Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

"ქართუ ჯგუფი" ზეწოლის ახალ ფაქტებზე საუბრობს


"ქართუ ჯგუფის" შენობა ერეკლე მეფის მოედანზე
"ქართუ ჯგუფის" შენობა ერეკლე მეფის მოედანზე
ქართული საინფორმაციო სააგენტოების საშუალებით 28 ოქტომბერს დილიდან, ერთმანეთის მიყოლებით, ორი განცხადება გავრცელდა. პირველი განცხადება ბანკ ”ქართუს” ხელმძღვანელობას ეკუთვნის, მეორეს კი ბიძინა ივანიშვილის პრესსამდივნო ავრცელებს.

როგორც ბიძინა ივანიშვილის პრესსამდივნო იუწყება, ზედამხედველობის საქალაქო სამსახური "ქართუ ჯგუფს" ერეკლე მეფის მოედანზე როსტომ მეფის სასახლეში სარემონტო სამუშაოების გაგრძელების საშუალებას არ აძლევს. “ქართუ ჯგუფის” იურისტის განმარტებით, ობიექტი “ქართუ ჯგუფის” შემადგენლობაში შემავალმა კომპანიამ ”ახალმა კაპიტალმა” 2009 წელს შეიძინა და მრავალფუნქციური ბიზნესცენტრის სარემონტო სამუშაოები აგვისტოს ბოლოს დაასრულა. 1 სექტემბერს კი დედაქალაქის მერიას ობიექტის შემოწმება სთხოვა, რათა შემდგომ შენობის ექსპლუატაციაში შესვლა ყოფილიყო შესაძლებელი.

კანონის მიხედვით, ზედამხედველობის სამსახურის თანამშრომლები როსტომ მეფის სასახლეში 13 ოქტომბრამდე უნდა მისულიყვნენ, მაგრამ ზედამხედველობის სამსახურის თანამშრომლები ერეკლე მეფის მოედანზე მხოლოდ 26 ოქტომბერს გამოცხადნენ და მუშებს მშენებლობის შეწყვეტა მოსთხოვეს. თავის მხრივ, თბილისის მერია გაკვირვებას გამოთქვამს კომპანია „ქართუს“ ბრალდებებთან დაკავშირებით და მიიჩნევს, რომ ის არის დაუსაბუთებელი, არამართლზომიერი და პოლიტიზებული.
საღამოს ათის ნახევარზე კი დამიძახეს და მითხრეს, ობიექტი უნდა გავაჩეროთო. მიზეზად მითხრეს, პროექტიდან გადახვევები არისო...

როგორც „ქართუ ჯგუფის“ პრესსამდივნოს განცხადებაშია აღნიშნული, ზედამხედველობის საქალაქო სამსახურმა როსტომ მეფის სასახლედ წოდებულ მრავალფუნქციურ ბიზნესცენტრში სარემონტო სამუშაოების შეჩერების მიზეზად არასწორად წარმოებული სამუშაოები დაასახელა. ერეკლეს მოედანზე მისულ რადიო თავისუფლებას შპს ”ბურჯის” სამუშაოთა მწარმოებელი გიორგი კვეზერელი დახვდა. სწორედ აღნიშნული კომპანია აწარმოებს როსტომ მეფის სასახლის სარემონტო სამუშაოებს. მისი თქმით, მერიის ზედამხედველობის სამსახურის წარმომადგენლები ობიექტის ტერიტორიაზე 26 ოქტომბერს გამოჩნდნენ:

”დილით მოვიდნენ, ჩემთვის არაფერი უთქვამთ, ისე დაიწყეს შენობის აზომვა. საღამოს ათის ნახევარზე კი დამიძახეს და მითხრეს, ობიექტი უნდა გავაჩეროთო. მიზეზად მითხრეს, პროექტიდან გადახვევები არისო. 27 ოქტომბერს შენობის კედელზე გააკრეს აქტი, რის საფუძველზეც იუწყებოდნენ, რომ იყო დარღვევები. მათი წასვლის შემდეგ მოვიდნენ უცხო პირები და ამიკრძალეს შენობაში შესვლაც და გამოსვლაც, მასალების შეტანაც და გამოტანაც. ასე იყო 28-შიც: მითხრეს, ტერიტორიაზე არავინ არ დავინახოთ შემოსულიო.”

