Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პარტიები ანტიკრიზისული საბჭოს მოწვევას მოითხოვენ


დევნილები პარლამენტთან გამართულ საპროტესტო აქციაზე. 21 დეკემბერი 2010 წ.
დევნილები პარლამენტთან გამართულ საპროტესტო აქციაზე. 21 დეკემბერი 2010 წ.
თბილისიდან დევნილთა გამოსახლების მორიგი ტალღა 15 იანვრიდან უნდა განახლდეს. სხვა დევნილების მსგავსად, საცხოვრებელ ბინებს მათაც საქართველოს სხვადასხვა რეგიონში სთავაზობენ, იქ წასვლას კი დევნილთა უმრავლესობა აპროტესტებს. ამ პროცესის დაწყებამდე ხუთი დღით ადრე პოლიტიკური პარტია ”ქართული დასი” გამოსახლების პროცესის მონიტორინგის შედეგებს აქვეყნებს და პარლამენტის თავმჯდომარეს, დავით ბაქრაძეს, ანტიკრიზისული საბჭოს საგანგებო სხდომის მოწვევის მოთხოვნით მიმართავს. მონიტორინგმა, “ქართული დასის” ლიდერის, ჯონდი ბაღათურიას, თქმით, დევნილთა ორი მთავარი პრობლემა გამოკვეთა.

გამოსახლების პროცესში, დევნილთა მიმართ ძალადობის გარდა, არის ორი გადაუჭრელი პრობლემა, რომელზეც დევნილები დღემდე ჩივიან: არასწორად გაცემული კომპენსაციები და დევნილის სტატუსი, რომლის მინიჭებაც ხელისუფლებამ ომის შემდეგ უსაშველოდ გაწელა:

ჯონდი ბაღათურია, პოლიტიკური პარტია ”ქართული დასი”
”ოჯახებს ხელოვნურად აერთებენ, ეს იმ შემთხვევაში, როდესაც სურთ, რომ რამდენიმე კომპენსაციის ნაცვლად ამ ოჯახებმა ერთი კომპენსაცია მიიღონ. და, ამავე დროს, არის ფაქტები, როდესაც ერთი ოჯახი იშლება, რომ რამდენიმე კომპენსაცია მისცენ. ეს, ძირითადად, ხელისუფლებასთან დაახლოებული ოჯახებია და ჩვენ გვაქვს ამ ოჯახების სია”.

ჯონდი ბაღათურია დევნილთა შესახებ კანონის მეორე მუხლის მეცხრე პუნქტს იმოწმებს და აცხადებს, რომ მოსახლეობის მასობრივი და ექსტრემალური გადაადგილების დროს დევნილის სტატუსი მათ დაუყოვნებლივ უნდა მიენიჭოთ, რისი პრობლემაც აგვისტოს ომის შემდეგ არაერთ დევნილს აქვს. უსტატუსობას და გაუცემელ კომპენსაციებს გამოსახლების პროცესში მათ მიმართ განხორციელებული ძალადობაც ემატება:

”ორი წელია ამ ადამიანებს არ ანიჭებენ სტატუსს, სწორედ იმიტომ, რომ არ მისცენ ბინა და კომპენსაცია”.

”ქართული დასის” ლიდერმა 2009 წლის მარტის ბოლოს მიღებული მთავრობის დადგენილებაც გაიხსენა, რომელშიც წერია, რომ „დევნილთა საცხოვრებელი საჭიროება დაკმაყოფილებულად ჩაითვლება მათთვის შეთავაზებული ვარიანეტებიდან მათ მიერ თავისუფალი არჩევანით ერთ-ერთის შერჩევის შემთხვევაში“. ამ საკითხების განსახილველად ბაღათურია ანტიკრიზისული საბჭოს საგანგებო სხდომის მოწვევას მოითხოვს. პარალელურად, 12 იანვარს, პარლამენტის წინ დევნილთა კიდევ ერთი აქცია იგეგმება. კონსერვატიული პარტიის წარმომადგენელი, ლაშა ჩხარტიშვილი, რომელიც დევნილებს მსგავსი აქციების ორგანიზებაში ეხმარება ხოლმე, ასევე აცხადებს, რომ კომპენსაციების საკითხი დიდი ხანია იქცა კორუფციული გარიგებს საგნად.

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრ კობა სუბელიანს კი პოლიტიკოსების ნაკლებ ინფორმირებულობაში შეაქვს ეჭვი და რადიო თავისუფლებასთან საუბარში ამბობს, რომ კომპენსაციები დეკემბერში უკვე გაიცა, იანვარში დააკმაყოფილებენ კიდევ რამდენიმე ოჯახს და ამით ეს პროცესი დასრულდება:

კობა სუბელიანი, ლტოლვილთა და განსახლების მინისტრი
”კომპენსაციის გაცემისას ჩვენ ვხელმძღვანელობთ დევნილობამდე ოჯახს რა ფორმაც ჰქონდა და შემადგენლობა, იმ მონაცემებით. თქვენ რომ მოხვიდეთ და მითხრათ, რომ გუშინწინ მეუღლეს დაშორდით და ორი კომპენსაცია მოგვთხოვოთ, ამ მოთხოვნას ვერ დავაკმაყოფილებთ.”

რაც შეეხება დევნილის სტატუსის მინიჭების პროცესის ხელოვნურად გახანგრძლივებას, სუბელიანი ამბობს, რომ მსგავსი ბრალდება აბსურდია:

”უბრალოდ, ვერ ერკვევიან ის პოლიტიკოსები, ვინც სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით ასეთ განცხადებებს აკეთებს. სტატუსის მინიჭება დაახლოებით 15 წუთის საქმეა მას შემდეგ, რაც ადამიანზე ჩატარდება მოკვლევა. თუ ის ვერ ადასტურებს, რომ დევნილია, ანუ დაკარგული აქვს საბუთები, არსებობს სასამართლოს გზა. სწორედ სასამართლოს გადაწყვეტილება არის ჩვენთვის ამ ადამიანებისათვის დევნილის სტატუსის მინიჭების საფუძველი. სხვა დანარჩენ დევნილს, ვინც მოგვმართა და ვინც რეგისტრაცია გაიარა, დევნილის სტატუსი მიეცა.”

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრ კობა სუბელიანის დღევანდელი მონაცემებით, 22 000 ოჯახი უკვე ბინის მესაკუთრეა, რაც რამდენიმე წლის წინ წარმოუდგენელი ფაქტი იყო. თბილისიდან გასახლებული დევნილების დასაქმებაზე კი ამბობს, რომ მათ მიკროსესხებით ეხმარებიან და სულ მალე მათი დიდი ნაწილი ადგილზე თავის დამკვიდრებას შეძლებს.

დევნილთა სამოქალაქო მოძრაობის წარმომადგენელმა ირაკლი ციკოლიამ გვითხრა, რომ მათ საერთაშორისო დიპლომატიურ კორპუსს უკვე ამცნეს იმის შესახებ, რომ დევნილებს, მათი სურვილის წინააღმდეგ, ასახლებენ დედაქალაქიდან. იმ შემთხვევაში კი, თუ 15-ში მათ მაინც დაატოვებინებენ დროებით საცხოვრებელ ადგილებს, დევნილები საპროტესტო აქციას პარლამენტის წინ გაშლილ კარვებში განაგრძობენ.
  • 16x9 Image

    ეკა ქევანიშვილი

    მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, ადამიანის უფლებების, ქალთა და ბავშვთა, უმცირესობების, ეკოლოგიის, ჯანდაცვისა და სხვა სოციალურ საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2008 წლიდან. 

XS
SM
MD
LG