Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რატომ გაძვირდა თბილისში ე.წ. ”მარშრუტკებით” მგზავრობა


თბილისში სამარშრუტო მიკროავტობუსებით მგზავრობის ღირებულებამ უკვე მეორე დღეა 80 თეთრი შეადგინა. გაძვირებული სამარშრუტო ხაზების რაოდენობა სულ უფრო და უფრო მატულობს. მიკროავტობუსების გაძვირება დაემთხვა კომპანია ”თბილისის მიკროავტობუსის” მიერ შემოყვანილი ყვითელი სამარშრუტო ტაქსების გამოჩენას - ტაქსებისა, რომელთაც ამ ეტაპზე მხოლოდ და მხოლოდ რესპუბლიკური საავადმყოფოს მიმდებარე ტერიტორიიდან მეტრო „300 არაგველამდე“ მოძრავი 4 ნომრის სამარშრუტო ხაზზე მოქმედი მიკროავტობუსები ჩაანაცვლეს. როგორც ძველი სამარშრუტო მიკროავტობუსების მძღოლები ამბობენ, მგზავრობის ღირებულების გაძვირება მათ ”თბილისის მიკროავტობუსის” წარმომადგენლებმა მოსთხოვეს. ამას უარყოფს პრესასთან გაკეთებულ კომენტარში კომპანიის პიარმენეჯერი. საკრებულოს წევრი რესპუბლიკელი თინათინ ხიდაშელი პასუხს მერიას სთხოვს.

ნაწილ შემთხვევაში გაძვირება თვითნებურად მოახდინეს. ჯერჯერობით ”თბილისის მიკროავტობუსს” ჩვენ პასუხი შეგვიძლია მოვთხოვოთ მხოლოდ #4 სამარშრუტო ხაზზე...
მოდით, ჯერ განვმარტოთ რა კომპანიაა ”თბილისის მიკროავტობუსი”. ის 2011 წელს დაარსდა. კომპანია თბილისის ადმინისტრაციულ საზღვრებში რეგულარული სამგზავრო გადაყვანის ნებართვის მფლობელ ოთხ კომპანიას -,,თბილლაინს“, ,,კაპიტალგრუპს“, ,,თბილქარს“ და,,ფაბლიქქარს“ -აერთიანებს. აღნიშნულმა კომპანიებმა 2011 წლის დასაწყისში მერიის მიერ გამოცხადებულ კონკურსში გაიმარჯვეს და 20 წლის ვადით თბილისის ადმინისტრაციულ საზღვრებში მგზავრთა გადაყვანის ნებართვა მოიპოვეს. კომპანია ვალდებულებას იღებს 2012 წლის იანვრამდე ქალაქში არსებული ყველა სამარშრუტო ტაქსი ახალი ყვითელი ფერის ფორდის მარკის მიკროავტობუსებით ჩაანაცვლოს. ყვითელი ფერის მიკროავტობუსები ქალაქში უკვე გამოჩნდნენ. მგზავრობის ღირებულება 80 თეთრს შეადგენს. აღნიშნული მიკროავტობუსების გამოჩენას დაემთხვა ქალაქში მოძრავი სხვა, ძველი მიკროავტობუსების მნიშვნელოვანი ნაწილის გაძვირებაც. მძღოლები ამბობენ, რომ მათ მგზავრობის ღირებულების გაზრდა ”თბილლაინის” წარმომადგენლებმა მოსთხოვეს:

მძღოლი: ”მოგვიტანეს 80 თეთრის ბლანკები, გააკარითო, მაგრამ არ გავაკარით.”
რადიო თავისუფლება: ვინ მოვიდა?
მძღოლი: ”ფირმიდან მოვიდნენ, ”თბილლაინიდან” მოვიდნენ. გვითხრეს მოუმატეთ ფასიო. არ გვაწყობს მომატება, მერე მგზავრი აღარ გვეყოლება. ჩვენი მგზავრი ავტობუსს გაჰყვება, ჩვენ არ დაგველოდება და უნდა ვიაროთ ცარიელებმა.”
#35 სამარშრუტო ხაზის მძღოლებმა დარიგებული ფირნიშები, წარწერით ”მგზავრობის ღირებულება 80 თეთრი”, საქარე მინაზე 19 ივლისს გააკრეს.

რადიო თავისუფლება: ვინმემ გითხრათ, რომ უნდა გაგეძვირებინათ მგზავრობა თუ როგორ იყო?
მძღოლი: „ჰო, აბა ჩვენით ხომ არ მოვიფიქრებდით?“
რადიო თავისუფლება: ვინ იყო მოსული, ვინ გითხრათ?
მძღოლი: „არ ვიცი, მაგდენი არ ვიცი.“
რადიო თავისუფლება: მგზავრები როგორ იხდიან გაძვირებულ საფასურს?
მძღოლი: „ზოგი იხდის, ზოგი არა.“

