Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დევნილთა განსახლების პროგრამა კვლავ დავის საგანია


დევნილების გამოსახლება
დევნილების გამოსახლება
31 მარტს, ე.წ. მინისტრთა კვირეულის დასრულებისთანავე, სახალხო დამცველი წლიურ ანგარიშს საქართველოს პარლამენტს გაუგზავნის. სხვა საკითხების გარდა, ომბუდსმენი ყურადღებას გაამახვილებს დროებით ადგილნაცვალ პირთა გრძელვადიანი განსახლებისა და ინტეგრაციის სახელმწიფო პროგრამის ხარვეზებზე. სახალხო დამცველის ინფორმაციით, ლტოლვილთა უდიდესმა უმრავლესობამ უარი თქვა შეთავაზებულ ალტერნატიულ ფართზე და უკან, თბილისში, დაბრუნდა.

„რეალურად პროცესმა ეფექტი ვერ გამოიღო და რატომ? - უმეტესობა ადამიანებისა, ვინც ამ შენობებიდან გამოიყვანეს, არ დათანხმდა შეთავაზებულ ალტერნატივას და ძალიან ცოტა ადამიანი წავიდა, სერთოდ, დასავლეთ საქართველოში. სულ, შეიძლება ითქვას, რომ 15-მა პროცენტმა აიღო ეს ალტერნატივა ნებაყოფლობით და წავიდა იმავე ბაკურციხეში, გარდაბანში და იმავე წინწყაროში.“
ის ადამიანები, რომლებიც გამოასახლეს თბილისიდან, ძირითადი პროცენტი - შემიძლია ვთქვა, 98 პროცენტიც კი - არ წავიდა რეგიონში...

განსახლების სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში შერჩეული ე.წ. კომპაქტური ჩასახლების ობიექტები ცოტა ხნის წინ არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ წარმომადგენლებმაც მოინახულეს და მონიტორინგიც ჩაატარეს. გაცილებით უკეთესი მდგომარეობა აღმოჩნდა ქუთაისსა და ბათუმთან ახლომდებარე განსახლების ობიექტებში, სადაც დევნილები შეთავაზებულ ფართებში განაგრძობენ ცხოვრებას. რაც შეეხება თბილისიდან აღმოსავლეთ თუ დასავლეთ საქართველოში ჩასახლებულ დევნილებს, მათმა უმრავლესობამ დატოვა სახელმწიფოს მიერ შეთავაზებული ობიექტები და უკან, თბილისში, დაბრუნება არჩია, - განაცხადა ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ აღმასრულებელმა დირექტორმა ეკა გიგაურმა რადიო თავისუფლებასთან ინტერვიუში:
”საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს” აღმასრულებელი დირექტორი ეკა გიგაური

„კი, უნდა ითქვას, რომ იმ პირობებში, სადაც დევნილები ადრე ცხოვრობდნენ, ამ ძველ ბაგა-ბაღებში, სკოლებში და სხვადახვა ძველ სასტუმროებში, იმაზე უკეთესი რაღაცა სახით ეს [ჩასახლებები] არის, მაგრამ თუკი ეს ყველაფერი ცოტა ხანში ისევ გაფუჭდება და თუკი ეს ფული ტუილად არის დახარჯული, ამას აუცილებლად თვალყურის დევნება სჭირდება. დავუბრუნდებოდი ისევ თბილისს. ის ადამიანები, რომლებიც გამოასახლეს თბილისიდან, ძირითადი პროცენტი - შემიძლია ვთქვა, 98 პროცენტიც კი - არ წავიდა რეგიონში. ანუ, ფაქტობრივად, არსებობს ის გარემონტებული შენობები, რომლებიც არავის არ სჭირდება.“

თუმცა განსხვავებული სტატისტიკა აქვს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს, რომელიც ოპონენტებს არასწორი ინფორმაციის გავრცელებაში ადანაშაულებს. როგორც სამინისტროში განმარტავენ, სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, რომელსაც ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრო 2008 წლიდან ახორციელებს, მთლიანობაში, 23 000 დევნილს აქვს შეთავაზებული გრძელვადიანი განსახლება. სამინისტროს ადმინისტრაციული დეპარტამენტის უფროსი ვალერი კოპალეიშვილი არ უარყოფს, რომ ასეთი დევნილი ოჯახების მხოლოდ მცირე ნაწილი დათანხმდა გადასულიყო თბილისიდან რეგიონში, სადაც მათ შესთავაზეს საცხოვრებელი ფართები. ვინც დათანხმდა და წავიდა, ისინი უკან არ დაბრუნებულან, დანარჩენები კი თბილისში ელოდებიან სამოქმედო გეგმის მიხედვით საცხოვრებელი ფართებით დაკმაყოფილებასო, ამბობს ვალერიან კოპალეიშვილი.
ნებისმიერ შემთხვევაში ეს არის მდგრადი შენობები და მცირე ხარვეზების გარდა არანაირი სხვა ნაკლი არ გააჩნიათ...

