Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ოპოზიციური „რვიანის“ ორმა წევრმა მიიღო ხელისუფლების შეთავაზება


საარჩევნო გარემოს გაუმჯობესების შესახებ ათთვიანი კონსულტაციების შემდეგ ოპოზიციურ „რვიანსა“ და ხელისუფლებას შორის დიალოგი დასრულდა. საარჩევნო გარემოს გაუმჯობესების მიზნით განსახორციელებელ ცვლილებებსა და ღონისძიებებზე ათპუნქტიან შეთანხმებას ხელისუფლებამ და ოთხმა ოპოზიციურმა პარტიამ 27 ივნისს ცენტრალური საარჩევნო კომისიის შენობაში მოაწერეს ხელი.
ჩვენ დავასრულეთ საარჩევნო გარემოს გაუმჯობესებასთან დაკავშირებული მოლაპარაკებების პროცესი...

ოპოზიციის მოთხოვნებზე ხელისუფლების საპასუხო წინადადებებს ოპოზიციური „რვიანიდან“ ”ახალი მემარჯვენეები” და ”ქრისტიან-დემოკრატები” დათანხმდნენ. დოკუმენტს ხელი მოაწერეს პარტიამ ”ჩვენ თვითონ” და ეროვნულ-დემოკრატიულმა პარტიამ. „რვიანის“ წევრმა დანარჩენმა პარტიებმა კი - „ეროვნულმა ფორუმმა“, ”თავისუფალმა დემოკრატებმა”, „ხალხის პარტიამ“, კონსერვატიულმა და რესპუბლიკურმა პარტიებმა და ასევე ”საქართველომ გზამ” - სამართლიანი არჩევნებისათვის ბრძოლის გაგრძელება და ამ ბრძოლის სამოქალაქო მოძრაობად გადაქცევის გზა აირჩიეს.

საარჩევნო გარემოს გაუმჯობესების მიზნით განსახორციელებელ ცვლილებებსა და ღონისძიებებზე ათპუნქტიან შეთანხმებას 27 ივნისს პირველმა ხელი პარლამენტის იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარემ პავლე კუბლაშვილმა მოაწერა და ფურცელზე სუფთა ადგილი ოპოზიციური პარტიებისათვის დატოვა.
პავლე კუბლაშვილი

”ჩვენ დავასრულეთ საარჩევნო გარემოს გაუმჯობესებასთან დაკავშირებული მოლაპარაკებების პროცესი, დღეს უკვე საბოლოო დოკუმენტი მზად არის. მასზე ხელმოწერა ყველა მსურველს შეუძლია”, - თქვა კუბლაშვილმა.

ხელმოწერის მსურველებს შორის მოლაპარაკების უშუალო მონაწილის, ”ახალი მემარჯვენეების” გარდა, აღმოჩნდნენ ”ქრისტიან-დემოკრატები” - ასევე ოპოზიციური „რვიანიდან“ - და კიდევ ორი ოპოზიციური პარტია - ეროვნულ-დემოკრატიული პარტია და ”ჩვენ თვითონ”.

”სოლიდური, მაგრამ არა იდეალური შედეგი” - ასე შეაფასა 27 ივნისს ოპოზიციური „რვიანის“ უკვე ყოფილი წევრი პარტიის, ”ახალი მემარჯვენეების” ერთ-ერთმა ლიდერმა, მამუკა კაციტაძემ, ხელისუფლებასა და ”მემარჯვენეებს” შორის მიღწეული შეთანხმება. ხელისუფლებასთან ათთვიანი მოლაპარაკების შემდეგ ”მემარჯვენეებმა” „რვიანი“ დატოვეს და ხელისუფლების წინადადებებზე დათანხმდნენ.

” ხელისუფლებასთან მოლაპარაკების ცივილიზებული გზით შედგა იმის პრეცედენტი, რომ ქუჩაში გასვლა და რევოლუციით ხელისუფლების შეცვლა აღარ არის ერთადერთი და უალტერნატივო ვარიანტი. ეს არის ამ ათი თვის უმნიშვნელოვანესი მონაპოვარი.”

ასეთია მამუკა კაციტაძის ზოგადი შეფასება. მოდით, ჩავხედოთ რას გულისხმობს უფრო კონკრეტულად ხელისუფლების მიერ შემოთავაზებული პაკეტი, რომელიც ჯერ შეთანხმების დოკუმენტში აისახება, შემდეგ კი კანონში. პირველი შეთანხმება ეხება პარლამენტის პროპორციულ-მაჟორიტარული პრინციპით დაკომპლექტების სისტემას:
მამუკა კაციტაძე

