Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოში უმუშევრობა მცირდება


უმუშევრობის სტატისტიკა
უმუშევრობის სტატისტიკა
საქართველოში უმუშევრობის დონე 2010 წელს 2009 წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან მიმართებაში 0.6 პროცენტით შემცირდა და 16.3 პროცენტი შეადგინა - ასეთ ინფორმაციას აქვეყნებს საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური. ექსპერტებს მიაჩნიათ, რომ ეს ეკონომიკის სტაბილიზაციის ერთ-ერთი მანიშნებელია, თუმცა არიან ისეთები, რომლებიც უმუშევრობის კატასტროფულ ზრდაზე ლაპარაკობენ.

უმუშევრობის კატასტროფული მაჩვენებლები?

საქართველოს მოსახლეობისთვის უმთავრესი პრობლემა უმუშევრობაა. ასეთია საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის კვლევის შედეგი. ამერიკის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს დაფინანსებით განხორციელებულ კვლევაში მონაწილე 1500 მოქალაქიდან უმუშევრობა მთავარ პრობლემად 56%–მა დაასახელა. ასეთი აზრის დამკვიდრებას ისიც უწყობს ხელს, რომ ექსპერტთა ერთი ნაწილი საქართველოში უმუშევრობის კატასტროფულად მაღალ დონეზე ლაპარაკობს.

რადიო თავისუფლების რუსულენოვანი რედაქციის გადაცემა ”გრანი ვრემენის” პირდაპირ ეთერში ახლახან გამართული დისკუსიისას რუსეთში გამომავალი ჟურნალის მთავარმა რედაქტორმა ალექსანდრ ებანოიძემ საქართველოში დასაქმებულთა ხელფასების სწრაფი ზრდა აღნიშნა. ებანოიძის აზრს თბილისიდან ოპონირება გაუწია ექსპერტთა კლუბის პრეზიდენტმა სოსო ცისკარიშვილმა:

ყველა ის ადამიანი, რომელიც მუშაობს და გარკვეული ტიპის სამუშაოს ეწევა შემოსავლის მიღების მიზნით, ყველა ადამიანი ითვლება დასაქმებულად...
”მას მართლაც გაუმართლა, როდესაც ის გარშემორტყმულია მშვიდი და კმაყოფილი ხალხით ქვეყანაში, სადაც 60 პროცენტია უმუშევრობა. რა თქმა უნდა, მე მიხარია მათ გამო, ვისაც ორჯერ ეზრდება ხელფასი, მაგრამ ლაპარაკი საქართველოს ეკონომიკის წარმატებაზე ძალიან საეჭვოა.”

ექსპერტთა კლუბის პრეზიდენტს სოსო ცისკარიშვილს არ დაუკონკრეტებია, საიდან გაჩნდა ინფორმაცია 60 პროცენტიანი უმუშევრობის შესახებ. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის უკანასკნელი მონაცემების მიხედვით, უმუშევრობა მხოლოდ 16 პროცენტზე ოდნავ მეტია. საქსტატის ხელმძღვანელის ზაზა ჭელიძის განცხადებით, მისთვის ცნობილია საზოგადოებაში უმუშევრობაზე გავრცელებული აზრის მიზეზი:

საქსტატის ხელმძღვანელი ზაზა ჭელიძე
”ყველა ის ადამიანი, რომელიც მუშაობს და გარკვეული ტიპის სამუშაოს ეწევა შემოსავლის მიღების მიზნით, ყველა ადამიანი ითვლება დასაქმებულად. შემიძლია მარტივი მაგალითი მოგიყვანოთ: ის ადამიანები, რომლებიც არავისგან არ არიან დაქირავებულნი, მაგალითად, ესენი არიან რეპეტიტორები, ანდა ავიღოთ ტაქსის მძღოლები, რომლებიც ყოველდღიურად მუშაობენ და მხოლოდ აქედან აქვთ შემოსავალი; ის ადამიანები, რომლებიც დასაქმებულები არიან საკუთარ მეურნეობაში და სოფლის მეურნეობაში. გასაგებია, რომ ძალიან მძიმეა მდგომარეობა სოციალურად და სახარბიელო არ არის, შემოსავალი ძალიან ბევრი არ აქვს, მაგრამ ჩვენ უფლება არ გვაქვს არ ჩავთვალოთ ეს ადამიანები დასაქმებულად.”

უმუშევრობის სტატისტიკის მეთოდოლოგია

ჩვენი კანონმდებლობა, რომელიც მსოფლიო შრომის ორგანიზაციის კანონმდებლობას და წესებს ეყრდნობა, თვითდასაქმებულ ადამიანებსაც დასაქმებულად თვლის...
საქსტატის ხელმძღვანელის ზაზა ჭელიძის განცხადებით, მისი უწყების მონაცემები შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის მეთოდოლოგიის მეშვეობით შეგროვდა და ამ მეთოდოლოგიას იყენებენ მთელ მსოფლიოში უმუშევრობის დონის დასადგენად.

