Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ნატოს გენერალური მდივნის ვიზიტისა და 7 ნოემბრის გახსენების კვირა


ანდერს ფოგ რასმუსენი
ანდერს ფოგ რასმუსენი
გასული კვირის მთავარი პოლიტიკური მოვლენა საქართველოში ნატოს გენერალური მდივნის ანდერს ფოგ რასმუსენის და ჩრდილოატლანტიკური საბჭოს დელეგაციის ორდღიანი ვიზიტი გახლდათ. მათ საქართველოს დემოკრატიული რეფორმების გაგრძელებისაკენ მოუწოდეს და პროგრესზეც ისაუბრეს. საქართველოს ხელისუფლებამ კი განაცხადა, რომ ქვეყანა ასე ახლოს არასოდეს ყოფილა ჩრდილოატლანტიკურ ალიანსთან. ამავე კვირაში თბილისში რამდენიმე აქცია მოეწყო - გაიხსენეს 2007 წლის 7 ნოემბერი, ახალგაზრდების ერთი ჯგუფი კი მსოფლიოში მიმდინარე საპროტესტო მოძრაობას გამოეხმაურა.

9 ნოემბერს საქართველოს ორდღიანი ვიზიტით ეწვია ნატოს გენერალური მდივანი და ჩრდილოატლანტიკური საბჭოს დელეგაცია. ოთხშაბათს თბილისში, სასტუმრო ”რადისონ ბლუ ივერიაში”, გაიმართა ნატო-საქართველოს კომისიის სხდომა ჩრდილოატლანტიკური საბჭოს ელჩების დონეზე, რომელზეც შეფასდა საქართველოს მიერ 2011 წლის ეროვნული პროგრამის შესრულების პროცესი. დახურულ სხდომაზე 2011 წლის ეროვნული პროგრამის წარმატებებიც შეფასდა. როგორც ანდერს ფოგ რასმუსენმა აღნიშნა, შეფასება საკმაოდ დადებითია და ნატო კვლავაც განაგრძობს საქართველოს დახმარებას, მაგრამ ამ ეტაპისთვის მიღწეული წარმატება ჯერ კიდევ არ იძლევა საიმედო პროგნოზების გაკეთების საშუალებას:
პროგრესი აშკარაა, მაგრამ კიდევ რჩება გასაკეთებელი საქმე და ამიტომ არ შემიძლია ვილაპარაკო რაიმე სახის თარიღებზე, თუ როდის შეიძლება მოელოდეს საქართველო ნატოში გაწევრიანებას...

”ჩვენი წლიური შეფასება ნათლად აჩვენებს, რომ საქართველომ განახორციელა არაერთი რეფორმა, რომელთა შესრულებაც მოეთხოვება მას სამომავლოდ ნატოში გასაწევრიანებლად. პროგრესი აშკარაა, მაგრამ კიდევ რჩება გასაკეთებელი საქმე და ამიტომ არ შემიძლია ვილაპარაკო რაიმე სახის თარიღებზე, თუ როდის შეიძლება მოელოდეს საქართველო ნატოში გაწევრიანებას. ეს დიდწილად დამოკიდებული იქნება შემდგომ პროგრესზე.”

ანდერს ფოგ რასმუსენის თქმით, პროგრესი სასურველია არაერთი მიმართულებით - იქნება ეს თავდაცვის სფერო თუ ქვეყნის ეკონომიკური ზრდა, თუმცა განსაკუთრებული აქცენტი მაინც ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებაზე კეთდება და სწორედ ამ მიმართულებას გაესვა ხაზი, როცა ნატოს გენერალური მდივანი ბრიუსელიდან ჩამოტანილ ერთ-ერთ მთავარ მესიჯზე ლაპარაკობდა:

”განაგრძეთ დემოკრატიის გაძლიერება, განაგრძეთ თავისუფალი და დემოკრატიული სახელმწიფოს საყრდენი ბოძების მშენებლობა. ესენია: კანონის უზენაესობა, სასამართლო სისტემისა და მედიის თავისუფლება, კორუფციასთან ბრძოლა და სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობა. განსაკუთრებით კი, განაგრძეთ მოძრაობა საარჩევნო სისტემის რეფორმირების მიზნით. 2012 და 2013 წლების არჩევნები თქვენი დემოკრატიისთვის ლაკმუსის ქაღალდის როლს შეასრულებს. და ჩვენ ველით აუცილებელ რეფორმებს.”

