ამის შესახებ ნათქვამია ამერიკის ომის შემსწავლელი ინსტიტუტის (ISW) ახალ ანგარიშში, რომლის თანახმად, ასეთი ტემპებით, რუსეთის არმიას საკმაოდ დიდი დრო დასჭირდება დონეცკზე კონტროლის დასამყარებლად, რასაც კრემლი ასე ძალიან ცდილობდა განვლილი წლის განმავლობაში.
„2024 წლის წინსვლის ტემპით რუსეთის ჯარს სულ მცირე ორ წელიწადზე მეტი დასჭირდება, რათა დაიპყროს დანარჩენი დონეცკის რეგიონი. და ეს შესაძლებელია მხოლოდ მაშინ, თუ ვივარაუდებთ, რომ რუსეთის ყველა შეტევა შემოიფარგლება მხოლოდ დონეცკის რეგიონით“, - ნათქვამია ISW-ის ანგარიშში.
რუსეთის გააფთრებული შეტევების ძირითად მიმართულებად კვლავ რჩება ქალაქები პოკროვსკი და კურახოვე, სადაც უკრაინის არმია ცდილობს შეაჩეროს მასზე აღმატებული რუსული ძალების იერიშები.
2024 წლის ბოლოს და ახალი 2025 წლის პირველ დღეებში გამოქვეყნებული ცნობების თანახმად, ასე გამოიყურება ვითარება უკრაინის ბრძოლის ველზე.
პოკროვსკი
მშვიდობიან დროს დონეცკის ოლქის დასავლეთით მდებარე ქალაქი პოკროვსკი ცნობილი იყო ქვანახშირის მაღაროებით, კოკსოქიმიური ქარხნებითა და მეტალურგიული კომბინატებით. 60-ათასიანი მოსახლეობის მქონე პოკროვსკი გამოირჩევა თავისი სტრატეგიული ადგილმდებარეობით - რამდენიმე მსხვილი მაგისტრალის გადაკვეთაზე განლაგებული ქალაქი რკინიგზის მთავარ კვანძს წარმოადგენს.
გასული წლის დასაწყისში დონეცკის აღმოსავლეთით მდებარე ავდიივკის აღების შემდეგ რუსეთის ჯარები დასავლეთით და ჩრდილო-დასავლეთით დაიძრნენ, რათა მომარაგების გზები გადაეჭრათ უკრაინის ჯარისთვის.
მათ სამიზნეს წარმოადგენდა დასავლეთისკენ მიმავალი ავტომაგისტრალი Е50, რომელიც პოკროვსკს დნეპრთან (დნიპრო), უკრაინის სიდიდით მეოთხე ქალაქთან აკავშირებს. ხოლო აღმოსავლეთისა და ჩრდილო-აღმოსავლეთისკენ მიმავალი ავტომაგისტრალი Т0504 პოკროვსკს აკავშირებს ქალაქ კოსტიანტინოვკასთან, კიდევ ერთ რკინიგზის კვანძთან, რომლის ხელში ჩაგდებასაც რუსეთი ცდილობს.
რუსეთის არმიამ პოკროვსკისკენ იერიშები დეკემბრის ბოლოს წამოიწყო, მაგრამ, უკრაინის სარდლობის ცნობით, რუსი სამხედროები ჯერჯერობით ქალაქის განაპირამდეც ვერ ახერხებენ პოზიციების გამაგრებას.
ამ ვითარებაში რუსეთის სარდლობამ ტაქტიკა შეცვალა და საოკუპაციო ჯარს ფლანგებიდან შემოვლა და ქალაქის ალყაში მოქცევა უბრძანა.
რუსეთის ჯარები ცდილობენ გვერდიდან მოუარონ დონეცკის ოლქის ქალაქ პოკროვსკს, რათა გადაუჭრან ლოგისტიკური კვანძები და ამით ქალაქი ოპერატიულ ალყაში მოაქციონ. ამის შესახებ უკრაინის არმიის ოპერატიულ-სტრატეგიული დაჯგუფება „ხორტიცას“ სპიკერმა, ვიქტორ ტრეგუბოვმა 2 იანვარს, ნაციონალური ტელემარათონის ეთერში განაცხადა.
ტრეგუბოვმა დასძინა, რომ რუსეთის არმია უკვე ჩიხშია მოქცეული და დიდი დანაკარგები განიცადა ქალაქის ბრძოლების დროს ჩასივ-იარსა და კურახოვეში და, შესაბამისად, თავს არიდებს ფრონტალურ თავდასხმებს პოკროვსკში.