„იანვრიდან დღემდე 550 ოჯახი გამოვიდა ასეთი ობიექტებიდან და გახდა განსახლების პროგრამის ბენეფიციარი. მათ უმეტესობას მიღებული ჰქონდა ინდივიდუალური ბინები ახალ ჩასახლებებში, რომელიც აშენდა 2008 წლის აგვისტოს ომის შედეგად გადაადგილებული პირებისათვის. ასეთი დაახლოებით 200 ოჯახი იყო. დაახლოებით ამდენივეს ჰქონდა ერთჯერადი ფულადი დახმარება, როგორც განსახლების ალტერნატიული ღონისძიება. ნაწილი იყო 1992-92 წლების ომის შედეგად დევნილები, რომლებსაც უკანონოდ ჰქონდათ მოკავებული ფართები და მეპატრონის მოთხოვნით ეს ობიექტები დაიცალა. მათ ჩვენ ყველას, უკლებლივ, შევთავაზეთ გარემონტებული საცხოვრებელი ბინები რეგიონებში. ნაწილმა, ასეთი 20 ოჯახია, აირჩია ეს შეთავაზება, ნაწილმა უარი განაცხადა, რადგან მათ აქვთ უფლება ან დათანხმდნენ, ან დაელოდონ ახალ შეთავაზებას.“

ვალერი კოპალეიშვილი აცხადებს, რომ ოპონენტები მოძველებული ინფორმაციებით ხელმძღვანელობენ, როდესაც ამბობენ, რომ დევნილებს არ ჰქონდათ ალტერნატივა, არ უკანონებენ შეთავაზებულ საცხოვრებელ ფართს და არ ზრუნავენ მათი ინტეგრაციისათვის. თუმცა ჩემი თანამოსაუბრე არ უარყოფს, რომ ზოგიერთი მიტოვებული სახლი მხოლოდ ნაწილობრივ იყო გარემონტებული:
მნიშვნელოვანია ჩვენთვის ის, რომ ჩვენ სხვადასხვა სახის პროგრამები გვაქვს იმ ადამიანებისათვის, რომლებსაც ჩავასახლებთ, რათა მოხდეს მათი ინტეგრაცია ადგილზე...

„ჩვენ იმ პრინციპით ვუდგებოდით, რომ ყველა ამ სახლს ერთი ოთახი ჰქონდა მოწყობილი, რომ ოჯახი შესულიყო და ეგრევე ეცხოვრა. ნებისმიერ შემთხვევაში ეს არის მდგრადი შენობები და მცირე ხარვეზების გარდა არანაირი სხვა ნაკლი არ გააჩნიათ.“

დევნილთა განსახლების სამინისტროს ადმინისტრაციული დეპარატამენტის ხელმძღვანელი ამბობს, რომ სახელმწიფო განაგრძობს ზრუნვას იმისათვის, რომ ჩასახლების ახალ ადგილებში დევნილთა ოჯახებმა შეძლონ ადაპტაცია და მეურნეობის აწყობა.

„მნიშვნელოვანია ჩვენთვის ის, რომ ჩვენ სხვადასხვა სახის პროგრამები გვაქვს იმ ადამიანებისათვის, რომლებსაც ჩავასახლებთ, რათა მოხდეს მათი ინტეგრაცია ადგილზე. მაგალითად, იმავე წინწყაროში ახლა დავურიგეთ უფასოდ სიმინდის თესლი, დავეხმარებით მათ დახვნაში, დათესვაში, მოსავალს მიიღებენ, გაუჩნდებათ შემოსავლები და შემდეგ წლებში სულ უფრო ნაკლები და ნაკლები დახმარება დასჭირდებათ. და დაიწყებენ ახალ ცხოვრებას.“

2008 წლიდან დაწყებული დევნილთა განსახლების პროგრამა კი კვლავ გრძელდება და ყველა დევნილი მიიღებს გარემონტებულ სახლს, ანდა მათ საკუთრებაში გადაეცემათ სახელმწიფოს კუთვნილებაში არსებული სახლები, დამაგრებული ნაკვეთებითურთ. გარდა ამისა, როგორც ვალერი კოპალეიშვილი ამბობს, შესაძლოა მომავალში კვლავ დადგეს დღის წერიგში „დროებით ადგილნაცვალი პირებისათვის ერთჯერადი ფულადი დახმარების გაცემის საკითხი“.
სახალხო დამცველი გიორგი ტუღუში

თუმცა საქართველოს სახალხო დამცველი აფრთხილებს ხელისუფლებას, ყველაფერი გაკეთდეს გააზრებულად, რათა გადაწყვეტილად გამოცხადებულმა პრობლემამ შემდგომში კვლავ მწვავედ არ იჩინოს თავი.

„სინამდვილეში, უმეტესობა იმ ადამიანებისა, ვინც გამოიყვანეს შენობებიდან, ისევ გავიდა კერძო სექტორში ან ქირით, ან ნათესავთან. ეს იმას ნიშნავს, რომ ეს პრობლემა რაღაც მომენტში ისევ მობრუნდება უკან. ანუ რეალურად ამ პროცესმა არ გაამართლა. ისეთ ადგილებში ჩაყვანა იძულებით გადაადგილებული პირებისა, საიდანაც ისინი გამორბიან და მოდიან ქალაქებში, ცოტა არ იყოს... არ უნდა იყოს ნორმალურად გააზრებული“, - ამბობს საქართველოს სახალხო დამცველი გიორგი ტუღუში.
  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

XS
SM
MD
LG