Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პური ძვირდება


უკანასკნელი დღეების განმავლობაში რამდენიმე ქარხანამ პურის საცალო ფასი გაზარდა, რაც ძირითადად ფქვილის ფასის მატებითაა განპირობებული. ქვეყანაში ხორბლის საერთო მოხმარების 85 პროცენტი იმპორტზე მოდის და მხოლოდ 15 პროცენტი უკავია ადგილობრივ წარმოებას. ხორბლის მსოფლიო ბაზარზე რეზერვების შემცირების გამო, არ გამორიცხავენ, რომ უახლოეს დღეებში პური საქართველოში ყველა მწარმოებელმა გააძვიროს.

საქართველოს მთავრობის გათვლებით, მეთესლეობის დარგის განვითარებისა და წახალისების საფუძველზე, 2013-2014 წლებისთვის ქვეყანამ ხორბალზე მოთხოვნილების 35-40 პროცენტი უნდა დააკმაყოფილოს. დღეისათვის კი, უცხოეთის ბაზრებზე დამოკიდებულების გამო, პურის ფასის მატება გარდაუვლად მიაჩნია ხორბლისა და პურპროდუქტების მწარმოებელთა ასოციაციის აღმასრულებელ დირექტორს, ლევან სილაგავას. მსოფლიო ბაზარზე ხორბლის გაძვირება, მისი შეფასებით, ერთი მხრივ, ეგვიპტის, ტუნისისა და სხვა მიმდებარე ქვეყნების მიერ ბოლო ერთი კვირის განმავლობაში მილიონი ტონა ხორბლის შესყიდვამ განაპირობა, მეორე მხრივ კი, ჩინეთში მოსავლის გაფუჭებამ. არის სხვა გარემოებებიც, რაც ასახვას პოვებს ქართულ ბაზარზეც, სადაც, ლევან სილაგავას განმარტებით, ხორბლის დეფიციტი არ შეინიშნება.

” არის, ნამდვილად არის სამი თვის მარაგი. დღესდღეობით არის 111 000 ტონა მარაგი და გზაშია და თვის ბოლოს შემოვა კიდევ 78 000 ტონა ხორბალი. ფასზე ასახვის მიზეზი არის ის, რომ რადგან წისქვილკომბინატები ყიდულობენ ხორბალს დოლარზე და ყიდიან ლარზე, ამასთან, უკრაინაში ბოლო ერთ კვირაში-10 დღეში 40 დოლარით გაძვირდა ხორბალი, ასახვას პოვებს გასაყიდ ფასზე”, ამბობს ლევან სილაგავა.

დედაქალაქის მოსახლეობის ნაწილმა - განსაკუთრებით მათ, ვინც ხორბლის ფქვილს ყიდულობს - გაძვირება უკვე იგრძნო. ასეთია, მაგალითად, ერთ-ერთი საცხობის მეპატრონე, რომელიც ამბობს, რომ ერთი ტომარა უმაღლესი ხარისხის ფქვილი 63 ლარი ღირს:

” ადრე 43 ლარი ღირდა და ახლა უკვე ავიდა 63 ლარზე. მოტანიანად კი ადის 68 ლარამდე. საშინელებაა.”

ჩვენი რესპონდენტის საცხობში პროდუქცია უკვე გაძვირდა. ხაჭაპურს ახლა ის ლარი და ოცი თეთრის ნაცვლად, ლარ-ნახევრად ყიდის, მაგრამ ამბობს, რომ დანახარჯებს მაინც ვერ ფარავს, რადგან ფქვილთან ერთად სხვა ინგრედიენტებიც გაძვირდა.

„საქსტატის“ მონაცემებით, 2011 წლის იანვარში, წინა თვესთან შედარებით, საქართველოში ინფლაციის დონემ 2,1 პროცენტი შეადგინა. ინფლაციის მაჩვენებლების ფორმირებაში ძირითადი გავლენა ფასების მატებამ იქონია. მოცემულ პერიოდში სურსათსა და უალკოჰოლო სასმელებზე ფასები 4,2 პროცენტით გაიზარდა. შესაბამისად, გაიზარდა საარსებო მინიმუმიც, რომელიც ამ დროისათვის 150 ლარის ფარგლებშია.

”როგორც კი ფასები იზრდება, სასურსათო კალათის ღირებულებაც იზრდება და, შესაბამისად, საარსებო მინიმუმის ოდენობაც. ბოლო 6 წლის განმავლობაში საარსებო მინიმუმის ოდენობა ასე მაღალი არ ყოფილა. წინებსაც რომ შევადაროთ, დაიწყო სადღაც 129 ლარიდან და ავიდა 150 ლარზე ბოლო თვეების განმავლობაში. ასე მაღალი არასდროს არ ყოფილა”, გვითხრა „საქსტატის“ ხელმძღვანელმა ზაზა ჭელიძემ. მისი განმარტებით, სტატისტიკის სამსახურის რეგისტრატორები თებერვლის თვის ფასების ზრდის მაჩვენებლის შესწავლას 10 თებერვლიდან შეუდგნენ. პროცესი 20 თებერვლამდე გასტანს, მოგვიანებით კი გამოქვეყნდება ინფორმაცია, რა მასშტაბით გაიზარდა ფასები, მათ შორის - პურზე.

”არა, იცით, რა, ჩემს უბანში, სადაც ვყიდულობ, 70 თეთრი როგორც იყო იფქლის, ისევ ისეა. მე მგონი, არც წონაა შემცირებული. გამყიდველმა მითხრა, იაფი, ნაკლებფასიანი ფქვილი შემოაქვთო.”

ამ ქალბატონისგან განსხვავებით, 10 თეთრის ფარგლებში პურის გაძვირება მოსახლეობის დიდმა ნაწილმა უკვე იგრძნო. თუმცა აქვე უნდა აღინიშნოს ისიც, რომ პურის ფასის მატებით, არც თავად მეწარმეები არიან კმაყოფილები.

”ჯერჯერობით ფასი არ გაძვირებულა ჩვენი და არც ვაპირებთ გაძვირებას, თუ ხორბალი არ გაძვირდა ძალიან. ამის წინ რომ ხორბალი მოვიტანეთ, 96 თეთრი იყო, ახლა 98 თეთრად მოგვაქვს. ჯერჯერობით ვუძლებთ, ჩვენი მოგების შემცირების ხარჯზე”, ამბობს პურის ქარხნის ”კოლხეთი-90”-ის ხელმძღვანელი, გივი სიფრაშვილი

საქართველოში ამ დროისთვის ტომარა ფქვილის ფასი საშუალოდ 55 ლარს შეადგენს. ხორბლის ფქვილზე ფასების მატებამ უკანასკნელი სამი კვირის განმავლობაში ინტენსიური ხასიათი მიიღო.
XS
SM
MD
LG