Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ანტიკრიზისული საბჭო დევნილთა პრობლემების მონიტორინგის შედეგებს აქვეყნებს


მაისის ბოლოს ანტიკრიზისული საბჭოს ექსპერტთა მიერ ჩატარებულმა მონიტორინგმა, რომელიც იძულებით გადაადგილებულთა კომპაქტურად ჩასახლების ადგილებში სიტუაციის შესწავლას გულისხმობდა, აჩვენა, რომ წინა მონიტორინგის შემდეგ, რომელიც ექვსი თვის წინ ჩატარდა, სიტუაცია შეცვლილი არ არის და დევნილები კვლავ ძველ პრობლემებს უჩივიან. წყალმომარაგება, ფართების დაკანონება, დასაქმებისადმი ხელშეწყობა, მიწით უზრუნველყოფა, ინფრასტრუქტურის მოწყობა, დევნილის სტატუსის არმქონე პირთათვის სტატუსის მინიჭება და სხვა - ეს იმ საკითხების არასრული ჩამონათვალია, რომლის შესახებაც ანტიკრიზისული საბჭოს თავმჯდომარე გია თორთლაძე საუბრობს:
გავიდა ექვსი თვე და ამ პერიოდში საერთოდ არაფერი გაკეთებულა...

”ძალზე კრიტიკული იქნება ჩემი ანგარიში, იმიტომ რომ ყველა მონიტორინგის დროს, ყველა შუალედში კეთდებოდა რაღაც და ჩვენი რეკომენდაციების შემდეგ სიტუაცია უკეთესობისაკენ იცვლებოდა. რაც შეეხება უკანასკნელ ექვსთვიან მონაკვეთს, წინა მონიტორინგის შემდეგ, როდესაც ჩვენ დავიბარეთ კონკრეტული ადამიანები, მათ შორის რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს წარმომადგენლები, საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის ხელმძღვანელი ირაკლი კვაშილავა და მან პირობა დადო, რომ ახალ წელს დაბა ხეთაში და აბაშაში დევნილები წყლით შეხვდებოდნენ, ეს დაპირებები არ შესრულებულა. გავიდა ექვსი თვე და ამ პერიოდში საერთოდ არაფერი გაკეთებულა.”

მისივე განცხადებით, თუკი პრობლემა მომავალ მონიტორინგამდე, ანუ სექტემბრამდე არ მოგვარდა, ისინი იძულებული იქნებიან დააყენონ კონკრეტული უწყებების ხელმძღვანელ პირთა პასუხისმგებლობის საკითხი. მისი თქმით, ეს უწყებებია გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია და რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო.
საუბარი იმაზე, რომ ჩვენ დაპირება დავივიწყეთ, აბსურდია. პირიქით, მიმდინარეობს მუშაობა, მოკვლევა...

რადიო თავისუფლება საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელს, ჯილდა მაჭავარიანს დაუკავშირდა. როგორც ის ჩვენთან საუბარში აცხადებს, კომპანიის ხელმძღვანელმა პირობა წყლით მომარაგების პრობლების გადასაჭრელად მართლაც დადო, თუმცა, მისივე თქმით, აღნიშნული საკითხი მხოლოდ ერთ და ორ თვეში ვერ მოგვარდება.

”მათ ჰქონდათ ზოგადად პრობლემები წყალთან დაკავშირებით და კომპანია დახმარებას შეჰპირდა. საუბარი იმაზე, რომ ჩვენ დაპირება დავივიწყეთ, აბსურდია. პირიქით, მიმდინარეობს მუშაობა, მოკვლევა. რამდენიმე ხნის წინ გეოლოგები იყვნენ ადგილზე ჩასულები და არკვევდნენ რეალურად რა მდგომარეობა იყო. საქმე ისაა, რომ ეს პრობლემა ერთ და ორ თვეში ვერ მოგვარდება. დღევანდელი განცხადების შემდეგ ჩვენ კიდევ ერთხელ ჩავალთ დაბა ხეთაში და ადგილზე გავარკვევთ, თუ რა მდგომარეობაა ამ ეტაპზე”, - ამბობს ჯილდა მაჭავარიანი.

