Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უშედეგო მე-17 რაუნდი ჟენევაში


4 ოქტომბერს უშედეგოდ დასრულდა ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებათა მე-17 რაუნდი, რომელზეც ქართული მხარე ოკუპირებული ტერიტორიების უსაფრთხოებასა და საერთაშორისო მეთვალყურეობასთან დაკავშირებული კონკრეტული წინადადებებით წარდგა და ასევე მოითხოვა ცხინვალის საპატიმროებში მყოფი საქართველოს მოქალაქეების გათავისუფლება. რუსეთისა და ოკუპირებული ტერიტორიების წარმომადგენლებმა უარი განაცხადეს ნდობის აღდგენასთან დაკავშირებულ პროექტებზე და სრული იგნორირება მოახდინეს დევნილების თემისა.
ისინი არ არიან მზად, რომ განიხილონ ყველაზე უმტკივნეულო საკითხებიც კი, რომ აღარაფერი ვთქვათ მნიშვნელოვან და პოლიტიკური სენსიტიურობის მქონე საკითხებზე...

”ძალიან სამწუხაროა, მაგრამ არანაირი შედეგი არ გვაქვს. მოსკოვისა და მარიონეტული რეჟიმების პოზიცია ამ რაუნდზე იყო, ალბათ, იმაზე ხისტი, ვიდრე ოდესმე ყოფილა”, - ასეთია საქართველოს დელეგაციის წარმომადგენლის, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის სერგი კაპანაძის შთაბეჭდილება, რომელიც მან მე-17 რაუნდის დასრულების შემდეგ გაუზიარა რადიო თავისუფლებას. მოსკოვმა, ცხინვალმა და სოხუმმა პრაქტიკულად ყველა წინადადება დაბლოკეს:

”ისინი არ არიან მზად, რომ განიხილონ ყველაზე უმტკივნეულო საკითხებიც კი, რომ აღარაფერი ვთქვათ მნიშვნელოვან და პოლიტიკური სენსიტიურობის მქონე საკითხებზე. ისეთი შედარებით მცირე საკითხებიც კი, როგორიც არის ნდობის აღდგენასთან დაკავშირებული ღონისძიებები - პატარა პროექტები, რომლებიც გახლეჩილ საზოგადოებებს ერთმანეთთან ნდობის აღდგენის გზით დააკავშირებდა, ასეთ საკითხებზეც კი ისინი არიან საკმაოდ პოლიტიზებული და ყველაფერს აბამენ სტატუსის საკითხს.”

ნდობის აღდგენასთან დაკავშირებული პროექტები მხარეებს საერთაშორისო ორგანიზაციებმა 3 ოქტომბერს გამართული საინფორმაციო სესიის ფარგლებში შესთავაზეს. მათი ამოქმედების აუცილებლობას ხაზი გაუსვეს ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებათა თანათავმჯდომარეებმაც - ეუთოს, ევროკავშირისა და გაეროს წარმომადგენლებმა - მე-17 რაუნდის დასრულების შემდეგ გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე. მაგალითად, ეუთოს ლიტვის თავმჯდომარეობის სპეციალურმა წარმომადგენელმა გაჭიანურებულ კონფლიქტთა საკითხებში გედრიუს ჩეკუოლისმა აღნიშნა, რომ ძალის გამოუყენებლობის ვალდებულებისადმი მხარეთა განსხვავებული მიდგომების გამო განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს ნდობისა და უსაფრთხოების უზრუნველმყოფი ღონისძიებების შემუშავება, რაც შესაძლებელს გახდიდა ”ნდობის გაძლიერებასა და გამჭვირვალობის უზრუნველყოფას სამხედრო სფეროში.”

Write Your Quote Here ...

რუსეთისა და ოკუპირებული ტერიტორიების ხისტი პოზიციის გამო უშედეგო იყო ქართული მხარის აქტიურობა პირველი სამუშაო ჯგუფის ფარგლებშიც, სადაც უსაფრთხოების საკითხები განიხილება. უსაფრთხოების საერთაშორისო მექანიზმების დამკვიდრების მიმართულებით ქართული მხარის საბოლოო მიზანს დეოკუპაცია წარმოადგენს. თბილისის სურვილია, რომ რუსეთის არმია ოკუპირებულ ტერიტორიებზე საერთაშორისო საპოლიციო და სამშვიდობო ძალებმა ჩაანაცვლონ, თუმცა ქართულ მხარეს უფრო მოკლევადიანი კონკრეტული გეგმაც აქვს. ამ გეგმის მიხედვით, ევროკავშირის სამეთვალყურეო მისიის წარმომადგენლებს უსაფრთხოებასთან დაკავშირებული ცალკეული შემთხვევების გამო მაინც უნდა მიეცეთ ოკუპირებულ ტერიტორიებზე დაუბრკოლებლად შესვლის საშუალება და ასევე უნდა ამოქმედდეს ერთობლივი ვიზიტების პრაქტიკა, რაზეც ლაპარაკია ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმისთვის 2009 წლის თებერვალში შემუშავებულ რეკომენდაციებში.

მე-17 რაუნდზე ვერანაირი პროგრესი ვერ იქნა მიღწეული ცხინვალის საპატიმროებში უკანონოდ მყოფი საქართველოს დაახლოებით 20 მოქალაქის გათავისუფლების საკითხის გარშემო. ეს არის საკითხი, რომელიც ქართულმა მხარემ საგანგებოდ დააყენა ჟენევის მოლაპარაკებათა მე-17 რაუნდზე. სერგი კაპანაძე ამბობს, რომ დაკავებულთა საკითხით საგანგებოდ დაინტერესდნენ თანათავმჯდომარეები და შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის მოადგილე ფილიპ გორდონი, რომელიც ჟენევის მოლაპარაკებათა ამ რაუნდში იღებდა მონაწილეობას. თუმცა, როგორც უკვე ვთქვით, შედეგი არ არის და იმედები სამომავლო ნაბიჯებზე მყარდება.

”მუშაობა გაგრძელდება უკვე ცალკეული ვიზიტების დროს იმავე მოსკოვში, ცხინვალსა თუ სოხუმში... და ინციდენტების პრევენციის მექანიზმის ფარგლებში”, - უთხრა რადიო თავისუფლებას სერგი კაპანაძემ, საქართველოს დელეგაციის წარმომადგენელმა ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებზე.

არ გამართლდა სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის წარმომადგენლების მუქარა, რომ ისინი არ მიიღებდნენ მონაწილეობას მე-2 სამუშაო ჯგუფის შეხვედრაში. თუმცა მათ, ისევე როგორც აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის წარმომადგენლებმა, კატეგორიული უარი თქვეს დევნილებთან დაკავშირებული თემის განხილვაზე. მიზეზად სახელდება საქართველოს მიერ მომზადებული და გაეროს გენერალურ ასამბლეაზე ივნისში დამტკიცებული მორიგი რეზოლუცია, რომელიც დევნილების ღირსეული დაბრუნების აუცილებლობას უსვამს ხაზს.

თანათავმჯდომარეები იმედოვნებენ, რომ მეტი პროგრესი იქნება მიღწეული ჟენევის მოლაპარაკებათა მომდევნო რაუნდზე, რომელიც 14 დეკემბერს გაიმართება.
  • 16x9 Image

    ლელა კუნჭულია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი. ძირითადად მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებს. მუშაობდა პრაღაში, რადიო თავისუფლების სათავო ოფისში. სხვადასხვა დროს მიჰყავდა გადაცემები. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში დოკუმენტური ფილმისთვის "პანკისის სტიგმა".  რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2000 წლიდან.

XS
SM
MD
LG