Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ოპოზიციური ”რვიანი” ხელისუფლებისაგან წერილობით პასუხს ითხოვს


ოპოზიციური ”რვიანი” მორიგ მიმართვას ავრცელებს და აცხადებს, რომ თუკი დადგენილ ვადებში ხელისუფლებისაგან ვერ მიიღებს ოფიციალურ წერილობით პასუხს საარჩევნო გარემოს გაუმჯობესებაზე მოლაპარაკებების გაგრძელებასთან დაკავშირებით, მოლაპარაკებების პროცესის ჩაშლასა და მის შედეგებზე პასუხისმგებლობა დაეკისრება საქართველოს პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს. ხელისუფლების წარმომადგენლები გაუგებარს უწოდებენ ოფიციალური წერილობითი პასუხების მოთხოვნას და პროცესის გაჭიანურებაში თავად ”რვიანს” ადანაშაულებენ. ოპოზიციური „რვიანის“ განცხადებით, ყველა კონსტიტუციური გზა იქნება გამოყენებული იმისათვის, რომ გაგრძელდეს ბრძოლა სამართლიანი და თავისუფალი არჩევნების ჩასატარებლად.

12 მაისს ”ეროვნული საბჭოს” მთავარ ოფისში შეკრებილი ოპოზიციური „რვიანი” კიდევ ერთხელ შეეცადა ხმა მიეწვდინა ხელისუფლების წარმომადგენლებისათვის საარჩევნო გარემოს გაუმჯობესებაზე მიმდინარე მოლაპარაკებების პროცესის განახლებასთან დაკავშირებით. ამისათვის მათ ერთგვერდიანი სპეციალური მიმართვა დაწერეს და ამჯერად ხელისუფლებისაგან მოითხოვეს არა უბრალოდ პასუხი, არამედ, ოფიციალური წერილობითი პასუხი. კიდევ ერთი ყურადსაღები ფაქტი: მიმართვა კონკრეტულად საქართველოს პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს, ეძღვნება, თავად მიმართვის ტექსტს კი ჟურნალისტებისათვის კონსერვატორი ზვიად ძიძიგური კითხულობს: ”მივმართავთ მიხეილ სააკაშვილს, შეწყვიტოს უღირსი მეთოდებით ხელისუფლების შენარჩუნების მცდელობა და ხელი შეუწყოს საარჩევნო საკითხებზე პოლიტიკური შეთანხმების მიღწევას დადგენილი წესით და დადგენილ ვადებში. ამისათვის საჭიროა, რომ ხელისუფლებამ მაისის ბოლომდე, როგორც ეს პროცესის დასაწყისში პარლამენტის თავმჯდომარესთან ერთად განისაზღვრა, გაგვცეს კონკრეტული წერილობითი პასუხები ჩვენ მიერ შეთავაზებულ წინადადებებზე”, - ნათქვამია მიმართვაში.

ზვიად ძიძიგურის მიერ ნახსენებ პრიორიტეტულ საკითხებს შორისაა საკითხი ამომრჩეველთა აღრიცხვისა და საარჩევნო სისტემის მოდელების შესახებ. როგორც მემარჯვენე მამუკა კაციტაძე ამბობს, რამდენიმე ხნის წინ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე პავლე კუბლაშვილთან გამართულ ინდივიდუალურ შეხვედრაზე საუბრის ერთ-ერთი მთავარი თემა სწორედ განსახილველ საკითხთა თანმიმდევრობა იყო, რაზეც თითქოსდა იმ დროს შეთანხმება შედგა, თუმცა, მისი სიტყვებით, ხელისუფლების წარმომადგენლები პროცესის გაწელვით თემის ღიად დატოვებას ცდილობენ: ”ჩვენ გვაინტერესებს ოფიციალური წერილობითი პასუხი, რათა შემდეგ არ იყოს გაურკვევლობა იმასთან დაკავშირებით, თუ რა თქვა კუბლაშვილმა, რა მინაშვილმა და რა სააკაშვილმა. ჩვენ გვაინტერესებს მმართველი გუნდის და, პირველ რიგში, მიხეილ სააკაშვილის ოფიციალური პასუხები”, - ამბობს მამუკა კაციტაძე.

