Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რატომ არ გადაუვადეს დაავადებულ პატიმარს სასჯელი


”ადამიანის უფლებათა ცენტრის” ადვოკატი ნინო ანდრიაშვილი საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროსა და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ერთობლივ მუდმივმოქმედ კომისიას უმოქმედობაში ადანაშაულებს. ამ კომისიას ”ადამიანის უფლებათა ცენტრი” უკურნებელი სენით დაავადებული პატიმრის გოჩა არჩაიას გათავისუფლებას ბოლო ხუთი თვის განმავლობაში უშედეგოდ სთხოვდა. 22 თებერვალს პატიმარი გლდანის სამკურნალო დაწესებულებაში ისე გარდაიცვალა, რომ მის ადვოკატს კომისიისგან პასუხი არ მიუღია.

პირველი წერილი მუდმივმოქმედ კომისიას 41 წლის პატიმრის, გოჩა არჩაიას ადვოკატმა ნინო ანდრიაშვილმა, მისი გათავისუფლების მოთხოვნით, ჯერ კიდევ 2011 წლის სექტემბერში გაუგზავნა. მოთხოვნის საფუძველი ჯანდაცვის მინისტრის 72-ე ბრძანება იყო, რომელშიც ჩამოთვლილია ის მძიმე და განუკურნებელი დაავადებები, რომლებიც პატიმრისათვის სასჯელის გადავადების ან გათავისუფლების საფუძველი ხდება. რადგან გოჩა არჩაია რამდენიმე მძიმე სენით იყო ავად, ადვოკატი ანდრიაშვილი კომისიას მის გათავისუფლებას სთხოვდა, მაგრამ ხუთი თვის განმავლობაში მან პასუხი ვერ მიიღო. კომისიაში აცხადებდნენ, რომ ვერ მოხერხდა წევრების შეხვედრა. 22 თებერვალს კი პატიმარი არჩაია გარდაიცვალა.

გადაწყვეტილება უნდა მიიღოს სხდომის გამართვიდან ხუთი დღის ვადაში, მაგრამ სხდომა როდის უნდა ჩატარდეს, ეს განსაზღვრული არ არის ...
”პერიოდულად ვრეკავდი კომისიაში, ბოლოს უკვე კვირაში ერთხელაც. ხან მეუბნებოდნენ, რომ კომისიის წევრების შეხვედრა ვერ მოხერხდა, რომ ისინი ქალაქში არ იყვნენ, ხან ექსპერტიზის დასკვნას ელოდნენ... ამასობაში კი მსჯავრდებული გარდაიცვალა და საკუთარ ოჯახთან უკანასკნელი დღეების გატარებაც ვერ მოასწრო. ცხადია, ყველა პასუხისმგებლობა ერთობლივ კომისიას ეკისრება, რომელიც გამოდის, რომ უმოქმედოა და თავის საქმეს ვერ ასრულებს.”

ნინო ანდრიაშვილის განცხადებით, სასჯელაღსრულების სამკურნალო დაწესებულების წარმომადგენლები - მათ შორის, ექიმები - კანონით ვალდებულები არიან არ დაელოდონ პატიმრის ადვოკატის თუ ახლობლების ინიციატივას და დაავადებული პატიმრის გათავისუფლების მოთხოვნით თავად მიმართონ კომისიას. ”ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის” იურისტი ნინო გობრონიძე, რომელიც სახალხო დამცველის აპარატთან მოქმედი პრევენციის ეროვნული მექანიზმის მონიტორინგის მისიაშია ჩართული, შენიშნავს, რომ კომისიის მუშაობის ყველაზე დიდი ნაკლი საქმის განხილვისათვის საჭირო ვადების არარსებობაა.

”კომისიას კანონით დადგენილი ერთადერთი ვადა აქვს - მან გადაწყვეტილება უნდა მიიღოს სხდომის გამართვიდან ხუთი დღის ვადაში, მაგრამ სხდომა როდის უნდა ჩატარდეს, ეს განსაზღვრული არ არის და ეს პროცესი, როგორც წესი, ძალიან დიდხანს იწელება ხოლმე. მაგალითად, იყო ერთი შემთხვევა, როდესაც პატიმარმა გათავისუფლების მოთხოვნით კომისიას აგვისტოში მიმართა, სექტემბერში გარდაიცვალა, ოქტომბერში კი კომისიამ დამატებითი დოკუმენტაცია მოითხოვა. ეს ფაქტიც მიუთითებს, რამდენად ”ეფექტურად” მუშაობს ეს კომისია.”

