Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

Forbes Georgia-ს რედაქტორმა პოსტი ცენზურის გამო დატოვა


რევაზ საყევარიშვილი
რევაზ საყევარიშვილი
მსოფლიოში ავტორიტეტული ჟურნალის, Forbes-ის ქართული გამოცემის მთავარმა რედაქტორმა რევაზ საყევარიშვილმა თანამდებობა დატოვა. 27 მარტს გამართულ საგანგებო პრესკონფერენციაზე რედაქტორობიდან წასვლის მიზეზად დამფუძნებლის მხრიდან სარედაქციო დამოუკიდებლობაში უხეში ჩარევა და მკაცრი ცენზურა დაასახელა. დამფუძნებელსა და მთავარ რედაქტორს შორის დაპირისპირების მიზეზი კი Forbes-ის მიერ ცნობილ ქართველ ბიზნესმენთან და პოლიტიკური გაერთიანება ”ქართული ოცნების” ლიდერთან, ბიძინა ივანიშვილთან ჩაწერილი ინტერვიუ გახდა.

რევაზ საყევარიშვილი Forbes Georgia-ს რედაქტორად გასული წლის ნოემბერში დაინიშნა. Forbes-ის ქართული გამოცემის მთავარ რედაქტორობაზე გამოცხადებულ კონკურსშიც, როგორც თავად ამბობს, იმ მიზეზით მიიღო მონაწილეობა, რომ მსგავსი ავტორიტეტული და, რაც მთავარია, მიუკერძოებელი მედიასაშუალების ქართულ ბაზარზე შემოსვლა მნიშვნელოვნად გააძლიერებდა ბეჭდურ მედიას. თუმცა გამოცემის იმ პრინციპებისა და წესების საქართველოში დამკვიდრება, რომლითაც Forbes-ი ნიუ-იორკში ხელმძღვანელობს, საქართველოში ადვილი არ აღმოჩნდა. Forbes Georgia-ს დამფუძნებელი კომპანიის, Media Partners-ის პრეზიდენტ გაგიკ ეღიაზარიანსა და რევაზ საყევარიშვილს შორის კონფლიქტის მიზეზად გამოცემის უკვე ყოფილი მთავარი რედაქტორი ”სარედაქციო დამოუკიდებლობაში პირდაპირ უხეშ ჩარევასა და მკაცრ ცენზურას” ასახელებს, რომელიც განსაკუთრებით მწვავედ ბოლო ნომერზე მუშაობისას გამოიხატა. სწორედ ამ ნომერში უნდა დაბეჭდილიყო ქართველ მილიარდერ ბიზნესმენთან და უკვე პოლიტიკაში წასულ ბიძინა ივანიშვილთან ინტერვიუ. მანამდე, ამერიკული Forbes-ის მარტის ნომერში ივანიშვილის ფოტო ჟურნალმა პირველ გვერდზე გამოიტანა და შესაბამისი სტატიაც მიუძღვნა. თუმცა საქართველოში ეს იდეა რატომღაც არ მოეწონათ, ამბობს რევაზ საყევარიშვილი:
მცდელობა მანამდეც იყო, ინტერვიუს კითხვების მომზადებისას, და შემდეგ უკვე, როდესაც ცენზურა მასალის შინაარსსაც შეეხო, ეს მართლაც ბოლო წვეთი იყო იმისათვის, რომ მთავარი რედაქტორის პოსტი დამეტოვებინა ...
რევაზ საყევარიშვილი

“მე, როგორც რედაქტორმა, მივიღე გადაწყვეტილება ჩაგვეწერა ახალი ინტერვიუ ბიძინა ივანიშვილთან. ინტერვიუ ორსაათ-ნახევარს გრძელდებოდა, ასევე - გადაღება. მოკლედ, ჟურნალი უკვე მზად იყო სტამბაში წასაღებად, როდესაც შევეჯახეთ სარედაქციო დამოუკიდებლობის შეზღუდვის მცდელობას. ეს მცდელობა მანამდეც იყო, ინტერვიუს კითხვების მომზადებისას, და შემდეგ უკვე, როდესაც ცენზურა მასალის შინაარსსაც შეეხო, ეს მართლაც ბოლო წვეთი იყო იმისათვის, რომ მთავარი რედაქტორის პოსტი დამეტოვებინა.”

