Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ეროსი კიწმარიშვილი სასამართლოსთვის სარჩელს ამზადებს


ეროსი კიწმარიშვილის პრესკონფერენცია
ეროსი კიწმარიშვილის პრესკონფერენცია
”რუსთავის მედიის მართვის კომპანიის” ხელმძღვანელმა ეროსი კიწმარიშვილმა დღეს, 2 დეკემბერს, სტუდია ”მაესტროს” შენობაში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ მას აქვს ლეგალური უფლება აღადგინოს მაუწყებლობა ტელეკომპანია „მაესტროს“ ოფისიდან. ამ განცხადებას ეწინააღმდეგება შპს სტუდია „მაესტროს“ ერთ-ერთი დამფუძნებელი, მამუკა ღლონტი, რომელმაც ორი დღის წინ შეუწყვიტა ეროსი კიწმარიშვილის კომპანიას მართვის უფლების ხელშეკრულება. ეროსი კიწმარიშვილმა 2 დეკემბერს მიმართა კიდეც კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას, რომლისგანაც პასუხად მიიღო, რომ ტელეკომპანიის მაუწყებლობის ლიცენზია მის დამფუძნებლებს აქვთ. შექმნილ ვითარებაში ეროსი კიწმარიშვილი ბრძოლის სამართლებრივ გზას ირჩევს.

”რუსთავის მედიის მართვის კომპანიის” ხელმძღვანელმა, ეროსი კიწმარიშვილმა, პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ იურიდიულად ტელეკომპანია „მაესტროს“ ქონებას მისი კომპანია განკარგავს. ამის დასტურად მან 2009 წლის 29 ნოემბერს მასა და ტელეკომპანია „მაესტროს“ დამფუძნებლებს შორის გაფორმებული ხელშეკრულება მოიშველია:

”მფლობელი, მესაკუთრე, ამ შემთხვევაში „მაესტრო“, გადასცემს მმართველს, ამ შემთხვევაში მართვის კომპანიას, შემდეგ რამეს: შპს სტუდია „მაესტროს“ მთელ უძრავ-მოძრავ ქონებას, სხვა აქტივებს, მათ შორის მოთხოვნებით და ვალდებულებებით მესამე პირების წინაშე. ეს არის უმთავრესი ქონებრივი საკითხი.”
მაესტროს" მაუწყებლობა საფრთხის ქვეშ არ არის, მას შეუძლია ჩვეულებრივად გააგრძელოს მაუწყებლობა...

ეროსი კიწმარიშვილმა, თავის მიერ დასახელებულ საფუძველზე, კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას მიმართა. როგორც მარეგულირებელი ეროვნული კომისიის პრესსამსახურის ხელმძღვანელი ხატია ყურაშვლი ამბობს, ეროსი კიწმარიშვილი მოითხოვდა საკაბელო ოპერატორებს, რომელთა მეშვეობითაც ტელეკომპანია „მაესტრო“ მაუწყებლობს, არ გაევრცელებინათ „მაესტროს“ სიგნალი. კიწმარიშვილის ეს მოთხოვნა კომუნიკაციების მარეგულირებელმა კომისიამ უსაფუძვლოდ მიიჩნია, ვინაიდან, როგორც ხატია ყურაშვილი განმარტავს, კომუნიკაციების ეროვნული კომისია არასდროს ერეოდა საკაბელო ოპერატორების საქმიანობაში და ისინი მაუწყებელთან გაფორმებული ხელშეკრულების შესაბამისად წყვეტენ, რომელი არხი ჩასვან საკუთარ საკაბელო ქსელში.

ამასთან, კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში ითქვა, რომ მაუწყებლობის ლიცენზია ტელეკომპანია „მაესტროს“ დამფუძნებლების საკუთრებაა და მათ შეუძლიათ მოძრავი სადგურით გავიდნენ ეთერში, როგორც ამჟამად აკეთებენ. ტელეკომპანია „მაესტრო“ ახლა რადიო „მაესტროს“ ოფისიდან მაუწყებლობს.

”მაესტროს" მაუწყებლობა საფრთხის ქვეშ არ არის, მას შეუძლია ჩვეულებრივად გააგრძელოს მაუწყებლობა”, - განაცხადა კომუნიკაციების ეროვნული კომიისიის პრესსამსახურის ხელმძღვანელმა ხატია ყურაშვილმა.