ნატოს გენერალური მდივნისა და ჩრდილოატლანტიკური საბჭოს ორდღიან ვიზიტს თბილისი მიიჩნევს სერიოზულ პოლიტიკურ გზავნილად და ნიშნად იმისა, რომ სულ უფრო მნიშვნელოვანი ხდება ალიანსში საქართველოს გაწევრიანების პერსპექტივა. თბილისი მიიჩნევს, რომ საქართველო ჯერ არასდროს ყოფილა ასე ახლოს ალიანსთან. რა მანძილი აშორებს საქართველოს ნატოსგან და რა მოეთხოვება ქვეყანას ალიანსისკენ მიმავალ გზაზე?

”რვაწლიანი რადიკალური ტრანსფორმაციის შედეგად ჩვენ, როგორც არასდროს, ისე ვართ ახლოს თქვენს ალიანსთან. 8 წლის წინ საქართველო არშემდგარი სახელმწიფო იყო, რომელსაც არ გააჩნდა მომავალი და წარმოადგენდა გარეშე ძალების მანიპულირების ობიექტს. ჩვენ არ ვიყავით სუბიექტი საერთაშორისო პოლიტიკის. დღეს მე სიამაყით მოგესალმებით საქართველოში, როგორც შემდგარ, დემოკრატიულ, სწრაფად განვითარებად სახელმწიფოში. დღეს მე სიამაყით მოგესალმებით ქვეყანაში, რომელიც, ზეწოლის, მუქარის და ოკუპაციის მიუხედავად, მაინც დადგა ფეხზე, იმართება წელში, როგორც ალიანსის საიმედო პარტნიორი”, - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა ბათუმში 10 ნოემბერს ნატოს გენერალურ მდივანთან და ჩრდილოატლანტიკური საბჭოს ელჩებთან შეხვედრის დროს.
ბიძინა ივანიშვილი
ბიძინა ივანიშვილი

7 ნოემბერს ბიძინა ივანიშვილი ქართული არასამთავრობო ორგანიზაციების 80-მდე წარმომადგენელს შეხვდა. შეხვედრა „ქორთიარდ მარიოტში“ დახურულ კარს მიღმა 2 საათს გაგრძელდა. შესავალ სიტყვაში ბიზნესმენმა განაცხადა, რომ სურს იმ არასამთავრობო ორგანიზაციებთან ერთად, რომელთაც ადამიანის უფლებათა დაცვის კუთხით მუშაობის დიდი გამოცდილება აქვთ, შეიმუშაოს გეგმა, რომელიც ხელისუფლების მიერ შექმნილ ძალადობის მანქანას შეეწინააღმდეგება. მან სინანული გამოთქვა იმის გამო, რომ ვარდების რევოლუციის შემდეგ არ მონაწილეობდა სამოქალაქო საზოგადოების ფორმირების პროცესში:

”საუბედუროდ, ვარდების რევოლუციის შემდეგ, აღტკინების პროცესში, მე პირადად და ჩემმა გუნდმა დავუშვით გამოუსწორებელი შეცდომა - ვეღარ ვიკადრეთ სადარაჯოზე დადგომა; ვიფიქრეთ, რომ მოვიდა ისეთი მთავრობა, რომელიც იყო საქართველოს მოქალაქეების, ქართველი ხალხის ოცნება და პრაქტიკულად გამოვეთიშე გარკვეულ პროცესს და ვერ მოვახერხე საზოგადოებასთან ერთად ზომიერი კონტროლი განგვეხორციელებინა მთავრობის ქმედებებზე.”

ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრის დასრულების შემდეგ არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს უჭირდათ რაიმე კონკრეტული საკითხის გამოყოფა. ისინი აცხადებდნენ, რომ, ფორმატიდან გამომდინარე, უფრო მეტს არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები ლაპარაკობდნენ. როგორც არასამთავრობო ორგანიზაცია „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ თავმჯდომარემ თამარ ჩუგოშვილმა აღნიშნა, საუბარი შეეხო - სოფლის მეურნეობიდან დაწყებული, ადამიანის უფლებებით დამთავრებული - ყველა საკითხს.