დაავადებული პატიმრების დაცვის გამოცდილება აქვს არასამათავრობო ორგანიზაცია ”კონსტიტუციის 42-ე მუხლსაც”, რომლის გამგეობის თავმჯდომარე თამარ გაბისონია ამბობს, რომ ასეთი პატიმრების სამკურნალო დაწესებულებაში გადაყვანის ან სასჯელის გადავადების მოთხოვნით კომისიას ისინიც ხშირად მიმართავენ. არადამაკმაყოფილებელი პასუხის ან უარის შემთხვევაში კი ერთადერთი გამოსავალი პროცესში ევროპული სასამართლოს ჩართვაა:
თუ 2010 წელს სისტემაში 142 პატიმარი გარდაიცვალა, წინასწარი მონაცემებით, 2011 წელს გარდაცვლილია 140 პატიმარი, ანუ, ფაქტობრივად, იგივე რაოდენობა ...
გიორგი ტუღუში

”როდესაც ჩვენ ვამბობთ, რომ პატიმარი არაადამიანური მოპყრობის მსხვერპლია და თუ მის მიმართ გაგრძელდება იგივე მოქცევა, ის შესაძლოა წამების მსხვერპლადაც იქცეს, ასეთ დროს ევროპული სასამართლო რეაგირებს ხოლმე - შესაბამის სახელმწიფო სტრუქტურებს მიმართავს და სთხოვს წარუდგინოს პატიმრის მკურნალობის დამადასტურებელი, ასევე მისი ჯანმრთელობის დამადასტურებელი დოკუმენტები და ა.შ. ასეთ დროს სახელმწიფოც მეტად მოდის დათმობაზე და ხანდახან არის შემთხვევები, როდესაც ის თავად მიმართავს სასამართლოს და ითხოვს ამა თუ იმ პატიმრის მიმართ სასჯელის გადავადებას.”

საქართველოს სახალხო დამცველი გიორგი ტუღუში შენიშნავს, რომ 2011 წელს გადავადებული სასჯელების რაოდენობა შედარებით მეტი იყო, თუმცა არასაკმარისი, რადგან გარდაცვლილი პატიმრების რაოდენობა 2010 წელთან შედარებით არ შემცირებულა:

”თუ 2010 წელს სისტემაში 142 პატიმარი გარდაიცვალა, წინასწარი მონაცემებით, 2011 წელს გარდაცვლილია 140 პატიმარი, ანუ, ფაქტობრივად, იგივე რაოდენობა. მათი ძალიან დიდი ნაწილი ქრონიკული ავადმყოფი იყო, ეს დაავადებები მკურნალობას აღარც ექვემდებარებოდა. აქედან გამომდინარე, შეიძლება ითქვას, რომ კომისია საკმაოდ არაეფექტურად მუშაობს. ძალიან ხშირად დაავადება ხვდება დამტკიცებულ ნუსხაში, მაგრამ სასჯელის გადავადებაზე კომისია მაინც უარს ამბობს.”

სახალხო დამცველის ვარაუდით, რომ არა სასჯელის გადავადების ფაქტები, გარდაცვლილ პატიმართა რაოდენობა მკვეთრად გაასწრებდა შარშანდელ მაჩვენებელს. დაავადებული პატიმრების ციხის მძიმე პირობებში დატოვება, ტუღუშის აზრითაც, შეიძლება არასათანადო მოპყრობად შეფასდეს:

”ეს შეიძლება გაუტოლდეს არაადამიანურ და ღირსების შემლახავ მოპყრობას, თუმცა მხოლოდ კომისიის მუშაობას ამას ვერ დავაბრალებთ, რადგან ეს ზოგადად მთელი სისტემის ხარვეზია.”

რამდენად ხშირად და რა შემთხვევაში იღებს კომისია დაავადებული პატიმრებისათვის სასჯელის გადავადებისა და მათი სახლში გაშვების გადაწყვეტილებას? რატომ არ დაკმაყოფილდა პატიმარ გოჩა არჩაიას ადვოკატის ანალოგიური თხოვნა, სანამ პატიმარი სამკურნალო დაწესებულებაში არ გარდაიცვალა?

ამ კითხვების ადრესატებთან დაკავშირება, ჩვენი მცდელობის მიუხედავად, ვერ მოხერხდა. მთელი დღის განმავლობაში პასუხი ვერ მივიღეთ ვერც ჯანდაცვისა და ვერც სასჯელაღსრულების სამინისტროს პრესცენტრისგან.

ზოგადად კი, ერთობლივი კომისიის ფუნქცია სასჯელაღსრულების დაწესებულებებში მყოფ მძიმე და განუკურნებელი სენით დაავადებულ მსჯავრდებულთა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესწავლა და ავადმყოფობისა და ხანდაზმულობის ასაკის გამო სასჯელისგან გათავისუფლების შესახებ გადაწყვეტილების მიღებაა.
  • 16x9 Image

    ეკა ქევანიშვილი

    მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, ადამიანის უფლებების, ქალთა და ბავშვთა, უმცირესობების, ეკოლოგიის, ჯანდაცვისა და სხვა სოციალურ საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2008 წლიდან. 

XS
SM
MD
LG