ამასვე ადასტურებს ტელეკომპანია „მაესტროს“ ერთ-ერთი დამფუძნებელი, მამუკა ღლონტი, რადიო თავისუფლებასთან საუბარში. ის ამბობს, რომ ამჟამად ტელეკომპანია მოძრავი სადგურის მეშვეობით მაუწყებლობს:
მამუკა ღლონტი
მამუკა ღლონტი

”ლიცენზია გაცემულია შპს სტუდია „მაესტროზე“. ასე რომ, მაუწყებლობა ეთერში შეუძლია შპს სტუდია „მაესტროს“, რომლის თანამესაკუთრეს ესაუბრებით თქვენ."

თავის მხრივ, ეროსი კიწმარიშვილი აცხადებს, რომ ერთადერთი ლეგალური ადგილი, საიდანაც მაუწყებლობა უნდა ხორციელდებოდეს, ტელეკომპანია „მაესტროს“ ოფისია:

”ერთადერთი ლეგალური ადგილი, საიდანაც უნდა გადიოდეს ლეგალური სიგნალი, იქნება ეს ადგილი, და მე ველოდები მათ რეაქციას. რა იქნება ამ ეთერში? მე ვფიქრობ, რომ ერთ-ერთი ევროპული არხი ჩაირთვება ამ არხზე მანამ, სანამ მოხდება ყველა დარჩენილი პრობლემის დარეგულირება.”

კომუნიკაციების ეროვნული კომისია ეროსი კიწმარიშვილის ამ გადაწყვეტილებას უკანონოდ მიიჩნევს. დღესვე ეროსი კიწმარიშვილმა იმ მიზეზზე ისაუბრა, რამაც, მისი სიტყვებით, თვე-ნახევრის წინ ”მაესტროში" ვითარება აჭრა”. ეს მიზეზი ბიზნესმენი ბიძინა ივანიშვილია, რომელთან მოლაპარაკებასაც მამუკა ღლონტი აწარმოებდა. ეროსი კიწმარიშვილის განცხადებით, მან დაინახა საფრთხე, რომ ტელეკომპანია შეიძლებოდა ერთი ადამიანის ფანკლუბი გამხდარიყო:

”რაც შეეხებ იმას, ჰქონდა თუ არა მამუკა ღლონტს ივანიშვილთან მოლაპარაკების წარმოების უფლება, დიახ, ჰქონდა. მაგრამ ჰქონდა თუ არა უფლება გაეწყვიტა ჩემთან კონტრაქტი იმ სტიმულით, რომ გამოჩნდა ფულის ტომარა, რომელსაც შეუძლია გადაწყვიტოს მისი მომავალი ფინანსური პრობლემები? ჰქონდა თუ არა მას ეს უფლება, სწორედ არის საკითხი, რამაც წარმოშვა უკვე დავა მასა და ჩემ შორის.”
თამარ კორძაია
თამარ კორძაია

”ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის” წარმომადგენელი თამარ კორძაია, რომელიც „მაესტროში“ დაპირისპირებულ მხარეებს შორის მედიატორის როლსაც ასრულებდა, ამბობს, რომ ეროსი კიწმარიშვილის მცდელობას, სამართლებრივი გზით იბრძოლოს, დიდი პერსპექტივა არა აქვს:

”ის, რომ მომავალში [ეროსი კიწმარიშვილი] ამ კომპანიის ფლობას გააგრძელებს, ეს შეუძლებელია.”

რაც შეეხება თავად ეროსი კიწმარიშვილის გეგმებს, ის ტელეკომპანია „მაესტროს“ შენობის დატოვებას არ აპირებს, მან კომპანიის ახალი გენერალური დირექტორიც დანიშნა და ახლა სასამართლოსთვის სარჩელის მომზადებითაა დაკავებული. მისი სიტყვებით, სარჩელში ის თავისი სამართლებრივი უფლებების აღდგენას მოითხოვს.
  • 16x9 Image

    ნინო ხარაძე

    ახალი ამბების რედაქტორი. მუშაობს საშინაო და საგარეო პოლიტიკური საკითხების, კონფლიქტების, ადამიანის უფლებათა და უმცირესობების თემების გაშუქებაზე. მიჰყავდა პროგრამები „გენდერული ამბები“ და „გადაკვეთის წერტილი“. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2010 წლიდან. 

XS
SM
MD
LG