”კონკრეტულად იმასთან დაკავშირებით რას ფიქრობს, რა ხარვეზებია კანონმდებლობაში ან რა ნაბიჯების გადადგმა აქვს დაგეგმილი, ამაზე საუბარი არ ყოფილა. თუმცა უნდა გავითვალისწინოთ, რომ 80-ზე მეტი ორგანიზაციის წარმომადგენელი ესწრებოდა შეხვედრას და ნამდვილად არ იყო დეტალურად საუბრის საშუალება. ახსენა, რომ 60 ათასი დამკვირვებლის გადამზადება მოუწევს მას არჩევნებთან მიმართებით, თუმცა ნამდვილად ვერ გეტყვით, რას გულისხმობდა ამაში.”
სანამ მერაბიშვილი და სააკაშვილი თავიანთ კაბინეტებში სხედან, საქართველოში თავისუფალი არჩევნები არ ჩატარდება...

7 ნოემბერს პარლამენტის წინ ლეიბორისტულმა პარტიამ, მიხეილ სააკაშვილის გადადგომის მოთხოვნით, საპროტესტო აქცია გამართა - ასე გამოეხმაურა შალვა ნათელაშვილის პოლიტიკური ძალა 2007 წლის 7 ნოემბერს, რუსთაველის გამზირზე მშვიდობიანი აქციის დარბევის ოთხი წლისთავს. ”დაუმორჩილებლობის შემოდგომა” - ასე დაარქვეს ლეიბორისტებმა საპროტესტო აქციათა სერიას, რომლის მთავარი მოთხოვნა მიხეილ სააკაშვილის გადადგომაა. აქციის ორგანიზატორები ოთხი წლის წინანდელ ამინდს იხსენებდნენ და ამბობდნენ, რომ მაშინაც სწორედ ასეთ ამინდში აპროტესტებდა ხალხი სააკაშვილის მმართველობას. ლეობორისტების ლიდერის, შალვა ნათელაშვილის განცხადებით, ”დაუმორჩილებლობის შემოდგომას” ”დაუმორჩილებლობის ზამთარი” და, შესაბამისად, სხვა სეზონები მოჰყვება და აქციები მანამ გაგრძელდება, სანამ სააკაშვილი პოსტს არ დატოვებს:

”აქციები იქნება ხშირი, დღევანდელი აქცია კი ერთადერთ მიზანს ემსახურება - გააგებინოს მთელ მსოფლიოს, რომ საქართველოს აღარ უნდა სისხლიანი დესპოტის, სააკაშვილის რეჟიმი და მოითხოვს მის გადადგომას. სანამ მერაბიშვილი და სააკაშვილი თავიანთ კაბინეტებში სხედან, საქართველოში თავისუფალი არჩევნები არ ჩატარდება.”

აქციების თემა რომ გავაგრძელოთ - ამ კვირის ბოლოს თბილისში კიდევ ერთი აქცია გაიმართა, ამჯერად სხვა შინაარსის.
ამერიკის შეერთებულ შტატებში წამოწყებული საპროტესტო კამპანია, სახელწოდებით ”დაიკავე უოლ სტრიტი”, რომელიც შემდეგ სხვადასხვაგვარი ლოზუნგებით მთელ მსოფლიოს მოედო, 11 ნოემბერს თბილისშიც გაგრძელდა. რუსთაველის ძეგლთან ახალგაზრდა სოციალ-დემოკრატების მიერ გამართული აქციის მთავარი გზავნილი იყო ”დაიკავე საქართველო”. აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორი, გელა ბანძელაძე, ხალხს სწორედ მეტი აქტიურობისა და პოლიტიკაში ჩართვისკენ, მასში მონაწილეობისაკენ მოუწოდებდა:

”მსოფლიო რესურსების, მსოფლიო კაპიტალის უდიდესი ნაწილი ადამიანთა მცირე ჯგუფის ხელშია კონცენტრირებული და გლობალური მოძრაობაც, ”99% ერთის წინააღმდეგ”, რომელიც დღეს მიდის მსოფლიოში ამის წინააღმდეგაა მიმართული. ეს უთანასწორო, უსამართლო მსოფლიოა და ჩვენ ვუერთდებით მის გამოსასწორებლად დაწყებულ ბრძოლას. საქართველოში ანალოგიური ვითარება კიდევ უფრო მძიმეა. ადამიანების უდიდეს ნაწილს პოლიტიკურ პროცესებზე ზეგავლენის არანაირი ბერკეტი არ გააჩნია, ისინი გამოთიშულები არიან საზოგადოებრივ და პოლიტიკურ ცხოვრებას. შესაბამისად, რაც უნდა ბევრი დემოკრატიული ინსტიტუტი არსებობდეს ქვეყანაში, თავად დემოკრატია რეალურად არ არსებობს. და მეორე - ქონების დიდი ნაწილი, კაპიტალის დიდი ნაწილი დღეს საქართველოშიც და მთელ მსოფლიოშიც ასევე მცირე ჯგუფის ხელშია კონცენტრირებული. ეს რომ შეიცვალოს, ხალხმა უნდა გააცნობიეროს, რომ პოლიტიკა მათი საქმეა და არა სპეციალურად პოლიტიკისთვის დაბადებული განსაკუთრებული ადამიანების.”

