Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პროფესიული გადამზადება - ბაზრის ახალი მოთხოვნა


შრომის ბაზრის ექსპერტები აცხადებენ, რომ თითქმის 20 წელი საქართველოში პროფესიული სახელობო განათლების პრაქტიკა დავიწყებული იყო. ქვეყანაში, სადაც დასაქმება ერთ-ერთ მთავარ პრობლემადაა აღიარებული, დამსაქმებელთა 35 % კადრების სიმცირეს უჩივის. რა მოთხოვნებს აყენებს თანამედროვე შრომის ბაზარი, მზადდება თუ არა კადრები ბაზრის მოთხოვნების შესაბამისად და რატომ გახდა აუცილებელი არაფორმალური პროფესიული განათლების დიპლომით დამოწმება?

”სალათ პროვანსალის საფუძველი მცირე ზომის მაკარონია, მაგრამ ეს არაა იტალიური სალათი, ეს ფრანგული სალათია, საფრანგეთის ჩრდილოეთ რეგიონებიდან - ნიცა, მარსელი, კანი, ბეარიცი”...

ასე ასწავლის ბერძენი შეფმზარეული მარკო კორინთიო პროფესიული სწავლების ცენტრის, ”იკაროსის”, სტუდენტებს მსოფლიო სამზარეულოს კერძების რეცეპტებს. ”იკაროსის” კურსდამთავრებულები კარიერას მსხვილ სასტუმროებსა და რესტორნებში გააგრძელებენ. ამის გარანტიას სასწავლებლის დირექტორი თამარ ტაბიძე იძლევა. არსებული გამოცდილებით, კურსდამთავრებულთა 100%-ვე საკმაოდ მაღალანაზღაურებად სამსახურში საქმდება.

სასწავლებლის ბიზნესპარტნიორები არიან სასტუმროები: შერატონი, რედისონი, მარიოტი და მსხვილი რესტორნები. „იკაროსიდან“ ამ ბრენდებს სტუდენტებიც მიჰყავთ სამუშაოდ.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ 2008 წლის სექტემბრიდან განაახლა პროფესიული სწავლებისადმი მიდგომა. საკითხისადმი ინტერესი ქვეყნის რებრენდინგმა განაპირობაო, ამბობს თამარ ტაბიძე:

”ტურისტული და სერვისის ბაზარი არის ძალიან გამკაცრებული როგორც მომხმარებლის მხრიდან, ასევე ბიზნესმენების მხრიდან, ანუ სფეროს მეპატრონეების მხრიდან თუ 1-2 წლის წინ ითხოვდნენ მინიმალური უნარების მქონე ადამიანს, რომელსაც ელემენტარული ცოდნა გააჩნდა, დღეს ასე აღარაა.”

შრომის ბაზრის შეფასებისას ექსპერტი ამ საკითხებში ციური ანთაძე იმ ორ მიზეზზე საუბრობს, რომელიც, ერთი მხრივ, უმუშევრობის მაღალ დონეს, ხოლო, მეორე მხრივ, კადრების დეფიციტს განაპირობებს. აი, რას ამბობს ციური ანთაძე:

”არის სამუშაო ადგილების ნაკლებობა, მაგრამ არის კვალიფიციური კადრების დეფიციტი. შეიძლება რაღაც პროფესიის კადრები ქვეყანაში მზადდება ჭარბი რაოდენობით, მაგრამ კვალიფიციური იურისტის ან ეკონომისტის, ან სხვა პროფესიის კადრის მოძიება ძალიან რთული იყოს. კიდევ ერთი მიზეზია საგულისხმო: ბაზარი გახდა მკაცრი და დამსაქმებლები ითხოვენ კომპლექსურ უნარებს, ზოგჯერ ისინი გადაჭარბებულ მოთხოვნებსაც უყენებენ კადრებს.”

