Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება
რეგიონული მაცნე

გორის რაიონის რამდენიმე სოფელი სარწყავი წყლის გარეშეა დარჩენილი


გორის რაიონის რამდენიმე სოფელი სარწყავი წყლის გარეშეა დარჩენილი. ერგნეთს, ზემო ნიქოზს, ქვემო და ზემო ხვითს აგვისტოს ომის შემდეგ სარწყავი წყალი არ მიეწოდება. ომამდე ეს სოფლები ცხინვალიდან გამომავალი სარწყავი არხით ირწყვებოდა, მაგრამ კოკოითის ხელისუფლებამ არხები ჩაკეტა. ამიტომ მეორე წელია ამ სოფლებში მხოლოდ მცირე მოსავალს იღებენ, წლევანდელი გვალვა კი მოსავალს მთლიანად ანადგურებს. ომის შედეგად დაზარალებული სოფლების მოსახლეობამ საქართველოს ხელისუფლებას დახმარებისთვის არაერთხელ მიმართა. ხელისუფლებამ მდინარე ლიახვზე ახალი საირიგაციო სისტემა მოაწყო, მაგრამ ნიქოზის კაშხალი ყველა სოფელს მაინც ვერ აკმაყოფილებს. ამიტომ საჭიროა დამატებითი წყალსაქაჩების დამონტაჟება. ერგნეთელების აზრით, მოსავალი თუ მთლიანად გახმა, სოფელი ზამთარში შიმშილის ზღვარზე აღმოჩნდება, რადგან საერთაშორისო ორგანიზაციებმა უკვე ჰუმანიტარული დახმარების დარიგებაც შეაჩერეს.

კოკოითის ხელისუფლება სარწყავი წყლის სანაცვლოდ ახალგორისთვის ბუნებრივი აირის მიწოდებას მოითხოვს. ქართული მხარე ამ პირობაზე არ თანხმდება, რადგან, მისი აზრით, გაზს ახალგორში მყოფი ოკუპანტებიც მოიხმარენ. სოფელი ერგნეთი ნიქოზის კაშხალზე უფრო მაღლა მდებარეობს, ამიტომ სოფლისთვის სარწყავი წყლის მიწოდება შეუძლებელია. ერგნეთის რწმუნებულის თემურ ტეტუნაშვილის თქმით, საერთაშორისო ორგანიზაციები ხელისუფლებასთან ერთად ფინანსებს წყალსაქაჩების მოსაწყობად ეძებენ. მისი თქმით, პრობლემა მთლიანად მომავალ წელს მოგვარდება.

ერგნეთელები ახლა წვიმის იმედად არიან დარჩენილნი - ერთწლიანი კულტურები უკვე მთლიანად გადახმა. ადგილობრივი მცხოვრებლების თქმით, ზამთარში მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდებიან. ამიტომ, თუ მათთვის ჰუმანიტარული დახმარება არ განახლდა, სოფელი დაიცლება.
XS
SM
MD
LG