Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„მაესტროში“ კვლავ საგანგებო ვითარებაა


ტელეკომპანია „მაესტრო“ კვლავ საგანგებო რეჟიმში მაუწყებლობს, თუმცა ტელევიზიის დამფუძნებლები და ტელეკომპანიის მმართველი კომპანიის ხელმძღვანელი ცდილობენ კონფლიქტი მოლაპარაკების გზით აღმოფხვრან. მხარეები ასევე განიხილავენ მეთვალყურის სტატუსით მედიატორის - ერთ-ერთი არასამთავრობო ორგანიზაციის - შეყვანის შესაძლებლობასაც.

„თქვენ უნდა დატოვოთ „მაესტრო“, თქვენ ხართ დამნაშავე საზოგადოების წინაშე! ეროსი, გამოდი, დატოვე თავისუფალი ტელევიზია!“ - „მაესტროს“ წინ შეკრებილი ადამიანები სტვენითა და შეძახილებით ამაოდ ცდილობდნენ ტელევიზიის მმართველი კომპანიის ხელმძღვანელის, ეროსი კიწმარიშვილის, შენობიდან გამოყვანას. კიწმარიშვილი შენობის დატოვებასა და პოზიციის შეცვლაზე არც მაშინ დათანხმდა, როცა „მაესტროს“ ერთ-ერთმა დამფუძნებელმა, ლევან ჩიკვაიძემ, კონტრაქტის გაწყვეტის შესახებ მიღებული გადაწყვეტილება გაავრცელა:

„ჩვენი მხრიდან არაერთი გაფრთხილების მიუხედავად, თქვენ მიერ არ იქნა შესრულებული არც ერთი მოთხოვნა, ხოლო დღეს მომხდარმა ფაქტმა ამოწურა ყოველგვარი სამართლებრივი რესურსი, რომ ჩვენ შორის არსებობდეს რაიმე ტიპის საქმიანი ურთიერთობა.“

დაძაბულობის მუხტი შედარებით გაანელა მამუკა ღლონტის გამოხმაურებამ ეროსი კიწმარიშვილის მოწოდებაზე, რომლის თანახმადაც დამფუძნებელმა უნდა დატოვოს „მაესტროს“ შენობა და დაიწყოს ურთიერთობის გარკვევა მოლაპარაკების მაგიდასთან.

მამუკა ღლონტი: „მზად ვარ დავჯდე მოლაპარაკების მაგიდასთან, თუ „მაესტროში“ აღდგება სტატუს-კვო, ანუ „მაესტროში“ იქნება ის სიტუაცია, რაც იყო მის შემოჭრამდე: ტელევიზიას დაუბრუნდება მისი გენერალური დირექტორი ილია კიკაბიძე, რომელიც საჯარო რეესტრში კვლავ გენერალურ დირექტორადაა რეგისტრირებული, და ეროსი კიწმარიშვილი დატოვებს ტელეკომპანიის შენობას თავის თანმხლებ პირებთან ერთად. ასეთ შემთხვევაში მეც დავტოვებ ტელევიზიის შენობას და მზად ვიქნება დავიწყო მოლაპარაკება.“

მამუკა ღლონტის ამ შეთავაზების პასუხად, ეროსი კიწმარიშვლმა რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ მხარეებმა ტელევიზიის ინტერესების საზიანოდ არ უნდა იმოქმედონ და რომ შექმნილი ვითარებიდან ერთადერთი გამოსავალი დიალოგის დროული დაწყებაა:

„მამუკას ეს განცხადება არის ნაწილი ჩვენ შორის დიალოგის დაწყების მცდელობისა, რასაც პოზიტიურად ვაფასებ და მივესალმები მის ზოგად მცდელობას პროცესში ერთად ვიმოძრაოთ. რაც შეეხება კონკრეტულ დეტალებს, ვფიქრობ, ჩემი და დამფუძნებლების სხვა შეთანხმების საკითხია და როცა გვექნება ეს შეთანხმება, საზოგადოებას აუცილებლად შევატყობინებთ.“

მოგვიანებით ეროსი კიწმარიშვილმა ტელევიზიის შენობაში შეუშვა „მაესტროს“ ერთ-ერთი დამფუძნებელი, ლევან ჩიკვაიძე. პირველი მოლაპარაკებაც კიწმარიშვილსა და ჩიკვაიძეს შორის შედგა.