საქართველოს ტრანსპორტისა და გზების მუშაკთა პროფკავშირის თავმჯდომარეს ლავრენტი ალანიას უჭირს გაძვირებული სამარშრუტო ხაზების ზუსტი რაოდენობის დადგენა, რადგან, მისი თქმით, სურათი ყოველ წამს იცვლება. ის არ გამორიცხავს იმ ფაქტს, რომ მძღოლებისა და სამარშრუტო ხაზების მეპატრონეების ნაწილმა მგზავრობის ღირებულება თვითნებურად გააძვირა: ”ნაწილ შემთხვევაში გაძვირება თვითნებურად მოახდინეს. ჯერჯერობით ”თბილისის მიკროავტობუსს” ჩვენ პასუხი შეგვიძლია მოვთხოვოთ მხოლოდ #4 სამარშრუტო ხაზზე, დანარჩენზე მათ პასუხს ვერ მოსთხოვ, რადგან ეს ტრანსპორტი მათი არ არის. გული შემტკივა თბილისის მოსახლეობაზე და ამიტომაც არის, რომ ჩვენც მოვითხოვთ, რომ მგზავრობის ღირებულება არ გაძვირდეს, თუმცა ჩვენი პროფკავშირის მოვალეობაა, რომ ის 3000 მძღოლი, რომელიც დასაქმებული იყო სამარშრუტო ტაქსებზე, ისევე იყოს დასაქმებული ახალ ”მარშრუტკებზეც”. საკმაოდ მტკივნეულად მიმდინარეობს რეფორმა, მაგრამ ყველაფერი დალაგდება”, - ამბობს ლავრენტი ალანია.

მივმართავთ გიგი უგულავას – ნუ გვაიძულებთ ფეხით სიარულს, ჩვენ არ გვაქვს 80 თეთრი...
საკრებულოს წევრი, რესპუბლიკელი თინათინ ხიდაშელი დარწმუნებულია, რომ მიკროავტობუსით მგზავრობის ღირებულების გაზრდასთან არანაირი კავშირი არა აქვთ თავად მძღოლებს. ის ვიცე-მერის მამუკა ახვლედიანის კომენტარს იხსენებს, რომელიც თებერვლის დასაწყისში თინათინ ხიდაშელის ბრიფინგს მოჰყვა:

”როდესაც ტენდერი გამოცხადდა, მე ვამბობდი, რომ გიგი უგულავამ გადაწყვიტა ამ სექტორში მცირე ბიზნესის მოკვლა და დასაკუთრება. ისინი ამბობდნენ, რომ გიგი უგულავა არაფერშუაში არ არის. მერე მამუკა ახვლედიანი ამბობს, რომ ჩვენ არ დავუშვებთ ფასის გაძვირებას. მე ვეკითხები, შენ რა იცი, თუ თქვენი ბიზნესი არ არის და თუ გიგი უგულავა არ აკონტროლებს, რა იცი-მეთქი. სატენდერო პირობებით ფასი განსაზღვრულიაო და ამიტომ ვერ დაარღვევსო. ეს იყო ყველაზე დიდი ტყუილი”, - ამბობს თინათინ ხიდაშელი.

სამარშრუტო ტაქსებით მგზავრობის საფასურის გაზრდასთან დაკავშირებით თბილისის მერიამ ოფიციალური განცხადება გაავრცელა, სადაც ვკითხულობთ: "სამარშრუტო ტაქსებზე ფასები რეგულირებად სფეროს არ წარმოადგენს. ფასებს ბაზარი არეგულირებს და, შესაბამისად, თბილისის მერიასა და საკრებულოს მისი განსაზღვრა არ შეუძლია.”

20 ივლისს ახალგაზრდული არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა მერიასთან სამარშრუტო ტაქსებით მგზავრობის საფასურის გაზრდა გააპროტესტეს.

"მივმართავთ გიგი უგულავას – ნუ გვაიძულებთ ფეხით სიარულს, ჩვენ არ გვაქვს 80 თეთრი", - აცხადებს რადიო თავისუფლებასთან საუბარში აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორი, ლექსო კობაიძე. ის იმ ე.წ. რეაქციაზეც საუბრობს, რომელიც, მისი თქმით, თბილისის მერიიდან მიიღეს: ”გამოხმაურებას თუ დავარქმევთ, იყო ასეთი გამოხმაურება: ჩვენ რომ გავაგზავნეთ მესიჯი, ნუ გვაიძულებთ ფეხით სიარულსო, მერიიდან ერთ-ერთი ახალგაზრდა გამოვიდა და გვითხრა, ფეხით სიარული ჯანმრთელობააო.”

რაც შეეხება კომპანია ”თბილისის მიკროავტობუსს”, რომლის წარომადგენელთა გამოჩენასაც უკავშირებენ მძღოლები მგზავრობის ღირებულების გაზრდას, რადიო თავისუფლება მთელი დღის განმავლობაში ცდილობდა მათთან დაკავშირებას, თუმცა მათ კუთვნილ ტელეფონზე მხოლოდ ავტომოპასუხე ირთვებოდა. რადიო თავისუფლება მათ ოფისს ეწვია. კომპანიის წარმომადგენელმა დაახლოებით 10 წუთიანი ძიების შემდეგ ოფისში ვერავინ იპოვა, ვინც პასუხს გაგვცემდა კითხვაზე, ადასტურებთ თუ არა მძღოლების განცხადებას, რომ მგზავრობის საფასურის გაზრდას თქვენი კომპანიის წარმომადგენლები ითხოვენ.

აქვე ისიც უნდა აღინიშნოს, რომ ”თბილისის მიკროავტობუსის” პიარმენეჯერი თეონა ნიორაძე პრესისათვის მიცემულ კომენტარში ამბობს, რომ მათ ფასების ზრდასთან არანაირი კავშირი არა აქვთ და ფასების გაზრდა სამარშრუტო ტაქსების მძღოლების თვითშემოქმედებაა.
XS
SM
MD
LG