Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჟენევაში რუსეთს საქართველოს მიმართ სამშვიდობო ვალდებულების აღებას სთხოვენ


საერთაშორისო მოლაპარაკებათა მე-18 რაუნდს, რომელსაც ჟენევა 14 დეკემბერს მასპინძლობდა, პრაქტიკულად არანაირი შედეგი არ მოჰყოლია, თუმცა საერთაშორისო პროცესის თანათავმჯდომარეები მაინც ლაპარაკობენ გარკვეულ წარმატებულ მიმართულებებსა და ტენდენციებზე. საგანგებოდ განსახილველ თემებად კვლავაც რჩება ძალის გამოუყენებლობა და უსაფრთხოების საერთაშორისო მექანიზმები.

”რუსეთს ადრე თუ გვიან აუცილებლად მოუწევს აიღოს ძალის გამოუყენებლობის ვალდებულება საქართველოს მიმართ”, - ამბობს რადიო თავისუფლებასთან საუბრისას სერგი კაპანაძე, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე და საქართველოს დელეგაციის წარმომადგენელი ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებზე. ის ლაპარაკობს ძალის გამოუყენებლობის ცალმხრივ ვალდებულებაზე, რომელიც საქართველომ გასული წლის მაისში იტვირთა და მას შემდეგ მსგავსი ნაბიჯის გადადგმისკენ რუსეთსაც არაერთხელ მოუწოდა საერთაშორისო თანამეგობრობამ.

მოწოდება იმის თაობაზე, რომ რუსეთმა ამ მხრივ აუცილებლად უნდა მიბაძოს საქართველოს, დღეისათვის არაერთ საერთაშორისო დოკუმენტშია ასახული და ასეა, მაგალითად, 17 ნოემბერს ევროპარლამენტის მიერ დამტკიცებულ რეზოლუციაშიც. თუმცა რუსეთს მიაჩნია, რომ ის არ არის კონფლიქტის მხარე და ამიტომ საქართველოს მიმართ სამშვიდობო ვალდებულების აღება მას სულაც არ ევალება. კრემლის პოზიციით, შეთანხმებები უნდა გაფორმდეს საქართველოსა და მის ოკუპირებულ ტერიტორიებს შორის, რომლებსაც ის დამოუკიდებელ ქვეყნებად აღიარებს.

მაგრამ სერგი კაპანაძის შთაბეჭდილებით, თუკი წინა რაუნდებსაც გადავხედავთ, მოლაპარაკებათა მე-18 რაუნდზე რუსეთის პოზიცია ”შედარებით შესუსტებული” იყო:

”საუბარია არგუმენტების ნაკლებობაზე და ინტენსიფიცირებულ რიტორიკაზე თანათავმჯდომარეების, შეერთებული შტატებისა და ჩვენი მხრიდან. ანუ პრაქტიკულად სხვა გამოსავალი აღარ რჩება რუსეთის ფედერაციას, გარდა იმისა, რომ ეს ვალდებულება აიღოს. წინააღმდეგ შემთხვევაში მისგან ეს იქნება გზავნილი, რომ აპირებს სამხედრო ესკალაციას ამ რეგიონში.”

სერგი კაპანაძე ამბობს, რომ ძალის გამოუყენებლობის ვალდებულება განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ხდება რუსეთის ხელისუფლების „აგრესიული რიტორიკის“ ფონზე. თბილისი განსაკუთრებით შემაშფოთებლად მიიჩნევს ბოლო პერიოდის 2 ფაქტს: რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვის მუქარას, რომ ნატოსა და საქართველოს დაახლოებამ შესაძლოა ახალი სამხედრო კონფლიქტი გამოიწვიოს, და ასევე რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივნის ნიკოლაი პატრუშევის განცხადებას, რომ „რუსეთში ტერორისტული აქტების განსახორციელებლად” საქართველო ტერორისტებს თავის ტერიტორიაზე წვრთნის.

ამ ფაქტებზე არაფერი წერია ჟენევის მოლაპარაკებათა თანათავმჯდომარეების მიერ 14 დეკემბერს მიღებულ ერთობლივ პრესკომუნიკეში, რომელიც პირდაპირ არც რუსეთს მოიხსენიებს; თუმცა ხაზგასმით არის აღნიშნული, რომ ძალის გამოუყენებლობის ვალდებულების აღება ყველა მონაწილისთვის წარმოადგენს აუცილებლობას რეგიონის უსაფრთხოებისთვის.

