Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გაერო სტიქიით დაზარალებულებსა და დევნილებს ეხმარება


გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის ხელმძღვანელი საქართველოში სიმონე ვოლკენი რეგიონის ხელისუფლებასთან ერთად ხაშურის რაიონში ჩავიდა და სტიქიით დაზარალებულ მოსახლეობას შეხვდა.

ხაშურში შექმნილია სპეციალური შტაბი, სადაც სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ ჩატანილი ჰუმანიტარული ტვირთი იკრიბება და დაზარალებულებს ორგანიზებულად ურიგდებათ.

ხაშურში, სურამსა და ჩუმათელეთში წყალდიდობის და ღვარცოფის შედეგად 1 500 ოჯახი დაზარალდა. უმრავლესობას წყალმა საოჯახო ნივთებიც გასტაცა. გაეროს ლტოლვილთა უმაღლესმა კომისარიატმა რაიონში 600 საწოლი, 500 ლეიბი, 750 პლედი და ბალიში, ასევე სამზარეულოს ნივთები ჩაიტანა.

დღეს მეზობლებთან ერთად ჰუმანიტარული დახმარება მაია ფანქველაშვილმაც მიიღო. მისი თქმით, ზარალი იმდენად დიდია, რომ მარტო რაიონის ხელისუფლება მოსახლეობის დახმარებას ვერ შეძლებს.

სიმონე ვოლკენი ყველაზე მეტად დაზარალებულ ოჯახებში მივიდა. სახლები და ეზოები წყლის მიერ ჩამოტანილი ლამითა და ნაშალითაა სავსე. მადონა ტაბატაძის ეზოში ახლა გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს.

სიმონე ვოლკენის თქმით, ჯერ ბევრი საქმეა გასაკეთებელი და ხელისუფლების, საერთაშორისო ორგანიზაციების და კერძო პირების დახმარება ძალიან მნიშვნელოვანია.

დღესვე გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის ხელმძღვანელმა საქართველოში სიმონე ვოლკენმა ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, ლტოლვილთა და განსახლების მინისტრ კობა სუბელიანთან ერთად ბერბუკის დევნილთა დასახლების სიახლოვეს სამკერვალო ფაბრიკა გახსნა. ამ საწარმოში 20 დევნილი დასაქმდა. ფაბრიკა აშენდა და შესაბამისი ტექნიკით აღიჭურვა გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის პროექტის ფარგლებში, რომელიც ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტმა დააფინანსა. სამუშაოები „რეგიონალური განვითარების ინსტიტუტის – შიდა ქართლის“ მიერ ჩატარდა.

ლარისა ჭიღლაძე ცხინვალიდან დევნილია. იგი სამსახურს დიდი ხნის განმავლობაში ეძებდა. ტრენინგების გავლის შემდეგ სამკერვალო ფაბრიკაში დასაქმდა და 300 ლარამდე ხელფასს იღებს. მისი განცხადებით, ეს შემოსავალი ოჯახისთვის სასიცოცხლო მნიშვნელობისაა.

ფაბრიკის ერთ–ერთი საკერავი მანქანა დევნილთა და განსახლების მინისტრმა კობა სუბელიანმა თავად გასინჯა - რამდენიმე მცდელობის მიუხედავად, მან სწორი ნაკერის გაკეთება ვერ შეძლო. მინისტრის თქმით, სახელმწიფო, საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობით, მუდმივად ფიქრობს დევნილებისთვის სამუშაო ადგილების შექმნაზე.

ამჟამად სამკერვალო ფაბრიკაში სასკოლო ფორმებს კერავენ, რომლებიც ოკუპირებული ტერიტორიების მოსაზღვრე ქართული სოფლების სკოლებს უსასყიდლოდ გადაეცემათ. პროექტის მენეჯერის ბექა მიქაუტაძის განცხადებით, სამკერვალო კერძო შეკვეთებზეც იმუშავებს. დაგეგმილია მშენებლებისთვის, სასტუმროებისა და რესტორნების მოსამსახურეებისთვის უნიფორმების შეკერვა.

დასასრულ, სტუმრებისთვის მოდელებმა ფაბრიკაში შეკერილი პროდუქციის ჩვენება მოაწყვეს.
XS
SM
MD
LG