ამ მეთოდოლოგიის მიხედვით, უმუშევრობის 16 პროცენტიანი მაჩვენებლის სისწორეს ეჭვქვეშ არ აყენებს კავკასიის ეკონომიკური და სოციალური კვლევების ინსტიტუტის აღმასრულებელი დირექტორი, ეკონომიკის ექსპერტი დავით ნარმანია. თუმცა ის სტატისტიკაში თვითდასაქმებულთა და დაქირავებულთა გამიჯვნის მომხრეა:

”ჩვენი კანონმდებლობა, რომელიც მსოფლიო შრომის ორგანიზაციის კანონმდებლობას და წესებს ეყრდნობა, თვითდასაქმებულ ადამიანებსაც დასაქმებულად თვლის. ეს მეთოდოლოგია ბევრ ქვეყანაშია გავრცელებული, თუმცა სხვა ქყვეყნები ცალკე ითვლიან თვითდასაქმებულებს და დასაქმებულებს. შესაბამისად, უფრო მეტი ინფორმაციის მიღების საშუალება არის.”

საქართველოს სტატისტიკის ეროვნულ სამსახურში მიაჩნიათ, რომ დასაქმებულთა და თვითდასაქმებულთა გაერთიანება არამხოლოდ მეთოდოლოგიის გამო მოხდა. საქმე ისაა, რომ ხშირად თვითდასაქმებულთა შემოსავალი გაცილებით მაღალია ხელშეკრულებით დაქირავებულთა შემოსავალზე. საქსტატის ხელმძღვანელს ზაზა ჭელიძეს თავის უწყებაში დასაქმებულ ინტერვიუერთა მაგალითი მოჰყავს, რომლებიც ყოველკვარტალურად 150 ლარიან ანაზღაურებას იღებენ:

”ეს ადამიანები არიან დასაქმებული, რადგან ჩვენთან შრომის ხელშეკრულება გააჩნიათ, დაქირავებულნი არიან ჩვენს მიერ და, შესაბამისად, გასამრჯელოს იღებენ. შეიძლება, ამავე დროს, იყოს ადამიანი, რომელიც კერძოდ, საკუთარ სახლში ამზადებს მოსწავლეებს და სტუდენტებს, რეპეტიტორობს, შეგვიძლია ასე ვუწოდოთ, რომელსაც შეიძლება თვეში შემოსავალი ჰქონდეს 300 ლარი. ახლა რომელი არის უფრო დასაქმებული? ბუნებრივია, ჩვენ არ შეგვიძლია იმ ადამიანს უმუშევარი ვუწოდოთ.”

რომელ რეგიონებში შემცირდა უმუშევრობა?

ისედაც ძნელია დღეს სამუშაო ადგილების შენარჩუნება, ისედაც ძნელია ბიზნესის კეთება, ამ გართულებულ პირობებში. ახლა კიდევ რაიმე გამკაცრება კოდექსის არ წაადგებოდა სამუშაო ადგილების არსებობას...
ზაზა ჭელიძის უწყების ინფორმაციის თანახმად, 2010 წელს, წინა წელთან შედარებით, უმუშევრობის დონის შემცირება რეგიონებში დასაქმებულთა რაოდენობის ზრდამ გამოიწვია. კერძოდ, უმუშევრობა საგრძნობლად შემცირდა აჭარაში, იმერეთში, შიდა და ქვემო ქართლის რეგიონებში. უმუშევრობა გაიზარდა სამეგრელო-ზემო სვანეთში, კახეთსა და თბილისში. საქართველოს მასშტაბით, დედაქალაქში ყველაზე რთული ვითარებაა - აქ ყოველი მესამე უმუშევარია.

საქართველოს მთავრობამ გასულ წლებში სხვადასხვა პროგრამა განახორციელა უმუშევრობის დონის შესამცირებლად, თუმცა, როგორც საქსტატის მონაცემებიდან ჩანს, დასაქმებულთა რაოდენობამ მხოლოდ 0.6 პროცენტით მოიმატა. ეკონომიკის ექსპერტთა ნაწილი ფიქრობს, რომ ბოლო დროს ამ მცირე ტენდენციის უკუმიმართულებით შემობრუნების საფრთხე გაჩნდა. კერძოდ, ლაპარაკია საერთაშორისო ორგანიზაციების მოთხოვნით შრომის კოდექსის გამკაცრებაზე. დამსაქმებელთა ასოციაციის პრეზიდენტის ელგუჯა მელაძის განცხადებით, კანონმდებლობის გართულების შემთხვევაში არსებული სამუშაო ადგილების შენარჩუნება ვერ მოხერხდება:

”დამსაქმებლებს კოდექსის შეცვლა არ უნდათ. ისედაც ძნელია დღეს სამუშაო ადგილების შენარჩუნება, ისედაც ძნელია ბიზნესის კეთება, ამ გართულებულ პირობებში. ახლა კიდევ რაიმე გამკაცრება კოდექსის არ წაადგებოდა სამუშაო ადგილების არსებობას.”

ეკონომისტები საქართველოში უმუშევრობის დონის შემდგომ შემცირებას რეფორმების გაგრძელებას და უცხოური ინვესტიციების ზრდას უკავშირებენ.
XS
SM
MD
LG