როგორც ”ქართუ ჯგუფის” იურისტი არჩილ კბილაშვილი რადიო თავისუფლებასთან საუბარში განმარტავს, დადგენილებაში, რომელიც ზედამხედველობის საქალაქო სამსახურმა „ქართუ ჯგუფს“ ჩააბარა, დეტალურად არის გაწერილი ის ტექნიკური ხარვეზები, რომლებიც სამსახურმა ობიექტის შესწავლის შემდეგ აღმოაჩინა. კიბის საფეხურების რაოდენობა, ვიტრაჟში გადაადგილებული კარი - ეს და მსგავსი ტიპის რამდენიმე ტექნიკური ხარვეზი გახდა მიზეზი ობიექტის მშენებლობის შეჩერებისა. არჩილ კბილაშვილი იქვე იმაზეც საუბრობს, რომ აღნიშნული ხარვეზები არ არის იმგვარი საფრთხის მატარებელი, რის გამოც მშენებლობა აუცილებლად უნდა შეჩერებულიყო. თუმცა, როგორც დადგენილებაშია მითითებული, თუ მშენებარე ობიექტზე არსებული დარღვევის გამოსწორება შეუძლებელია მშენებლობის შეჩერების გარეშე, სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანოს გადაწყვეტილებით მშენებლობა ჩერდება. როგორც არჩილ კბილაშვილი განმარტავს, აღნიშნული გადაწყვეტილება ”ქართუ ჯგუფს” გამოუვალ მდგომარეობაში აყენებს:

”როდესაც მშენებლობის შეჩერების გადაწყვეტილება მიიღეს, ფაქტობრივად, გზა მოჭრეს, რადგან ძალიანაც რომ უნდოდეს კომპანიას აღმოფხვრას ის დარღვევები, რომლებზეც ზედამხედველობის სამსახური მიუთითებს, ამას ვერ გააკეთებს, რადგან მშენებლობა შეჩერებულია. დარჩა მეორე გზა - პროექტის კორექტირება და კორექტირებული პროექტის წარდგენა არქიტექტურის სამსახურში, რათა მათ გასცენ ახალი სანებართვო მოწმობა და ის გასცემს თუ არა ამ მოწმობას, ეს უკვე საკითხავია. რეალურად, ეს დადგენილება, დიდწილად გამოსავლის გარეშე ტოვებს კომპანიას.”

გავრცელებული განცხადების მიხედვით, პრობლემა შეექმნა ”ქართუ ჯგუფის” კიდევ ერთ ობიექტს - ერეკლეს მოედანზე მდებარე 3000 კვადრატულ მეტრ მიწის ფართობს. აღნიშნული ფართობი "ქართუ ჯგუფში" შემავალმა კომპანიამ ”ახალმა კაპიტალმა” სახელმწიფოსგან 2010 წელს 59 წლის ვადით შეისყიდა და იქ მიწისქვეშა ავტოფარეხის გაკეთებას გეგმავდა. ავტოფარეხის მშენებლობაზე არსებობდა დედაქალაქის მერიისგან წინასწარი ნებართვაც. გვირაბის მშენებლობა 2010 წლის 26 მაისისთვის დასრულდა და იქ მხოლოდ მოსაპირკეთებელი სამუშაოები იყო დარჩენილი. როგორც არჩილ კბილაშვილი რადიო თავისუფლებასთან საუბარში განმარტავს, ”ახალმა კაპიტალმა” 26 ოქტომბერს თბილისის მერიისგან მიიღო ელექტრონული შეტყობინება, რომ დადგენილება, რომლის მიხედვითაც თბილისის მერიასა და კომპანია ”ახალ კაპიტალს” შორის აღნაგობის ხელშეკრულების გაფორმება განისაზღვრა, ძალადაკარგულია. შესაბამისად, თბილისის მთავრობა კომპანიას ობიექტის გათავისუფლებას სთხოვდა.
თბილისის მერია აცხადებს მზადყოფნას, უფლებამოსილი პირის მიერ კორექტირებული პროექტის წარმოდგენისთანავე კომპანიას მიეცეს შესაძლებლობა გააგრძელოს სამუშაოები აღნიშნულ ბიზნესცენტრში...