ხელისუფლებას დროული და, რაც მთავარია, კონკრეტული პასუხების მიღების მოთხოვნას არა მარტო ოპოზიციური „რვიანი“, არამედ საერთაშორისო თანამეგობრობაც უყენებს. უკანასკნელ თვეებში თბილისში ოფიციალურ ვიზიტად მყოფი დასავლელი მაღალჩინოსნები ერთმნიშვნელოვნად მიუთითებდნენ იმაზე, რომ მოლაპარაკებებმა საარჩევნო გარემოს გაუმჯობესებასთან დაკავშირებით, რომელიც ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ერთ-ერთი მთავარი წინაპირობაა, შედეგი აუცილებლად უნდა გამოიღოს. მაგალითად შეგვიძლია გავიხსენოთ სიტყვები ნატოს სპეციალური წარმომადგენლის სამხრეთ კავკასიასა და შუა აზიაში ჯეიმს აპატურაისა, რომელიც თბილისს აპრილის დასაწყისში სტუმრობდა: ”ვიცი, რომ საკმაოდ დაძაბული მოლაპარაკებები მიმდინარეობს საარჩევნო კოდექსის ცვლილებასთან დაკავშირებით, თუმცა ჩვენ მხარს ვუჭერთ მხარეების მცდელობას, მიაღწიონ კონსენსუსს საარჩევნო კოდექსის გაუმჯობესების თაობაზე”, - ამბობს ჯეიმს აპატურაი.

აქვე შეგვიძლია გავიხსენოთ ევროპისა და აზიის საკითხებში ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილის ტინა კეიდანაუს იმედები საქართველოში საარჩევნო გარემოს გაუმჯობესებასთან დაკავშირებით. ის თბილისში აპრილის ბოლოს იმყოფებოდა: ”ვინაიდან საქართველო შედის ე.წ. საარჩევნო სეზონში, მნიშვნელოვანია, რომ საარჩევნო კოდექსზე მუშაობა საარჩევნო სეზონის დაწყებამდე დასრულდეს. შეერთებული შტატები არ აპირებს ადვოკატირება გაუწიოს რომელიმე კონკრეტულ რეფორმას, ჩვენ დიალოგის მომხრეები ვართ. ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ დროულად იქნება მიღწეული შეთანხმება საარჩევნო გარემოს გაუმჯობესებასთან დაკავშირებით, რათა ეს პროცესი არჩევნებამდე განხორციელდეს”, - ამბობს ტინა კეიდანაუ.

ოპოზიციური „რვიანის“ წარმომადგენლები მიუთითებენ იმაზეც, რომ ხელისუფლება ”რვიანის” სამართლიანი მოთხოვნებისაგან თავის დასახსნელად ხელს უწყობს მოსახლეობაში არჩევნებისადმი ნიჰილიზმის გაღვივებას და პოლიტიკური პროცესების ქუჩაში გადატანას.

საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერი და საარჩენო გარემოს გაუმჯობესებაზე მომუშავე ჯგუფის წარმომადგენელი აკაკი მინაშვილი რადიო თავისუფლებასთან საუბარში აღნიშნავს, რომ მედიის საშუალებით გაკეთებული განცხადებები და წერილობითი პასუხის მოთხოვნით გამოსვლა სამუშაო გარემოს ნამდვილად ვერ ქმნის. ის ოპოზიციური ”რვიანის” წარმომადგენლებთან მიმდინარე ინდივიდუალურ კონსულტაციებზე აკეთებს აქცენტს და პროცესების გაჭიანურებაში თავად ოპოზიციურ ”რვიანს” ადანაშაულებს: ”ვერ განერიდნენ ცდუნებას, რომ დააფიქსირონ ხისტი პოზიციები. ინდივიდუალური კონსულტაციები მიმდინარეობს, ჩვენ გვქონდა საპასუხო შეთავაზებები, რომლებიც დაახლოებული იყო მათ წინადადებებთან - მაგალითად, ბიომეტრიულ სიებთან დაკავშირებით ჩვენ შევთავაზეთ, რომ პირველ ეტაპზე ეს ინიციატივა ტესტ-რეჟიმში მხოლოდ თბილისში განხორციელებულიყო. ცოტა გაუგებარია წერილობითი პასუხების მოთხოვნა და რაღაც თარიღების დაწესება ამასთან დაკავშირებით. საბოლოო წინადადება ჩვენ უნდა გამოვიმუშაოთ საუბრისა და კონსულტაციების შედეგად, რომელიც უკვე დაიწყო”, - ამბობს აკაკი მინაშვილი.

როგორც ოპოზიციური „რვიანის“ წარმომადგენლები აცხადებენ, ოფიციალური პასუხის მიუღებლობის შემთხვევაში, ისინი ყველა კონსტიტუციურ საშუალებას გამოიყენებენ იმისათვის, რომ გააგრძელონ ბრძოლა საქართველოში სამართლიანი და თავისუფალი არჩევნების ჩასატარებლად.
XS
SM
MD
LG