რაც შეეხება რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, იქ ოფიციალური კომენტარის გაკეთებისაგან თავს იკავებენ, რადგან ამ ეტაპისთვის პასუხისმგებელი პირები ადგილზე არ იმყოფებიან. არაოფიციალურ საუბარში კი აცხადებენ, რომ დევნილთა პრობლემები, რომლის შესახებაც ანტიკრიზისული საბჭო საუბრობს, მათი სამინისტროს კომპეტენცია არ არის.
დავათვალიერეთ კოპიტნარი, ხონი, წყალტუბო და ქუთაისი. ძალიან ცუდი მდგომარეობა დაგვხვდა...

კომპაქტურად ჩასახლების ადგილებში, გარდა წყალმომარაგების საკითხისა, მონიტორინგის შედეგად სხვა არაერთი პრობლემაც გამოიკვეთა. ანტიკრიზისული საბჭოს ექსპერტებმა საქართველოს რეგიონებიდან თბილისში იძულებით გადაადგილებულ პირთა საერთო მოთხოვნების ნუსხა ჩამოიტანეს. მათ შორის არის დევნილთათვის ბინების საკუთრებაში გადაცემა, დასაქმებისადმი ხელშეწყობა, მიწით უზრუნველყოფა, ინფრასტრუქტურის მოწყობა, დევნილის სტატუსის არმქონე პირთათვის სტატუსის მინიჭება და სხვა.

ანტიკრიზისული საბჭოს ერთ-ერთმა ექსპერტმა, ნატალია ზაქარეიშვილმა, იმერეთის რეგიონში ჩასახლებული დევნილების საცხოვრებელი პირობების მონიტორინგი ჩაატარა. ის რადიო თავისუფლებასთან ყურადღებას ამახვილებს ერთ კონკრეტულ საკითხზე, რომელიც ზაფხულის დადგომასთან ერთად კიდევ უფრო მეტად აქტუალური გახდა.

”დავათვალიერეთ კოპიტნარი, ხონი, წყალტუბო და ქუთაისი. ძალიან ცუდი მდგომარეობა დაგვხვდა. ფაქტობრივად, ექვსი თვის განმავლობაში არაფერი შეცვლილა. მეტსაც გეტყვით, სავალალო მდგომარეობაშია საკანალიზაციო სისტემა. მაგალითად, ხარებავას ქუჩაზე ფეკალური მასები იღვრება შენობის სარდაფში და ეს სხვადასხვა ინფექციის გავრცელების საშიშროებას ქმნის”, - ამბობს ნატალია ზაქარეიშვილი.
კომპაქტურად ჩასახლების ადგილში მოუწესრიგებელია წყალმომარაგება, საკანალიზაციო მილები, ელექტროგაყვანილობა, სახლის სახურავები...

ზაზა დარასელია ზუგდიდის ერთ-ერთი ყოფილი სასტუმროს შენობაში ცხრასულიან ოჯახში ცხოვრობს. ის ჩვენთან იმ პრობლემებზე საუბრობს, რომლებიც აწუხებს არა მარტო მის ოჯახს, არამედ მის მეზობლებსაც. ისინი დახმარების მოლოდინში არიან:

”უპირველესი პრობლემა გადამისამართების საკითხია. ოჯახები ერთმანეთისაგან არ არის გამოყოფილი და ფართების განაწილებასთან დაკავშირებით გაურკვევლობა იქმნება. კომპაქტურად ჩასახლების ადგილში მოუწესრიგებელია წყალმომარაგება, საკანალიზაციო მილები, ელექტროგაყვანილობა, სახლის სახურავები... ყველაფერი კუსტარულად იყო გაკეთებული და ჩვენ, შეძლებისდაგვარად, საკუთარი სახსრებით შევაკეთეთ.”

როგორც ანტიკრიზისული საბჭოს თავმჯდომარე გია თორთლაძე აცხადებს, მონიტორინგის შედეგები, წერილობითი სახით, საქართველოს პრეზიდენტს გადაეგზავნება. რაც შეეხება ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს, რომელიც არაერთხელ გამხდარა არასამთავრობო სექტორისა და საზოგადოების კრიტიკის საგანი, მისი მისამართით ანტიკრიზისული საბჭოს მიერ სპეციალურად გამართულ ბრიფინგზე არც ერთი განცხადება არ გაკეთებულა.
XS
SM
MD
LG