”ხელშეკრულების, ანუ აღნაგობის, შეწყვეტა რომ მოხდეს, მერიამ უნდა მიმართოს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რომლითაც მან თავის თავს განუსაზღვრა, რომ გასულიყო აღნაგობის ხელშეკრულებიდან და თუ სასამართლო გაიზიარებს მის მტკიცებას, უნდა დაუკმაყოფილოს მოთხოვნა ხელშეკრულების შეწყვეტასთან დაკავშირებით. დღესდღეობით ეს არის მხოლოდ ის, რომ ერთმა მხარემ, მერიამ, ნება გამოხატა აღნაგობის ხელშეკრულებიდან გასვლაზე, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ აღნაგობის ხელშეკრულება შეწყდა. ელექტრონულ ფოსტაში გამოხატულ მოთხოვნაში, რომ გაათავისუფლონ უძრავი ქონება, ეს, რასაკვირველია, გადამეტებული მოთხოვნაა, ყოველგვარი სამართლებრივი საფუძვლის გარეშე”, - აცხადებს რადიო თავისუფლებასთან საუბარში არჩილ კბილაშვილი.

გაკვირვება გამოხატა თბილისის მერიამ „ქართუ ჯგუფის“ მიერ გავრცელებული განცხადების გამო და 28 ოქტომბერს, დღის ბოლოს, ოფიციალური პასუხიც გაავრცელა და „ქართუ ჯგუფის“ ბრალდებებს დაუსაბუთებელი და პოლიტიზებული უწოდა.

”იქიდან გამომდინარე, რომ აღნიშნულ ბიზნესცენტრში შემოდიან მსხვილი კომპანიები, რომელთა ოპერირება ქალაქისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, თბილისის მერია აცხადებს მზადყოფნას, უფლებამოსილი პირის მიერ კორექტირებული პროექტის წარმოდგენისთანავე კომპანიას მიეცეს შესაძლებლობა გააგრძელოს სამუშაოები აღნიშნულ ბიზნესცენტრში”, - ნათქვამია თბილისის მერიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში. ხოლო რაც შეეხება ავტოსადგომის თემას, როგორც თბილისის მერია მიუთითებს, ის წარმოადგენს თვითმმართველი ერთეულის საკუთრებას და კომპანია „ახალ კაპიტალს“ გადაცემული ჰქონდა აღნაგობის უფლებით, იმ პირობით, რომ სადგომი უნდა ყოფილიყო საზოგადოებრივი სარგებლობისთვის და არა რომელიმე კონკრეტული ობიექტისთვის. ამ საკითხთან დაკავშირებული ბრალდება უსაფუძვლოა.

28 ოქტომბერსვე გავრცელდა ”ქართუ ბანკის” განცხადება, რომელიც საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის გიორგი ქადაგიძის ინიციატივას ეხმაურება. შეგახსენებთ, რომ ეროვნული ბანკი გამოთქვამს მზადყოფნას სიტუაციის დასტაბილურებამდე ბანკ „ქართუს” დაყადაღებული თანხის ოდენობის ფინანსური რესურსი გამოუყოს. თუმცა, როგორც „ქართუ“ ბანკის პრეზიდენტი ნოდარ ჯავახიშვილი რადიო თავისუფლებასთან საუბარში ამბობს, ”ქართუ” ბანკი არ აპირებს ეროვნული ბანკის მიერ შეთავაზებული წინადადების მიღებას და არც იმას გამორიცხავს, რომ აღნიშნული წინადადება მორიგი პროვოკაციული ნაბიჯი იყოს.

”ჩვენ რომ ეროვნული ბანკის ეს წინადადება დავაკმაყოფილოთ, შეიძლება ყველაფერი უკან მოგვიბრუნდეს და მათ განაცხადონ, ბანკს გაუჭირდა, ლიკვიდობის პრობლემა აქვთ და მოდით, იქ დროებითი ადმინისტრაცია შევიყვანოთო. ძალიან კარგად იცის ეროვნულმა ბანკმა, რომ ჩვენ ფინანსური პრობლემები არ გვაქვს, ჩვენ გვაქვს ხელისუფლებისგან და, მათ შორის, ეროვნული ბანკისგან ზეწოლის პრობლემები. ჩვენ ვაცხადებთ, რომ ზუსტად პოლიტიკური საფუძვლით ხდება ბანკზე თავდასხმა. ეროვნული ბანკი ვალდებულია პოლიტიკური ფაქტორები მოგვაცილოს თავიდან. ფულს კი ნუ გვთავაზობს, სამი მილიონი ”ქართუ“ ბანკს არ დაღუპავს, ჩვენ მათი დახმარება კი არ გვჭირდება ფინანსური თვალსაზრისით, მათი დახმარება გვჭირდება, რათა დააფიქსირონ, რომ ეს იყო ბანკზე აბსოლუტურად უსაფუძვლო თავდასხმა”, - აცხადებს რადიო თავისუფლებასთან საუბარში ნოდარ ჯავახიშვილი.
XS
SM
MD
LG