Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბავშვის უფლებაა მოუსმინონ


7 ივნისს საქართველოს სახალხო დამცველმა და სახალხო დამცველის ოფისთან არსებულმა ბავშვისა და ქალის უფლებების ცენტრმა გამართა ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი კონფერენცია - ”ბავშვის უფლებაა მოუსმინონ”. როგორც კონფერენციის ორგანიზატორები აცხადებენ, მათი მიზანია გაიზარდოს ბავშვთა ჩართულობა იმ გადაწყვეტილებების მიღების პროცესში, რომელიც მათ ცხოვრებას და განათლებას ეხება. კონფერენციაში მონაწილეობა მიიღეს საქართველოს სხვადასხვა რეგიონებისა და თბილისის საჯარო სკოლების უფროსკლასელებმა. კონფერენციას ესწრებოდნენ როგორც საკანონმდებლო, ასევე აღმასრულებელი ორგანოს წარმომადგენლები.

მე მინდა დაგარწმუნოთ, რომ მთავრობის მიერ უნარშეზღუდული მოქალაქეებისათვის შემუშავებული კონცეფცია არის მცდელობა იყოს თანმიმდევრული და გრძელვადიანი ხედვა ამ პრობლემის მოსაგვარებლად...
სანდრო ლაბაური 18 წლისაა. მან თბილისის მეათე საჯარო სკოლა სულ რამდენიმე დღის წინ წარმატებით დაამთავრა. სანდროს დახმარების გარეშე გადაადგილება უჭირს, ის ეტლში ზის. სახალხო დამცველის ოფისის მიერ ორგანიზებულ კონფერენციაზე, სახელწოდებით ”ბავშვის უფლებაა მოუსმინონ”, დედასთან ერთად მივიდა - კონფერენციაში მონაწილე ხელისუფლების წარმომადგენლებსა და თანატოლებს, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვთა უფლებებზე მომზადებული პრეზენტაცია გააცნო:

”თუკი თქვენ ყოველი ახალი დღისგან ახალ მიღწევებს ელით, ჩვენთვის დრო გაჩერდა და ყოველი მომდევნო დღე წინა დღის იდენტურია”, - ეს არის ერთ-ერთი მთავარი გზავნილი სანდროს პრეზენტაციისგან. ამ გზავნილის მიზეზზე ის რადიო თავისუფლებას თავად ესაუბრება: “ქალაქში ტროტუარები არ არის ისე მოწყობილი, რომ დამოუკიდებლად გადაადგილება შევძლო. თუნდაც ელექტროეტლი რომ მქონდეს, მაშინაც კი გამიჭირდება ასეთ გარემოში მოძრაობა. იგივე პრობლემაა სასწავლებლებში. ისინი არ არის შეზღუდული შესაძლებლობის ბავშვებზე ადაპტირებული. ამის გამო წელს უმაღლესში ვერ შევიტანე საბუთები. იმედი მაქვს, მომავალში მაინც შეიცვლება სიტუაცია.”

ის, რომ ქუჩებში ეტლით მოსიარულეთა რიცხვი მინიმალურია, არ ნიშნავს იმას, რომ საქართველოში შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვები თუ ზრდასრული ადამიანები თითქმის არ არსებობენ. ისინი იმიტომ არ ჩანან, რომ მათთვის პრობლემაა მცირე მანძილზე გადაადგილებაც კი - ეს არის სერიოზული პრობლემა, რომელიც მემკვიდრეობად გვერგო და რომლის გამოსწორებასაც ყველანაირად ვცდილობთ, ამბობს რადიო თავისუფლებასთან საუბარში ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ანდრია ურუშაძე:

”ყველა ის ღონისძიება, როგორიც არის ინკლუზიური განათლება, მშენებლობის ახალი სტანდარტები, ახალი სოციალური სერვისების განვითარება - საოჯახო ტიპის სახლები და დღის ცენტრები, არის სწორედ იმის მცდელობა, რომ ამ პრობლემებს ვუპასუხოთ. ბუნებრივია, რომ ეს პასუხი ხშირად არ არის საკმარისი და სამართლიანი კრიტიკა მოდის ბავშვებისგან. მაგრამ მე მინდა დაგარწმუნოთ, რომ მთავრობის მიერ უნარშეზღუდული მოქალაქეებისათვის შემუშავებული კონცეფცია არის მცდელობა იყოს თანმიმდევრული და გრძელვადიანი ხედვა ამ პრობლემის მოსაგვარებლად.”

კონფერენციის კიდევ ერთი მონაწილე, 17 წლის ვიქტორია, ახალციხიდან ჩამოვიდა. ვიქტორიას ორგვერდიანი წერილი პირადი პრობლემის აღწერას ეძღვნება. ჯერ კიდევ თვეების იყო, როცა მისი აღზრდა ბებიამ და პაპამ იტვირთეს და უკრაინიდან საქართველოში ჩამოიყვანეს. მშობლები, რომელთა ჯანმრთელობაც სახლში გაჩენილმა ხანძარმა შეიწირა, უკრაინაში დარჩნენ. ვიქტორიას დედა და მამა მას შემდეგ აღარ უნახავს. 17 წლის თავზე დედამისი საქართველოში ჩამოასვენეს და დაკრძალეს. ამბობს, რომ ამჯერად მას განათლების მიღების შესაძლებლობა მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ ეზღუდება, რომ პირადობის მოწმობის აღებას ვერ ახერხებს. ჩემი პირადი საბუთების ბედი დაბადებიდანვე აირ-დაირიაო, ამბობს ვიქტორია:

”ჩემს საბუთებში უზუსტობებია და ვერ ვიღებ პირადობის მოწმობას. უკვე ხუთი წელია ვწვალობ. დავწერე ჩემი ამბავი და სახალხო დამცველთან გამოვგზავნე. იმედი მაქვს, რომ დამეხმარებიან და პირადობის მოწმობის აღებას შევძლებ. ვცდილობ აქტიური ვიყო, ამიტომ პირადობის მოწმობა ყველაფერში მჭირდება. თან ერთ წელიწადში სკოლას ვამთავრებ და უმაღლესში ჩაბარება მინდა.”

განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ირინა ქურდაძე, რომელიც კონფერენციის ერთ-ერთი მონაწილეც იყო, ვიქტორიას დახმარებას საჯაროდ დაჰპირდა. ის ამბობს, რომ ბავშვებში პირადი საბუთების მოუგვარებლობის პრობლემა საკმაოდ ხშირია.

ბავშვთა მიმართ ძალადობა, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულება, პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობა, ბავშვთა დაცვა დისკრიმინაციისგან - ეს იმ საკითხების არასრული ჩამონათვალია, რომელთა შესახებაც კონფერენციის მსვლელობისას მოზარდებმა საკუთარი შეხედულებები ხელისუფლებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს გაუზიარეს. ანა არგანაშვილი, სახალხო დამცველის ოფისთან არსებული ბავშვისა და ქალის უფლებების დაცვის ცენტრის ხელმძღვანელი, რადიო თავისუფლებასთან საუბარში აღნიშნავს, რომ მოზარდებში ჯერ კიდევ დაბალია საკუთარ უფლებებზე ზრუნვის სურვილი. თუმცა იმ შემთხვევაში, როდესაც მოზარდები ხმის ამოღებას გადაწყვეტენ, მათი თვალით დანახული პრობლემა ყოველთვის განსხვავებული და საინტერესო კუთხით არის წარმოჩენილი, ამბობს ანა.
XS
SM
MD
LG