9 ნოემბერს ჟენევაში, ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციის შტაბბინაში, ხელი მოეწერა საქართველოსა და რუსეთის ფედერაციას შორის შეთანხმებას, რომელიც ორ ქვეყანას შორის საბაჟო ადმინისტრირებისა და სასაქონლო ვაჭრობის მონიტორინგის მექანიზმის ძირითად პრინციპებს ადგენს. შეთანხმების გაფორმებით ფაქტობრივად დასრულდა საქართველო-რუსეთის მოლაპარაკების ხანგრძლივი პროცესი, რომლის შედეგადაც რუსეთს საშუალება ეძლევა გახდეს ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციის წევრი, ხოლო საქართველო-რუსეთის საზღვრის აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის მონაკვეთებზე უცხოელი მონიტორები განთავსდებიან. საინტერესოა, რა რეაქცია მოჰყვა თბილისისა და მოსკოვის შეთანხმებას საქართველოს სეპარატისტულ რეგიონებში.

საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩია შვეიცარიაში ზურაბ ჭიაბერაშვილი, რომელსაც რადიო თავისუფლება ჟენევაში ტელეფონით დაუკავშირდა. ჭიაბერაშვილის თქმით, შეთანხმება ითვალისწინებს სავაჭრო დერეფნების შესასვლელ-გასასვლელებში საერთაშორისო მონიტორების განთავსებას. მონიტორები დააკვირდებიან იმას, თუ რეალურად როგორ განახორციელებენ ქართველი და რუსი მებაჟეები ჩვეულებრივ საბაჟო პროცედურებს:

„მონიტორებს აგრეთვე ექნებათ საშუალება გადაამოწმონ ყველა ის ინფორმაცია, რომელსაც ისინი მიიღებენ როგორც რუსული, ასევე ქართული მხარისგან. გარდა ამისა, მონიტორები ინფორმაციას მიიღებენ ყველა იმ ელექტრონული მექანიზმის მეშვეობით, რაც კი აღწერილია შეთანხმებაში: ეს არის ელექტრონული ბეჭდები ტვირთებზე, ეს არის ჯი-პი-ეს სისტემა და, რაც ძალიან მნიშვნელოვანია, მონიტორები ანგარიშვალდებული არიან შეთანხმებით განსაზღვრულ მესამე ნეიტრალურ მხარესთან.“
ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტი - ეს არის ორი სასამართლო ერთ სახურავქვეშ. ნაფიცი მსაჯულები, რომლებიც არ არიან პროფესიონალები, წყვეტენ უმნიშვნელოვანეს საკითხს, მოხდა თუ არა ფაქტი...

ამ კვირაში თბილისში გაიმართა ნაფიც მსაჯულთა პირველი სასამართლო სხდომა, თუმცა ნაფიც მსაჯულებს თბილისში 17 წლის წინ მომხდარი მკვლელობისა და ყაჩაღობის ფაქტზე დღეს ვერდიქტი არ გამოუტანიათ. სხდომა გადაიდო.
საქართველოს მთავარი პროკურორის პირველი მოადგილის დავით საყვარელიძის თქმით, საქართველოში ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტის ამოქმედების მიზანი სასამართლოსადმი საზოგადოების ნდობის ამაღლებაა:

”ჩვენ ძალიან დიდი ოპტიმიზმით ვართ განწყობილნი და დანარჩენს პრაქტიკა გვიჩვენებს. ეს არის ძალიან დიდი ტესტი არა მხოლოდ სამართალდამცავი ორგანოებისთვის, არა მხოლოდ მართლმსაჯულებისთვის, არამედ მთლიანად საქართველოს საზოგადოებისთვის. ქართულ საზოგადოებას არ ექნება იმის პრობლემა, რომ დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობის საქმეებზე ობიექტური განაჩენი გამოიტანოს.”