„ქალაქში არ მიმდინარეობს ქუჩის ბრძოლები, რუსები ვერ მიუახლოვდნენ ქალაქის შემოგარენს, მაგრამ ისინი ცდილობენ შემოუარონ ქალაქს მეზობელი დასახლებული პუნქტებისა და სოფლების გავლით, შეიყვანონ სხვადასხვა ჯგუფი, კონცენტრირდნენ იქ, რათა შემდეგ ალყაში მოაქციონ ქალაქი. გარდა ამისა, აქტიურად გამოიყენება უპილოტო საფრენი აპარატები და ქალაქ პოკროვსკის მიდამოებში რუსეთის ჯარის ხელთ არსებული ყველა საბრძოლო საშუალება“, - განაცხადა დაჯგუფება „ხორტიცას“ სპიკერმა.
კურახოვე
პოკროვსკიდან 30 კილომეტრით დაშორებული ქალაქი კურახოვე მნიშვნელოვანია იქ მდებარე მდინარე ვოვჩის წყალსაცავით და ჰესით. სწორედ ამ ჰესთან აკავებდა უკრაინის არმია რუსეთის წინსვლას, რომელიც გასული წლის ნოემბრის ბოლოს და დეკემბრის დასაწყისში ცდილობდა წყალსაცავის ჩრდილოეთ ნაწილის დაკავებას. დაუდგენელია, რუსეთის თუ უკრაინის არმიის იერიშის შედეგად, ამავე პერიოდში წყალსაცავის დასავლეთ კიდეზე ჰესი ნაწილობრივ განადგურდა.
რუსეთის პროპაგანდა ამტკიცებს, თითქოს საოკუპაციო ჯარმა ახალი წლისთვის მთლიანად დაიკავა დონეცკის ოლქში მდებარე პატარა ქალაქი კურახოვე.
უკრაინის სარდლობა ამ ინფორმაციას არ ადასტურებს, თუმცა სამხედრო წყაროებთან დაკავშირებული ექსპერტები და ბლოგერები აღნიშნავენ, რომ სიტუაცია იქ უკიდურესად მძიმეა.
კერძოდ, წყალსაცავის სამხრეთ სანაპიროებზე განლაგებულმა უკრაინის ჯარებმა გასული წლის ბოლოს დაკარგეს კონტროლი ქალაქ კურახოვეს მნიშვნელოვან ნაწილზე აღმოსავლეთიდან რუსული დანაყოფების წინსვლის ფონზე და მხოლოდ ქალაქის დასავლეთ ნაწილში მდებარე სამრეწველო უბნები რჩება უკრაინის კონტროლის ქვეშ. სამხრეთ-დასავლეთიდან რუსეთის ძალები ასევე ემუქრებიან აღებით დონეცკ-ზაპორიჟიის H15 მაგისტრალს, რომელიც კურახოვესთვის დასავლეთიდან დამაკავშირებელი მთავარი ლოგისტიკური ხაზია.
კურახოვეს თავდაცვა ფაქტობრივად განწირულია, - ამბობს კიევში მცხოვრები სამხედრო ანალიტიკოსი მიხაილო ჟიროხოვი. „ახლა კი ის (უკრაინის ხელისუფლება) მის (კურახოვეს) დაცვას მხოლოდ პოლიტიკური მიზეზების გამო განაგრძობს. ქალაქის დაცემა ძალიან ცუდი საჩუქარი იქნება პრეზიდენტის ოფისისთვის, ეს ძალიან დასწევს ნდობის რეიტინგებს“, - ამბობს ჟიროხოვი.
კურახოვეს დაცემას დროის საკითხს უწოდებს უკრაინელი სამხედრო მიმომხილველი მიხაილო სამუსი.
„ალბათ რამდენიმე დღის ამბავია. სხვადასხვა პროგნოზის მიხედვით, კურახოვე ერთი თვის წინ უნდა დაკარგულიყო, მაგრამ უკრაინის შეიარაღებული ძალები ინარჩუნებენ მას. პოკროვსკის აღებას კი რუსები კიდევ რამდენიმე თვის განმავლობაში ვერ შეძლებენ. ვერც კურსკის რეგიონს გაათავისუფლებენ. ასე რომ, პუტინს მოუწევს ზღაპრები მოუყვეს ტრამპს მიღწეული გამარჯვებების შესახებ, რაც რეალობაში არ არსებობს“, - უთხრა მიხაილო სამუსმა რადიო თავისუფლების ქართულ სამსახურს.
კურსკი
უკრაინული სარდლობის მიერ შემუშავებულმა ინოვაციურმა და მახვილგონივრულმა ტაქტიკამ რუსეთის ფართომასშტაბიანი ომის პირველივე დღეებში, ლამის კიევის შემოგარენში შეჭრილი მტრის მოგერიებით ბევრი, მათ შორის კრემლიც გააოცა. ხოლო უკრაინის სპეციალური ძალების მოქმედებამ შავ ზღვაში ხელი შეუწყო იქ რუსეთის ეფექტიანობის მინიმუმამდე დაყვანას.