„შევთანხმდით იმაზე, რომ შეიძლება შემოვიყვანოთ მართვაში მედიატორი, მაგალითად, „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“. შევთანხმდით იმაზე, რომ ორივე მხარეს გარკვეული ლაფსუსები გვქონდა. შევთანხმდით იმაზე, რომ მოლაპარაკება უნდა დაიწყოს და ეს მოლაპარაკება უნდა გავიდეს „მაესტროს“ შენობის გარეთ. თუ მოლაპარაკება შედგება, ხელშეკრულებას არ გავწყვეტთ და გადავინაცვლებთ მაგიდასთან“, - ლევან ჩიკვაიძის თქმით, მოვლენების ამგვარად განვითარების შემთხვევაში ტელევიზიის დამფუძნებლები პროკურატურასა და პოლიციაში შეტანილ საჩივარსაც უკან გამოიხმობენ. რაც შეეხება მედიატორად დასახელებულ „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციას“, მისი წარმომადგენელი თამარ კორძაია, რომელსაც წაკითხული აქვს მხარეებს შორის გაფორმებული ხელშეკრულება, ამბობს, რომ ტელევიზიის შენობის ნაწილის დაკავებით პრობლემა ვერ გადაიჭრება.

„ხელშეკრულების პირობების დარღვევით და სხვა მიზეზთა გამო ხელშეკრულების შეწყვეტის უფლება ყველას აქვს. სხვა საკითხია როგორ გაირჩევა შემდეგ ეს საკითხი სასამართლოში... მაუწყებლობის პარალიზებასა და შენობის ოკუპირებას არავითარი აზრი არა აქვს, იმიტომ რომ ხვალ თუ ზეგ მაინც დამთავრდება და მმართველი კომპანია იძულებული იქნება გამოვიდეს ტერიტორიიდან“, უთხრა თამარ კორძაიამ რადიო თავისუფლებას.

„ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ“ და კოალიციამ „მედიის ადვოკატირებისათვის“ მიიღეს დაპირისპირებული მხარეების შეთავაზება და მოლაპარაკების პროცესში მედიატორის როლის შესრულებაზე დათანხმდნენ. ეროსი კიწმარიშვილსა და ტელევიზიის დამფუძნებლებს შორის მოლაპარაკების დაწყებას მიესალმნენ ტელეკომპანიის თანამშრომლებიც, რომელთა სახელითაც განცხადება გადაცემა „არგუმენტების“ წამყვანმა თეა სიჭინავამ გააკეთა.
„ვეთანხმებით სტატუს-კვოს აღდგენას, თუმცა ვაკონკრეტებთ, რომ მოლაპარაკების დაწყების დროს „მაესტროს“ ტერიტორია ეროსი კიწმარიშვილთან ერთად უნდა დატოვონ მისმა თანმხლებმა - ჩვენთვის უცნობმა - პირებმა, რადგან ჩვენთვის კატეგორიულად მიუღებელია მათი ყოფნა ტერიტორიაზე. ისინი ხელს გვიშლიან მუშაობაში, გვიზღუდავენ გადაადგილებას, ბლოკირებული აქვთ მეორე და მესამე სართულის შესასვლელი. ასეთ ვითარებაში ვერ იქნება შენარჩუნებული სარედაქციო დამოუკიდებლობა და ობიექტურობა“, განაცხადა თეა სიჭინავამ.
  • 16x9 Image

    ჯიმშერ რეხვიაშვილი

    ჟურნალისტი, ბლოგერი; პროზაული, პოეტური და დოკუმენტური კრებულების ავტორი. მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს კულტურის თემებს. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში და ლიტერატურული პრემია „ლიტერა“. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2003 წლიდან.

XS
SM
MD
LG