მუშაობდა პრაღაში, რადიო თავისუფლების სათავო ოფისში. სხვადასხვა დროს მიჰყავდა გადაცემები. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში დოკუმენტური ფილმისთვის "პანკისის სტიგმა".  რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2000 წლიდან.

XS
SM
MD
LG