ამ ტაქტიკურ სქემას შეესაბამებოდა გასული წლის აგვისტოს დასაწყისში, უკრაინის სადესანტო ჯარის შეჭრა რუსეთის კურსკის რეგიონში ოლქში. მაგრამ მან ვერ მიაღწია ერთ მთავარ მიზანს: ვერ შეამსუბუქა ფრონტის სხვა უბნებზე რუსეთის ძალების ზეწოლა და მათი კურსკში გადმოსროლა.
ამავე დროს, რუსეთმაც შესთავაზა საკუთარი სიურპრიზი, როდესაც ათასობით ჩრდილოკორეელი ჯარისკაცი გაგზავნა ბრძოლის ველზე კურსკის ოლქში, რითაც თავიდან აიცილა საკუთარი მოქალაქეების მობილიზაციის სერიოზული პრობლემა. მაგრამ აშშ-ის ოფიციალური პირების ინფორმაციით, გასული წლის ბოლოს ბრძოლის ველზე დაიღუპა რამდენიმე ასეული ჩრდილოკორეელი ჯარისკაცი, რომლებსაც რუსეთის სარდლობამ მნიშვნელოვანი როლი მიანიჭა უკრაინის მოსაზღვრე, კურსკის ოლქის მთავარ ქალაქ სუჯიდან უკრაინის ძალების უკუგდების ოპერაციის მსვლელობისას.
სუჯის აღება სერიოზულ საფრთხეს შეუქმნის უკრაინის არმიის ლოგისტიკას.
მთლიანობაში, უკრაინის არმიამ დაკარგა იმ ტერიტორიების 40%-ზე მეტი, რომლებიც აგვისტოს ბლიცკრიგის შედეგად დაიკავა თავის მოსაზღვრე რუსეთის კურსკის ოლქში.
საბოლოო ჯამში, ამან შესაძლოა ხაზი გადაუსვას კიდევ ერთ სავარაუდო მიზანს, რომლის მიღწევასაც კურსკის ოლქში შეჭრით ესწრაფოდა უკრაინის ხელისუფლება: გამოეყენებინა ოკუპირებული რუსული ტერიტორიები როგორც ვაჭრობის საგანი სამომავლო მოლაპარაკებებში.
„ამჟამად რუსეთს მცირე მიზეზი აქვს მოლაპარაკებისათვის, რადგან პუტინი, სავარაუდოდ, მიიჩნევს, რომ მას შეუძლია ომის მოგება, რაც მისი აზრით უკრაინაზე რუსეთის კონტროლის დამყარებას ნიშნავს“, - განაცხადა გასულ თვეში მაქს ბერგმანმა, ვაშინგტონში მდებარე სტრატეგიული და საერთაშორისო კვლევათა ცენტრის რუსეთის, ევრაზიისა და ევროპის პროგრამების დირექტორმა.
გასული წლის დასკვნით პრესკონფერენციაზე ვლადიმირ პუტინმა განაცხადა, რომ რუსეთს სურს „მყარი მშვიდობა, არა ზავი“.
პირდაპირი ეთერის დროს ამერიკელი ჟურნალისტის მიერ დასმულ შეკითხვას პუტინმა უპასუხა, რომ მზად არის შეხვდეს ტრამპს, რომელთანაც უკვე წლებია, მისი თქმით, არ უსაუბრია. პუტინი თვლის, რომ ამჟამად რუსეთს არ აქვს სუსტი პოზიცია, ის ახლა უფრო ძლიერია, ვიდრე 2022 წელს უკრაინაში ომის დაწყებისას იყო.
აშშ-ის არჩეულ პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს „სურს და შეუძლია“ უკრაინაში მშვიდობის დამყარება და „პუტინის აგრესიისთვის ბოლოს მოღება“, - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ საახალწლო მიმართვაში.
„პირველი შეუძლებელია მეორის გარეშე, რადგან ეს არ არის ქუჩის დაპირისპირება, სადაც თქვენ უნდა დააშოშმინოთ ორი მხარე“, - თქვა ზელენსკიმ. „ეს არის შეშლილი სახელმწიფოს სრულმასშტაბიანი აგრესია ცივილიზებულის წინააღმდეგ. და მე მწამს, რომ ჩვენ შეერთებულ შტატებთან ერთად გვაქვს ეს ძალა, რომ რუსეთი იძულებით დავითანხმოთ სამართლიან მშვიდობაზე“.
ფორუმი