Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დევნილების ყოფა ფოცხოეწერში


შენობა, სადაც დევნილები ცხოვრობენ ფოცხოეწერში
შენობა, სადაც დევნილები ცხოვრობენ ფოცხოეწერში
გასული წლის აგვისტოში ხელისუფლებამ თბილისში სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული შენობებიდან აფხაზეთიდან დევნილი რამდენიმე ოჯახი გამოასახლა და წალენჯიხის სოფელ ფოცხოეწერში დაასახლა. დევნილები ამბობენ, რომ გასული ექვსი თვის განმავლობაში, ყოფა-ცხოვრებისა და ეკონომიკური გაუმჯობესების თვალსაზრისით და, საერთოდაც, სოფელში არაფერი შეცვლილა:

კონკრეტულად, შევთავაზეთ მეფრინველეობისა და მეღორეობის ფერმის გაკეთება. იცით, რა გვითხრეს? როგორ წარმოგედგინათო ფოცხოეწერში მეღორეობა ...
„მას შემდეგ, რაც აქ ჩამოგვიყვანეს, არაფერი შეცვლილა. პურის ფულიც კი არ გვაქვს. საპატრიარქომ გამოგვიგზავნა საახალწლოდ პურის ფქვილი და ვართ მარტო ხმელა პურით. არასამთავრობო ორგანიზაციების იმედად როდემდე უნდა ვიყოთ?! აქ არაფრის პერსპექტივა არ არის.“

მართალია, ხელისუფლებამ ეს ადამიანები დევნილთა მიმართ სახელმწიფო სტრატეგიის ფარგლებში ახლად გარემონტებულ შენობებში შეასახლა, ავეჯთან ერთად სამუშაო ადგილებს დჰპირდა მცირე ბიზნესის ხელშეწყობით, მაგრამ დევნილები ამბობენ, რომ დანაპირები ამ დრომდე შეუსრულებელია. ამიტომ ადგილობრივ მთავრობასთან ერთ-ერთ შეხვედრაზე დევნილმა ოჯახებმა კოლექტიური ბიზნესპროექტი თავად მიიტანეს, თუმცა, როგორც ოჩამჩირელმა ნანა კვაშილავამ რადიო თავისუფლებას უთხრა, გამგეობის წარმომადგენლებმა პროექტი დაიწუნეს:

„კონკრეტულად, შევთავაზეთ მეფრინველეობისა და მეღორეობის ფერმის გაკეთება. იცით, რა გვითხრეს? როგორ წარმოგედგინათო ფოცხოეწერში მეღორეობა, როდესაც ფერმა 30 კილომეტრით უნდა იყოს დაშორებული დასახლებიდან, რადგან საშინელი სუნი იქნება ირგვლივო. თურმე ფოცხოეწერი პარიზი ყოფილა. ჩვენი პროექტი დაიწუნეს და თავისას არავინ გვთავაზობს.“

ბავშვები თბილისში მყავს, იმიტომ რომ აქ სკოლა არ არის. ან ჯვარში 7 კილომეტრი უნდა იარონ ფეხით. სკოლის შენობა არის, მაგრამ საშინელ მდგომარეობაშია ...
ხშირად შიმშილს და სიცივეს ისიც ემატება, რომ სახლებში რემონტი თითქმის გაფუჭებულია. დევნილებმა რამდენიმეთვიანი ცხოვრების შემდეგ აღმოაჩინეს, რომ ბინის კედლები, რომელიც მეზობლისგან ყოფთ, დიქტითაა გაკეთებული. კორპუსს არც სავენტილაციო სისტემა გააჩნია:

„ოჯახში გვიანობამდე ვერ ისაუბრებ, მეზობელს შეაწუხებ. კედლები დიქტითაა გამოყოფილი ერთმანეთისგან. ყველაფერი გაფუჭებულია, რაც გააკეთეს. კაფელი აცვენილია აბანოში და სამზარეულოში. კარები ნახევრად იკეტება. იატაკი ზღვის ტალღებივით ირწევა. როგორ შეიძლება სავენტილაციო სისტემა არ ჰქონდეს კორპუსს?!“

დევნილთა ოჯახების ნაწილი, რომელთა შვილები სკოლამდელი და შემდგომი ასაკისაა, პრობლემას ამ შემთხვევაშიც აწყდება. ფოცხოეწერის სკოლაში განათლების მიღება მხოლოდ მეცხრე კლასამდეა შესაძლებელი, ისიც გაურემონტებელ და გაყინულ საკლასოებში. თუმცა ამ წელს სწავლა მხოლოდ მარტიდან იქნება შესაძლებელი. საბავშვო ბაღი კი საერთოდ არ არსებობს.

„ბავშვები თბილისში მყავს, იმიტომ რომ აქ სკოლა არ არის. ან ჯვარში 7 კილომეტრი უნდა იარონ ფეხით. სკოლის შენობა არის, მაგრამ საშინელ მდგომარეობაშია. პირველი და მეოთხე კლასის მოსწავლეები ერთ საკლასო ოთახში სხედან. როგორ ისწავლიან ეს ბავშვები გაკვეთილებს?! საბავშვო ბაღი საერთოდ არ არსებობს. ამბულატორიის შენობა არის, მაგრამ ექიმი და წამალი არ არის. ვინმე ცუდად რომ გახდეს, სასწრაფოს უნდა ველოდოთ ჯვარიდან როდის ამოვა.“

თუ ხელისუფლება ფოცხოეწერში ახალი წლიდან მცირე ბიზნესის აღორძინებას არ დაიწყებს და სოფელში განათლების პრობლემას არ მოაგვარებს, დევნილები ამბობენ, რომ თბილისში წავლენ და მთავრობის კანცელარიის წინ უვადო შიმშილობას დაიწყებენ, უკიდურეს შემთხვევაში კი ოკუპირებულ აფხაზთში გადასვლით იმუქრებიან.
XS
SM
MD
LG