საქართველოში ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტის შემოღების კატეგორიული წინააღმდეგია მეცნიერი იურისტი მინდია უგრეხელიძე:

”ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტზე ინგლისმა და ამერიკამაც დაიწყო უარის თქმა და განსაკუთრებით სკანდალური გახდა ეს ინსტიტუტი O.J. Simpson-ის საქმის შემდეგ, როდესაც შეერთებულ შტატებში, შეიძლება ითქვას, ამ ინსტიტუტმა თავი მოიჭრა და ცოლის აშკარა მკვლელი უდანაშაულოდ გამოაცხადა. თავად სიმფსონი ამის შესახებ ხუმრობდა კიდეც და ადვოკატს უთხრა, მგონი, მართლა არ მომიკლავს ცოლიო. ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტი - ეს არის ორი სასამართლო ერთ სახურავქვეშ. ნაფიცი მსაჯულები, რომლებიც არ არიან პროფესიონალები, წყვეტენ უმნიშვნელოვანეს საკითხს, მოხდა თუ არა ფაქტი. მაგრამ შემდგომ სასჯელის ვადები, მტკიცებულებათა დასაშვებობის საკითხები და სხვა, ეს უკვე პროფესიონალი მოსამართლეების საქმეა. ახლა მე ერთი ძალიან მარტივი კითხვა მექნება: ერთი სასამართლოსთვის ვერ მოგვივლია და ორს როგორ მოვუვლით?”
რესპუბლიკური პარტიის ყრილობა
რესპუბლიკური პარტიის ყრილობა

მიმდინარე კვირაში რესპუბლიკურმა პარტიამ ყრილბა გამართა, რომელზეც ახლად არჩეულმა ეროვნულმა კომიტეტმა, კენჭისყრის შედეგად, პარტიის თავმჯდომარის თანამდებობაზე მომდევნო ორი წლით დავით უსუფაშვილი დატოვა, რაც წინასწარ იყო მოსალოდნელი, რადგან პარტიის ლიდერები შექმნილ პოლიტიკურ ვითარებაში პარტიის შიგნით ცვლილებებს არ მიესალმებოდნენ.

ამავე კვირაში პარლამენტი მსჯელობდა დეპუტატთა ჯგუფის საკანონმდებლო ინიციატივაზე, რომელიც კონსტიტუციაში ცვლილების შეტანასა და პარლამენტის წევრთა რაოდენობის გაზრდას ითვალისწინებს. კანონპროექტის მიხედვით, ახალი მოწვევის პარლამენტის შემადგენლობა განისაზღვრება 190 წევრით, ნაცვლად დღევანდელი 150-ისა.ოპოზიციის წარმომადგენლები მიიჩნევენ, რომ ხელისუფლება კონსტიტუციაში ცვლილების შეტანით, ანუ მაჟორიტარი დეპუტუტების რაოდენობის გაზრდით, ახალი მოწვევის პარლამენტში საკუთარი წარმომადგენლობის გაზრდას ცდილობს. საგულისხმოა ისიც, რომ ხელისუფლებას კონსტიტუციაში ცვლილების შესატანად ოპოზიციის მხარდაჭერა არც სჭირდება: საპარლამენტო უმრავლესობა, რომელიც ორ ფრაქციას - „ნაციონალურ მოძრაობასა“ და „საქართველოს რეგიონები - მაჟორიტარებს“ - აერთიანებს, ჯამში, 125 ხმას აკონტროლებს, ცვლილების მისაღებად კი 100 ხმაა საჭირო.

დაბოლოს, მიმდინარე კვირაში ცნობილი გახდა მთავრობის ახალი ინციატივა, რომლის მიხედვითაც, 2012 წლის სექტემბრიდან საქართველოში მცხოვრებ ყველა პენსიონერს სახელმწიფო 15 ლარიან დაზღვევას შესთავაზებს, 67 წელს გადაცილებული პენსიონერების პენსია კი 140 ლარამდე გაიზრდება.
  • 16x9 Image

    ეკა ქევანიშვილი

    მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, ადამიანის უფლებების, ქალთა და ბავშვთა, უმცირესობების, ეკოლოგიის, ჯანდაცვისა და სხვა სოციალურ საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2008 წლიდან. 

XS
SM
MD
LG