Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთი: გაეროს რეზოლუციაში აფხაზეთი და სამხრეთი ოსეთი საქართველოს ეკუთვნის


ჰილარი კლინტონი გამოდის გაეროს გენერალური ასამბლეის სხდომაზე
ჰილარი კლინტონი გამოდის გაეროს გენერალური ასამბლეის სხდომაზე
გაეროს გენერალური ასამბლეის 64-ე სესიაზე 7 სექტემბერს მიღებულ რეზოლუციას მოსკოვი, მართალია, ერთი დღის დაგვიანებით, მაგრამ მწვავე უკმაყოფილებით გამოეხმაურა. კრემლის განსაკუთრებული გაღიზიანება უკავშირდება დოკუმენტში გამოკვეთილ მთავარ ლაიტმოტივს, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას, რუსეთის მიერ ოკუპირებული რეგიონების ჩათვლით. სწორედ ამ ოკუპაციის თემასთან შეუგუებლობაზე ლაპარაკობდა შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი ჰილარი კლინტონი 8 სექტემბერს ვაშინგტონში, საგარეო ურთიერთობათა საბჭოში გამოსვლისას.

მოსკოვის უკმაყოფილება იმდენად დიდია, რომ ოფიციალურ ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში რუსეთის საგარეო უწყება ალაგ-ალაგ სრულიად არადიპლომატიური ნიშნის მოგებით მეტყველებს. მაგალითად, ერთ-ერთ აბზაცში ვკითხულობთ: ”საქართველოს მორიგი წამოწყების კონტრპროდუქტიულობა უდავოა და ეს კენჭისყრის შედეგებმაც დაადასტურა: პროექტს მხარი დაუჭირა გაეროს წევრი ქვეყნების მეოთხედზე ოდნავ მეტმა, რაც კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს საქართველოს თეზისს თბილისის ინიციატივის თითქოსდა უნიკალურ მხარდაჭერასთან დაკავშირებით.”
ამ გაღიზიანებული არითმეტიკის ავტორებს ექსპერტთა კლუბის პრეზიდენტი სოსო ცისკარიშვილი სხვა, უფრო ლოგიკურ, ანგარიშს შეახსენებს, რომლის მიხედვითაც ”გაეროში რუსეთის მხარდამჭერთა რიცხვი, საქართველოს მხარდამჭერებთან შედარებით, სამჯერ ნაკლები აღმოჩნდა.” გავიხსენოთ, რომ გაეროს გენერალურ ასამბლეამ დევნილების დაბრუნებასთან დაკავშირებული რეზოლუცია 7 სექტემბერს დაამტკიცა 50 ხმით 17-ის წინააღმდეგ:

”რუსეთი ცდილობს ბრძოლის შემდეგ მუშტების ქნევით გავიდეს ფონს... გაღიზიანება მოწმობს მხოლოდ ერთს, რომ ის ძნელად ეგუება საკუთარ მარცხს თუნდაც ასეთ, არცთუ პირველხარისხოვან, დოკუმენტთან მიმართებაში. რასაკვირველია, შედეგების მომცემი არითმეტიკა მას აღიზიანებს...”
თუკი ისევ ანგარიშის თემას მივყვებით, მართალია, 2009 წელთან შედარებით, როდესაც გაეროს გენერალურმა ასამბლეამ ანალოგიური რეზოლუცია მიიღო, წელს საქართველოს მომხრეთა რიცხვი მხოლოდ 2-ით გაიზარდა, მაგრამ, სამაგიეროდ, რუსეთის მომხრეთა რიცხვი შემცირდა და, მათ შორის, რეგიონალური მნიშვნელობის 7 სახელმწიფოს გამოკლების გზით. ესენია: ინდოეთი, ირანი, ალჟირი, ეთიოპია, ბელორუსია, ბოლივია და ეკვადორი.
თბილისი წინსვლით კმაყოფილია, მით უმეტეს, იმ ფონის გათვალისწინებით, რომელზეც ალექსანდრე ლომაია ლაპარაკობს, საქართველოს მუდმივი წარმომადგენელი გაეროში:

”წელს რუსეთის აქტივობა იყო უპრეცედენტოდ მაღალი, ამ ბოლო სამი წლის განმავლობაში. გამოყენებული იქნა, მართლაც, ალბათ ყველა ხერხი დარწმუნებისა და ალბათ დაფარული ან დაუფარავი შანტაჟისაც სხვადასხვა ქვეყნის მიმართ... რამდენიმე ელჩმა (რა თქმა უნდა, არ დავასახელებ ქვეყნებს) პირდაპირ გვითხრა, რომ რუსეთის ელჩი მიდიოდა შესაბამის საგარეო საქმეთა სამინისტროში და დაუფარავად ეუბნებოდა, რომ, თუ ეს ქვეყანა არ დაუჭერს მხარს რუსეთის პოზიციას, მაშინ გადაიხედება რუსეთისა და ამ ქვეყნის ორმხრივ ურთიერთობაში სხვადასხვა დახმარების პროგრამა, ვაჭრობის პროგრამა და ასე შემდეგ.”
რუსეთის მხრიდან შანტაჟს ანალიტიკოსები რეზოლუციის მიღების შემდეგაც ხედავენ. საუბარია კრემლის საგარეო უწყების მიერ გამოქვეყნებული განცხადების იმ აბზაცზე, სადაც ის, რეზოლუციის მიღების შედეგად, ჟენევის მოლაპარაკებების პროცესის შესაძლო გაძნელებაზე ლაპარაკობს. მოსკოვი ასევე თვლის, რომ გაეროში მიღებული დოკუმენტი წარმოშობს რეგიონში სიტუაციის გართულების რისკს.
თუმცა მთავარი პრობლემა, რის გამოც რუსეთს გაეროში მიღებული რეზოლუცია აღიზიანებს, ანალიტიკოსების აზრით, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის კიდევ ერთხელ დადასტურება გახლავთ და ეს აშკარად იგრძნობა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაშიც. მოსკოვი გაღიზიანებულია იმით, რომ დოკუმენტი დევნილებზე, ანუ ქვეყნის შიგნით გადაადგილებულ პირებზე, აკეთებს აქცენტს და რომ მათი სახლები დოკუმენტის მხარდამჭერებს საქართველოს ტერიტორიაზე - მათ შორის, სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთში - ეგულებათ. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო უკმაყოფილებით აღნიშნავს, რომ ”თბილისი პროცესში გაეროს გენერალური ასამბლეის ჩათრევას ცდილობს” და დოკუნეტში არ არის გათვალისწინებული 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ მოსკოვის მიერ შექმნილი ახალი რეალობა.
საქართველოს ტერიტორიების ოკუპაცია, როგორც უთანხმოების ერთ-ერთი მთავარი საგანი რუსეთთან ურთიერთობაში, 8 სექტემბერს ჰილარი კლინტონმაც ახსენა, შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა, როდესაც ის ვაშინგტონში საერთაშორისო ურთიერთობათა საბჭოს სტუმრობდა:

”ეს უთანხმოებები გარდაუვალია. ისეთ საკითხებზე, როგორიც არის, მაგალითად, ადამიანის უფლებების მდგომარეობა ჩინეთში ანდა რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაცია, ჩვენ, უბრალოდ, არ გვაქვს ერთნაირი ხედვა, მაგრამ შეერთებული შტატები უყოყმანოდ გამოთქვამს საკუთარ აზრს და დავიცავთ ჩვენს პოზიციას... თუ ეს სახელმწიფოები არ აღიარებენ პასუხისმგებლობას, რაც გავლენის ზრდასთან ერთად წარმოიშობა, შეძლებისდაგვარად გავაკეთებთ ყველაფერს, რათა ვუბიძგოთ მათ შეცვალონ კურსი მაშინ, როცა გზას გავიკვლევთ ჩვენს სხვა პარტნიორებთან ერთად.”
შეერთებული შტატები ასევე მტკიცე მხარდამჭერთა შორის იყო საქართველოს მიერ გაეროს გენერალურ ასამბლეაზე წარდგენილი რეზოლუციის მიღების პროცესში. ის ასევე მტკიცედ ემხრობა საქართველოს ურყევ პოზიციას ძალის გამოუყენებლობის შეთანხმებასთან დაკავშირებით და ამას ჰილარი კლინტონი 5 ივლისს, თბილისში სტუმრობისასაც ღიად ადასტურებდა. საქართველო მზად არის, ძალის გამოუყენებლობის შეთანხმებას მხოლოდ რუსეთთან ერთად მოაწეროს ხელი, მაშინ როცა რუსეთი ამგვარი დოკუმენტის გაფორმებას საქართველოსა და მის სეპარატისტულ რეგიონებს შორის ითხოვს.

რაც შეეხება გაეროს გენერალურ ასამბლეაზე მიღებული რეზოლუციის მნიშვნელობას, ანალიტიკოსები ამგვარი ტიპის დოკუმენტებისგან სწრაფ და თვალსაჩინო შედეგებს ნამდვილად არ მოელიან. აღინიშნება ის ფაქტი, რომ დოკუმენტი სავალდებულო ხასიათის არ არის და ის მხოლოდ სარეკომენდაციო სახეს ატარებს. თუმცა, იმავე ანალიტიკოსების ხედვით, მსგავსი დოკუმენტები არცთუ იშვიათად საკმაოდ მნიშვნელოვან როლს ასრულებენ დიპლომატიურ ბრძოლაში, რადგანაც გაეროს გენერალური ასამბლეა ყველაზე წარმომადგენლობითი პოლიტიკურ-დიპლომატიური ფორუმია და ის მსოფლიო საზოგადოებრივი აზრის შექმნას ემსახურება.
  • 16x9 Image

    ლელა კუნჭულია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი. ძირითადად მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებს. მუშაობდა პრაღაში, რადიო თავისუფლების სათავო ოფისში. სხვადასხვა დროს მიჰყავდა გადაცემები. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში დოკუმენტური ფილმისთვის "პანკისის სტიგმა".  რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2000 წლიდან.

XS
SM
MD
LG