”ჩვენ ვთავაზობდით, რომ ყოფილიყო 100 პროპორციული და 50 მაჟორიტარული მანდატი, მათ შემოგვთავაზეს - 107 პროპორციული და 83 მაჟორიტარული. ანუ დაარღვიეს 75/75-ის თანაბრობა და მიაახლოეს მიღებული ხმებისა და მანდატების რაოდენობათა პროპორციული თანხვედრა ერთმანეთს. ჩვენ ვთავაზობდით საარჩევნო სიების ბიომეტრიული პარამეტრებით შესწორებას, მათ შემოგვთავაზეს, რომ ცესკოსგან განყენებულად, შეიქმნას სპეციალური კომისია, რომელსაც უხელმძღვანელებს ოპოზიცია და სადაც ხელისუფლება არ იქნება უმრავლესობაში და ამ კომისიას ცესკოს გარეშე შეეძლება გაფილტროს სიები და ამოიღოს იქიდან "გაორებები", "მკვდარი სულები" და ა.შ. დაფინანსების ნაწილი - ოპოზიციური „რვიანი“ სთავაზობდა ხელისუფლებას, რომ თუ შედეგს მიიღებს კონკრეტული პარტია არჩევნებში, არჩევნების შემდგომ მან მიიღოს ბიუჯეტიდან დაფინანსება სწორედ იმიტომ, რომ მან მიიღო ხალხის მხარდაჭერა და რომ ბიუჯეტს ავსებს სწორედ ხალხი. სრულად არ დაიცვა ხელისუფლებამ ეს მოთხოვნა, მაგრამ პრინციპი არ დაურღვევია.”

ანუ ხელისუფლების შეთავაზებებში ნათქვამია, რომ "საარჩევნო სუბიექტი, რომელიც საარჩევნო ბარიერს გადალახავს, სახელმწიფო ბიუჯეტიდან საარჩევნო კამპანიის ხარჯების დასაფარად ერთჯერადად 1 მილიონ ლარს მიიღებს, მათ შორის, 300 ათას ლარს მიზნობრივად სატელევიზიო რეკლამის ხარჯების დასაფარად.
საარჩევნო გარემოს ცვლილება უნდა დაეფუძნოს დაუბალანსებელი საარჩევნო სისტემის გამოსწორებას და არა არასრულყოფილ წინადადებებზე დათანხმებული პარტიებისათვის ფულის შეთავაზებას...

ყველა სატელევიზიო არხის მედიამონიტორინგი ჩატარდება არა არჩევნებამდე ერთი თვით ადრე, არამედ მთელი წინასაარჩევნო პერიოდის განმავლობაში. პოლიტიკური დევნისა და ზეწოლის, ადმინისტრაციული რესურსის უკანონოდ გამოყენების აღსაკვეთად არჩევნებამდე სამი თვით ადრე შეიქმნება უწყებათშორისი კომისია, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და ოპოზიციის მონაწილეობით, რომელიც ამ ტიპის გადაცდომებს გააკონტროლებს.

არის სხვა პროცედურული საკითხები, რომლებზე შეთანხმებაც ასევე შედგა, მაგალითად, ნაკვეთური საარჩევნო ბეჭედზე, ლიმიტი გადასატან ყუთზე, ადმინისტრაციული შენობებიდან საოლქო-საარჩევნო უბნების გამოტანა და სხვა.

ის, რაც სოლიდურ შედეგად ითვლება „ახლებისათვის” და რასაც მხარს უჭერენ ქრისტიან-დემოკრატებიც, მინიმალური შედეგია „რვიანის“ დანარჩენი ექვსი პოლიტიკური პარტიისათვის. მათთვის მიუღებელია ხელისუფლების ულტიმატუმის ენაც, განაცხადა 27 ივნისს ”თავისუფალი დემოკრატების” ლიდერმა ირაკლი ალასანიამ:

”ჩვენთვის მიუღებელია პრინციპი - ან დაგვეთანხმეთ, ან ჩვენსას მაინც გავიტანთ. საარჩევნო გარემოს ცვლილება უნდა დაეფუძნოს დაუბალანსებელი საარჩევნო სისტემის გამოსწორებას და არა არასრულყოფილ წინადადებებზე დათანხმებული პარტიებისათვის ფულის შეთავაზებას.”
ხელმოწერილი დოკუმენტი

ხელისუფლების მიერ წარმოდგენილი წინადადებები არ პასუხობს საარჩევნო გარემოს გაუმჯობესებისთვის აუცილებელ პრინციპებს, - აცხადებს რესპუბლიკელების ლიდერი დავით უსუფაშვილიც.

განცხადების ტექსტში, რომლის გარშემოც ”რვიანი” ვეღარ გაერთიანდა, ასევე ეწერა, რომ ოპოზიცია მზად იყო კვლავაც გაეგრძელებინა ხელისუფლებასთან დიალოგი. დღეს უკვე „რვიანი“ ბრძოლას სამოქალაქო საზოგადოებასთან ერთად აგრძელებს, ”ახლები” და ”ქრისტიან-დემოკრატები” კი დასახული მიზნის მიღწევას ხელისუფლებასთან თანამშრომლობით შეეცდებიან.

შეთანხმების დოკუმენტის ხელმოწერის შემდეგ უნდა მომზადდეს მასში ჩადებული პუნქტების საკანონმდებლო ვერსია. კანონად კი ხელისუფლების მიერ შემოთავაზებული პაკეტი 2011 წლის ოქტომბრამდე უნდა იქცეს.
  • 16x9 Image

    ეკა ქევანიშვილი

    მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, ადამიანის უფლებების, ქალთა და ბავშვთა, უმცირესობების, ეკოლოგიის, ჯანდაცვისა და სხვა სოციალურ საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2008 წლიდან. 

XS
SM
MD
LG