მე-18 რაუნდი ბოლო იყო ეუთოს ლიტვის თავმჯდომარეობის სპეციალური წარმომადგენლისთვის გაჭიანურებულ კონფლიქტთა საკითხებში გედრიუს ჩეკუოლისისთვის, რადგანაც მომავალი წლიდან ეუთოს მორიგე თავმჯდომარე ქვეყანა ირლანდია გახდება. 14 დეკემბერს გამართულ პრესკონფერენციაზე ჩეკუოლისმა თქვა, რომ ჟენევის მოლაპარაკებების თანათავმჯდომარის რანგში ის ერთი წლის მანძილზე თანმიმდევრულად მოუწოდებდა ”ყველა მხარეს გაეორმაგებინა ძალისხმევა საერთაშორისო უსაფრთხოების მექანიზმებისა და, კერძოდ, ძალის გამოუყენებლობის საკითხთან მიმართებით.”

”მინდა კიდევ ერთხელ მოვუწოდო მონაწილეებს, რომლებსაც ჯერ არ დაუდვიათ ძალის გამოუყენებლობის ცალმხრივი პირობა, რომ ეს მათ მალე გააკეთონ. ეს იმისთვის, რომ ადგილზე გაუმჯობესდეს უსაფრთხოებასთან დაკავშირებული სიტუაცია და აღდგეს ნდობა“, - განაცხადა გედრიუს ჩეკუოლისმა 14 დეკემბერს.

მის მსგავსად, ძალის გამოუყენებლობისა და უსაფრთხოების საერთაშორისო მექანიზმების განსაკუთრებულ მნიშვნელობას იმავე პრესკონფერენციაზე ხაზი გაუსვა ჟენევის მოლაპარაკებათა კიდევ ერთმა თანათავმჯდომარემ, ახალმა სპეციალურმა წარმომადგენელმა სამხრეთ კავკასიასა და საქართველოში კრიზისის საკითხებში, ფილიპ ლეფორმა:

„ზოგიერთი მონაწილე ახალი წინადადებებით ჩაერთო დისკუსიაში თანათავმჯდომარეთა მიერ მანამდე გაკეთებული იმ შემოთავაზების საპასუხოდ, რომელიც შეეხება უსაფრთხოების გარდამავალი რეჟიმისკენ მიმართულ კონკრეტულ ნაბიჯებს. ჯერ დაუსრულებელი დისკუსია ამ კონკრეტულ თემაზე კვლავ გაგრძელდება.“

ჟენევის მოლაპარაკებათა დადებით ტენდენციებზე საუბრისას ფილიპ ლეფორი აღნიშნავს ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში გამართული შეხვედრების წვლილს. სტაბილური სიტუაცია რეგიონში დიდწილად სწორედ ამ მექანიზმის დამსახურებით რომ შენარჩუნდა, თავის მხრივ ანტი ტურუნენმაც აღნიშნა, გაეროს წარმომადგენელმა, რომლის აზრითაც, მე-18 რაუნდის ფარგლებში გამართული დისკუსიები „საქმიანი და კონსტრუქციული“ იყო.

თანათავმჯდომარეები კმაყოფილი არიან იმით, რომ დასრულების სტადიაშია ეუთოს ხელმძღვანელობით განხორციელებული და ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტები, რომლებიც ადმინისტრაციული საზღვრის მიმდებარე დასახლებების წყლით მომარაგებას გულისხმობს. ასევე პოზიტიურ ფაქტორად მიიჩნევა შეთანხმება, რომ გაგრძელდება დისკუსია საზღვრის გადაკვეთის ბრალდებით დაკავებული თუ უგზო-უკვლოდ დაკარგული პირების პრობლემებთან დაკავშირებით.

თუმცა, რუსეთის წინააღმდეგობის გამო, არანაირი პოზიტივი არ შეინიშნება დევნილების საკუთარ სახლებში დაბრუნების პრობლემასთან მიმართებით. როგორც საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე სერგი კაპანაძე აღნიშნავს ჩვენთან საუბრისას, ასევე რუსეთის წინააღმდეგობა ბლოკავს საერთაშორისო მისიების შეშვებას ოკუპირებულ ტერიტორიებზე. მისი დასკვნით, მე-18 რაუნდი აბსოლუტურად უშედეგო იყო.

მონაწილეები შეთანხმდნენ, რომ საერთაშორისო მოლაპარაკებების მომდევნო რაუნდი 2012 წლის 29 მარტს გაიმართება.
  • 16x9 Image

    ლელა კუნჭულია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი. ძირითადად მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებს. მუშაობდა პრაღაში, რადიო თავისუფლების სათავო ოფისში. სხვადასხვა დროს მიჰყავდა გადაცემები. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში დოკუმენტური ფილმისთვის "პანკისის სტიგმა".  რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2000 წლიდან.

XS
SM
MD
LG