ექსპერტები უმუშევრობის ერთ-ერთ მიზეზად სპეციალური განათლების უქონლობას მიიჩნევენ. ”ელიავას ბაზრის“ ტერიტორიაზე დასაქმების მოლოდინში მყოფი ხელოსნების უმეტესობამ ხელობა იცის, მაგრამ ამის დამადასტურებელი მოწმობა არ გააჩნია, ამბობს პროფესიული სწავლების ცენტრ ”სპექტრის” დირექტორი ზაზა ავალიანი.

”სამშენებლო ბაზარმა მოითხოვა არა მხოლოდ სპეციალისტი, არამედ ამ სპეციალობის დამადასტურებელი შესაბამისი დოკუმენტი. ზოგჯერ ასეთი ფირმები თავად გადაამზადებენ ხოლმე მიღებულ კადრებს, მაგრამ მალე თავად ბიზნესი მიხვდება, რომ ჩვენი ტიპის სასწავლებელში გადამზადება და სერტიფიცირება მათთვისაც ძალიან ხარჯეფექტურია.”

ხელობის ცოდნის მიუხედავად, სერტიფიკატის უქონლობას ექსპერტები არაფორმალურ განათლებას უწოდებენ. მისი აღიარების ყველაზე ეფექტურ ფორმად ციური ანთაძე ცოდნის შეფასების, დადასტურებისა და აღიარების მექანიზმს მიიჩნევს, რომელიც საქართველოში არ არსებობს.

დიპლომის ფლობას საკმარისად არ მიიჩნევს დათო აბშილავა, რომელიც პროფესიულ სასწავლო ცენტრ ”სპექტრში” განათებისა და ძალური ელექტროქსელების მემონტაჟის სპეციალობას ეუფლება:

”შეიძლება დიპლომი გქონდეს და მაინც ვერ იმუშაო. დღეს საქართველოში ხელობაა ფასდადებული”, - ამბობს დათო აბშილავა.

დიპლომირებულ მუშებს და სასტუმროს საქმის სპეციალისტებს საქართველოში ეძებს და არაბულ ქვეყნებში ასაქმებს საშუამავლო კომპანია „კა-ემ-ეს საქართველოს“ დირექტორი მაია წერეთელი. ის ამბობს, რომ ქართველ სპეციალისტებზე ამ ქვეყნებში დიდი მოთხოვნაა მათი პიროვნული თვისებების გამო. რაც შეეხება დასაქმების პირობებს, მაია წერეთელი ამბობს, რომ:

”პირობები საკმაოდ კარგია, რადგან ეს ფირმები აფინანსებენ მათ ცხოვრებას, კვებას და ტრანსპორტირებას სამსახურამდე და უკან და სთავაზობენ უფასო სამედიცინო დაზღვევას. ანაზღურება, ამის გარდა, იწყება 450 დოლარიდან და ზემოთ. ეს საკმაოდ კარგი პირობებია.”

და კიდევ, სპეციალისტების დაკვირვებით, დასაქმების მსურველებს ზოგჯერ მენტალიტეტი უშლის ხელს. ამის მაგალითად თამარ ტაბიძე მიმტანის სპეციალობას ასახელებს. მიუხედავად იმისა, რომ მიმტანის ანაზღაურება მზარეულისაზე მაღალია, ”იკაროსის” დირექტორმა მაინც ვერაფრით შეავსო ის 7 ადგილი, რომელიც სასწავლებელს ამ პროფესიის დასაუფლებლად აქვს გამოყოფილი.
  • 16x9 Image

    ნინო ხარაძე

    ახალი ამბების რედაქტორი. მუშაობს საშინაო და საგარეო პოლიტიკური საკითხების, კონფლიქტების, ადამიანის უფლებათა და უმცირესობების თემების გაშუქებაზე. მიჰყავდა პროგრამები „გენდერული ამბები“ და „გადაკვეთის წერტილი“. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2010 წლიდან. 

XS
SM
MD
LG