რევაზ საყევარიშვილმა, გაუგებრობების თავიდან აცილების მიზნით, გადაწყვიტა ბიძინა ივანიშვილთან ჩაწერილი ინტერვიუს ”6,4 მილიარდის საიდუმლოს” სრული ვერსია ქართული Forbes-ის მორიგი ნომრის გამოსვლამდე ქართული მედიასაშუალებებით გაევრცელებინა.

”ყველამ თავად გადაწყვიტოს, იყო თუ არა რამე ამ ინტერვიუში ისეთი, რასაც ცენზურა უნდა შეხებოდა, მიუღებელი როგორც გამომცემლის, ისე მკითხველისათვის.”

რა გახდა Forbes Georgia-ს დამფუძნებლის გაგიკ ეღიაზარიანის მხრიდან ცენზურის მიზეზი? - ვკითხეთ ჟურნალის ყოფილ მთავარ რედაქტორს. რევაზ საყევარიშვილი ფიქრობს, რომ მიზეზი ეღიაზარიანისა და საქართველოს ხელისუფლების ცალკეული წარმომადგენლების პირად ნაცნობობასა და მეგობრობაში უნდა ვეძებოთ:

”მე ვფიქრობ, რომ მიზეზი საქართველოს საგარეო დაზვერვის სამსახურის ხელმძღვანელთან, გელა ბეჟუაშვილთან ჟურნალის დამფუძნებლის მეგობრობაა - ისინი ერთად სწავლობდნენ და დიდი ხანია ერთმანეთს იცნობენ. სხვათა შორის, ეს დამოკიდებულება ხშირად ჩანდა მის პოზიციაში, რომ უნდა მოვრიდებოდით ხელისუფლების გამაღიზიანებელი პუბლიკაციების მომზადებას, რომლებსაც საწყის ეტაპზე გამოცემისათვის შეიძლებოდა პრობლემები შეექმნა.”

რევაზ საყევარიშვილმა აღნიშნა, რომ ამ ურთიერთობის შესახებ მისთვის მოგვიანებით გახდა ცნობილი. მან აკეთა ქართული Forbes-ი მანამ, სანამ ზეწოლასთან გამკლავება შესაძლებელი იყო.
ზვიად ქორიძე
ზვიად ქორიძე

მედიაექსპერტი ზვიად ქორიძე მიიჩნევს, რომ პოლიტიკურ ჯგუფებთან დაახლოებული ურთიერთობა თავისთავად გულისხმობს Forbes Georgia-ს დამფუძნებლის პოლიტიკურ ინტერესებსაც. ამის ყველაზე ცუდი შედეგი კი სარედაქციო პოლიტიკაში ჩარევაა:

”შესაძლოა ამ კავშირებით პოლიტიკურ წრეებთან Forbes Georgia-ს დამფუძნებელს აქვს რაიმე გამორჩენა, შეიძლება არც აქვს, მაგრამ მიაჩნია, რომ პოლიტიკური ლოიალობა ხელშემწყობი ფაქტორი იქნება მისი ბიზნესისათვის, თუმცა ფაქტია, რომ, ამ ინტერესებიდან გამომდინარე, მან სცადა ჩარეულიყო სარედაქციო დამოუკიდებლობაში და ეს არის პრობლემა.”

რევაზ საყევარიშვილმა Forbes-ის სათავო ოფისს საკუთარი გადაწყვეტილების შესახებ უკვე აცნობა, თუმცა ჯერჯერობით მათი ოფიციალური პოზიცია უცნობია.

კომენტარს მომხდარზე არც გაგიკ ეღიაზარიანი აკეთებს. Forbes Georgia-ს ოფისში მისულებს მან გვითხრა, რომ ყურადღებით უნდა გაეცნოს საყევარიშვილის განცხადებებს და მედიას მხოლოდ ამის შემდეგ გააცნობს საკუთარ პოზიციას. მისივე სიტყვებით, არ არის გამორიცხული ის ყოფილ მთავარ რედაქტორს ჟურნალის ფურცლებიდან გამოეხმაუროს. ქართული Forbes-ის ახალი ნომერი, წესით, კვირის ბოლოს უნდა გამოვიდეს.
  • 16x9 Image

    ეკა ქევანიშვილი

    მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, ადამიანის უფლებების, ქალთა და ბავშვთა, უმცირესობების, ეკოლოგიის, ჯანდაცვისა და სხვა სოციალურ საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2008 წლიდან. 

XS
SM
MD
LG